logo_geo
ანდრო გოგიბედაშვილი: თემურმა დამანახა გზა, რომელსაც დავადექი და მივხვდი, ვინ არის ღმერთი
- +

11 თებერვალი. 2021. 11:47

 

23 წლის ანდრო გოგიბედაშვილი ქეთი წიკლაურისა და დავით-დეფი გოგიბედაშვილის ვაჟია, თემურ წიკლაურის ერთადერთი შვილიშვილი. ელექტრონული მუსიკით გატაცებულს, მომღერალი ბაბუა თავის მოსაზრებას ხშირად უზიარებდა ხოლმე. „თხელი“ და ხმაგამტარი კედლიდან გამოსული ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად, საყვარელ შვილიშვილთან ერთხელაც არ დასცდენია, მუსიკას დაუწიე ან ამას რას უსმენო. პატივს სცემდა ანდროს გატაცებას და საერთოდაც, მისი მეგზური იყო ამ სამყაროში. ანდრომ ასეთად გაგვაცნო „ძედ“ თემური.

 

„დედამიწაზე ჩემი და თემურის ერთად ცხოვრება, ერთი დიდი, 23-წლიანი თავგადასავალია” – ამბობს „პრაიმტაიმის“ რესპონდენტი და ეცადა, საყვარელი ბაბუა არაორდინარული კუთხით დაენახებინა.

 

ანდრო მიიჩნევს, რომ იმ შემეცნებასა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, რაც მას გააჩნია, თემურს დიდი წვლილი მიუძღვის.

 

ეს განსაკუთრებული ემოციური და ინტელექტუალური სიახლოვეა იმის მიზეზიც, რომ შვილიშვილს ამოუცნობი ენერგეტიკული კავშირით უგრძვნია წინასწარ, რომ მალე საყვარელი, გამზრდელი ბაბუა სააქაოს დატოვებდა… ამას ხშირად ვერ გაიგონებთ. ანდრომ ეს შეიგრძნო, უთქმელად, გაუაზრებლად, ფიქრით, ენერგეტიკულად…

 

 

ანდრო გოგიბედაშვილი: – პირველი, რაც თემურის ხსენებაზე მახსენდება, არის ის, რომ ჩემი ტოლი და სწორი იყო. ბავშვობიდან ჩემი მეგობარი გახლდათ. უფროსი იყო და სულ სხვა მსოფლმხედველობა ჰქონდა, მაგრამ იმდენად ალალი და ბავშვით სუფთა იყო, რომ გაუცხოების მომენტი არასდროს მქონია. სულ მეთამაშებოდა, ზოოპარკში იქნებოდა თუ  სახლში. თემური იყო ჩემი გიდი ამ სამყაროში.

 

რომ ვიბადებით, სანამ გავიცნობთ სამყაროს, ხომ არაფერი ვიცით მასზე. მან გამაცნო აქაური წესები, რა „მოსულა“ და „არ მოსულა“, ეთიკა – ყველაფერი მან მასწავლა. ბევრი რამ გამაცნო. აღმზრდელის ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული.

 

მე „ძედ“-ს ვეძახდი. ლაპარაკი რუსულად დავიწყე, ბაღში ვისწავლე ქართულად საუბარი. პაპასაც ვეძახდი, ბოლოს უკვე „ძედ“ შევარქვი. თვითონ პაპიო, მეუბნებოდა.

 

ჩემს მეგობრებსაც ემეგობრებოდა. აინტერესებდა, ვისთან ვმეგობრობდი და ძალიან უყვარდა ჩემი ახლო სამეგობრო. ჩემს თავს ხედავდა მათშიც. ჩემთან როგორც იქცეოდა, ისე იქცეოდა მათთანაც. ცდილობდა, მოეშალა ის ბარიერი და მოწიწება, რაც თემურ წიკლაურის მიმართ ჰქონდათ ხოლმე. უშუალო და გახსნილი იყო. ჩემი მეგობრები მორიდებით იყვნენ, მაინც თემურ წიკლაური იყო. მაგრამ ბაბუა ამ მორიდება-მოწიწებას მაშინვე სპობდა და ყველა თანატოლებივით ვიყავით.

 

ხშირად ვსაუბრობდით მუსიკაზე, რელიგიაზე, მისტიკაზე. თავის აზრებს მიზიარებდა. გვიყვარდა სხვადასხვა სწავლებებსა და დოქტრინებზე საუბარი. ბოლოს ჩვენი საუბრები დედამიწაზე არსებულ მისტიკაზე იყო. ბანალურ მაგალითად პირამიდას მოვიყვან. გვაინტერესებდა, რა იმალება და რა ფუნქცია აკისრია პირამიდას იმ არქიტექტურის მიღმა. ორივეს გვხიბლავდა დამალული და ამოუცნობი თემების გარშემო ფილმების ყურება თუ წიგნების კითხვა. ინფორმაციებს ვუცვლიდით ერთმანეთს.

 

ხშირად ამბობდა, „მე როცა წავალ“ და ამას ჩვეულებრივ მოვლენად ასახელებდა. როგორც ვიბადებით და დაბადების დღეების გადახდა გვიხარია, ისევე ჩვეულებრივი მიდგომით საუბრობდა გარდაცვალებაზეც. ბევრი რამ გამოიარა და ცდილობდა, მეც შევგუებოდი აზრს გარდაცვალების შესახებ. ადრე თუ გვიან, ეს მომენტი დადგებოდა და მზად უნდა ვყოფილიყავი ამისთვის. თუმცა, როცა ეს ფაქტი დადგა, რთულად, მძიმედ და ემოციურად გადავიტანეთ…

 

შენი ახლობელი ადამიანის ამქვეყნიდან წასვლის მოახლოებას, თითქოს გრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამაზე არაფერს ამბობდა, მე ეს ვიგრძენი. სიტყვა არ უთქვამს, მე ცოტა ხანში წავალო ან რამე მსგავსი. რთულია სიტყვებით ამის გადმოცემა.

 

ადამიანის გვერდით რომ ცხოვრობ და მასთან სულიერი სიახლოვე გაქვს, მისი ფიქრები შენთან მისი დუმილიდანაც გადმოდის, თითქოს. ენერგეტიკულად გრძნობ. კონკრეტულად რა ქვია ამ მოვლენას, ჯერ კაცობრიობას მისთვის სახელი არ დაურქმევია.

 

ამას ვგრძნობდი ბოლო ერთი წლის მანძილზე. ერთხელაც აზრმა გამიელვა, რომ მალე შეიძლება ბაბუა წავიდეს-მეთქი. მგონია, რომ არ არსებობს, ადამიანი, რომ ახლობლის გარდაცვალებაზე არ ფიქრობდეს და ეს შიშს არ გვრიდეს. მერე უფრო და უფრო გახშირდა ამაზე ფიქრი. როცა უკვე საავადმყოფოში დააწვინეს, უკვე უფრო გამძაფრდა ჩემი ფიქრები.

 

ბევრი რამ, ალბათ, ვერც მოვასწარი. ეს ხომ ასეა, ასე რომ მექნა, ისე რომ გამეკეთებინაო, პოსტ ფაქტუმ ასე ფიქრობს ადამიანი. ბევრი რამის თქმა შემეძლო მისთვის. ასევე მასაც – ჩემთვის.

 

მთელი ჩვენი ურთიერთობა ერთი დიდი თავგადასავალი იყო. სულ მაოცებდა თავისი მოულოდნელი საქციელებით. აი, დილას ვიღვიძებდი და მხვდებოდა ფორტეპიანოსთან, ხმას ავარჯიშებდა, მღეროდა. ადრე დგებოდა. ხშირად იყო მისაქციელში, აგარაკზე. იქ დილის ექვს საათზე დგებოდა და ეზოში ცივ წყალს ივლებდა. აქედან გამომდინარე საკმაოდ ირონიული იყო თემურს რომ ფილტვები დაუზიანა კორონავირუსმა. ასეთი დატვირთვის მომღერალი, ფიზიკურად კარგ ფორმაში მყოფი და ასე ერევა ეს უცნაური ვირუსი, რომელიც ამოუხსნელია, რა პრინციპით კლავს. 100 წლის მოხუცებს გადააქვთ და ჯანმრთელ 40 წლის ადამიანს იწირავს. უცნაური ვირუსია.

 

უნდოდა, სწორად მეკვება და ჯანმრთელი ვყოფილიყავი. დილით კვერცხის, თაფლის და კარაქის ჭამას მასწავლიდა. მე ვეგეტარიანელი ვარ და ხორცის ჭამას მირჩევდა. ენერგიაზე რომ იყო და ჯანმრთელობა წლების მანძილზე შეინარჩუნო, სწორად უნდა იკვებოო.

 

სასწაული მზარეული იყო. სანამ ხორცის ჭამას თავს დავანებებდი, თემურის მომზადებულ უგემრიელეს კერძებს მივირთმევდი. კურდღლისგან და სხვა ხორცისგან სასწაულად გემრიელი სადილებით გვანებივრებდა. განმარტოებით ამზადებდა, თავისი იმპროვიზაციებით. მერე ჩვენ სიურპრიზად დაგვიძახებდა და გვიმასპინძლდებოდა. დედას თემურის მომზადებული ტოლმა უყვარდა…

 

ხორცის ჭამას თავს რომ ვანებებდი, კი ვფიქრობდი, როგორ შეველიო ამ გემრიელობებს-მეთქი. უხორცო სალათებს ამზადებდა ძალიან გემრიელს. როგორი მომღერალიც იყო, ისეთივე მზარეული გახლდათ. ბოლომდე იხარჯებოდა და სიყვარულით აკეთებდა ყველაფერს. ამიტომ იყო მისი სიმღერებიც ასეთი გულწრფელი და კერძებიც – გემრიელი. გულს დებდა შიგნით.

 

დაბადებიდან მესმის მისი სიმღერა. ეს სიმღერები ჩემთვის ბუნებრივი იყო. რომ გავიზარდე და დავფიქრდი, სხვანაირად აღვიქვი. მუსიკალური აზროვნება რომ დავიწყე, აღარ მესმოდა მისი. მე რეპს ვუსმენდი, თემური ღვინოზე რომ მღეროდა, მიკვირდა. მერე და მერე სხვა კუთხით აღვიქვი. ახლა ხელები ამიწევია!

 

თემური მღერის ცხოვრების შემადგენელ ყველა დეტალზე. ცხოვრების ფილოსოფია უყვარდა და ეს რომ მსმენელისთვის მიეწოდებინა, მუსიკაში დებდა. მის სიმღერებში სიმბოლიკებია გაბნეული – ღვინო, ყურძენი, ღმერთი, სამშობლო. ეს პატარა მესიჯები მიმოფანტულია სიმღერებში. ინფორმაციის მიტანას ასეთი მაგარი ხერხით ახდენდა. ეს ინფორმაცია ხომ ტვინში დაელექა მსმენელს. ანუ მან კეთილი საქმე გააკეთა…

 

ცხოვრობდა ქრისტიანულად. ბოლო ექვსი წელია ლურჯ მონასტერში სტიქაროსნად მსახურობდა, მაგრამ არა – ინტენსიურად, უფრო პერიოდულად. სააღდგომო პერიოდში უფრო ხშირად დავდიოდით. მერე უკვე კვირაში ერთხელ მაინც მივიდოდა…

 

ლურჯ მონასტერში ერთი პერიოდი ერთად ვმსახურობდით. უპოვრებს დახმარების გარდა, დაუდგებოდა და ესაუბრებოდა. ისინიც, თემო, როგორ ხარო, მოიკითხავდნენ. მისთვის პირველი იყო ადამიანი, სტატუსი და თანამდებობა მეორეხარისხოვნად მიაჩნდა… ისე ექცეოდა სხვას, როგორც სურდა, რომ მოქცეოდნენ მას.

 

 

მიყვარს ეს ტაძარი. მშობლებმა იქ დაიწერეს ჯვარი, იქ მოვინათლე, ვმსახურობდით მე და ბაბუაჩემი და ბოლოს, თემურიც იქ იყო დასვენებული… მართალია, ხშირად არ დავდივარ, მაგრამ როცა არ უნდა მივიდე, იქ სახლში ვგრძნობ თავს.

 

თემურმა დამანახა გზა, რომელსაც დავადექი და მივხვდი, ვინ არის ღმერთი. დიდი წვლილი მიუძღვის იმ ინფორმაციის მოწოდებაში, რაც დევს ჩემში.

 

ვირუსი პირველად თემურს შეეყარა, დეკემბერში. მერე ყველამ გადავიტანეთ. დასაწყისში ჩვეულებრივ იყო, მსუბუქად, სიცხეებით და სისუსტით. მერე ოდნავ გაურთულდა, თუმცა ფეხზე დადიოდა. გადასხმის გასაკეთებლად მივიდა ერთ-ერთ კლინიკაში. მაგრამ უკვე პლევრიტი გაურთულდა. მერე ვამჯობინეთ გორის ჰოსპიტალში გადაყვანა. იქ ახლობლები მუშაობენ და ეს მათაც გვთხოვეს.

 

მისმა გერმანელმა მეგობარმა, პროფესორმა გვითხრა, მთავარი ფაზა გადალახული აქვსო. გაუმჯობესების პარამეტრებიც ჰქონდა. გვეგონა, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ უცებ მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა…

 

– ბოლო საუბარი გახსოვს?

 

– ჯერ კიდევ თბილისში აპარატზე რომ მიაერთეს, თავიდან იყო გონზე. რომ დავურეკე, ამ აპარატის ხმა მესმოდა. მივხვდი, რომ ვერ მესაუბრებოდა. უბრალოდ, მოვიკითხავდი მხოლოდ. სუსტად იყო, ეს კი ეტყობოდა, თუმცა ცდილობდა, რომ არ ეჩვენებინა, რომ ცუდად იყო. მაგრამ ამის მიუხედავად, მის ხმაში იგრძნობოდა, რომ კარგად არ იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ბოლო საუბარი იყო. ვერ დავუშვებდი…

 

 

 

 მუსიკოსი ანდრო

 

ანდრო ელექტრონული მუსიკის “მეიქერია”. თებერვალში საფრანგეთში ალბომს უშვებს. როგორც ამბობს, ალბომი ბაბუას რეკომენდაციით წაკითხული ფილოსიფიური წიგნების ინსპირაციით შექმნა. დასაწყისში თემური თავის რჩევებს აძლევდა ხოლმე, მუსიკის ძიებაში გართულ შვილიშვილს.

 

ანდრო: – ბევრჯერ შევიცვალე მიმართულება, სხვადასხვა ჟანრსა და ჟღერადობაში. ბოლოს სარელაქსაციო მუსიკის კეთება დავიწყე, კოსმიურის, რიტმულის, რომელსაც რაღაც ისტორიებზე ვქმნიდი. ეს თემურს მოსწონდა. ჩემს ოთახში შემოვიდოდა, წაიცეკვებდა, გავიდოდა… ბუნებრივია, ამ მუსიკაში ბოლომდე ვერ ერკვეოდა, მაგრამ იმდენად ვუყვარდი, რომ ჩემს საქმიანობას პატივს სცემდა.

 

ჩვენს ოთახს ერთი კედელი ჰყოფდა. ერთხელ მის ოთახში ვსაუბრობდით და უცებ ვიგრძნენი, რომ ჩემი ოთახიდან დინამიკების ხმა ძალიან ისმოდა. აი, მაშინ მივხვდი, რომ ასე ხმამაღლა ესმოდა ჩემი ოთახიდან მუსიკა და არც ერთხელ არ უთქვამს, დაუწიე, მაწუხებსო ან რამე მსგავსი.

 

მამა

 

ანდრო პოეტ დეფი გოგიბედაშვილის ვაჟია. ბოლო ოთხი წელია, დეფი ამერიკაში ცხოვრობს. თვალებით ვგავარო, ამბობს ანდრო. თვლის, რომ საქართველოს თანამედროვე პოეტებში, დეფი საუკეთესოა.

 

ანდრო: – დედა მეუბნება, სიმთვრალით გავხარ მამაშენსო. ისიც ბედნიერი და არტისტულია ნასვამ მდგომარეობაში. სხვადასხვა ტიპები ვართ. მოსწონს ჩემი მუსიკა. მგულშემატკივრობს. მეც მიმაჩნია, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში მის მსგავსად ვერავინ წერს… საუკეთესოა.

 

 

 

big_banner
არქივი