logo_geo
„გრიბოედოვს რომ დასცლოდა, ქართველებს გაარუსებდა, ოღონდ ამას კულტურული სარჩული ექნებოდა“
- +

4 მარტი. 2021. 02:58

 

 

საქართველოში როგორც კი პოლიტიკური პროცესების დუღილი მაღალ ტემპერატურას აღწევს, რუსული პროპაგანდა მაშინვე აქტიურდება და სოციალური ქსელები პრორუსული პოსტებით ჭრელდება, რომ ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი ისტორიული მეგობარია, სხვა გამოსავალი არ არის, უნდა დაუყვავო, მოეფერო, არსებობს ორი რუსეთი, ერთი – პუტინის, მეორე – დიდი რუსი ხალხის და ა.შ.

 

ერთ-ერთი ასეთი მითი მე-19 საუკუნის რუს მოღვაწეს, მწერალ ალექსანდრ გრიბოედოვს უკავშირდება, რომ მას საქართველოს აყვავება სურდა, უდიდესი ეკონომიკური პროექტი შეადგინა, მაგრამ მისი განხორციელება არ დასცალდა, რადგან ირანელებმა მოკლეს.

 

ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ნონა კუპრეიშვილი, ყოველგვარი ზღაპრული სარჩულის გარეშე საუბრობს გრიბოედოვზე, რომელიც ქართველი ერის საკრალურ ადგილზე, მთაწმინდის პანთეონში, დღემდე განისვენებს.

 

ნონა კუპრეიშვილი:

 

– თავის დროზე მწერალმა ოთარ ჭილაძემ დასვა კითხვა, გვინდა თუ არა ქართველებს, შევცვალოთ ჩვენი კონცეფცია რუსეთისადმი დამოკიდებულებაშიო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რუსეთის მისამართით რადიკალური აზრები ვაფრქვიოთ. უბრალოდ, გააზრებული პოზიცია უნდა დავიჭიროთ. იმ ქართველზე სასაცილო არავინაა, ვინც დღეს დადგება და რომელიმე რუსი მოღვაწის ლანძღვა-გინებას დაიწყებს. ეს არამარტო სასაცილოა, სიბრიყვის გამოვლინებაცაა და ძალიან სავალალოა, თუმცა ამ ურთიერთობების იმ მითების დონეზე დატოვება, რაც საბჭოთა პერიოდში იქმნებოდა, არ შეიძლება.

 

ალექსანდრ გრიბოედოვი თავისი დროის გამორჩეული მოღვაწე და საინტერესო ადამიანი გახლდათ. ის რუსული არისტოკრატიის ლიბერალურ ფრთას ეკუთვნოდა, ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც 1825 წელს რუსეთში დეკაბრისტული აჯანყება მოაწყვეს.

 

– დეკაბრისტების შესახებაც ბევრი მითი არსებობს და იქნებ ამ თემასაც შევეხოთ.

 

– დეკაბრისტები პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ. მათ არ უნდოდათ, რუსეთი ჩამორჩენილი, ფეოდალური ქვეყანა ყოფილიყო, ახალი ფორმაციის დამყარება სურდათ. უნდოდათ, წარმოება განვითარებულიყო, ქვეყანა წინ წასულიყო და ა.შ. ჩვენ არც მაშინ გვეუბნებოდნენ და ახლა სულ აღარავის აინტერესებს, მათ კავკასიის მიმართ რა პოზიცია ჰქონდათ. არადა ამ ახალგაზრდა ოფიცრებს ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ კოლონიების მიმართ, როგორიც მეფის ხელისუფლებას.

 

ამ მაგალითითაც იმსხვრევა წარმოდგენა “ორი რუსეთის” არსებობის შესახებ. სამწუხაროდ, “ორი რუსეთი” არასოდეს ყოფილა. გრიბოედოვი თვლიდა, რომ, რაც დეკაბრისტებმა ვერ შეძლეს, მის რეალიზებას კავკასიაში თავად შეძლებდა. დეკაბრისტებს რომ უთანაგრძნობდა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს მეგობარი იყო. ასეთი აზროვნება ბავშვობაა.

 

– მას ჰქონდა თბილისის კეთილმოწყობის გეგმა. საუბრობენ, რომ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება ჰქონდა გამიზნული.

 

– მან დაწერა მცირე ეკონომიკური პროექტი, მაგრამ ეს იყო იმისთვის გამიზნული, რომ მის ქვეყანას კოლონიური რეჟიმი გაცილებით მაღალ დონეზე ჰქონოდა გამართული და რუსეთი არ ყოფილიყო იმ როლში, რაზეც შემდგომში მიხეილ ჯავახიშვილი წერდა, რომ რუსეთი ურმით დადის, ჩვენთვის კისერზე თოკი აქვს მობმული, მიგვათრევს და თან გვეჩხუბება, რა ნელა მოდიხართო.

 

გრიბოედოვი თავისი ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე შვილი, პატრიოტი იყო და სწორედ ამ სისტემის შეცვლა სურდა, თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა. შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ მოსწონდა, მაგრამ ის ზღაპრები, რომ გრიბოედოვი მოვიდა თუ არა, მაშინვე თქვა, მსგავსი ქვეყანა არ მინახავს და მე აქედან არსად წავალო, სისულელეა!

 

– რა გეგმის შესრულება ჰქონდა გამიზნული რეალურად?

 

– მას რომ დასცლოდა, ის მიიღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართველების გარუსებაში, ოღონდ ამას კულტურული სარჩული ექნებოდა. მას იმ ეკონომიკური პროექტის გამო თანამემამულეები საყვედურობდნენ, თქვენ გინდათ, რუსი გლეხები საქართველოში ჩაასახლოთ და მონებად აქციოთო. ისმის კითხვა – თუ რუს გლეხებს ჩამოასახლებდნენ, ქართველები სად უნდა წასულიყვნენ?! იქნებ, როგორც ურჩი ტომები, საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გადასახლებულიყვნენ?!

 

– რას ითვალისწინებდა კონკრეტულად გრიბოედოვის ეკონომიკური პროექტი?

 

– რუსეთს საქართველოში ბევრი ინტერესი ჰქონდა. დაინტერესებული იყო სუბტროპიკული ნაწარმით, ვენახით, აბრეშუმით, ბამბეულით, საღებავი მცენარეებით, რაც მაშინ ძალიან ფასობდა, სამკურნალო მცენარეებით, თამბაქოთი, შაქრის ლერწმით და ა. შ.

 

დასავლეთ ევროპასა და ირანს შორის როცა საქართველოს გავლით ტრანზიტი გაიხსნა, 10 წლის შემდეგ რუსეთმა ეს ტრანზიტი აკრძალა. ისინი მიხვდნენ, რომ საქართველო ამ ტრანზიტიდან სარგებელს ნახულობდა, ქართული მრეწველობა და ვაჭრობა ვითარდებოდა, რუსეთის ინტერესებში კი საქართველოს გაძლიერება არ შედიოდა. მათი მიზანი საქართველოში საკუთარი ბაზრების შექმნა იყო. საქართველოს მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარება რუსებს, და მათ შორის გრიბოედოვს, არც უფიქრიათ.

 

საქართველოში დაიბეჭდა დოკუმენტური პროზა, სადაც ავტორი წერს, გრიბოედოვი იჯდა ერეკლე მეორის ოთახში, მას თვალწინ წარმოუდგა, რამდენი რამ დაატეხა რუსეთის მეფის მმართველობამ ამ ღირსეულ კაცს და შერცხვაო. მე ასეთი აზროვნება მიმაჩნია სამარცხვინოდ. გრიბოედოვს ამისი არ შერცხვებოდა, რადგან საქართველოს მიმართ მასაც იმპერიალისტური ზრახვები ჰქონდა. ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვისაც სურდა, კავკასიელი ხალხებისგან ერთი დიდი ფაფა გაეკეთებინა, ყველა ტომი ერთმანეთში ხელოვნურად აეზილა.

 

– ირანში გრიბოედოვის მკვლელობის შემდეგ რუსეთის იმპერატორს ეკონომიკური გეგმა გრიბოედოვის სიმამრმა, ქართველმა პოეტმა, ალექსანდრე ჭავჭავაძემაც, წარუდგინა. ეს რა გეგმა იყო?

 

– ის ეკონომიკური მიმოხილვა უფრო იყო, ვიდრე პროექტი. თუკი გრიბოედოვის პროექტის მიხედვით, აქ რუსი გლეხები უნდა ჩამოესახლებინათ, ჭავჭავაძემ რუსეთის იმპერატორს ისღა შეჰბედა, იქნებ ჰავის გამო რუსმა გლეხებმა საქართველოში ვერ გაძლონო. შეიძლება იმ დროს ამის თქმაც თამამი ნაბიჯი იყო და აქედან მისი პროქართული ორიენტაცია ჩანს. შეიძლება ის გულის სიღრმეში მაინც რჩებოდა თავისი ქვეყნის პატრიოტად, მაგრამ საქმეებიით იმპერიალისტურ მანქანას ემსახურებოდა.

 

მოგეხსენებათ, რომ იგი ერთი პერიოდი ერევნის ოლქის სამხედრო გუბერნატორიც გახლდათ. იმპერიის ორგულ მსახურებს კი ასეთ თანამდებობას არ უბოძებდნენ.

 

– იმ ისტორიულ ფაქტს სად გავექცევით, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე 1832 წლის ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულებაში მონაწილეობდა, რომელიც რუსული მმართველობის დამხობას ისახავდა მიზნად. ცნობილია, რომ მას გამარჯვების შემთხვევაში სამხედრო მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა.

 

– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს. 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა დაპატიმრებისას ალექსანდრე ჭავჭავაძეც დააკავეს, ერთი წლის შემდეგ კი პეტერბურგში დაიბარეს, გადასცეს საკმაოდ დიდი თანხა – 300 ათასი რუბლი და საქართველოში დააბრუნეს. ჩემი კითხვა ასეთია: რუსეთის იმპერიამ რა დამსახურებისთვის უბოძა ალექსანდრე ჭავჭავაძეს ამხელა თანხა?!

 

ასეთ წინაპარს ცუდი არაფერი უნდა ჰკადრო, მაგრამ კითხვის დასმის უფლება ყველას აქვს. თანხა, რომელიც მას 1832 წლის შეთქმულებიდან ერთი წლის შემდეგ გადაუხადეს, მოსვენებას არ მაძლევს.

 

– ალექსანდრ გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულზე ლეგენდა დღემდე ხელშეუხებელია, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ გრიბოედოვის მხრიდან ეს ქორწინება შეიძლება გარკვეული ანგარიშით ყოფილიყო ნაკარნახევი. თქვენ რას ფიქრობთ?

 

– გრიბოედოვი მოწიფული მამაკაცი იყო, როცა 16 წლის ნინო შეირთო ცოლად. არ მაქვს სურვილი, გრიბოედოვისა და ნინოს გრძნობებს შევეხო. მათ პირად განცდებში ხელის ფათური საშურ საქმედ არ მიმაჩნია. შეიძლება გრიბოედოვი მართლაც დამდგარიყო კარგი ოჯახის მამა. ის ერთგან წერს, მე ბევრი უნდა ვიშრომო ჯერ არდაბადებული შვილებისთვისო. გარსევან ჭავჭავაძის ვაჟთან, ალექსანდრესთან, დაახლოება გონივრული ნაბიჯი იყო.

 

– რას გვეტყვით გრიბოედოვის მკვლელობაზე, მისი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდზე?

 

– გრიბოედოვი ლიტერატურისთვის იყო დაბადებული. ის უნივერსალური განათლების ადამიანი გახლდათ. იყო პოეტი, მუსიკოსი, დრამატურგი. მისი ბრწყინვალე კალამი კი მთავრობის წინაშე მოხსენებებისა და ანგარიშის წერაში იხარჯებოდა. ის, როგორც თეირანში რუსეთის ელჩი, სპარსეთს – რუსეთთან ომში დამარცხებულ ქვეყანას – კონტრიბუციას ისეთი სიმკაცრით სთხოვდა, რომ შაჰმა ჰარამხანიდან შანდლებიც კი გამოიტანა, გადაადნო და რუსებს ფული ისე გადაუხადა.

 

საგულისხმოა, რომ გრიბოედოვის ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ ეს კონტრიბუცია შემცირდა. თეირანში რუსული საელჩო პირისაგან მიწისა აღგავეს. გრიბოედოვის ცხედარი ისე იყო დასახიჩრებული, მხოლოდ თითით იცნეს, რომელიც დუელის დროს ჰქონდა დაზიანებული.

 

ჩვენ დღემდე ვამბობთ, რომ გრიბოედოვი საქართველოს მეგობარი იყო და აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა. ეს ისეთივე სისულელეა, როგორიც გრიბოედოვის ლანძღვა-გინება. გრიბოედოვის საფლავს ან ძეგლებს კი არ უნდა დავავლოთ ხელი, ცნობიერებაში უნდა მოხდეს გარდატეხა. გრიბოედოვი თავისი ქვეყნის პატრიოტი, ერთგული მსახური გახლდათ და ამაში არც გასაკვირია რამე და არც – გაუგებარი.

 

 ირინე მჭედლიძე

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი