logo_geo
როგორ აღმოჩნდა ნოდიკო ტატიშვილი კოშმარულ სიზმარში და რა შემთხვევაში არ აქვს მას მუხრუჭი
- +

1 იანვარი. 2021. 00:30

 

 

ნოდიკო ტატიშვილმა, ისევე, როგორც უამრავმა მუსიკოსმა, პანდემიის ფონზე შემოქმედებითი ცხოვრება დააპაუზა. როგორც ამბობს, პანდემიის გამო რამდენიმე სიმღერა თაროზე შემოდო და ერთი სული აქვს, პოტენციური ჰიტების რეალიზების საშუალება მიეცეს.

 

ნოდიკო ტატიშვილი: არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ 2020 ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელი იყო. მქონია რთული და მტკივნეული პერიოდები, საყვარელი ადამიანი დამღუპვია – ბებია და ბაბუა რომ დავკარგე, მაშინაც ვამბობდი, რომ ძალიან ცუდი წელი იყო. კარიერულად შეიძლება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაგრამ მარტო კარიერა ხომ არაა ცხოვრება?! ადამიანებს ბედნიერებისთვის კიდევ ბევრი რამ გვჭირდება. 2019 წელს ჩემი ოჯახის ახლობელი ახალგაზრდა ბიჭი დავკარგეთ და კინაღამ გადავირიე, ამიტომ ვთვლი, რომ არც წინა წელი იყო კარგი, მაგრამ რაც შეეხება წლევანდელ წელს, ეს კიდევ სულ სხვაა. დავიწყოთ იმით, რომ პანდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ეს, თავისთავად, მძიმეა. ყველაფერთან ერთად, კარიერულადაც ვერაფერს ვაკეთებ, ვერ ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ჩემთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მოდი, დროებით, ეს გვერდზე გადავდოთ და უფრო მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ –თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს მომღერლისთვის სახლში ჯდომა და მუსიკის, სცენის, აპლოდისმენტების გარეშე დარჩენა. ეს ნამდვილი კოშმარია, ყველაზე ცუდი სიზმარი, რაც აქამდე მინახავს. გინდა, რომ ამ ემოციებმა გულიდან ამოხეთქოს, იმღერო, მაგრამ ვერაფერს აკეთებ.

 

– კარგი ამბავიც მოხდა, 2019 წლის ბოლოს სახლი შეიძინე და წელს მარტო გადახვედი საცხოვრებლად. როგორი აღმოჩნდა?

 

– დამოუკიდებლად ცხოვრებაც ძალიან კარგია და ახალი სახლიც, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი სესხის ფასად გავაკეთე, ალბათ, როგორც ყველამ. ამიტომ პანდემიამ ესეც არ შემარგო. პრობლემები გაჩნდა, რადგან აღებულ სესხს გადახდა უნდა. თუმცა, დამოუკიდებლობა, საკუთარი თავის მიხედვა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. სახლში, რომელშიც აქამდე მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობდი, ძალიან მიყვარს. იქ დავიბადე და გავიზარდე. არაჩვეულებრივი მშობლები მყავს და მათთან ცხოვრების გამო არასდროს შემქმნია დისკომფორტი. ჩემი მეგობრები ხშირ შემთხვევაში მათთან მიდიოდნენ, მე, ძირითადად სახლში არ ვიყავი და ძალიან კარგად ერთობოდნენ ჩემს მშობლებთან ერთად. ისე კარგად ატარებდნენ დროს, რომ ჩემთან აღარც რეკავდნენ – შენთან ვართ და როდის მოხვალო და მეორე დღეს მეუბნებოდნენ მშობლები, იცი, გუშინ ჩვენთან ვინ იყოო?! ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი მაქვს, მაგრამ ცალკე ყოფნაც ძალიან საინტერესოა. „ჯეოსტარის“ შემდეგ არ დამისვენია. წელიწადში ერთი კვირა თუ წავიდოდი სადმე, დანარჩენ დროს სულ ვმუშაობდი და ახლა სახლში ჯდომა და ყველაფრის გარეშე ყოფნა, კოშმარული სიზმარი მგონია.

 

– სახლში ყოფნა ბევრ დეტალს მოიცავს: დალაგება, რეცხვა, საჭმლის მომზადება და ასე შემდეგ. მით უმეტეს, პანდემიის პირობებში. როგორ უმკლავდები?

 

– აღმოჩნდა, რომ კარგად ვუმკლავდები. ჩემი მშობლები ხშირად მოდიან ჩემთან და თავისებურად მეხმარებიან. მათი მზრუნველობა არასდროს მაკლია და მგონია, რომ ეს მუდმივად საჭიროა, ისევე, როგორც ჩემი მხრიდან მათდამი ყურადღება. გარდა ამისა, არაჩვეულებრივი ქალბატონი მეხმარება სახლის მოწესრიგებაში და ეს პრობლემა არ მაქვს. მაღაზიაში ჩასვლა, სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენა, ჭურჭლის დარეცხვა და მსგავსი დეტალები მშვენივრად გამომდის. ჭურჭლის სარეცხი მანქანა მაქვს, მაგრამ მავიწყდება ხოლმე. სახლსაც მშვენივრად ვალაგებ და საჭმელსაც ვამზადებ. ჩემი მშობლები გურმანები არიან და ბავშვობიდან მოყოლებული ვუყურებ, როგორ ამზადებენ გემრიელ კერძებს. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძები.

 

– ალბათ, სანამ ამ ნაბიჯს არ გადადგამ, ეს კითხვაც იარსებებს – როდის აპირებ ოჯახის შექმნას?

 

– ძალიან ბუნებრივი კითხვაა ჩემთან მიმართებაში, მგონია, რომ ოჯახის შექმნა არ არის ასეთი მარტივი. ძალიან არ მომწონს შეხედულება, კონკრეტულ ასაკს რომ გადააბიჯებ, აუცილებლად ცოლი უნდა მოიყვანოო. ოჯახის შექმნა გრძნობასთანაა დაკავშირებული და თუ ადამიანი არ მიყვარს, იმიტომ, რომ 35 წლის ვარ. ხვალ ცოლი უნდა მოვიყვანო, ცოტა უტოპიური მგონია. ნაჩქარევად და დაუფიქრებლად ოჯახის შექმნა სწორი არაა. დედაჩემი და მამაჩემი ორმოცი წელიწადია შეუღლებულები არიან და ვხედავ, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო უყვარდებათ ერთმანეთი. ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე და დიდ პატივს სცემენ თავის ურთიერთობას. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იდილია იყო. ამიტომ, მინდა მეც მივბაძო ჩემს მშობლებს და ოჯახს რომ შევქმნი, მათსავით მიყვარდეს და მათსავით პატივს ვცემდე ჩემს მეორე ნახევარს. არ მინდა ოჯახი მხოლოდ იმიტომ შევქმნა, რომ უკვე ცოლის მოყვანის დროა. ამიტომ არ ვეძებ. ვიცი რაც არის სიყვარული და მასთან დაკავშირებული განცდები და მჯერა, რომ ეს ყველაფერი თავისით მოვა. როცა გიყვარს, იქ პატივისცემაცაა და ერთგულებაც – მე მინდა ასეთი ოჯახი მქონდეს.

 

– შენი მეორე ნახევარი ისეთი ადამიანი რომ აღმოჩნდეს, რომელსაც შენს თაყვანისმცემელ გოგონებთან შეგუება უჭირს, როგორი რეაქცია გექნება?

 

– მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში არაფერს აქვს აზრი. ჩემთვის ჩემი კარიერა ძალიან მნიშვნელოვანია. მასში მთელი გული და სული ჩავდე, ჩემს მეორე ნახევარს ისეთი უნდა ვუყვარდე, როგორიც ვარ.

 

– მშობლები რას ამბობენ?

 

– მშობლები მეუბნებიან, რომ დროა და ეს კვირაში ხუთჯერ ხდება. მაგრამ მშობლები მშობლები არიან და უნდა ნახოთ, სხვა ადამიანებიც როგორ ინტერესდებიან ამ საკითხით და ძალიან ვიღლები ხოლმე. მგონია, რომ ეს უკვე ცოტა უტაქტობაა. მიყვარს ყველაფრის დაგეგმვა, კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. მინდოდა მქონოდა ცალკე სახლი და უკვე მაქვს. თუმცა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რადგან ასეა, უკვე ცოლიც უნდა მოვიყვანო. ახლა ველოდები ადამიანს, რომელიც მართლა შემიყვარდება, მასაც შევუყვარდები და ოჯახს შევქმნით. ფაქტობრივად, მოლოდინის რეჟიმში ვარ.

 

– მსგავს საკითხებში სპონტანური ადამიანი ხარ თუ აქაც ყველაფერს გეგმავ?

 

– არის საკითხები, სადაც გამირისკავს, არის თემები, რომელსაც ძალიან არ უხდება გარისკვა. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ვყოფილვარ დაშტერებამდე შეყვარებული და იქ უკვე მუხრუჭი აღარ მაქვს ხოლმე, შემიძლია საყვარელ ადამიანს ყოველ წუთს გავუმეორო, რომ მასზე ვაფრენ და ის ჩემი ცხოვრებაა. თუმცა, როცა გრძნობებში დარწმუნებული არ ვარ, ძალიან მიჭირს ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ, რომ გული არავის უნდა ატკინო.

ქეთი კაპანაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი