logo_geo
მიშა ანდღულაძე: მე პირადად მაქვს სექსუალური ძალადობის გამოცდილება
- +

14 აპრილი. 2021. 14:24

 

ახლახან გამოვიდა მიშა ანდღულაძის წიგნი, სახელწოდებით „ნადგომი წყალი“. მისი შეძენა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი. ეს არის წიგნი, რომელიც იუმორისტს სრულიად სხვა კუთხით გაგაცნობთ და იმ პრობლემების შესახებ მოგიყვებათ, რასაც ძალიან მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

 

მიშა ანდღულაძე: ამ წიგნში, სოციალურ-პოლიტიკური თემების გარდა, დიდი დოზით არის რელიგიური საკითხები. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა რელიგია, როგორც ფილოსოფიური მოძღვრება, თავისი შინაარსით. მივხვდი, რომ დღევანდელ რელიგიას და ეკლესიას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამის გაცნობიერების შემდეგ გადავწყვიტე, წიგნის დაწერა მეცადა. ჩემდა გასაკვირად, გამოვიდა. ჯერჯერობით მოწონება არის და არ მოწონებასაც ველი. მინდა, მადლობა ვუთხრა ალეკო შუღლაძეს, ლია თოფურიასა და ზვიად კვარაცხელიას. წიგნების გოგონას „რუსთავი 2“-იდან, ვინც ზვიად კვარაცხელიასთან დამაკავშირა.

 

– როგორია მიშას დამოკიდებულება რელიგიასთან?

 

– რელიგია, იმის გარდა, რომ კარგია აზროვნებისთვის, როგორც გონების შემოქმედების საგანი, საინტერესოა, ასევე, როგორც ენერგია. იმას, რასაც გონების შემოქმედებას ვეძახით, ზოგი ღმერთს არქმევს, ზოგი მეტაფიზიკურ ჭრილში განიხილავს, ზოგი თავშესაფრად მიიჩნევს, ზოგი ნარკოტიკს ეძახის. ჩემთვის რელიგია ისეთივე საინტერესო სივრცეა, როგორც ლიტერატურა და ხელოვნება.

 

– უფრო ფილოსოფიურ ჭრიალშია საინტერესო, ვიდრე რწმენის?

 

– ჩემთვის რელიგიას არანაირი კავშირი არ აქვს რწმენასთან. რწმენა მაშინ სჭირდება ადამიანს, როცა არ აქვს ცოდნა. თუ ცოდნა არის პრიორიტეტული, მაშინ, რა საჭიროა რწმენა? არ შეიძლება რაღაცის გწამდეს, თუ მის შესახებ არ გაქვს ასპროცენტიანი ცოდნა, ჩემი დამოკიდებულება ასეთია. შეუძლებელია, ადამიანს რაიმეს შესახებ ასპროცენტიანი ცოდნა ჰქონდეს, ამიტომ ჩემი აზრით, რწმენაც უადგილოა. ნებისმიერი რამის რწმენა უფრო პოეზიაა, ეს გონების თავშესაფარია, უფრო გრძნობებისა და პოეზიის ამბავი. ადამიანი რწმენით იწყებს რაღაცის ძიებას, მაგრამ საბოლოო ჯამში, რწმენა ცარიელი ადგილია, თავშესაფარია. ამიტომაც არიან ხშირად, ეგრეთ წოდებული, „მორწმუნე“ ადამიანები აგრესიულები. რადგან მათ არ აქვთ ცოდნა. ვისაც ცოდნა აქვს, მას არ ექნება აგრესია, სხვა თუ საკუთარი კომპენსიის წარმომადგენლის ხუმრობის თუ ქილიკის გამო. მე როცა მაქვს ცოდნა, ვიცი, რა არის ჩემთვის რეალურად საშიში და რა – არა. ცოდნის გარეშე გონება დაუცველია, დაუცველი გონება შეშინებულია, შეშინებული კი აგრესიულია. ამიტომაც გვაქვს რელიგიურ და არამხოლოდ, საკითხებში ამხელა აგრესია. თუ რამე საშინელება მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში, ყველაფერს რწმენა ედო საფუძვლად. „მე მწამს ამის“ – ჩემი ნებისმიერი ქმედება, მკვლელობა იქნება თუ სიყვარული, გამართლებულია ჩემი ლიდერით და დამთავრდა. როცა შენ გყავს ლიდერი, რელიგიური თუ სხვა ნებისმიერი ავტორიტეტი, შენ გაუცნობიერებლად თანხმდები, რომ პასუხისმგებელი შენს ქმედებებზე შენ კი არა ხარ, შენი რელიგიური ლიდერია. მე გკლავ შენ, იმიტომ, რომ შენ ქრისტე შეურაცხყავი, დავუშვათ, თქვი, რომ ის ცუდია. მე მოგკლავ, რადგან ქრისტეს შეურაცხყოფის უფლება არავის არ აქვს ჩემ გარშემო, რადგან მე მწამს მისი და ის არის ჩემთვის ამომავალი ჭეშმარიტება. ასე რომ, მე ვკლავ და ქრისტეს ვატენი. ჩვენ სახეზე ზუსტად ეს მდგომარეობა გვაქვს. დღევანდელი ეკლესია და დღევანდელი სასულიერო პირები აგრესიულები და ძალაუფლებაზე მომართულები არიან. მათი მიზანი ძალაუფლების მოპოვებაა და არა ქრისტიანობა. ქრისტე და სხვა რელიგიებიც არ ქადაგებენ, მე მომეცით ძალაუფლებაო, რადგან ძალაუფლება შიშის საფუძველზე ჩნდება. რელიგია კი პიროვნული თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის საკითხია. ამიტომ ვხედავთ ეკლესიაში ამდენ ძალადობას, ბრძოლას ძალაუფლებისთვის და ამიტომაც არ აქვს დღევანდელ ეკლესიას და პრინციპში, არც არასდროს ჰქონია კავშირი პიროვნულ თავისუფლებასთან. ამიტომაც არის შიგნით აგრესია და კრიმინალი, რომელიც შიგნითვე სკდება, ისევ თავიანთ თავებს ჭამენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი რელიგიას და რწმენას აღიქვამენ, როგორც ძალაუფლების წყაროს.

 

– ის, რომ ორჯერ ორი ოთხია, ეს ცოდნაა, რომელიც შემიძლია დაგიმტკიცო და არ ჰგავს უფლის არსებობის რწმენას, რასაც მე, პრაქტიკული თვალსაზრისით, ვერავის დავუმტკიცებ. მაგრამ „მწამს, რადგან აბსურდია“, მწამს ზუსტად იმიტომ, რომ ვერ ვხედავ. ხოლო ის რაც ვიცი, უკვე ცოდნაა. არ ფიქრობ, რომ ის, რაც შენ ჩამოთვალე, დამახინჯებული აღქმაა რწმენის იმ ადამიანების მიერ, ვინც ასე იქცევა, იქნება ეს თანამედროვე ეკლესიის წარმომადგენელი თუ ის ადამიანი, რომლებიც საკუთარ დანაშაულს რწმენით „აპრავებს“ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისთავად, რწმენაა ასეთი?

 

– თავისთავად, ცოდნის პრობლემაცაა. რომ შევადაროთ, კონსერვატორიას უამრავი ადამიანი ამთავრებს, მაგრამ იქიდან მუსიკოსი ერთი გამოდის, ანუ მხოლოდ ერთს ესმის სწორად მუსიკა. სასულიერო აკადემია ძალიან ბევრმა დაამთავრა, მაგრამ ერთი ან ათი გამოვიდა იმათგან მღვდელი, იმიტომ რომ რელიგიის დანარჩენისეული გაგება არასწორი აღმოჩნდა. ეს ფსიქოლოგიურად რომ განვიხილოთ, უკვე იმან, რაც ტოტალიტარიზმად და კომუნიზმად ჩამოყალიბდა, ხელი შეუწყო ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში, ეკლესია კრიმინალების თავშესაფარი გახდა. საერთოდ, ნებისმიერი ინსტიტუტი რაღაცის თავშესაფარია. უბრალოდ, ეკლესია ძალიან კარგად ინიღბება. მე როგორც იუმორისტი, უფრო რთულად შევნიღბავ ჩემს ცუდ ქმედებებს, ვიდრე სასულიერო პირი. მე უფრო ადვილად „დამწვავს“ ხალხი. საკუთარი ძალაუფლებისთვის პოლიტიკოსზე ბევრად მარტივადაც ითაღლითებს სასულიერო პირი. ეს ყოველთვის ასე იყო და ამ თემას ტაბუ უნდა მოვხსნათ. ამ საქმეში ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს. მე ასე მესმის და იმიტომ მინდა ამის გაზიარება სხვებისთვის, რომ თავის გზა იპოვონ.

 

– წიგნის ყდაზე, ეკლესიის გუმბათის თავზე საბჭოთა სიმბოლოა გამოსახული, მიგაჩნია, რომ ეს სიმახინჯეები იმ რეჟიმის დამსახურებაა?

 

– დიდწილად – კი, მაგრამ მარტო რეჟიმს ვერ დავაბრალებთ. ვიღაც ტირანზე პასუხისმგებლობის გადაბრალება იგივეა, ამ მთავრობას რა ვუთხარი, თორემ მე... სტალინი რომ არა, ჩვენ ერთმანეთს არ ვხოცავდით ან დღეს არ ვხოცავთ? ყველა ხელისუფლება აძლევდა ფუფუნებას იმ კრიმინალს, რაც ეკლესიაში ხდებოდა, იმიტომ, რომ მათაც ეშინოდათ. ყველა ერთ ადგილას უძვრებოდა, რადგან მათ ძალაუფლება ჰქონდათ. ძალაუფლებას თუ ეფერები, ის გაორმაგდება და ჩვენ ზუსტად ეს გვაქვს სახეზე. საბჭოთა კავშირი ანგრევდა ეკლესიებს და ნერგავდა თავის ხალხს მასში. ამიტომ მივიღეთ ეკლესიის ნაცვლად კრიმინალური ორგანიზაცია კაბიანი ადამიანებით. იმედი მაქვს, ძალიან საინტერესო დოკუმენტურ ფილმებს ვნახავთ ტელევიზიით ამ თემაზე. ჯერ კიდევ ვერ ჰკიდებენ ხელს, შიში აქვთ, მაგრამ ძალიან ბევრი სასულიერო, მაღალი იერარქიის პერსონაჟი, რომელიც კრიმინალთან არის დაკავშირებული, საკვლევია. არა მხოლოდ ინფორმაციული სკანდალისთვის, ისტორიისთვისაა საინტერესო და საჭირო. რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა რედაქტორისგან ამ წიგნის შესახებ იყო სიტყვები – „არ ჩანს, რომ ღვარძლითაა დაწერილი“. მასში აგრესია და ღვარძლი ნამდვილად არ დევს, უბრალოდ, რაც გვაქვს, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ. თუ გვეშინია, შიშს გადავცემთ მომავალ თაობასაც. „შენ არაფერი თქვა, გაჩერდი, კაცო, შენ იყავი კარგად და ნუ ჩაერევი“ – ეს არასწორია. პირადი კომფორტის გამო რა მდგომარეობაშიც ვართ, ვხედავთ. ეს იგივეა, მეზობლად რომ ქალს ურტყამენ და „შენ ნუ ჩაერევი, ეს ცოლ-ქმრის ჩხუბიაო“, გეუბნება ვიღაც და ამ დროს მკვლელობების საშინელი სტატისტიკა გვაქვს სახეზე.

 

– ბავშვობაში როგორი დამოკიდებულება გქონდა ეკლესიასთან, რელიგიასთან, მანამ, სანამ შენში გარკვეული ცოდნა შემოვიდოდა?

 

– მრავალმხრივი კავშირი მქონდა. ერთადერთი, აღსარება მაქვს ჩაბარებული ცხოვრებაში და ისიც მამა ბასილთან, რომელიც იაღოველებს დასდევდა ჯვრით და ურტყამდა, თან კუნთმაგარი ფანატები დაჰყვებოდნენ და მაგის შემდეგ გაუშვეს გლდანის ეკლესიიდან. მახსოვს ხატების კუთხე, ლოცვის რიტუალი, ეს საკმაოდ ახლო იყო ჩემთან. ბავშვობაში რელიგიურად საკმაოდ დატვირთული ვიყავი. შემდეგში რწმენის ინტერესმა ბევრი რამ გამოიწვია. დავიწყე ძიება – ნამდვილად მჯერა იმის, რისიც მწამს? აღმოჩნდა, რომ – არა. თურმე, ძალიან ვცდებით.

 

– როდის და რა ცოდნის გამო შეიცვალა ეს დამოკიდებულება?

 

– როცა რაღაც გაინტერესებს, იკვლევ. მე მქონია ისეთ სასულიერო პირებთან ურთიერთობა, რომელთაგან ზოგი სექსუალური მანიაკია და ზოგი – დიდი ბიზნესმენი. ერთ-ერთს ძალიან ვუყვარვარ და მომიკითხავს ხოლმე. როგორც ჩანს, ჯერ არ წაუკითხავს ეს წიგნი. წაკითხვის შემდეგ აღარ ველი მის მოკითხვას (იცინის). აქ ცოტა სხვა ამბავია. ეს ინტერესი ცოტა საშიშია და საფრთხილო.

 

– როცა ვკითხულობ ლიტერატურას და მაქვს წინასწარი განწყობა, რომ ის რეალობას გადმოგვცემს, მიჩნდება კითხვა – რატომ დავიჯერო მიშასი, რომელსაც ვიცნობთ, როგორც იუმორისტს? მით უმეტეს, რომ ბევრი ფანატიკოსი მორწმუნე გვყავს და მათთვის განსაკუთრებით არასასიამოვნო იქნება ამის მოსმენა.

 

– პირველ რიგში, მე წიგნს ვუყურებ, როგორც ლიტერატურულ ღირებულებას. ლიტერატურა არაჩვეულებრივი საშუალებაა გადარჩენისა და გამარჯვებისთვის. ამიტომ მოვძებნე ეს ფორმა, თორემ ჩვენ ყოველდღე ვწერთ სტატუსებს სოციალურ ქსელში და ამით არაფერი იცვლება. ვისაც ინტერესი აქვს, ის ეძებს. ფანატიკოსებს არ ვურჩევდი წაკითხვას ან, მინიმუმ, ჯერ მოემზადონ. აგრესია ბევრი იქნება, მაგას ველი და რაც უფრო მეტი ტალახი წამოვა ჩემკენ, წიგნისთვის უკეთესია. მე მერე შხაპს გადავივლებ. არ არის პრობლემა, მთავარია, წყალი მოდის.

 

ცხადია, ყველა სასულიერო პირი ერთნაირი არ არის და რა თქმა უნდა, არსებობენ კარგებიც, ეს ბუნებრივია. ისევე, როგორც არსებობენ ცუდი ხელოვანები და იშვიათად – გამორჩეულები, გენიოსები. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ცუდი მუსიკის მოსმენა არ გვაზიანებს იმდენად, მაგრამ ამბიონიდან წამოსული აგრესია, ცუდი მღვდლის, ანუ ავტორიტეტის მოწოდება, ძალიან საშიშია, რადგან ეს ძალადობას იწვევს.

 

– პირადად გინახავს მოძალადე ღვთისმსახური?

 

– მე პირადად მაქვს მისგან სექსუალური ძალადობის გამოცდილება, ეს წიგნშიც მაქვს აღწერილი, ფორმა, რა თქმა უნდა, მხატვრულია. თუ რამის ჩადენა შეუძლია ადამიანს, ყველაფერი გამიგია მღვდელზე, ჩემი თუ სხვისი პირადი გამოცდილებით. ამას წინათ მეგობარმა მაჩვენა შეტყობინება, რომელიც მრევლის ორგანიზატორისგან მოუვიდა: მამაოს დასვენება სჭირდება საზღვარგარეთ და ფულს ვაგროვებთ, რომ დაისვენოს, დაიღალაო. ეს თაღლითობის ერთ-ერთი მიმართულებაა. მე რომ დავწერო ახლა: იუმორისტ მიშა ანდღულაძეს სჭირდება დასვენება, მან ერთი თვე ევროპაში უნდა დაისვენოს, რომ ისევ გაგაცინოთ, რადგან დაიღალა, დარწმუნებული ვარ, რაღაც თანხას ავაგროვებ. იმდენს ვერა, რომ ბალიზე წავიდე, მაგრამ სადმე წასასვლელად ნამდვილად მეყოფა. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვემსახურებით და თუ გადავწყვეტთ, შეგვიძლია, ეს მსახურება ბოროტად გამოვიყენოთ. ადამიანები ერთმანეთს ვიყენებთ. ასეა ოჯახშიც, ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ შვილს იმიტომ აჩენს, რომ მოხუცობაში მოუაროს, შვილი მომვლელი ჰგონია. მღვდელიც ფიქრობს, მე დაგლოცავთ, თქვენ უნდა მაცხოვროთ.

 

– დღეს როგორია მიშას დამოკიდებულება ღმერთთან?

 

– ყველას შეუძლია, აირჩიოს საკუთარი ლიდერი, ავტორიტეტი თუ თავშესაფარი. ჩემთვის ღმერთის საჭიროება, როგორც რწმენის საკითხი, წარსულს ჩაბარდა. თუ, მაინცდამაინც, გვინდა, ღმერთი არსებობდეს, არსებობდეს. თუ მკითხავთ, ჩემთვის არსებობს თუ არა ღმერთი, გიპასუხებთ, რომ სპაიდერმენი არსებობს და თუ ის არსებობს, მაშინ ღმერთიც არსებობს, რადგან სპაიდერმენიც ყოვლის შემძლეა. თუ სპაიდერმენი არ არსებობს, მაშინ არც ღმერთი იარსებებს.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი