logo_geo
გელა დაიაური ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ
- +

1 თებერვალი. 2021. 21:30

ხევსურეთში, მუცოში დაიბადა. სკოლაც იქ დაამთავრა. შემდეგ ოთხი წელი მთაში დარჩა. ამბობს, რომ მთაში გატარებული დრო ყველაზე ნაყოფიერი და პოეტად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო ხანა იყო მისთვის.

 

სტუდენტობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გაიარა. უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა გაერთიანებას ხელმძღვანელობდა და იმ პერიოდს, ლექტორ-მასწავლებლებით, ერთ–ერთ ყველაზე ბედნიერ ხანად მიიჩნევს.

 

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მთას დაუბრუნდა. 10 წელი იმუშავა ქართულის პედაგოგად შატილის სკოლა–პანსიონში.

 

მუცოს ტრაგედიამ, მეუღლისა და შვილების დაკარგვამ  უკვალოდ არ ჩაიარა – მეთერთმეტე წელი გავიდა იმ დღიდან. ამბობს, რომ არის მიზეზები, რაც აძლებინებს ამ ცხოვრებაში.

 

ხევსურეთზე შეყვარებული ისევ რჩება მუცოსა და ხევსურეთის მიტოვებული სოფლების დიდ ქომაგად. – პოეტ გელა დაიაურის პერსონა.

 

 

– ლეგენდების და მისტიკურ მხარეში ცხოვრობდი, ხევსურეთში…

 

– ხევსურეთში, სოფელ მუცო დავიბადე და გავიზარდე. მაგ დროს ქალები ქოხში მშობიარობდნენ და მეც ასე დავბადებულვარ. მესამე დედმამიშვილი და პირველი ბიჭი. მამას მუცელში დაურქმევია სახელი, ბიჭი იქნება და გელას დავარქმევო. ხევსურულად მგელიკა მქვია. სკოლა ხევსურეთში დავამთავრე. ბარისახოს სკოლა-ინტერნატი ერქვა მაშინ, ახლა სკოლა-პანსიონი ჰქვია. მუცოდან 60 კილომეტრში იყო. იქ ვცხოვრობდით, ვსწავლობდით.

 

სკოლის პერიოდში ძიუდოზე დავდიოდი და საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი, მაგრამ 15 წლის ასაკში ხელი დავიზიანე და ვეღარ გავაგრძელე ვარჯიში. თბილისის კომაროვის მათემატიკურ სკოლაში ჩავაბარე, მაგრამ არ მიმიღეს. როგორც თქვეს, ადგილები გაყიდული იყო თურმე.

ჩვენ 11 დედმამიშვილი ვიყავით… ორი გარდაცვლილი გვყავს. ახლა ცხრა და-ძმა ვართ. 6 ძმა და 3 და.

 

გასართობად ნაკლებად გვეცალა. 100 სულამდე საქონელი გვყავდა და შრომა არ გვაკლდა ოჯახში… თუ თავისუფალი დრო გვრჩებოდა, ვთევზაობდი კალმახზე და ჯიხვზე ვნადირობდი.

 

 

 

– სტუდენტობის პერიოდი… პირველი ლექსები…

 

– საბოლოოდ, თსუ-ში ჩავაბარე ფილოლოგიის ფაკულტეტზე, იბერიულ-კავკასიური ენების სპეციალობაზე.

 

პარალელურად უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა გაერთიანების თავმჯდომარე ვიყავი. ეს პერიოდი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ხანა იყო. ბედნიერი და შემეცნების მხრივ განსაკუთრებული. თუმცა კითხვით ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი (პედაგოგები საყვედურობდნენ მშობლებს, ბევრ დროს უთმობს კლასგარეშე ლიტერატურასო).

 

შევიძინე ბევრი კარგი მეგობარი. ლექსების წერა სკოლის დამამთავრებელი კლასებიდან დავიწყე. სკოლის დამთავრების მერე ოთხი წელი მთაში დავრჩი და ეს პერიოდი იყო ყველაზე ნაყოფიერი და ჩემი პოეტად ჩამოყალიბების ხანა, თუმცა პოეტი ყოველთვის უნდა იზრდებოდეს და სწავლობდეს.

 

ვინ დატოვა მაშინ შენს ცხოვრებაში საგრძნობი კვალი?

 

– ძალიან ბევრი კარგი ლექტორი იყო… ჩემი აზრით, ფილოლოგები გამორჩეული გულის და აზროვნების ადამიანები არიან.

 

პოეზიაში გაბრიელ ჯაბუშანურმა მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა. თან, როცა გავეცანი, უიმედოდ შეყვარებული ვიყავი და გაბრიელის პოეზიის განწყობაც დამემთხვა.

 

ლექტორების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს… ყველას დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვიხსენებ.

 

– შენი ცხოვრება, ვფიქრობ, პირობითად შეიძლება ორ პერიოდად  დაიყოს – ტრაგედიამდე და ტრაგედიის შემდეგ…  რა შეიცვალა შენში მას შემდეგ?

 

– უნივერსიტეტის დამთავრების მერე მთაში დავბრუნდი. ქართულის პედაგოგი არ ჰყავდა შატილის სკოლა-პანსიონს. 10 წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე იქ.

 

რაც შეეხება ტრაგედიას: ვფიქრობ, აღარ ვარ ის, ვინც ვიყავი. სიცოცხლის ხალისი დავკარგე. თითქოს გაუთენებელი ღამე ჩამოდგა სულში. ყველაფერი მიხაროდა და მახალისებდა… იმედიანად ვუყურებდი ცხოვრებას. ეს ყველაფერი ჩაკვდა ჩემში. ახლა თუ წავიღიღინებ ან თუ ლექსს წავიკითხავ, მეგობრების ხათრით და უხალისოდ. აი, ეს შეიცვალა ჩემში.

 


 

 – „მთაში უფრო იწერება ლექსი“ – ამბობ ერთ ინტერვიუში, მაგრამ შენ მთაში აღარ ცხოვრობ…

 

– ხო, მთაში იმიტომ იწერება მეტი ლექსი, რომ ნაკლები ხმაურია. დრო ბევრი გაქვს ფიქრისთვის. ყურადღება არ გეფანტება. იოცნებე და წერე!

 

სამსახურის გამო მომიწია ბარისკენ გადმოსვლა და აქ იმდენი ხმაურია, იმდენი პრობლემაა, იმდენი ცუდია, რომ ჭირს, ფიქრისთვის მოიცალო. თუმცა ლექსის წერა ისეთი დაავადებაა, ვერ გაურბი. ბოლოს შიმშილის გრძნობა გიჩნდება და წერ…

 

– „მიმხედავი სჭირდება მუცოს“… – არა ოდენ მუცოს, სამწუხაროდ… ამ ლექსის დაწერიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, დღეს რა იტყოდა გელა დაიაური, ზოგადად, მთაზე და მთის სოფლებზე?

 

– „მუცოს გოდება“, – ასე ჰქვია ლექსს, რომელზეც მკითხეთ. საბედნიეროდ, ჩვენმა  ხმაურმა და ხელისუფლების კეთილმა ნებამ შედეგი გამოიღო და დაიწყო მუცოს აღდგენა, თუმცა დასრულებული არ არის ჯერ. პირველი ეტაპისთვის კარგი საქმე გაკეთდა და მადლობა ყველას, მუცოს აღდგენის დაპროექტებიდან დაწყებული, დღემდე ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში. თუმცა მუცოს მსგავსი სოფლები, სილამაზით, სიმკაცრით, არქიტექტურით, კიდევ არის ხევსურეთში: კისტანი, ლებაისკარი, გურო, ქაჩუს ციხე, არდოტი, ხახაბო.

 

როგორც მუცო გვეცლებოდა ხელიდან, ასე ინგრევა ეს ულამაზესი სოფლები. აღდგეს ეს სოფლები და პირვანდელი, ავთენტური სახე დაიბრუნოს, ვფიქრობ, საქართველოს მსოფლიოში ულამაზესი ტურისტული მარშრუტი ექნება. თუმცა აღდგენასთან ერთად უნდა  ინფრასტრუქტურა უნდა მოწყოს და განვითარდეს.

 

ამ სოფლებში არ არის ელექტროენერგია, არის სოფლები, სადაც დღესაც საცალფეხო ბილიკებით დადიან. ამიტომ იცლება მოსახლეობისგან.

 

თუ სასწრაფოდ არ მოხერხდა ამ ხეობისთვის მიშველება, დაიცლება. დაიცლება და საზღვრისპირა ხეობას დავკარგავთ. ყველა მხრიდან გვეპოტინებიან და მთლად მიტოვებულს უფრო ადვილად დაეპატრონებიან!..

 

– როგორ ცხოვრობს გელა დაიაური კარანტინის პირობებში? როგორ იმოქმედა იზოლაციამ შემოქმედებითი თვალსაზრისით?

 

– უმთავრესად, სახლში ვარ. ჯერჯერობით გადავურჩი პანდემიას. შემოქმედითობაზე არ უნდა იმოქმედოს, ჩემი აზრით,  ჩაკეტვამ.

 

ლექსის წერა არ არის პრაქტიკული საქმე ჩემთვის, როგორც, ვთქვათ, სახლის შენება.  პოეტი მონადირეს მაგონებს, აფრინდება მუზა მწერი და უნდა მოასწრო მონადირება, თორემ მიფრინავს…

 

 

– „ჩემო ბულბულო“, – ლექსების ახალი, მესამე კრებული 2017 წელს, ტრაგედიიდან  7 წლის შემდეგ დაიბეჭდა და  ოჯახს მიეძღვნა…

 

–  ბოლო წიგნი ოჯახს მივუძღვენი და ჩემთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა რედაქტირებაზე მუშაობა. მძიმე ლექსებია. ეს წიგნი არ მიყვარს და ამ თემებზე საუბარიც მიმძიმს…

 

– „სადღაც მელოდები, ვიცი, რომ შენი ლოცვის ძალა შენთან მომიყვანს“, – წერდი თეოს. რა არის ის ძალა, რომელიც ადამიანს აძლებინებს დიდი ტრაგედიის შემდეგ?

 

– გაძლების მიზეზებზე ხშირად მისაუბრია და გავიმეორებ:  რწმენა, სიყვარული, მეგობრები და იმედი, რომ ოდესღაც ისევ შევხვდები იქ ჩემს ოჯახს!

 

– 27 იანვარს თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღე იყო. ის 37 წლის გახდებოდა.  უნიკალური ხმით და ნიჭით გამოირჩეოდა,  გამოცემული ჰქონდა  ალბომები: „პირიმზე“ (2005), „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“ (2009)… თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოები ყოველ 27 იანვარს იმართებოდა, მაგრამ წელს პანდემიას და კარანტინს დაემთხვა… როგორ შეხვდი მისი დაბადების დღეს? რა უნდა გაკეთდეს მისი ხსოვნისთვის?

 

–  ეკლესიაში ვიყავი, საკურთხი მივიტანე… სულ ეგ იყო… რაც შეეხება თეონას ხსოვნას, 2013 წელს გამოიცა  თეონა ქუმსიაშვილის წიგნი და აუდიოდისკი „უფლისჩიტა“, თეონას სიმღერების ჩანაწერებით.

 

გამოიცა აგრეთვე თეონას ლექსების კრებული „მთის ბულბული“.

 

ჩატარდება მისი ხსოვნის საღამოები, „ხევსურული საღამო“, რომელსაც ტრადიციულად 26 ივნისს, „მზიურში“ ვატარებთ ყოველწლიურად, თეოს სახელობისაა.

 

ვნახოთ, პანდემიამ თუ არ შეგვიშალა ხელი, წელსაც ვაპირებთ საღამოს ჩატარებას…

 

 


 

– პირველი ლექსი სიზმარმა დამაწერინაო, – ერთ ინტერვიუში ამბობ. ეთანხმები თუ არა იმ პოეტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ლექსს სევდა აწერინებთ?

 

– მე ჩემი აზრი მაქვს – აუცილებლად უნდა გიყვარდეს. და სიყვარულს მოაქვს სევდაც, ტკივილიც, დარდიც, სიხარულიც…

 

– ჰობი…

 

– ჰობი ნადირობა (თუმცა ამ ბოლო დროს ვეღარ ვიცლი), თევზაობა, ფილმები და სპორტული თამაშები.

 

– ამჟამად რას საქმიანობ?

 

– ამჟამად უმუშევარი ვარ, ერთი თვეა…  ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში…

 

– ერთი ლექსი…

 

ნეტავ აქ იყო…

 

ნეტავ აქ იყო, – მარტის თვეში ნახავდი მუცოს,

პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, – გულანთებული,

თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,

მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე – გაღმერთებული.

 

ნეტავ აქ იყო, – იის მოსვლას ვუდარაჯებდი,

დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,

მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით – ხანჯლებით,

აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.

 

ნეტავ აქ იყო, – დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი

და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .

ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს

ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.

 

ნეტავ აქ იყო, – ენძელებით დაგამშვენებდი,

კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას

ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი

ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.

 

დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს

ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ – მალე,

თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,

მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.

 

ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,

გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,

– შემაშინეო, – სასაცილოდ ატირდებოდი

და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი