logo_geo
გურამ დოჩანაშვილი: იცით, რისი იმედი მაქვს? ღმერთის გულმოწყალების
- +

29 მარტი. 2021. 17:38

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან საინტერესოა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც „ქართული აზრი“ სრულად გთავაზობთ.

 

 

- ერთხელ ინტერვიუში თქვით, რომ მკითხველობა არის სერიოზული შრომა, რაღაც კუთხით ეს პროფესიაც არის, რადგან გვიწევს წიგნში შესვლა მთლიანად, რაც ადვილი ამბავი არ არის. თქვენ რას ფიქრობთ, გაგიმართლათ მკითხველში?

 

- ჩვენს დროს სულიერების მომცემი იყო წიგნი, ახლა ნაკლებად არის და ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა გვყავს, იმის გათვალისწინებით, რომ მოწამლულნი არიან ტელევიზორის ყურებით.

 

- მკითხველისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ამოუხსნელ კითხვად დარჩა -  „6 რამ გვაქვს ქართველ ხალხს კარგიო, ქართული სიმღერები, ქართული პოეზია და სამი წერტილი“.

 

- იუმორის გრძნობა გვაქვს ჩვენ, რაც საოცრად გვშველის. მანდ დიდ როლს თამაშობს დიალექტები. ამათ ჰგონიათ, რომ უცხო სიტყვას თუ იტყვიან, განათლებულები იქნებიან, ამ დროს კი არც ესმით. მაგალითად მომყავს ხოლმე:

 

„ორი გლეხი მუშაობს და კარგმა ბავშვმა რომ ჩამოიაროს, ერთი გლეხი არ ეტყვის მეორეს, რომ შეხედე, კოლეგავ, რა კარგი ყმა არის მუნ მიმავალი, იტყვის, რა კარგი ბავშვია, ბოშოო“.

 

 

- ხელით წერთ?

 

- დიახ კალმისტრით, ვერ წარმომიდგენია კომპიუტერით წერა. ხელით წერა რაღაც სხეულის ნაწილივით არის.

 

 

- მნიშვნელოვანია გარემო წერის პროცესში?

 

- დიახ, ადგილს შეჩვევა უნდა. იცით, რა ძნელია მაგიდასთან მისვლა, შიშის მომენტია. მკითხველი უფრო ვარ, ვიდრე მწერალი. მწერალი უნდა იყოს თავისი თავის მკითხველი, რადგან მკითხველი არანაკლებ შემოქმედია. სიკეთე ადამიანში ისე უნდა იყოს, რომ ეს არ გახდეს თავმოწონების საგანი. ადამიანი უნდა გახდეს მისი ნაწარმოების შემდეგ უკეთესი, ვიდრე იყო.

 

- აქილევსს უფრო გულშემატკივრობდით თუ ჰექტორს?

 

- რა თქმა უნდა, ჰექტორს, აქილევსზე მიწერია ერთგან, ქუსლში რომ არ მოერტყათ, ისე არაფერი დაუზიანდებოდა და რა ვაჟკაცობა ეგ არის, რომ იცოდე, მეთერთმეტე სართულიდან გადმოხტები და არაფერი მოგივა.

 

- რატომ მიდის მკითხველის თანაგრძნობა დამარცხებულის მხარეს?

 

- მე ხშირად მიფიქრია მაგაზე. ჩემი რომანი რომ გამოვიდა, ცოტა დაუჯერებელი ეგონათ. წესრიგი იყო, ერთ ადამიანს ორის წინაშე რომ შეურაცხყოფა ეთქვა, იმაზე 6 თვით იჭერდნენ. მეკითხებიან, რომ გიწერიათ გამარჯვებაზე „ღმერთმა დაგვიფაროსო“, რატომ დაწერეთ ასეო. ხშირად ხდებიან გამარჯვებულები იმ დამარცხებულებზე უარესები. ხანდახან გამარჯვება აფუჭებს ხალხს.

 

- თქვენ თანაუგრძნობთ თქვენს ყველა პერსონაჟს?

 

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი არის „თავფარავნელი ჭაბუკი“. ჩემი საყრდენი იქ არის, როგორც ყველაფერში. შესისხლხორცებული მაქვს, ჩემი სიცოცხლეა.

 

- რომ გიწერიათ „დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით“ - ყოველთვის ერთნაირად ვცნობთ ამ თავს?

 

- ეს ცხოვრება ყველამ უნდა ჩათვალოს, როგორც ბოლო დღე და არა ისე, რომ გადააგოროს.

 

- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?

 

- არ მინდა, შორს წავიდე, აი, დღეს ძალიან უცნაური განწყობაა ერთმანეთის მიმართ, რომ ვერ იტანენ ერთმანეთს... ამ ყოველდღიურობას ამოვაკლებდი.

 

- დარჩა თქვენში ბავშვობა იმ დოზით, რომ თავს ეს შეატყოთ?

 

- ის ბედნიერება ნამდვილად დამრჩა, რომ გაცილებით გვიყვარდა ერთმანეთი, ვიდრე დღეს. ვუყურებ, ირგვლივ რაც ხდება, მითუმეტეს ამ უკიდურესი გაჭირვების დროს. 1939 წელს ვარ დაბადებული, ომი იყო, გვიჭირდა,  მაგრამ იცით, როგორ გვიყვარდა ხალხს ერთმანეთი?

 

- ბავშვობაში თუ ყოფილა ისეთი ამბები, რომელიც მაშინ სასწაულად გეჩვენებოდათ?

 

- არ ვიცი, ბავშვობის ფასი რა არის. ერთ მწერალს უწერია - „გაცილებით დიდი დროა დაბადებიდან 5 წლამდე,  ვიდრე 5 წლიდან 20-ამდე“. ყველა წვიმა და თოვლი, გალაკტიონისთვის, ვაჟა-ფშაველასთვის და ფიროსმანისთვის იყო როგორც პირველი, ბავშვის აღქმით.

 

- რას ისურვებდით, რომ ღმერთს თქვენთვის ეთქვა, როცა მას შეხვდებით?

 

- არ ვიცი, მე ისეთი დამნაშავე ვარ და იმდენი ცუდი რამე მახსენდება, ვერ ვბედავ, მაგრამ იცით, რისი იმედი მაქვს? მისი გულმოწყალების.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი