logo_geo
ნუცა შანშიაშვილი: ქართველ კაცს ეშინია, არ არის დაცული, რომ ქალი შეურაცხყოფას არ მიაყენებს და არ დაამცირებს
- +

2 იანვარი. 2021. 21:32

 

 

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, როგორც ყველას, ისე ნუცა შანშიაშვილსაც შეეხო. მართალია შემოქმედებით საქმიანობის კუთხით გამოსავალი იპოვნა და მალე მის მსმენელს ონლაინ კონცერტებს შესთავაზებს, თუმცა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად დიდი დროის გატარება მოუწია.

 

როგორ აისახა შინ ყოფნა ნუცასა და მის ოჯახზე ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

–პანდემიის გამო მეუღლესთან ერთად დიდი დროის გატარება როგორ აისახა თქვენს ურთიერთობაზე?

 

– მე და თემური ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ტანკივით ვართ (იცინის). ძალიან მაგარი ძმაკაცები ვართ. თემური ჩემი ზურგია. ძალიან ძლიერი პიროვნებაა და შემიძლია, თავისუფლად დავეყრდნო. ის მაძლევს ჩემთვის აუცილებელ ბედნიერებას – თუნდაც რაღაც პერიოდით მარტო ყოფნის საშუალებას და შემოქმედებით პროცესში სადღაც მთებში მარტო წასვლის საშუალებას სამედიტაციოდ.

 

ბევრი ქმარი, ალბათ, ვერ გაიგებს, რატომ შეიძლება, მოგინდეს მის გარეშე ყოფნა, მარტო დარჩენა და თავისუფალი დრო.

 

– არა მარტო ცოლ-ქმარს, ოჯახის ყველა წევრს სჭირდება, ცოტა ხანი ცალ-ცალკე იყვნენ ერთმანეთისგან. ადამიანებს სჭირდებათ საკუთარი ატმოსფერო და ცალკე სამყარო. სხვაგვარად ქაოსური, ოცდაოთხსაათიანი ურთიერთობის შედეგად, რაც უნდა დიდი სიყვარული იყოს, გაქრება. მობეზრდებათ ერთმანეთი და გრძნობა აგრესიასა და აუტანლობაში გადაიზრდება, მით უმეტეს, დღევანდელობაში. მე და თემური დიდი ხანია ერთად ვართ და ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ერთად წამოკიდებული. უკვე ერთი საქმის მსახურები ვართ, ამიტომ ბოლომდე ერთად ვაწვებით. მაგრამ დღეს რომ მარტო ვიყო, ნამდვილად არ გავთხოვდებოდი. იმიტომ, რომ ოჯახის ფენომენი აბსოლუტურად მოშლილია. კაცი და ქალი არასწორად უდგებიან ურთიერთობას და იმ სიყვარულს, რომელიც აქვთ, არასწორი ოჯახური ურთიერთობით ანგრევენ. აუცილებელია, რომ გჯეროდეს შენი პარტნიორის, დარწმუნებული იყო მის სიმართლეში და მაშინ ყველაფერი კარგად ეწყობა. აუცილებელია, რომ ქალმა ძალიან ჭკვიანურად მართოს ოჯახი. არასოდეს შეურაცხყოფა არ მიაყენოს კაცს. ქართველ კაცს ხშირად ეშინია, არ არის დაცული, რომ ქალი შეურაცხყოფას არ მიაყენებს და არ დაამცირებს. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა.

 

– პირიქითაც ხშირადაა. ქალებიც ბევრ რამეში არიან შეზღუდულები – როგორ გაიგებს კაცი, დაუშლის თუ არა? ბევრი კაცი თვლის, რომ ისაა მთავარი და რასაც თავად იტყვის, ქალმა ის უნდა გააკეთოს.

 

– ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. მით უმეტეს, ოცდამეერთე საუკუნეში არავინ არაა მთავარი და მეორეხარისხოვანი. ქალს თავისი ფუნქცია აქვს, კაცს – თავისი. ოჯახში ქალი არის მთავარი. ყველაფრის ცენტრი ქალია, როცა საქმე სახლსა და ოჯახს ეხება. საგარეო საქმეები და ფულის შოვნა კაცის მოვალეობაა. ესეც შეიძლება, რაღაც მომენტში შეცვლილი იყოს, ჩვენს ეპოქაში ქალი უფრო ძლიერდება, ვიდრე კაცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, კაცი რასაც იტყვის, ის უპირობოდ უნდა გაკეთდეს. ნორმალური, თავისუფალი და ბედნიერი ურთიერთობა ასეთი მიდგომით ვერასდროს აშენდება. ეს ჩემი აზრია. რატომ ინგრევა ოჯახები? როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მაშინ უფრო მეტი თავისუფლება და ფლირტია. პრობლემები იწყება მაშინ, როცა ოჯახდებიან. იმიტომ, რომ ორივე პარტნიორი ეგოისტი ხდება. ქალი თვლის, რომ კაცმა უნდა გაუკეთოს ყველაფერი, კაცი კი – პირიქით. ეს „უნდა“ ანგრევს ურთიერთობას. ბრძანებითი ტონით საუბარი არ უნდა ხდებოდეს. „ქალო, ის გამიკეთე“, „შენ ქმარი ხარ და წადი, ფული იშოვე, სახლი ააშენე, ორი მანქანა მომიყვანე“ – ეს არასწორი დამოკიდებულებაა და სიყვარულს ანგრევს. თუ ქალს რაღაც მომენტში არ შეუძლია, ქმარს კატლეტი შეუწვას, შეუძლოდაა, ხომ არ უნდა დაეტაკო, მაჭამეო. ქმარი რომ ხარ, სიყვარულით მიუდექი, თვითონ გააკეთე და იქით აჭამე. რატომღაც კაცი ფიქრობს: „შენ რომ ჩემი ცოლი გახდები, შენ ხარ ჩემი საკუთრება“, საწყალი ქალი კი „ჩალიჩობს, საქმე გაიპრავოს“ – ოღონდ გათხოვდეს და მერე აღარ აინტერესებს, მთავარია გათხოვდა. ეს დამოკიდებულება არაა სწორი. ძალიან ხშირად ვხვდები ამგვარ მიდგომას ახალგაზრდა გოგოებში. მე თვითონაც ასე ვფიქრობდი, პატარა რომ ვიყავი – „უნდა გავთხოვდე, იმიტომ, რომ მერე რამე არ თქვან“. თანამედროვე ყოფაში ეს აღარავის აინტერესებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი