logo_geo
ხატია შამუგიას საახალწლოდ ქმარი უბრუნდება
- +

31 დეკემბერი. 2020. 19:30

 

 

ქართული შოუბიზნესის აქტიური სახისა და „ისი პარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ხატია შამუგიასთვის უცნაური ახალი წელი მოდის, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად იქნება საახალწლო კონცერტს არ წაიყვანს და სახლში გაატარებს, სამაგიეროდ, ამ ჯადოსნურ ღამეს მას გვერდში ეყოლება ქმარი, ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი აჩიკო მინდაძე.

 

პანდემიას ისე, როგორც მთელი კაცობრიობის, ამ წყვილის ცხოვრება და გეგმებიც შეცვალა. მათ ერთმანეთის ნახვის პერიოდები შეეზღუდათ, საახალწლოდ კი აჩიკო საყვარელ ქალთან თბილისში ბრუნდედა, თუ როგორია ხატიას ცხოვრება პანდემიის პირობებში, ამას „სარკიდან“ შეიტყობთ.

 

– ხატია, უცნაური 2020 წელი იწურება, რა შეგრძნებებით, ფიქრებით აცილებთ ამ წელს?

 

– მართლაც ძალიან უცნაური და მოულოდნელობებით აღსავსე წელი იყო. მთელი წელი იმის მოლოდინში ვიყავით, რომ ეს პანდემია დასრულდებოდა, მაგრამ დასასრული არსად ჩანს. ასეთ გაურკვევლობაში და მოლოდინში ცხოვრება ძალიან ძნელია.

 

პანდემიის მეორე ტალღის ატანა მეტად მძიმე აღმოჩნდა, ჩემთვის გაცილებით იოლი ასატანი იყო პირველი ტალღა და ამის ჩემებური ახსნაც მაქვს – მაშინ გაზაფხული იყო, ამინდები კარგი იყო, ყოველდღე უკეთესის მოლოდინი გვქონდა, ახლა კი ეს ნაცრისფერი ამინდი, სიცივე და სახლში ყოფნა უფრო აუტანელია, თანაც გარშემო სრული ნეგატივია, ყოველდღე ვისმენთ, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა.

 

– როგორც ბევრ სხვას, კოვიდმა ალბათ პარფიუმერულ ბიზნესსაც შეუტია.

 

– რეალურად ჩვენთანაც და კიდევ ძალიან ბევრ კომპანიაში არის ბრძოლა გადარჩენისთვის, გადასულები ვართ ონლაინ ვაჭრობაზე, მაგრამ ეს ჩვენი სფეროსთვის ძალიან რთულია, ელემენტარულად წარმოიდგინეთ, რამდენი ფერი აქვს ერთი ბრენდის ტუჩსაცხს, რამდენი სახეობის ფანქარი და კოსმეტიკური საშუალება არსებობს, რომ აღარაფერი ვთქვათ სუნამოებზე, რომელთა ასე ონლაინ შერჩევა ძალიან რთულია.

 

– ამ პირბადეების ეპოქაში ალბათ განსაკუთრებით ტუჩსაცხზე იკლო მოთხოვნამ.

 

– არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ პროდუქტზე მოთხოვნამ იკლო, ჩემი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ სახის მოვლის საშუალებებზე მოთხოვნამ იმატა, გამომდინარე იქიდან, რომ პირბადის ხანგრძლივად ტარება სახის კანს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. მე თავად დავდექი ამ პრობლემის წინაშე, კანი სერიოზულად გამიღიზიანა პირბადემ.

 

– თქვენი შვილი ნიკუშა, წელს სტუდენტი გახდა, შეიგრძნო ამ შეზღუდვების პირობებში სტუდენტობის ხიბლი?

 

– ძალიან მწყდება გული, რომ ვერ ახერხებს, უნივერსიტეტის სტუდენტობა სრულად შეიგრძნოს, მან ჩააბარა იქ, სადაც ყველას გვინდოდა – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელს პატივს ვცემ, ჩემთვის უნივერსიტეტი სულ სხვაა. იმედს არ ვკარგავ, რომ მომავალ წელს მაინც ექნება საშუალება უნივერსიტეტის კედლებში მიიღოს ცოდნა.

 

– წინა ინტერვიუში ისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რაც ამ პანდემიამ თქვენს პირად ცხოვრებაში შექმნა – ვერ მოახერხეთ ქმართან ირლანდიაში ჩასვლა და მან ვერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, მოგვარდა ეს საკითხი?

 

– დღედღეზე ველოდები, ახალ წელს ერთად ვიქნებით. ზაფხულშიც მოვახერხეთ დროის ერთად გატარება, ირლანდიაში ლოკდაუნი უფრო მსუბუქად გადაიტანეს, რადგან იქ მოსახლეობას სახელმწიფო ფინანსურად უფრო ძლიერად ეხმარება.

 

– ალბათ ეს ის იშვიათი ახალი წლის ღამე იქნება, რომელსაც ოჯახურ გარემოში აღნიშნავთ.

 

– 25 წელია ახალი წლის ღამეს სცენაზე ვატარებ, ეს იქნება ამ პერიოდში პირველი ახალი წელი, როდესაც სცენაზე არ ვიქნები და იქიდან არ მივულოცავ საზოგადოებას, ასევ პირველი ახალი წელი, როდესაც არ მექნება საახალწლო ჰონორარი.

 

– რა არის თქვენი მთავარი გეგმა 2021 წელში?

 

– მიზნებზე ხომ წინასწარ არასდროს ლაპარაკობენ, პატარ-პატარა მიზნები მაქვს, უტოპიური მიზნების დასახვა მერე ადამიანს დეპრესიაში აგდებს, ამიტომაც ყოველთვის მიწიერი მიზნები მაქვს.

 

ავთო ჩიტიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი