logo_geo
მარიამ ციმინტია: მე მაქვს განსაკუთრებული მისია დედამიწაზე და ხმაც, რომ ამით ვუმკურნალო ადამიანებს
- +

2 მარტი. 2021. 01:15

 

ახლახან სოციალურ ქსელში გამოჩნდა მარიამ ციმინტიას კლიპი, სადაც ის საოცრად გამოიყურება და საკმაოდ კარგადაც მღერის. როგორც თავად ამბობს, მისი ხმის ტემბრი და ვიბრაცია, ადამიანების ჯანმრთელობასა და სასიყვარულო სფეროზე დადებითად მოქმედებს, მისი ნამღერის მოსმენა კი ერთგვარი თერაპია და შევებაა მარტოსული, სიყვარულისგან დაჩაგრული ადამიანებისთვის.

 

მარიამ ციმინტია: ხუთი წლიდან ვუსმენდი მუსიკას. საბავშვო ბაღში ვცდილობდი, მემღერა, მაგრამ არ გამომდიოდა. არ მქონდა ხმა და სმენა, მაგრამ მაინც ვმღროდი და ყველა დამცინოდა (იცინის). დედაჩემს სულ ვეუბნებოდი, მე ჯადოქარი და მომღერალი ვიქნები-მეთქი (იცინის).

 

– თქვი, არც სმენა მქონდა და არც ხმაო. თუმცა, ახლახან სიმღერა ჩაწერე, კლიპიც გადაიღე და სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურე.

 

– რადგან ბავშვობიდან პატარა მეცნიერი ვიყავი, ეზოთერიკა, მაგია და მისტიკა კი ჩემს გარშემო სულ იყო, მიზნად ხმის დახვეწა და მუსიკალური სმენის გამძაფრება დავისახე. სულ ვამბობდი: მე ვიმღერებ! და, დედა დამცინოდა. ფაქტია, ჩემს თავზე ვიმუშავე, მიზანი დავისახე და გამომივიდა. განსაკუთრებული პრაქტიკები ვიცი, რისი წყალობითაც ჩემი რეალობა შევცვალე და ამ რეალობაში მე ვმღერი კიდეც. ასე რომ, საკუთარ თავზე ვიმუშავე და მიძინებული ნიჭიც გავაღვიძე, რეალიზებაც მოვახდინე. სხვათა შორის, თითოეულ ადამიანს აქვს შანსი, განავითაროს საკუთარ თავში განსაკუთრებული ნიჭი. ტვინში გვაქვს ჩარჩოები და თუ მოინდომებთ, თქვენს მონაცემებს გაამძაფრებთ, საკუთარ თავს რეალიზების საშუალებას მისცემთ. მთავარია მიზანი და ნებისმიერ რთულ გზას გაივლით და მიაღწევთ. იდუმალი წერტილები კი ყველას გვაქვს, რომელიც უნდა გავააქტიუროთ.

 

– მუსიკა, რომელიც ადამიანს ფსიქოლოგიურ „ბლოკებს“ უხსნის, კურნავს და სტრესს განდევნის – ასე უწოდებ შენს ახალ მუსიკალურ მიმდინარეობას. საიდან გაჩნდა იდეა, სამკურნალო მუსიკა ჩაგეწერა, ალბომი შეგექმნა და რეალურად როგორ მოქმედებს შენი ხმის ტემბრი და მუსიკალური ბგერები ადამიანების ჯანმრთელობაზე?

 

– უცხოეთში გავიარე გარკევეული პრაქტიკა, ბევრი ისეთი ადამიანი გავიცანი, ვინც მჭირდებოდა და ვისაც ვეძებდი. გავიარე ჰიპნოზის, რეგრესისა და ადამიანის ტრანსში ჩაგდების პრაქტიკა. აქ, პირველ რიგში, მთავარია ადამიანის ხმა და მისი იოგები. სანამ ადამიანთან მუშაობას დავიწყებ, ვიწყებ ჯერ „წმენდას“ და ჩემი ხმის განსაკუთრებული იოგების წყალობით, ორასზე მეტი ადამიანი მყავს ტრანსში ჩაგდებული. ყველა მუსიკას აქვს თავისებური ვიბრაცია – დადებითი ან უარყოფითი. ამ ვიბრაციიდან გამომდინარე, თითოეულ ბგერას აქვს ფსიქოლოგიური დაავადების განკურნების და ტვინში გარკვეული „ბლოკის“ მოხსნის უნარი. მოკლედ, ადამიანებთან ვმუშაობდი ბგერებით და მერე მივხვდი, რომ მე ხომ ვმღერი კიდეც და რატომ არ შევქმნა ალბომი, რომლის მოსმენის შემდეგ, ადამიანებს „ბლოკი“ მოეხსნებათ-მეთქი. ამ მუსიკაში, რომელიც ახლა გამოვუშვი, ჩადებულია ტკივილის კოდი. ვისაც აქვს სიყვარულის, მარტო ყოფნის ტკივილი და ჩემს სიმღერას უსმენს, ტირის. ცრემლთან ერთად ტკივილი და ნეგატივი გამოდის და ორგანიზმი შვებას გრძნობს. არა მარტო საქართველოდან, ამერიკიდან და რუსეთიდანაც მწერენ და დიდ მადლობას მიხდიან ამისთვის.

 

– როგორც მივხვდი, შენი ალბომი ადამიანის ცხოვრების კონკრეტულ მდგომარეობასა და მოვლენაზეა დაფუძნებული.

 

– დიახ, ასეა. კომპოზიციები რომლებიც ჩავწერე, ადამიანის ცნობიერებაში გარკვეულ „ბლოკებს“ ხსნის. რა არის ეს ბლოკები? ეს არის კომპლექსები, რომელიც ყველას გვაქვს, ასევე, „ჩაყლაპული“ ბრაზი და ტკივილი, რომლითაც ვცხოვრობთ და გაკრკვეულ სიტუაციებში თავს გვახსენებს. ზუსტად ეს ენერგია, რომელიც ჩვენშია და ვერ ვხედავთ, მოქმედებს ჯანმრთელობაზე, რაც გამოიხატება ვეგეტატიური ნევროზითა და გულის ტკივილით. როდესაც უსმენ ჩემს მუსიკას და სიმღერას, ეს „აწვება“ და ხსნის სიყვარულის ჩაკრას. ადამიანი ემოციისგან უნდა დაიცალოს, იტიროს და მიხვდება, რომ უკეთაა. ალბომის სახელი „ოკულუს“ კი ლათინური სიტყვაა და სარკეს ნიშნავს. ანუ, როცა ჩემს სიმღერას ისმენთ, თქვენს ანარეკლს უყურებთ, როგორც სარკეში, ეხმარები შენს შინაგან მეს, დაიცალოს ნეგატიურისგან. სულ ახლახან გამოვიდა ჩემი სიმღერა და ბევრი ადამიანი მწერს: შენს ნამღერს ვუსმინე და ასე მეგონა, ცუდისგან დავიცალე. საყვარელმა ადამიანმა რომ მიმატოვა, გულგატეხილი ვიყავი და ოპტიმიზმით ავივსე. სიცოცხლე მინდაო. ყველას მინდა, დავეხმარო, განსაკუთრებით დაავადებულ ადამიანებს. რეალურად მარიამ ციმინტია იმდენად კეთილია, რომ ადამიანურად ზედმეტად განიცდის ყველას გაჭირვებას. ამის გამო ვწვალობ და ვისჯები.

 

– როგორც ვიცი, ამ სიმღერების საფუძველი შენი განვლილი ცხოვრებაა. თუ იყო შენს პირად ცხოვრებაში და სიყვარულში იმედგაცრუება და მარტოსულობის შეგრძნება?

 

– რასაკვირველია, სიყვარულში იმედგაცრუებაც იყო და მარტოობის შეგრძნებაც. პირველი ჩემი ყველაზე ძლიერი სიყვარული ჩემი პირველი მეუღლე იყო, რომელთანაც ახლა კარგი ურთიერთობა მაქვს და არაფერს ვნანობ. თუმცა, იმ პერიოდში, როცა მას დავშორდი, დიდი ტკივილი გადავიტანე. ისე მიყვარდა, მეშინოდა, მის გარეშე ჭკუიდან არ შევშლილიყავი. დაშორების მერე იმხელა ტრავმა გადავიტანე, შვიდი წლის განმავლობაში აზრზე მოვდიოდი. ახლა კი სხვა სულიერ დონეზე გადავედი და სულ სხვა განზომილებაში ვარ. ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი დიდი ტრავმა იყო – ჩემი ბავშვობის მეგობრისა და კოლეგის დენის ასლანოვის გარდაცვალება. ძალიან განვიცადე მისი დაკარგვა და ვამბობდი, აუცილებლად ჩავწერ მუსიკას და პირველ სიმღერას მას მივუძღვნი-მეთქი. ასეც მოხდა – მას მივუძღვენი რუსულენოვანი სიმღერა „მარტო“. სწორედ, ეს სიმღერა ხსნის სიყვარულის ბლოკს. შემდეგი სიმღერა კი სიყვარულის მოსაზიდი იქნება და მას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ჩავწერ. ჩემს სიმღერებს კი, რომლებიც ახლახან გამოჩნდა სოციალურ ქსელში, თუ გულით მოუსმენთ, რეალურად, მარტოობის განცდის, ნევროზისა და შიშის განკურნება ხდება.

 

– როდესაც რუსულად ამღერდი და სოციალურ ქსელში კლიპიც გამოჩნდა, ჭორები გავრცელდა, თითქოს რუსულ შოუ-ბიზნესში აპირებ ძალების მოსინჯვას. ეს სიმართლეა?

 

– მე მაქვს განსაკუთრებული მისია დედამიწაზე და ხმაც, რომ ამით ვუმკურნალო ადამიანებს. იმ დონეზე მინდა, ავიდე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება მომისმინოს და შეცვალოს თავისი სამყარო. მუსიკა და ეზოთერიკა ჩემთვის ერთია, რადგან ორივე ვიბრაციასა და ენერგეტიკაზეა დაფუძნებული. ამიტომ, არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო შოუ-ბიზნესის დონეზე ავდივარ და ავალ.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი