logo_geo
სად იქნება გიო ხუციშვილის ქუჩა თბილისში და როგორ ახდება ხოლმე მეგობრების სიზმრები გიოსთან დაკავშირებით
- +

2 მარტი. 2021. 01:42

 

 

 

23 თებერვალს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა. ამ დღის აღნიშვნა ყოველთვის პატარა ბავშვივით ახარებდა და ტრადიცია, არც ბოლოს, უკვე რთულ მდგომარეობაში მყოფს დაურღვევია.

 

მაია ჯორჯაძე: გიოს ძალიან უყვარდა თავის დაბადების დღე და ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით ხოლმე. ბოლოს, ცუდად რომ იყო მაინც გამაკეთებინა სუფრა და ახლობლები მოვიდნენ. პატარა ბავშვივით უხაროდა. ამიტომ მისი წასვლის შემდეგ ეს დღე განსაკუთრებულად მძიმეა ჩვენთვის, ძალიან მიჭირს. წელს მესამე დაბადების დღეა მის გარეშე და ახლობლები ისევ მოვლენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დაბადების დღეზე მეტად, გიოს გარდაცვალების დღეს უფრო აღვნიშნავ ხოლმე. შარშანაც არ დამითქვამს საფლავზე გასვლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცალ-ცალკე ყველა გავედით და შემდეგ ოჯახში შევიკრიბეთ. ვისაც ახსოვს, მოდის. იმდენად სხვა დატვირთვა ჰქონდა გიოსთვის ამ დღეს, ძალიან რთულია მის გარეშე აღნიშნო. ამიტომ, როგორც სპონტანურად გამოდის, ისე ხდება.

 

დრო ყველაფრის მკურნალია – ამ გამოთქმით ვიმშვიდებთ ხოლმე ადამიანები თავს. ასეა?

 

– საერთოდ არა. საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩები, ძალიან მიჭირს. ცხოვრება მიდის, ყველაფერი გრძელდება და რიტმს უნდა ავყვე, მაგრამ მის გარეშე ყოფნას ვერ ვეგუები. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრება.

 

სიზმარში სულიერი კავშირი თუ გიგირძნიათ მასთან?

 

– საერთოდ, სიზმრები არ მამახსოვრდება. სამჯერ თუ ოთხჯერ დამესიზმრა გიო და მხოლოდ ის სიზმრები მახსოვს. ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს მეუბნება: რა ამბავი ატეხეთ, მე აქ ვარ თქვენთან ერთად, არსად წავსულვარ, შენ ნუ გეშინიაო. სხვების სიზმრები უფრო ამხდენია. მაგალითად, ერთხელ სასაფლაოზე წყალი ავიტანე ყვავილისთვის დასასხმელად. ამ დროს გიოს მეგობრის ცოლმა მომწერა: გიო დამესიზმრა, იქნებ მაიას სთხოვო, წყალი მომიტანოსო. იმ მომენტში წყლით ხელში ვიყავი სასაფლაოზე. მსგავსი რამ ძალიან ბევრჯერ მოხდა. მიჭირს ამის ახსნა.

 

ახლა რომ გხედავდეთ, რას გეტყოდათ?

 

– მუდმივად ამაზე მეფიქრება. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ვფიქრობ – ახლა გიო რას მეტყოდა? არ ვიცი, ვერ გეტყვით. შეიძლება შენიშვნა მოეცა ან ეთქვა, რომ სწორად მოვიქეცი. ბევრი ისეთი ნაბიჯი გადავდგი, რასაც მის სიცოცხლეში არ ვაკეთებდი, ალბათ, ერთსაც მეტყოდა და მეორესაც. ერთი ვიცი, მოწყენის უფლებას არ მომცემდა. ძალიან აქტიური ტემპით ცხოვრობდა და ამაში მეც გამწვრთნა. ზუსტად მისი რიტმით გავაგრძელეთ ცხოვრება მე და ზუკამ. გვერდით ჩვენი მეგობრები და ნათესავები დაგვიდგნენ. იყო პერიოდი, როცა მარტო საერთოდ არ მტოვებდნენ. ეს ბევრს ნიშნავს, რადგან საფიქრელად დრო აღარ გრჩება.

 

ყველგან სიკეთესა და სიყვარულს ტოვებდა, როგორ გამოსდიოდა ეს?

 

– ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა. სულ რომ არ იცნობდა, ისეთ ადამიანს გაუკეთებდა ყველაფერს. რამდენჯერ ქუჩაში შეგვხვედრია ვინმე, ვისაც გამარჯობით იცნობდა. ის თავის პრობლემის შესახებ მოუყვებოდა და ეს დაპირდებოდა, რომ აუცილებლად გაუკეთებდა ყველაფერს, დაეხმარებოდა. ხანდახან ვგიჟდებოდი, ვეუბნებოდი ხოლმე: ზოგჯერ არ გცალია, ზოგჯერ შენც გაქვს შენი პრობლემა და როგორ შეგიძლია, ასე მოქცევა-მეთქი? მეუბნებოდა: არა, მე ამას აუცილებლად დავეხმარებიო. მერე რა, თუ მხოლოდ გამარჯობით იცნობდა იმ ადამიანს. სხვათა შორის, სულ ამბობდა, გულზე რამე არ დამემართოსო, რადგან ძალიან ემოციური იყო. თუმცა, ისე მოხდა, რომ სხვა ორგანოებმა უღალატეს, მაგრამ გულმა ბოლომდე გაუძლო. ბოლოს მეუბნებოდა, შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მეც სულ ვეუბნებოდი, რა სისულელეა, არაფერი მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.

 

თქვენი ისტორია როგორ დაიწყო?

 

– სიმღერით გავიცანით ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე, მერე სიმღერ-სიმღერით ვიარეთ და დავქორწინდით. ქორწინების შემდეგაც სულ სიმღერა იყო. სირთულეეებიც გვქონდა, მაგრამ ძირითადად, ძალიან კარგი იყო. ნებისმიერ სიტუაციაში ამბობდა ხოლმე, პრობლემა არ არისო. ყველაზე რთულ პერიოდშიც ამ სიტყვებს იმეორებდა. ძალიან კარგი თვისება ჰქონდა, დაძაბულ მომენტში ხუმრობას იწყებდა და მდგომარეობას ანეიტრალებდა. თვითონ არასდროს დაგძაბავდა, პირიქით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წავიდა. მგონია, რომ ბედნიერი ქალი ხართ...

 

– ნამდვილად ასეა. ძალიან კარგი წლები გავატარეთ ერთად. გიოს ძალიან უყვარდა სიურპრიზების გაკეთება. გამორიცხული იყო დაბადების ან ქორწინების დღე დავიწყებოდა. ქალთა დღე იქნებოდა თუ სხვა დღესასწაული, ყოველთვის გვახარებდა. ახალი წლისთვის ერთი თვით ადრე ემზადებოდა, საჩუქრებს მალავდა და ვერავინ ვპოულობდით. თვითონაც ბავშვივით ახარებდა საჩუქრები და მე და ზუკაც ორი კვირით ადრე ვიწყებდით ამაზე ფიქრს. მისი წასვლის შემდეგ, საჩუქრების და სიურპრიზების ტრადიცია ზუკამ გადაიბარა. ეს გიომ ბავშვობიდანვე ჩადო მასში. ცოლი რომ მოიყვანა, მერეც სულ ურეკავდა და ეუბნებოდა, დაბადების დღეზე საჩუქრის ყიდვა არ დაგავიწყდეს, სიყვარულის დღეა და საჩუქარი უნდა გაუკეთოო და ასე შემდეგ.

 

29 წელი ვიყავით ერთად, გვიყვარდა ერთმანეთი. მეც ძალიან ბევრს ვუთმობდი და ისიც ძალიან ბევრს თმობდა. ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია ოჯახი. ძალიან დიდი რიდი გვქონდა, ხმამაღალ სიტყვას არ ვეტყოდით ერთმანეთს და იგივე დამოკიდებულება ჰქონდა შვილთანაც. კამათიც ყოფილა და ჩხუბიც, მაგრამ ყველაფრი ლამაზად გვარდებოდა.

 

წესით უკვე უნდა გახსნილიყო გიოს სახელობის ქუჩა, როდისთვის გადაიდო?

 

– პანდემიიდან გამომდინარე, ორჯერ გადაიდო. დიდი მადლობა მერიას და საკრებულოს ამ მონდომებისთვის. ხალხიც დაპატიჟებული გვყავდა, მაგრამ ეს ამბები დაიწყო და ჯერჯერობით არ ვიცით, როდის რა იქნება. გიოს სახელობის ქუჩა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირს შეაერთებს. სამედიცინო ინსტიტუტის მოპირდაპირედ. ძალიან გახარებული ვარ ამის გამო. ამ ქუჩის რამდენიმე მაცხოვრებელმაც დამირეკა, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გიო ხუციშვილის ქუჩაზე ვცხოვრობთო. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! თვითონ, ალბათ, გაგიჟდებოდა სიხარულით.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი