logo_geo
თეკლა იორდანიშვილი და ჯვრისწერა სევასტოპოლზე
- +

9 თებერვალი. 2021. 16:46

 

ვინ არის თეკლა იორდანიშვილი - გოგო, რომლის მოთხრობებიც პოპულარობას სინათლის სიჩქარით იძენს. „The Diary“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უფრო ახლოს გაგაცნობთ ამ ახალგაზრდა მწერალს, რომელიც საოცარი სიმსუბუქით ატარებს ყოფიერების სიღრმეებს და ასეთივე სიმსუბუქით გადმოსცემს მათ საკუთარ მოთხრობებში.

 

- თეკლა, როდის დაიწყეთ წერა?

 

- სკოლის ასაკიდან ვწერ. ჯერ მხოლოდ ჩანახატებს ვწერდი. მერე თავისუფალ თემებს. აბსურდული სათაურის მქონე ამბავზეც შემეძლო რომ დამეწერა. არ ვიცი, ალბათ, მარტივად გამომდიოდა. იოლად მეწერებოდა. წერის დროს მომდიოდა აზრები - ერთი, ორი, სამი და ასე იქმნებოდა შინაარსი.

 

დეტალებზე დაკვირვება ღრმა ბავშვობიდან მომყვება. რაღაც თამაშიც კი მოვიგონე ჩემს გონებაში, და ხალხსაც არასტანდარტულად ვიმახსოვრებდი. მაგალითად, სახის ნაკვთებითა და ჩაცმულობით კი არა, არამედ სიარულის მანერით, გამოთქმით, სიცილით, ვარცხნილობით, თითებით. აივნისკენ  ზურგით მდგომი, ვუსმენდი ფეხით მოსიარულეებს და ჩემს თავს ვეკითხებოდი - აბა, ვინ მოდის, ქალია, თუ კაცი? ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, თუ უქუსლო? ქუსლი წვეტიანია, თუ მასიური? მერე ამ ყველაფერს ტვინში ვატრიალებდი და წამის მეასედში, ჩემთვის ვქმნიდი ამ ხალხის ვიზუალს, ჩაცმულობასა და ტუჩსაცხის ფერსაც კი. ვიზუალიზაციის ეს თვისება შემდეგ ძალიან დამეხმარა წერაში.

 

 

 

- რომელი იყო თქვენი პირველი მოთხრობა და ვის გაუზიარეთ იგი?

 

- ჩემი პირველი მოთხრობა არის „ჯვრისწერა სევასტოპოლზე“ და მე ის მაგისტრატურის სადიპლომო თემის პარალელურად დავწერე. როგორ? - არ მკითხოთ! დღემდე ვერ ვხვდები, როგორ შევათავსე ეგ ორი ამბავი. დავწერე და ჩემს ერთ მეგობარს გავუგზავნე, საერთოდ არ მითქვამს, ვისი დაწერილია. მან ეს ნაწერი სამსახურში გაავრცელა და ასე დატრიალდა ჩემი მოთხრობა სხვადასხვა წრეში.

 

მეორე მოთხრობასაც იგივე ისტორია აქვს. ავტორი არ გამიცხადებია. არ ვიცი, რატომ ვმალავდი. მაგრამ, ამჯერადაც ჩუმად ვიყავი. მესამე რომ დავწერე, ვნახე საიტი, სადაც იდო ჩემი მოთხრობები და უამრავი კომენტარი ჰქონდა. ხან ვინ იბრალებდა მის ავტორობას და ხან ვინ. ჰოდა, როგორც ჩანს, ძალიან დავიღალე დუმილით, საკუთარ გვერდზე დავდე მოთხრობების ლინკები და დავწერე, რომ ავტორი მე ვარ.

 

- ძირითადად რის შესახებ წერთ?

 

- ჩემი ყველა მოთხრობა ჩვენს დედაქალაქზე, თბილისზეა დაწერილი, თბილისურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე და იუმორზე.

 

- ვინ არიან მოთხრობის პერსონაჟები? რეალურები არიან თუ გამოგონილი?

 

- პერსონაჟთა 90 პროცენტი რეალურია. იმ გმირებს კი ვისაც ვქმნი, ჯერ გონებაში ვხარშავ კარგად, ვიგონებ მათ გარეგნობასა და თვისებებს,  შემდეგ კი, ვაცოცხლებ.

 

- SABA-ზე მოგვიყევით...

 

- რადგან ძალიან ბევრი ადამიანი აზიარებდა ჩემს ნაწერს, SABA-დან დამიკავშირდნენ და ჩემი ახალი მოთხრობის დადება მთხოვეს, ექსკლუზიურად მათ ონლაინ პლატფორმაზე. ცხადია, დაუფიქრებლად დავთანხმდი! სწორი აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილება - ძალიან დიდი ხმაურით ჩაიარა ახალი მოთხრობის გაზიარებამ მათ გვერდზე.

 

 

 

- თავად ხომ არ ყოფილხართ თქვენივე მოთხრობის  გმირი?

 

-ჩემი მოთხრობის მთავარი პერსონაჟების  ბევრი თვისება საკუთარი თავიდან მაქვს აღებული. ყველაზე მეტად კი, ალბათ,  მაინც მია პავიჩი მგავს,  მოთხრობიდან „77/50-ზე“.

 

- კოლინ ფირტის გმირის მსგავსად ფილმიდან „Love actually“, თქვენც განსაკუთრებული გარემო ხომ არ გჭირდებათ შემოქმედებითი პროცესისთვის?

 

- ეჰ, კოლინ ფირტის მსგავსად, უკეთ წერის გამო,  ბუნების წიაღში დასვენებისა და შიშველი ფეხების ტბაში დგაფუნისგან ძალიან შორს ვარ, ფიზიკურად არ მაქვს ამისი დრო. დიდი დოზითაა ჩემს ცხოვრებაში რუტინა და ყოველდღიური გადარბენა. სამაგიეროდ, ფიქრის ჩემეული სტილი მაქვს. აბაზანის დაორთქლილ მინაზეც ხშირად მიმიწერია, რაღაც აზრი შხაპის მიღებისას მომსვლია და გაქანებული მანქანიდანაც გამიკეთებია ახალი იდეის მონიშვნა ტელეფონში. თუმცა, საუკეთესო ადგილი ფიქრისთვის, ჩემთვის, მაინც აეროპორტი და თვითმფრინავია. ყველა სერიოზული იდეა, ნეიტრალურ ზონაში ყოფნისას მომდის.

 

- წერის გარდა რითი ხართ დაკავებული?

 

- წერის გარდა ვსაქმიანობ ჩემს საყვარელ სფეროში, ტურიზმში, რომელიც 1 წლიანი პაუზის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ორმაგი ძალებით განვითარდება.

 

- რას ურჩევთ გოგოებს?

 

- მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაც კი შემიქმნია, ტიტანური შრომით მაქვს მოპოვებული - 17 წლიდან მუშაობითა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით. ყველას, ყველას, ყველას მინდა ვურჩიო და ვთხოვო, რომ არ გაჩერდნენ, არ დანებდნენ, ხელი არასოდეს ჩაიქნიონ! განვითარდნენ და ისწავლონ! იმისთვის, რომ  ყველა ოცნება ახდეს, საკუთარ თავში უნდა იყოთ დარწმუნებული! პიროვნული ზრდა კი ამის უპირობო გარანტიაა.

 

წყარო: https://thediary.ge/articles/sazogadoeba/tekla-irodanishvili-da-jvriscera-sevastopolze?fbclid=IwAR29Aw9DCUDq_yBFGRC_-Ac7k2fHr3bqS7-24iuK0CCg9gPHeaUbys9HS90

 

big_banner
არქივი