logo_geo
კახა მამულაშვილი: ლელამ მაიძულა თმა გადამენერგა
- +

2 იანვარი. 2021. 21:01

 

 

„გადაპარსული თავით ქალებს ძალიან მოვეწონე“

 

პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ, თავის ცხოვრებაში პირველად გარისკა და თმა გადაიპარსა, ამის მიზეზი თმის გადანერგვის ოპერაცია გახდა. ახალი იმიჯი ისე მოეწონა, რომ სერიოზულად დაფიქრდა, ასე გაეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ ექიმებმა ამის უფლება აღარ მისცეს და 6 თვეში მის თავზეც აბიბინდება თმა.

 

მანამდე კი მამულიჩას და მისი ცოლის მომღერალ ლელა წურწუმიას ცხოვრება ძირითადად სატელევიზიო გადაცემით შემოიფარგლება „მთავარზე“. შოუში „მხოლოდ ლელასთან“ ცოლ-ქმრის როლები გადანაწილებულია – ლელა ეკრანზე, მამულიჩა კადრის მიღმა. საახალწლო ეთერში ლელა თავის მსმენელს ორიგინალური დუეტების კონცერტს შესთავაზებს, გაზაფხულზე კი მომღერალ მაკა ზამბახიძესთან ერთად გასული საუკუნის 90-იანი წლების ჰიტებს გააცოცხლებს.

 

წლის მიწურულს პირად თუ საქმიან სიახლეებსა და გეგმებზე კახა მამულიშვილი „სარკესთან“ საუბრობს:

 

– რატომ გადაწყვიტეთ თმის გადანერგვის ოპერაციის გაკეთება, კომპლექსი გაწუხებდათ შეთხელებულის თმის გამო?

– ლელა მაბულინგებდა და ამიტომ გადავწყვიტე. ცალხაზიანი რვეულივით გაქვს თავიო, მეუბნებოდა. მან მაიძულა წავსულიყავი „ჰეარლაინში“ და თმა გადამენერგა. სერიოზულად რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე, ჩვეულებრივ, ვერ ამჩნევ, თმა რომ გაგცვივდა, მაგრამ როდესაც ეკრანზე ვჩნდებოდი და ვხედავდი ჩემს თავს ზედხედიდან, ვხვდებოდი კატასტროფა ხდებოდა – დიდი კრატერივით მქონდა, ბუნებრივია, ეს ნერვების მომშლელი იყო.

 

– როდესაც ოპერაციისთვის თმა გადაიპარსეთ, როგორ მოგეწონათ ეს მდგომარეობა?

 

– ცხოვრებაში პირველად გადავიპარსე თმა. აკვანში გაზრდილი ვარ და მეგონა თავის ფორმა სხვანაირი მქონდა, ამის გამო არასდროს ვიპარსავდი, წინასაოპერაციოდ თავი რომ გადამპარსეს და ეს ფოტო „ფეისბუკზე“ დავდე, მანდილოსნებისგან ძალიან დიდი მოწონება წამოვიდა. ერთი პერიოდი ვიფიქრე, უარი ხომ არ მეთქვა გადანერგვაზე და ასე თმაგადაპარსული დავრჩენილიყავი, მაგრამ კლინიკიდან აღარ გამომიშვეს.

 

– ლელას რეაქცია რა იყო, როდესაც გადაპარსული გნახათ?

 

– რა კარგი თავი გქონია, სად იყავი აქამდეო.

 

– როდის მიიღებთ ქოჩორს?

 

– 6 თვეში ამოდისო თმა, რადგან გადაპარსული თავი მომიხდა, ვაპირებ მანამდე ასე ვიარო.

 

– რთული წელი იწურება, საახალწლოდ მაინც ახერხებთ, რომ შოუბიზნესში ცოტა ამოძრავდეთ?

 

– არა, მხოლოდ საახალწლო გადაცემები და ერთადერთი კონცერტი იქნება, რომელიც ცენტრალურ ნაძვის ხესთან ტარდება. მესმის, მთელ მსოფლიოში პანდემიაა და ვიცი, რომ აზრი არ აქვს რამის გაპროტესტებას. საახალწლო განწყობაც კი ნაკლებად გვაქვს ამ ფონზე, ჩემი აზრით, გაზაფხულამდე ასე ვიქნებით, შოუბიზნესის ამოძრავებას კი ზაფხულამდე არ ველოდები.

 

– ალბათ შარშან ამ დროს ვერც წარმოიდგენდით, რომ ასეთ ცვლილებებს მივიღებდით ყველა.

 

– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რადგან მთელი 2020 წელი დაგეგმილი მქნოდა კონცერტებით და კორპორატიული საღამოებით. ძალიან დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.

 

– ერთი პერიოდი ძალიან აქტიურობდით, სახელმწიფოსთვის მიგეწვდინათ ხმა, რომ შოუბიზნესს დახმარება სჭირდებოდა. რა შედეგი მიიღეთ?

 

– შედეგი ალბათ ის იყო, რომ ზაფხულში მოგვცეს გარკვეული აქტიურობის უფლება. ახლა ყველაფერი დაკეტილია და რა აზრის აქვს სადმე აქტიურობას?

 

– ლელამ ამ პენდემიის პერიოდში საკუთარი თავი ტელესივრცეში იპოვა და საავტორო გადაცემა მიჰყავს, როგორ მოგწონთ ცოლი, როგორც ტელეწამყვანი?

 

– ლელას შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა, მაგრამ თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, რომ პირდაპირ ეთერში უწევდა მუშაობა. ყველა „ტელევიზიონშჩიკი“ ამბობს, რომ ძალიან კარგი ტელეწამყვანია, ბევრი სანერვიულო ეტაპი გადავიარეთ, სანამ იმ შედეგს მივიღებდით, რაც გვინდოდა. ახლა პანდემიის პერიოდში პირდაპირ ეთერზე უარი ვთქვით და ჩანაწერით გავდივართ, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც დაგეგმილი სტუმარი ვერ მოდიოდა იმის გამო, რომ გადაცემამდე რამდენი საათით ადრე კორონავირუსი უდასტურდებოდა. ლელა გადაცემაში ზუსტად ისეთია, როგორიც რეალურ ცხოვრებაში.

 

– პანდემია თქვენს ოჯახზე ოჯახურ ურთიერთობებზე როგორ აისახა?

 

– ჩემი ამბავი კი იცით, ვერ ვჩერდები ერთ ადგილზე და მაინც სულ ვმუშაობ. ბენდ „ნონ სტოპსაც“ ვამუშავებ, ვამზადებ 90-იანი წლების ჰიტების პროგრამას, რასაც გაზაფხულზე შევთავაზებთ მსმენელს. რეპერტუარზე მუშაობენ ლელაც და მაკა ზამბახიძეც, რამდენიმე ახალ სიმღერასაც ვამზადებთ იმ დროისთვის, როცა მსმენელთან შეხვედრის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ არ ვჩერდებით.

 

– და მაინც, პანდემიამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

 

– სიმართლე გითხრათ, ვცდილობ ისე ვიცხოვრო, პანდემიაზე არ ვიფიქრო, არ მინდა ეს რეალობა ახლოს მოვიტანო ჩემთან. ზოგადად პოზიტიური ადამიან ივარ და ვცდილობ ჩემ გარშემო პოზიტიური განწყობა შევქმნა. რაღაცნაირად ვახერხებ ამას. ცუდი ისაა, რომ შვილიშვილს ხშირად ვერ ვხედავ, იმის გამო, რომ სულ ვმუშაობ, ვცდილობ არ გავცდე ამ სამუშაო კლასტერს და დისტანცია მქონდეს ოჯახის იმ წევრებისგან, რომლებიც მუშაობაში არ არიან ჩართული.

 

– შვილიშვილმა გულჩვილი ხომ არ გაგხადათ?

 

– გულჩვილი – არა, მაგრამ პატარა გამხადა, ხომ ამბობენ, რომ ბაბუის სტატუსი ადამიანს აბერებს, მე კი ვიტყვი, რომ უფრო გამაახალგაზრდავა.

 

– ამ ბოლო დროს ძალიან სპორტულად ცხოვრობთ, ხშირად დარბიხართ ლისის ტბაზე, ამით ინარჩუნებთ ფორმას?

 

– რაც კოვიდი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღე სწრაფი ნაბიჯებით დავდივარ 9-12 კილომეტრს ლისის ტბის გარშემო. ახლა ძალიან აცივდა ამ ტერიტორიაზე და სანამ ტემპერატურა არ მოიმატებს, დროებით შევწყვიტე სპორტული აქტივობა. მაქვს ჩემი ახალგაზრდობის შენარჩუნების პროგრამა.

 

– რა მთავარი მოვლენა გინდა მოხდეს 2021 წელს თქვენს ცხოვრებაში.

 

– პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად მინდა ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი სითბო იყოს ადამიანებს შორის, ამდენი აგრესია და მტრული განწყობა მართლაც უკვე აუტანელია, მინდა ეს ყველაფერი გაქრეს და ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო ლოიალურები და თბილები გახდნენ. მინდა ეკონომიკური მდგომაროება ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდეს და რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს კიდევ ჩვენს ქვეყანაში, ამის შემდეგ ბევრი რამ გამოსწორდება, ძალიან მომენატრა ბევრი ხალხი ქუჩაში, მიყვარს ხალხმრავლობა და, ამას როცა ვერ ვხედავ, ძალიან ვნერვიულობ.

 

ავთო ჩიტიძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი