logo_geo
აჩიკო სოლოღაშვილი: რისი ატანაც ქალს შეუძლია, მამაკაცი იმას ვერ გაუძლებს
- +

17 მარტი. 2021. 12:47

 

 

 

მსახიობი და ტელეწამყვაბნი აჩიკო სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ალექსანდრე სოლოღაშვილი პირველ მარტს დაიბადა.

 

ნუცა: პირველი მარტი ცოტა გამიხანგრძლივდა. ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ, რომ მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ უფრო კეთილი და ყურადღებიანი გავხდი. ეს მხოლოდ სანის მიმართ არ გამოიხატება. ზოგადად, მგონია, რომ ჩემში ჰუმანურობამ იმატა.

 

აჩიკო: ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია. ჩვენი ცხოვრება რადიკალურად ამოტრიალდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. ვხვდები, რომ ყველაფერი წინაა, ჯერ საუბარიც ძალიან მიჭირს და კიდევ ახალი შეგრძნებების მოლოდინში ვარ. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ, საბედნიეროდ, სანიმ დიდხანს არ გაწელა ჩვენი ნერვიულობა, მშვიდად დაიბადა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ჩემს ბიოგრაფიაში პირველი მარტი დიდი ასოებით ჩაიწერა.

 

– როგორი ბიჭია სანი, ვის ჰგავს?

 

ნუცა: მგონია, რომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია. სამშობიაროშიც ამას მეუბნებოდნენ და მეც ვხედავ, რომ კარგად სძინავს და იკვებება. ამ ეტაპზე სხვა არაფერი ევალება. ორ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს არაჩვეულებრივად ართმევს თავს (იცინის).

 

აჩიკო: ჯერ სულ რამდენიმე დღისაა, მე უფრო ნუცას ვამსგავსებ. რამდენიმემ მითხა, შენ გგავსო, მაგრამ არა მგონია. საერთოდ, ხომ ამბობენ, ბიჭები დედას ჰგვანანო და დაე, დედას ჰგავდეს.

 

– დედამ ეთერში თქვა, მადით მე მგავსო.

 

– უმადობას არც მე ვუჩივი და ეგ, მგონი, გენეტიკურია. ჩვენს ოჯახში ძაღლიც კი კარგი მჭამელია (იცინის). პირველივე წამებიდან შეინიშნება, რომ სანისაც ძალიან უყვარს ჭამა, თუმცა, მშობლებისგან განსხვავებით, მას ეს ლოყებზეც ეტყობა (იცინის).

 

– როგორი იყო პირველი ემოციები, როცა გაიგეთ, რომ რვა წლის თავზე პატარა გეყოლებოდათ?

 

ნუცა: ძალიან გამიჭირდება ამ ემოციის გადმოცემა. ზეაღმატებული გრძნობა იყო. ძალიან მოულოდნელი და ემოციური დღე გამოვიდა. მერე ვცდილობდი, მაქსიმალურად მშვიდად ვყოფილიყავი, ვიცოდი, რომ ბავშვისთვისაც ასე სჯობდა. არ ვფორიაქობდი, პირველ ეტაპზე მინდოდა, ემოციები არ შემემჩნია, მაგრამ დიდხანს ვერ შევძელი მათი შეკავება. მომინდა, რასაც ვგრძნობდი, გარეთაც გამომეშვა.

 

– ნუცა, სამსახურის გარეშე რთული არ იყო?

 

– 14 წლიდან მოყოლებული, 16 წლის განმავლობაში ამ რეჟიმში ვცხოვრობ. ფეხმძიმობის პირველი ოთხი თვე ძალიან აქტიური ვიყავი, მაშინ, როცა ველოდი, რომ შეიძლებოდა, ტოქსიკოზი მქონოდა. მაგრამ ოქტომბრის ბოლოდან, როცა პანდემიის პიკი დაიწყო, სახლში გადმოვინაცვლე. არ ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებულად რთული იყო – ვიცოდი, ამას სანისთვის ვაკეთებდი და ამიტომ. გამიჭირდა იმდენად, რამდენადაც ჩემი სამსახური მენატრებოდა, მაყურებელი და ის ყველაფერი, რაც ტელევიზიას ახლავს, მაგრამ არ განვიცდიდი, რადგან მნიშვნელოვანი მიზეზი მქონდა. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე და დიდი მადლობა ჩემს სამსახურს, რომ აბსოლუტურად ყველაფერში შემიწყო ხელი.

 

– მაყურებლებში გაჩნდა კითხვა – სად წავიდა ნუცა? მერე გაჩნდა ეჭვები ფეხმძიმობის შესახებ და მალე გაგვიზიარეთ კიდეც ახალი ამბავი. საოცრად დადებითი მუხტი მოჰყვა ამ ინფორმაციას...

 

– როცა ჩემი გაქრობის რეალური მიზეზი გავაჟღერე, გულწრფელად ვამბობ, შოკი მქონდა იმ ემოციებისა და სიყვარულისგან, რომელიც მაყურებლისგან მივიღე. ყოველთვის დიდ სითბოს ვგრძნობდი მათგან, მაგრამ ის, რაც 17 დეკემბრის შემდეგ გამოხატეს, ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო.

 

– მთავარი შეხვედრის წინ, როგორი იყო ემოციური მდგომარეობა?

 

– სამშობიაროში რომ მივედი, მივხვდი, რომ ყველაფერი მზად იყო, რომ ჩემს შვილს რამდენიმე საათში შევხვდებოდი – ამის გაცნობიერება ძალიან ემოციური იყო. თან, მეშინოდა და ვნერვიულობდი, თან მიხაროდა. წინა ღამით გავაცნობიერე, ჩემი შიშის მიზეზი – ბოლომდე ვერ ვიჯერებდი ამ ამბავს და ვერ ვხვდებოდი, რა იქნებოდა შემდეგ. ნუ მომთხოვთ იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემას, რომელიც მაშინ დამეუფლა, როცა ჩემი შვილი პირველად დავინახე. ამას ნამდვილად ვერ შევძლებ.

 

– მშობიარობას აჩიკოც დაესწრო. ეს ვისი სურვილი იყო?

 

– როგორც კი ჩემი ორსულობის შესახებ გავიგეთ, იმწამსვე ვიცოდით, რომ აჩიკო მშობიარობის დროს ჩემ გვერდით იქნებოდა. რომ არ მოვიტყუო, არ მახსოვს, ვისგან წამოვიდა ინიციატივა, მგონი, ეს აზრი ერთობლივად გაგვიჩნდა. უნდა ვაღიარო, რომ მთელი ცხრა თვის განმავლობაში მაძლიერებდა ფიქრი, რომ მთავარ მომენტში აჩიკო ჩემ გვერდით იქნებოდა.

 

– ბევრ ქალს აქვს ამის სურვილი, მაგრამ ბევრი მამაკაცი გაურბის ამ ნაბიჯის გადადგმას. რაში ეხმარება ეს ქალს?

 

– ცხრა თვის განმავლობაში მეუღლე გვერდით მყავდა, ყოველ წამს ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. მაგრამ მამაკაცმა რაც უნდა გააკეთოს, ფეხმძიმე ქალის განცდებს სრულად ვერ გაიზიარებს. იმას, რომ გინდა მთავარ მომენტში მეუღლე შენ გვერდით იყოს, ორი მიზეზი აქვს: ერთი – ეგოისტური, რომ მარტო არ იყო, მაგრამ მთავარი მეორეა – მე ვიცოდი, რომ იმ ემოციებს, რაც შვილის დაბადებას ახლავს, აჩიკოს სიტყვებით ვერ გადავცემდი. ამიტომ მინდოდა, რომ ეს ერთად განგვეცადა და ორივეს დაგვმახსოვრებოდა.

 

აჩიკო: გარდა ამისა, ნუცას ასეთ სიტუაციაში მარტო არ დავტოვებდი. მესმის, რომ რთულია, თუმცა ჯობს, მამაკაცმა შენი წილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ერთადერთი, რაც ამ დროს საყვარელი ადამიანისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, გვერდით დგომით მათი ტკივილის და ნერვიულობის გაზიარებაა. თუმცა, ბუნებრივია, რისი ატანაც ქალს შეუძლია, მამაკაცი იმას ვერ გაუძლებს.

 

– ხშირად ექიმებისთვის მამებიც მოსაბრუნებლები არიან ხოლმე...

 

– სხვათა შორის, ხშირად მეკითხებოდნენ, ცუდად ხომ არ გახდებიო? საბედნიეროდ, ასე არ მომხდარა, ბოლომდე ამაყად და ძალიან მხნედ ვიყავი. სანი გულზეც დამაწვინეს და ჩავიხუტე კიდეც. თუმცა ძალიან დაძაბული ვიყავი. ბევრი რამ არც მახსოვს, მაგრამ არასდროს დამავიწყდება კადრი – როგორ ამოიყვანეს პატარა სანი.

 

– ფეხმძიმობის დროს ქალები ხშირად წუწუნებენ ხოლმე წონაზე...

 

ნუცა: დაახლოებით, შვიდ-ნახევარი თვე ვნერვიულობდი წონაზე, მაგრამ მატების გამო არა. პირიქით, რატომ არ ვიმატებ-მეთქი? (იცინის). ალბათ, გენეტიკის დამსახურებაა და ცოტა მეც მივეხმარე, საერთოდ არ მეტყობოდა ფეხმძიმობა. რვა თვის ორსული რომ ვიტყოდი, ორსულად ვარ-მეთქი, გაკვირვებულები მიყურებდნენ. ბოლო თვეში მოვიმატე ნორმის ფარგლებში – 15 კილოგრამი, მაგრამ ალბათ, სიმაღლემ მიშველა, რადგან ეს კილოგრამებიც არ მეტყობოდა ძალიან. რაც შეეხება განცდებს, არცერთი წამი არ მიწუწუნია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი