logo_geo
თამარ ჭოხონელიძე: დრო დადგა, საზოგადოებამ დასვას კითხვა, ვინ პატრონობს ჩვენს კულტურას
- +

8 აპრილი. 2017. 12:21




„შეიძლება ყველაფერში არაპროფესიონალიზმი?! ევროპის რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ის, რაც ახლა, ამ საზეიმო სცენაზე მოხდა?  სრულდება იშვიათზე იშვიათი ვერსია (მარო თარხნიშვილის) კახური მრავალჟამიერისა, სადაც ქალი მღერის მამაკაცებთან ერთად, რითიც თავი უნდა მოვიწონოთ ქართველებმა ჩვენი გენიალური ნიმუშებით (აბა, უცხოენოვანი არაფერი უკვირს ამ შენს ევროპას, შეიგნეთ!), და თან არც მარიამი და არც ანსამბლ „შავნაბადას" ბიჭები არ აკადრებენ ჯერ საკუთარ თავს, მერე ქართულ საგანძურსა და მსმენელს, არაცოცხლად შეასრულონ ეს გენიალური ნიმუში... ამ დროს მიკროფონი არ არის ჩართული?! ფუ! უკვე აუტანელია ეს ყველაფერი... ისიც გაიგეთ, იმ ევროპელებმა უკვე ბევრ ქართველზე უკეთ იციან ქართული ხალხური სიმღერის ფასი და იქით გასწავლიან, რომ კახურ სიმღერაში გაბმული ბანის ფონზე ორი ხმა საოცრებას ახდენს... და ამ დროს ერთ-ერთ მთავარ ხმას, თან ქალს, მიკროფონს უთიშავ?! თუმცა, ახლა, როცა აღელვებული ამ პოსტს ვწერ, ჩანაწერზე ისმის საქართველოს ჰიმნი, რომელიც შუა გზაში გაუწყდათ! სირცხვილი არ არის?! იქნება ვცდები? სამწუხაროდ, არა მგონია! ძალიან კარგია ვიზა-ლიბერალიზაცია, მაგრამ ამისთვის ყველაფერში მზად უნდა ვიყოთ! მე ვთხოვ მათ, ვისი პრეროგატივაცაა, გაგზავნოს (გაიმეტონ გარკვეული თანხა) უცხოეთში თუნდაც 1 ან 2 კაცი, ვისაც ასწავლიან, როგორ უნდა ჩართონ მიკროფონები და არეგულირონ ცოცხლად ნამღერი ხმები ან არ გამოურთონ მაინც(!) და არ მოგვჭრან თავი, ისე, როგორც ახლა მოხდა! ისე, თუ გინდა, ერი გაანადგურო, კულტურა უნდა მოუსპო! მიხედეთ კულტურას! მი-ხე-დეთ!" - ეს პოსტი მუსიკოსმა და მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემ სოციალურ ქსელში სწორედ იმ ღამით გამოაქვეყნა, როცა ევროპის მოედანზე ვიზა-ლიბერალიზაციისადმი მიძღვნილი კონცერტი მიმდინარეობდა. სცენაზე მისი ქალიშვილი იდგა, ამიტომ მავანმა და მავანმა მიიჩნია, რომ სწორედ ამის გამო აღშფოთდა თამარი და ამის შესახებ საჯაროდ დაწერა კიდეც.


გაუმართავი აპარატურა, უხეში ტექნიკური ხარვეზები, არასწორად შერჩეული რეპერტუარი, გამორთული მიკროფონები, ამინდის შეუსაბამოდ მოწყობილი სცენა და დაბლოკილი მომღერლები უკვე არაერთგზის გახდა სალაპარაკო ბოლო დროს გამართული მეგაკონცერტების შემდეგ.  თემა ისევ აქტუალურია, პრობლემა ისევ დგას, მოგვარებაზე არავინ ფიქრობს. სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ დღეს  თამრიკო ჭოხონელიძეს.


- ქალბატონო თამარ, საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ თქვენ იმ ღამით მარიამის გამორთული მიკროფონი გალაპარაკებდათ, რომ სწორედ თქვენი შვილის გამო ცხარობდით...


- ძალიან გული მწყდება, რომ ეს კატეგორია არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მათ კარგი სახელი ნამდვილად არ ჰქვიათ, ძალიან ვიწროდ მოაზროვნე ტვინმა შეიძლება ეს ათქმევინოს და აფიქრებინოს ადამიანს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, აქ მარიამზე არ ყოფილა საუბარი, ლაპარაკი იყო არაპროფესიონალიზმზე, რომელმაც იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენი ერთადერთი საგანძური არასწორად ვაჩვენეთ, ძალიან ცუდად ვაჩვენეთ იმ ევროპას, რომელსაც ასე მოწიწებით შევჩერებივართ. მათგან მეგობრობის ხელის გამოწვდას ველოდებით, როგორც იქნა, გამოგვიწოდეს და რა? უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ამას ევროპა უყურებდა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საოცნებო ევროპის უამრავ ქვეყანაში ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი კლუბები არსებობს, ფანკლუბები არსებობს ქართული ხალხური მუსიკალური აზროვნებისა. მაშინ როდესაც პირველ ღონისძიებას ატარებ, რომლითაც ვიზა-ლიბერალიზაციას ზეიმობ, მაქსიმალურად მაღალ დონეზე უნდა გააკეთო ყველაფერი, დაწყებული სცენის დამლაგებლიდან, რეჟისურით დამთავრებული. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხმა სწორად არ დარეგულირდა, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე უხეშ შეცდომაზე, ხმა გაითიშა, მიკროფონი არ იყო ჩართული. ვიცი, რომ წინა დღით იყო რეპეტიცია. რას რეპეტიციობდა ეს ხალხი, თუ მიკროფონის ჩართვა-გამორთვა ვერ ისწავლა? ნაწილი პროგრამისა პლუსზე შესრულდა. ვერც იმ ხალხს ვერ გავამტყუნებ. ზუსტად ამ მაგალითების შეეშინდათ. ეს პირველად არ ხდება. გვახსოვს ჩვენ თბილისობისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც ლიზა ყენია, ნინი ბადურაშვილი და მარიამ როინიშვილი მღეროდნენ. ახსოვს ეს საზოგადოებას, სადაც ლიზა, ფაქტობრივად, ტყუილად იდგა. მისი მიკროფონი გათიშული იყო. არაპროფესიონალიზმია, აბა, რა ჰქვია ამას. ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი, იცით, რა არის? როცა ამ ყველაფრის შემსუბუქებას ცდილობენ. მერე რა, სხვა ქვეყნებშიც ხდება ასეო. მე არ მაინტერესებს, როდის გაუთიშეს ბიონსეს მიკროფონი. მერე რა, ჩემი ძმა ჩემზე უარესიაო, გაიგონებთ ხშირად. ეს დედას ამშვიდებს? ქვეყანა ზარალდება თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება არ შეექმნებათ.

 

- მერიის კულტურის სამსახური თავს იმით იმართლებს, რომ მოსამზადებლად ცოტა დრო იყო...


- ეს არც მე მაინტერესებს და არც ევროპას. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით, რომ ეს მოხდებოდა, ეს ხომ არ არის გუშინდელი შემთხვევა? რატომ ჰქონდათ ცოტა დრო?! იცით, კიდევ რა მაშფოთებს? მესიჯები, რომელსაც აბსოლუტურად უცხო ადამიანები მწერენ. არ გეშინიათ, რომ საბოლოოდ ჩამოგაშორონ სცენას თქვენც და თქვენი შვილიცო.

 

- შეიძლება გკითხოთ, ვისგან არის ეს მესიჯები?


- აბსოლუტურად კონფიდენციალურად, არ ვიცნობ არც ერთს, ვინც ეს მომწერა. ისინი არც ჩემი ახლობლები არიან და არც ნათესავები. ერთ-ერთი მწერდა, მე თქვენ სკოლიდან გიცნობთ, ვერც გამიხსენებთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს ის ხალხია, ვისზეც თავს იკლავდით, ამას ებრძოდით მიშა სააკაშვილის დროს და გჯეროდათ, რომ ყველაფერი შეიცვლებოდაო. მართალია, ამას ვებრძოდი. არ მინდა აღიარება იმისა, რომ იგივე პოლიტიკა გრძელდება. ხმამაღლა ვაცხადებ, არაფრის არ მეშინია, არასდროს არ მეშინოდა, რადგან ჩემს ზურგს უკან სიმართლე იყო ყოველთვის. ერთი კითხვა მაწუხებს, უძაღლო ქვეყნის სინდრომი ხომ არ გამეფდა ისევ? ეს ნამდვილად იყო, ამან მოგვსპო ჩვენ. დღეს ან გრძელდება, ან... ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. კულტურა არ არის ჩემი, თქვენი, ვინმესი. კულტურა არის ერის და თუ გინდა, ერი მოსპო, ფსიქიკა დაუნგრიო, უნდა მოუშალო კულტურა. ჩვენ არ გვინდა, ასე მოხდეს. მგონი, დრო დადგა, საზოგადოებამ დასვას კითხვა, ვინ პატრონობს ჩვენს კულტურას... დარწმუნებული ვარ, ჩვენი საუბარი არ მივა იმ ადამიანის ყურამდე, ვინც ეს უნდა იცოდეს, ვის სიტყვასაც ფასი აქვს, ვისაც ხელეწიფება ამ ყველაფრის გამოსწორება.


- ვის გულისხმობთ?


- ნუ დამაკონკრეტებინებთ, იმიტომ რომ ერთი არ არის ასეთი. უბრალოდ, იმ ხალხს გარშემო ისეთი გარემოცვა ჰყავს, არ აკითხებენ თქვენს გაზეთს, ყველანაირად ცდილობენ, რომ ინფორმაციულ ვაკუuმში მოაქციონ. ის, რომ საზოგადოება აღშფოთებულია, მათ არ იციან. მეფეს ლაქიები უნგრევდნენ და უფუჭებდნენ ხშირად საქმეებს. ამიტომ ქვედა იერარქიებზე მდგომი ადამიანები არიან ყოველთვის გასაკონტროლებელი. საქართველოში თანამდებობები მაინც ორფა დოლისა და ჩქარი ტაშის (ანუ ქართული სუფრის) დონეზე წყდება.

 

- ქვედა იერარქიაა მერიის კულტურის სამსახური?


-  არა, არა, უფრო ქვედა სამსახურია, ვინც საქმეს აფუჭებს, მე არ ვიცი, ვინ, მართლა არ ვიცი. მე ვხედავ ფაქტს. ერთხელ შეგეშალა, დაწერა ხალხმა, რომ ცუდი იყო, მეორე კონცერტზეც დაწერეს, მესამეზეც და რა? კაციშვილი არ სვამს კითხვას, არ სხდებიან, არ თათბირობენ, რატომ გვემართება ეს... ასე არ შეიძლება, არაპროფესიონალიზმის ზეიმი იყო წლევანდელი „თბილისობა", სრული მარაზმი, გათელვა ჩვენი კომპოზიტორებისა. თქვენ მათი ოჯახის წევრები უნდა გენახათ, რა მდგომარეობაში იყვნენ, გაოგნებულები და შეურაცხყოფილები. უბრალოდ, საქართველოა და არ იჩივლეს. ბევრი აღშფოთებული იყო, რომ ეს მხოლოდ წააგავდა მათი წინაპრების მიერ შექმნილ მუსიკას. დააყენე საფლავში ეს კომპოზიტორები, თუ არ იცი, როგორ მოუფრთხილდე. შენი შექმენი, თუ რამის თავი გაქვს. განათლების დეფიციტის ბრალია, რომ არ იცი, როგორ უნდა მოუარო შენს საგანძურს...  განაწყენებული ადამიანის პოზიციიდან მართლა არ ვლაპარაკობ. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე კონცერტებზე მბლოკავს. რამდენიმე კონცერტზე ვიყავი მეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩუმდე, როცა რაღაც არ მომწონს... განვმეორდები, ჩვენი ხმა მივა მხოლოდ იმ ადამიანებამდე, რომლებსაც საკუთარი შეხედულებებისამებრ მომღერლის ბედის გადაწყვეტა ხელეწიფებათ. ამასობაში ქართული კულტურა ზარალდება...

 

- უშვებთ იმას, რომ ამ განცხადებების შემდეგ თქვენ და მარიამს კონცერტებზე დაგბლოკავენ?


- ბევრ რამეს ვუშვებ, ბევრ რაღაცაზე ვფიქრობ, ბევრ კითხვას ვსვამ. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ავითვალოთ იმ დღიდან, როცა სტატუსი დავწერე და ვნახოთ ერთად... მინდა ვუთხრა მათ, ნუ გაიხდიან მტრად მოყვარეს, რომელიც პირში უძრახებს და მთავარი, ნუ დავწვრილმანდებით, ნუ გადავეკიდებით ერთმანეთს მართალი სიტყვისთვის, თორემ ბავშვს გადავაყოლებთ ნაბან წყალს, ეს ბავშვი გასაფრთხილებელია. თორემ მე ვერაფერს დამაკლებენ. რა უნდა დააკლონ თამრიკო ჭოხონელიძეს, დაჯდება სახლში, შვილიშვილებთან ერთად იმღერებს და მიიღებს დიდ სიამოვნებას. საზოგადოება არ იზარალებს ამით, მერწმუნეთ, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ ახლა. რამდენი თამრიკო ჭოხონელიძე შეიძლება დაჩრდილო, თუ ბევრი, აღარ გეყოლება ქართული კულტურის გულშემატკივარი.

 

- რეპერტუარზეც მინდა გკითხოთ, ფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი ქართული ხალხური სიმღერა უნდა გამოგვეტანა ამ კონცერტზე?


- ვფიქრობ, ასეთ კონცერტზე შენი კულტურით ჯობია წარდგე, ვიდრე მათივე შექმნილი ნიმუშებით, რომელსაც თავად უკეთ მღერიან. ჩვენ გვქონდა საუკეთესო შანსი, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა მათთვის, ვის გაუწოდეს ხელი, რომ ეს ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის, რომ ეს ძირძველი ქვეყანაა თავისი განუმეორებელი კულტურით, რომლის წინაშეც უკვე მთელი მსოფლიო იჩოქებს. ერთი ცეკვით და ერთი ხალხური სიმღერით ძალიან მწირი წარმოდგენა შეექმნებოდათ იმ უცხოელებს, ვინც ჯერ კიდევ ვერ ცნობს ჩვენს ქვეყანას, თავისი დიდი საგანძურით. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ყველა, ვინც იმ სცენაზე იდგა, მართლა ძალიან ნიჭიერია, მათია მომავალი. მათაც მინდა შევახსენო, რომ სხვისი მისაბაძი არაფერი სჭირთ. არავინ იფიქროს, რომ ამ განცხადებით უცხოურ სიმღერებს ვბლოკავ. პირიქით, ძალიან კარგია, რომ ესეც შეგვიძლია, მაგრამ ყოფილიყო ნახევარი ნახევარზე... აი, ახლა რაზეც მე და თქვენ ვმსჯელობთ, მაინტერესებს, მათ თუ უსაუბრიათ, ვისაც უნდა ემსჯელათ. ქართული კულტურა, ქართული საგანძური ქართველი ერისაა და ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ, წარმოგვიდგნენ ეს ადამიანები, ვისაც ჩვენი საგანძური აბარია, თავისი პროფესიებით, თავისი წარსულით, თავისი გამოცდილებით, დამოკიდებულებით ქართული კულტურის მიმართ. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რომ ვიყოთ მშვიდად. მაინტერესებს, ვინ ზრდის ჩემს შვილს. როცა შვილს პედაგოგს ვაბარებ, სიღრმისეულად ვიკვლევ, ვინ არის, თავისი წარსულით, მრწამსით, ფსიქოლოგიით. ჩემი შვილი ჩემი განძია. ქართული კულტურა ქართველი ერის განძია. ამიტომ მგონია, რომ ამ მოთხოვნაში მარტო არ ვარ.


 

ნინო მჭედლიშვილი

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი