logo_geo
გიორგი გურგულია: მტერი ისაა, ვინც გიყვარს და მტრად გექცა
- +

2 მარტი. 2021. 03:06

 

 

სახელი: გიორგი.

 

გვარი: გურგულია.

 

პროფესია: მსახიობი.

 

– მოგონება ბავშვობიდან...

 

– საბავშვო ბაღში დაგვირიგეს შოკოლადები. წლინახევრით უფროსი და მყავს, რომელიც სხვა ჯგუფში იყო. ეს შოკოლადი მისთვის შევინახე, მთელი დღე ხელში მეჭირა და სახლში რომ მივიტანე, სულ გამდნარი იყო (იცინის).

 

– მშობლების როლი...

 

– უდიდესი როლი აქვთ ჩემს აღზრდაში, დედაჩემს – ხელოვნების თვალსაზრისით, მამა კი უფრო სპორტისკენ მეძალებოდა – მთელი ცხოვრება სპორტის სხვადასხვა სახეობაში დავყავდი, შაბათ-კვირას 15 კილომეტრს მარბენინებდა ხოლმე. საბოლოოდ დედამ გაიმარჯვა და სპორტსმენი არ გავხდი.

 

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

 

– მეოთხე კლასში გვაწერინეს თემა ამ საკითხზე და დავწერე, მინდოდა, გამოვსულიყავი მეხანძრე. როცა მკითხეს, რატომო, ვუპასუხე: ადამიანები რომ გადავარჩინო-მეთქი.

 

– ჩემი მეტსახელი...

 

– „გურგულს“ მეძახდნენ – გვარიდან გამომდინარე. რაღაც პერიოდი წყალბურთზე დავდიოდი და იქ ჩემმა ტრენერმა „ტარზანა“ დამარქვა. როცა გავიზარდე და წყალბურთს დავანებე თავი, ცოტა ძველბიჭობის პერიოდიც მქონდა. ერთი გოგო მომწონდა, რომელიც მუსიკალური ოჯახიდან იყო. ერთ დღესაც ეს გოგო და მისი ოჯახი ოპერაში წავიდნენ. მეც წავედი ჩემს მეგობართან ერთად – მისი ნახვა მინდოდა. საიდან აღმოჩნდა იქ ჩემი წყალბურთის ტრენერი ან ოპერაში რა უნდოდა, არ ვიცი, უცებ მთელს დარბაზში ღრიალი მესმის: „ტარზან“! ყველა ჩემკენ შემობრუნდა, მათ შორის ამ გოგონას მშობლებიც. ისეთ დღეში ჩავვარდი, მერჩივნა, მიწა გამხეთქოდა. იმ დღის მერე ის გოგოც აღარ მინახავს  (იცინის).

 

– ჩემი პროფესია განაპირობა...

 

– ბავშვობიდან ვხატავდი და ვწერდი. მერვე კლასიდან დავიწყე სცენარების წერა და ვფიქრობდი სარეჟისოროზე ჩამებარებინა. მაშინ ისე არ იყო, პირდაპირ სარეჟისოროზე ვერ ჩააბარებდი – ჯერ სხვა პროფესია უნდა დაგემთავრებინა და მერე შეგეძლო რეჟისურაზე სწავლა. მშობლების ინიციატივით არქიტექტურა გადავწყვიტე და დავიწყე მომზადება. ჩემი მეგობარი მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა და ერთი კვირით ჩავაკითხე დაბადების დღეზე, თუმცა რეალურად სამი თვე დავრჩი. ჩამოვრჩი არქიტექტურის პროგრამას. იმ პერიოდში კინოში უკვე მქონდა ნათამაშები და მითხრეს, რადგან რეჟისორობა გინდა, მოდი, ჯერ სამსახიობოზე ჩააბარეო. ბოლო ერთ თვეში მოვემზადე და ასე მოვხვდი თეატრალურში. მერე სარეჟისოროც დავამთავრე.

 

– პირველი წარმატება...

 

– პირველ კურსზე გადამიღეს ფილმში „სამი ამბავი ტელეფონით“ და მომენტალურად გავხდი პოპულარული, რასაც მოჰყვა წარმატებაც. პოპულარული მანამდეც ვიყავი, 10 სკოლა მქონდა გამოცვლილი და ბევრი მიცნობდა, გოგონებისგანაც არ მაკლდა ყურადღება, მაგრამ კინომ ჩემი ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.

 

– ადამიანში ვაფასებ...

 

– პატიოსნებასა და ერთგულებას, რაც სამწუხაროდ, იშვიათია. შინაგანი წესიერებაა მთავარი, შინაგანად არ უნდა გააკეთო რაიმე მიუღებელი, რა მნიშვნელობა აქვს, სხვა დაინახავს თუ ვერა. პატიოსნება სულის მდგომარეობაა და ვთვლი, არაპატიოსან ადამიანთან საქმე არ უნდა დაიჭირო.

 

– წარმატებული ადამიანი არის...

 

– ვის რა მიაჩნია წარმატებად, ეგაა მთავარი. ვიღაცისთვის ფინანსური მდგომარეობაა, ვიღაცისთვის – სახელი და ასე შემდეგ. რასაც უნდა მიაღწიო, შენ იგივე უნდა დარჩე და არაფერმა შეგცვალოს, უშუალო უნდა იყო ნებისმიერ შემთხვევაში. მეცინება, როცა რაღაც წარმატებას მიაღწევენ და მერე მედიდურად დადიან. პოპულარობა არ არის წარმატება, რადგან შეიძლება, ცუდი საქციელით ან სკანდალებით გახდე ცნობილი. ბოლო-ბოლო ლენონის მკვლელი გაიცნო მთელმა მსოფლიომ, მაგრამ ეს ხომ არ არის წარმატებასთან კავშირში.

 

– ვამაყობ...

 

– ჩემი წარსულით, ცხოვრებით, მეგობრებით, შვილებით. იმ მეგობრებით, რომლების 90 პროცენტიც დღეს ცოცხალი აღარ არის. ბედნიერი ვარ, რომ მათთან ურთიერთობა მომიწია. ვთვლი, შემთხვევით არაფერი ხდება. ჩვენს ცხოვრებაში ცუდიც და კარგიც რაღაც დონეზე კანონზომიერია. ის ადამიანები, ვინც ცხოვრებაში გვხვდებიან, ესეც ღვთის საჩუქარია. თუ არ უნდა მოხვდე იმ ადგილზე, სადაც შენი ადგილი არაა, ექვსჯერ გაგისკდება საბურავი და იქამდე ვერ მიხვალ.

 

– მეშინია...

 

– არაფრის. ადამიანს ეშინია იმის, რაც არ იცის. სიკვდილის გვეშინია, რადგან არ ვიცით, რა არის. თუ გაცნობიერებული გაქვს, მაშინ არ შეგეგშინდება. როცა იბადები, სხვა გამოსავალი აღარც გაქვს – უნდა მოკვდე, უკვდავი ადამიანი არ არსებობს. ამიტომ, შიში იმის, რაც გარდაუვალია, ცოტა არალოგიკურია. ხოლო იმის თუ გეშინია, რაც იცი, აუცილებლად მოხდება, უბედური ხარ. მქონდა კლინიკური სიკვდილი, რამდენიმეჯერ გამიღია სიკვდილის კარი, გამივლია ის გამოქვაბული და ასე შემდეგ. იქ ნამდვილად საშიშია, მით უმეტეს, როცა სიბნელის ზღვარს გადიხარ, მაგრამ ეს სულ სხვა შიშია.

 

– მწამს...

 

– ღმერთის.

 

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

 

– ღმერთი არის სიყვარული და ის, რაც სიყვარულს მოკლებულია, ღმერთის ნაწილი ვერასოდეს იქნება. ღმერთს ვერ ვხედავთ, ვიცით, რომ არსებობს. თუ მის შექმნილს სიყვარულით მიუდგები, მაშინ გამოდის, რომ თავად ღმერთიც გიყვარს. ამით შეგიძლია, დაუმტკიცო მას შენი სიყვარული. სხვანაირად არ ვიცი, რადგან არ გინახავს, არ იცი ვინაა, არ იცნობ.

 

– ცოდვა – ეს არის...

 

– ის, რაც გაწუხებს, რასაც ჩაიდენ და მერე შინაგანად დამნაშავედ გრძნობ თავს. რასაც ინანიებ, ისაა შენი ცოდვა. ადამიანმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს, რომ ცხოველს დაემსგავსოს. ცხოველურ ინსტინქტებს თუ დაძლევ, მაშინ ხდები ადამიანი, ზეადამიანად გახდომა კი ძალიან იშვიათია.

 

– ვრისკავ...

 

– საკმაოდ ხშირად. რისკიც რწმენაა. რას რისკავ? არაფერს, უფალს მიენდობი და მიდიხარ. სულელური რისკებიც არის, როცა არსად გეჩქარება, მაგრამ მანქანას მიაჭერ და წახვალ. არის ახალგაზრდული რისკებიც, რასაც ასაკთან ერთად ხვდები. გამოცდილება კარგია, ცხოვრებაში ბევრ რამეს სწავლობ, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდია – სიახლეები აღარ გაქვს.

 

– მაკვირვებს...

 

– „ნაგლობა“, უტიფრობა. რა თქმა უნდა, ზრდილობითაც შეიძლება, გამაკვირვოს ვინმემ, მით უმეტეს, როცა არ ელოდები და უცებ აღმოაჩენ მთაში, ტყეში გაზრდილი ბევრად დიდია ადამიანობით, ვიდრე ვიღაც ინტელექტუალი.

 

ვერიდები...

 

 

– ადამიანების წყენინებას, ტკივილის მიყენებას. ვცდილობ, არავის ვატკინო და მაქსიმალურად შევუნდო – ეს, ალბათ, ასაკს მოაქვს. ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ახალგაზრდობაში ასე არ ვფიქრობთ. მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, დავკარგე ადამიანები, რომლებსაც არ გავუფრთხილდი და მერე იმის დროც აღარ მომეცა, რომ მოვფერებოდი. თუ ვხვდებით, რომ ჩვენი ცხოვრება შეზღუდულია, კარგი რამეები უნდა გავუკეთოთ ერთმანეთს და თავი ავარიდოთ უთანხმოებებს.

 

– სიყვარული...

 

– ღმერთია. თუ რამე სიყვარული არსებობს, იქ ყველგან ღმერთი მონაწილეობს. ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანებს გვაქვს თავისუფლება, რომ გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა. შეიძლება, იმ სტანდარტებს არ შეესაბამებოდეს, როგორც გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ სწორედ ისაა სიყვარული, რასაც გული გკარნახობს და არა ტვინი. როცა ადამიანს პირველად ხედავ, გული რასაც გეუბნება, იმას ტვინის ხვეულები ცოტა სხვანაირად აღიქვამს და შეიძლება, შეცდომაშიც კი შეგიყვანოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გულამდე მიდიხარ. გული გონებაზე მეტია. მე თუ მკითხავთ, სული ადამიანს გულში აქვს. ტვინით ყველა ორგანო იმართება, გარდა გულისა. როცა გული ტვინს აკონტროლებს, სიყვარულით ისე ივსება, რომ ანათებს ადამიანი. თუ ტვინმა გული დაჩაგრა ეს ძალიან ცუდი ამბავია.

 

– დრო და სიყვარული...

 

– სამწუხაროდ, დროსთან ერთად სიყვარული ცვდება. სიყვარული არის აღფრთოვანება, როცა გიყვარს, ცოტა გიჟი ხარ. ლიმიტი აქვს ყველაფერს, როგორც ცხოვრებას, ასევე გრძნობებსაც. ამიტომ არის ძალიან გასაფრხილებელი. სიყვარულს აქვს სამი კომპონენტი: გონებრივი სიახლოვე ბადებს პატივისცემას, სულიერი – მეგობრობას, ფიზიკური – ლტოლვას, რაშიც ქიმიაც შედის და ამ სამი კომპონენტის არსებობა აუცილებელია. თითოუელი მათგანი ცალ-ცალკე სულ სხვა რამეა, ერთად კი – სიყვარული. რომელიმე თუ დააკლდა ორ ადამიანს, მაშინ სრულფასოვანი გრძნობა ვერ იქნება. ცხოვრებაში ყველაფერს გასდის ვადა, მაგრამ ნაკლოვან ურთიერთობას – უფრო სწრაფად.

 

– იდეალური ქალი არის...

 

– ყველა ადამიანს აქვს თავისი იდეალი და მერე მის მსგავსს ეძებს ხოლმე. ქალი ამოუცნობი ვინმეა.

 

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

 

– ღალატი. რეალურად ადამიანს ყველაფერს ვპატიობ, მაგრამ შინაგანად რაღაც მემსხვრევა, როცა ვიგებ, მეგობარს შეუძლია, ზურგში დანა ჩამარტყას. როცა ადამიანი გიყვარს, მაშინაა მისი ღალატი მტკივნეული, თორემ თუ არ გადარდებს, არც დაინტერესდები ამ საკითხით.

 

– შემშურებია...

 

– უფრო მომნდომებია, რომ მეც მსგავსი რამ მქონოდა. შური, შიში და ეჭვი ადამიანს ანგრევს, სამივე ბოროტების საწყისია. ეჭვი არ უნდა შემოუშვა, შიში არ უნდა გაიკარო, შურზე ლაპარაკიც არ მაქვს – პატარა ადამიანებს ახასიათებთ.

 

– სამაგიეროს გადახდა...

 

– სიამოვნებას განიჭებს. რეალურად რა არის სამაგიერო – იმ ადამიანს ასწავლი ჭკუას, ვინც ცუდად მოგექცა. ამით შეიძლება, შენ ცოდვაც კი დაიდო, მაგრამ გამოდის, რომ ის ადამიანი გიღირს ამად. მტერი ისაა, ვინც გიყვარს და მტრად გექცა.

 

– ვნანობ...

 

– იმას, რომ ადამიანებს ვერ მოვეფერე, ვერ ვუთხარი სათქმელი. მეგონა, ეს ცხოვრება უსასრულო იყო და სულ ერთად ვიქნებოდით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და დღეს გვერდით აღარ მყვანან ის ადამიანები, ვისაც უფრო მეტად უნდა გავფრთხილებოდი. ასე მგონია, დედამიწაზე თუ ირჩევ ადამიანს, იმ ქვეყნადაც ის იქნება შენი არჩევანი. მეგობრობა ხომ სულიერი კავშირია, მაშინ გამოდის, ოდესმე იმ განზომილებაშიც ერთად უნდა მოვხვდეთ.

 

– თავისუფლება არის...

 

– როცა შენი თავის უფალი ხარ. არ უნდა გყავდეს მბრძანებელი, მხოლოდ უფალი უნდა იყოს ის, ვისაც ემსახურები. თავისუფლება არის, როცა არავიზე მიჯაჭვული არ ხარ და საკუთარი თავი შენ გეკუთვნის.

 

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

 

– მესროლეს და მაშინ მოხდა ჩემში სერიოზული ცვლილება. ჩემი ქუჩიდან წამოსვლაც სულიერ ცვლილებას უკავშირდება, რაშიც დიდი წვლილი ერთ კაცს მიუძღვის. ერთხელ კონფლიქტი მომივიდა და მეგობარმა წამიყვანა ადამიანთან, რომელიც 45 წელი იჯდა ციხეში, ჰქონდა ავტორიტეტი და ძლიერი პიროვნება იყო. როცა ვნახე ეს კაცი, ყველაზე მეტად მისმა ზრდილობამ მიიქცია ყურადღება და მაშინ მივხვდი, ზრდილობიანი კაცი უზრდელთან ყოველთვის მართალია. ამ ადამიანმა თავისი საუბრით მიმახვედრა, რომ ქუჩა არ იყო ჩემი საქმე. პატარა იყო, რომ დააპატიმრეს, მხოლოდ დედა ჰყავდა და მის დაკრძალვაზეც კი ვერ მოახერხა მისვლა. მითხრა, რომ ამ გზაზე ბევრი ღალატი, ბევრი უბედურება და ტყვიები მექნებოდა. წინასწარმეტყველებასავით ამიხდა მისი სიტყვები. მან მაჩვენა გზა, როგორ უნდა დამეხსნა თავი. ეს ჩემს ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილება იყო – დღეს ცოცხალი ვარ, ქუჩაში კი ამდენი ხანი ვერ ვიცოცხლებდი, ტყვიას შევეწირებოდი. ამ კაცმა ნახევარსაათიანი საუბრით შეცვალა ჩემი ცხოვრება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი