logo_geo
ეკა კვალიაშვილი: ქმრები მყავდა, მაგრამ ჩემი მეორე ნახევარი არცერთი ყოფილა
- +

14 აპრილი. 2021. 14:58

 

ეკა კვალიაშვილი დიდი ხანია, არატრადიციული ფსიქოლოგიით არის დაინტერესებული. როგორც ამბობს, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჰქონდა, რის გამოც დაიწყო მისი შემეცნების პროცესი და შედეგად, დღეს თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

 

ეკა კვალიაშვილი: მე სხვა რეალობაში ვცხოვრობ. მე მღვიძავს, ვიღაცებს კი სძინავთ და სიზმრებს ნახულობენ. საშინლად არ მომწონს უვიცობა. ადამიანმა რომ არაფერი იცის და მხოლოდ ტელევიზორს ენდობა, ის საცოდავია. როცა განვითარება გინდა, უნდა შეეცადო, დააკაკუნო და გაგეღება, მოითხოვო და მოგეცემა. არსებობს თავისუფალი ნება, რომელიც ადამიანს ღმერთმა მისცა. ისჯება ყველაფერი, რაც თავისუფალ ნებაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ყველაფერი, რასაც გაძალებენ, რადგან ძალადობა ბოროტისეულია. ეს დაბალ ვიბრაციებს გამოსცემს, რომელიც მე საერთოდ არ მჭირდება. მე მჭირდება მხოლოდ მაღალი ვიბრაცია, მას კი სიყვარული გამოსცემს. ამიტომაც მე სხვა რეალობაში ვცხოვრობ და ჩემი რეალობა ბედნიერების, სიხარულის, თავისუფლების, ჰარმონიის მომტანია. აქ ყველაფერი ლამაზი და ღვთიურია. მე უფრო მაღალი ცნობიერებით ვუყურებ ამ ყველაფერს და აქედან დაბლა ყველაფერი ძალიან პატარა ჩანს. ამიტომ, ყველას ვურჩევ, იყვნენ ღვთიური ადამიანები და ნუ გახდებიან მონები.

 

უამრავი მატერიალური თუ ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე ასეთი რეალობა როგორ შეიქმენით?

 

– მე ვიმუშავე საკუთარ თავზე. ძალიან დავუახლოვდი ჩემს უმაღლეს „მეს“, შევიყვარე თავი არა ამპარტავნულად, არამედ სუფთა გულით, ღვთიური სიყვარულით. ღვთიური საწყისი შევიყვარე საკუთარ თავში. გარშემო ვაწყდებით ადამიანებს, რომლებიც დაბალ ვიბრაციებზე არიან მომართულები და ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში, ეს ნამდვილი მეორედ მოსვლაა. სიყვარული ყველაზე მაღალი ვიბრაციაა, შიში კი – ყველაზე დაბალი, არჩევანი უკვე ადამიანებზეა.

 

როდის დაინტერესდით არატრადიციული ფსიქოლოგიით?

 

– ყოველთვის ვიყავი ამით დაინტერესებული. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მებადებოდა და ამ მიმართულებით დავიწყე ცოდნის გაღრმავება.

 

თქვენი გამოცდილებით და დაკვირვებით, რაში მდგომარეობს ქალის ძალა?

 

– ქალის ძალა არის მის ქალურობაში, მის მოჩვენებით სისუსტეში, აღფრთოვანებაში, რომელიც შეიძლება/ გამოხატო, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცმა საჩუქარი მოგართვა. შეიძლება, დიდი არაფერი იყოს, მაგრამ უნდა დაუფასო და აღფრთოვანება გამოხატო. ადამიანს, მით უმეტეს, ქალს, ღირსეულად უნდა ეჭიროს თავი, რომ კიდევ უფრო მეტად დააფასონ, მამაკაცის კაცობა და ღირსება კი იმაში გამოიხატება, თუ როგორ პატივს სცემს ის ქალებს. მოძალადე კაცები ჩემთვის საერთოდ არ არსებობენ, ისინი ადამიანები არ არიან. მათ სულში ბოროტებაა შესული. კაცი რომ ქალს და ბავშვს ერევა და ურტყამს, ის ადამიანი არ არის, ჩემთვის ის ყველაზე მდაბიო და საცოდავი არსებაა.

 

– ბოლო დროს, ძალიან გააქტიურდა ფემინისტური დამოკიდებულებები, რას ფიქრობთ ქალზე, რომელიც ცდილობს, ძლიერი იყოს და ყველაფერს დამოუკიდებლად, მამაკაცის გარეშე გაუმკლავდეს?

 

– ყველას აქვს უფლება, არჩევანი გააკეთოს, ესაა თავისუფალი ნება. თუ გირჩევნია, მამაკაცის გარეშე იყო ძლიერი – კი, ბატონო. მე საკმაოდ ძლიერი ვარ, მაგრამ ფემინისტი – ნამდვილად არა. მე თავიდან ბოლომდე ქალი ვარ და ძალიანაც მსიამოვნებს ის მომენტი, როცა ჩემ გარშემო ჩემი თაყვანისმცემელი მამაკაცები არიან და ისინი პატივს მცემენ. აუცილებელი არ არის, ჩაუგორდე ლოგინში ვიღაცას და მარტივ მამრავლებად დაიშალო. ამაზე არ ვლაპარაკობ, აქ ადამიანურ ურთიერთობებზე მაქვს საუბარი. არის მომენტი, სახლში რაღაც ისეთი მაქვს გასაკეთებელი, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ, რადგან ქალი ვარ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, როცა კარზე საკეტი გამიფუჭდა, მეზობელს მივუკაკუნე და თუ არ შეგაწუხებთ, დამეხმარეთ-მეთქი, ვთხოვე. შემოვიდა ეს მამაკაცი და თავისი ძალით დამეხმარა, მადლობა გადავუხადე და მისი მეზობლობა დავაფასე. არის რაღაც, რასაც კაცის ძალა და ხელი სჭირდება. საერთოდ არ მიყვარს მთხოვნელის პოზიციაში ყოფნა, მაგრამ ხანდახან გვიწევს, რადგან ცხოვრება ასეთია.

 

– როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ქალის ყველაზე დიდი პრობლემა?

 

– თანამედროვე ქალის ყველაზე დიდი პრობლემა დამოკიდებულებაა, ვგულისხმობ ჩემზე ახალგაზრდა თაობას. ისინი დამოკიდებულები ხდებიან ინტერნეტზე, თამაშებზე, სინთეტიკურ აბებზე, კლუბებზე, ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე... მერე „რამსები“ ერევათ და ამიტომ ჯობს ოქროს შუალედის დაცვა. მხოლოდ ზომიერება გვაძლევს ამქვეყნად ნორმალურად სიარულის საშუალებას.

 

ვინც სოციალურ ქსელში ნუკას ადევნებს თვალს, ეცოდინება, რომ აბსოლუტურად ფხიზელი ცხოვრებისკენ აიღო გეზი, ცდილობს, თამბაქოს თავი დაანებოს, ალკოჰოლზე უკვე თქვა უარი და ამის შესახებ თავის პოსტებსა და ლაივებში საუბრობს ხოლმე. ამაში თქვენი წვლილიც არის?

 

– სიმართლე რომ ვთქვა, პატარა გადაცდომები ყველას გვქონია ცხოვრებაში. ცოტა ზედმეტი მოგვსვლია. მე უკვე შვიდი წელია, სიგარეტს თავი დავანებე, იმიტომ, რომ ძალიან ზედმეტი მომივიდა. დაგვილევია, დავმთვრალვართ კიდეც, მაგრამ ჩვეულებრივ რიტმში გაგვიგრძელებია ცხოვრება. უბრალოდ, ნუკა ძალიან ალალია და ამ ლაივ-ჩართვებიდან ვიღაცამ რაღაც აზრები გამოიტანა, ასე არ არის. ის აბსოლუტურად ჯანსაღი წესით ცხოვრობს და ცოტა ხანში სიგარეტსაც დაანებებს თავს. თუმცა, ეს თვითონ გადაწყვიტა. ეს მისი ცხოვრება და არჩევანია, რომელსაც მე პატივს ვცემ. მე არავის ცხოვრებაში არ ვერევი, მით უმეტეს, ჩემი შვილის და არც არაფერია ჩასარევი, ნუკა უჭკვიანესი გოგოა. სანამ პატარა იყო, რაღაც ვასწავლე, ახლა ორი შვილის დედაა, ამბობს, რომ მესამესაც აპირებს, გათხოვებასაც და ყველაფერ ჯანსაღს. ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად იქნება.

 

– როგორია თქვენი დამოკიდებულება ასაკთან?

 

– ზოგისთვის ასაკი სიბერეა, ზოგისთვის – გამოცდილება. ჩემთვის მეორეა და თავს ზუსტად ისე ვგრძნობ, როგორც 25 წლის ასაკში, თუმცა უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მაშინ. ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერი უკეთესად იქნება. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ახლა და აქ. თუ არ გინდა, უკან წახვიდე, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში არ უნდა იყო. რაც გინდა, იმაზე იზრუნე ახლა და აქ. იფიქრე ამაზე და ის აუცილებლად მატერიალიზდება. მსხვერპლის როლი არ მიიწებოთ, ყველა ბედნიერებისთვის ვართ დაბადებული. „მე ვარ ბედნიერი“ – ხალხს ეშინია ამის თქმა. ქალებო, ჩვენ ძალიან მაგრები, ბედნიერები და ლამაზები ვართ, ყველაფერი კარგად არის და იქნება. ჩვენ გვერდით არიან და იქნებიან ღირსეული მამაკაცები, როგორებიც ჩვენ გვეკადრება.

 

– რამდენად არსებითია თქვენთვის მეორე ნახევარი?

 

– როდესაც სამყაროს ცუდი ენერგეტიკა განაგებს, მაშინ გვიჭირს პოვნა, თორემ ნებისმიერი ადამიანის მეორე ნახევარი არსებობს. ერთი ღვთიური მთლიანობა მეორე ნახევრის გარეშე ვერ შეიქმნება. ფემინისტებს გამარჯობა და წარმატებები, მაგრამ მე, უბრალოდ, არ ვარ ფემინისტი. მე მინდა, რომ ცხოვრებაში აუცილებლად მყავდეს ჩემი მეორე ნახევარი, რომელიც არ მყოლია. მე მყავდა ქმრები, მაგრამ არცერთი ჩემი მეორე ნახევარი არ ყოფილა. როცა ახალგაზრდა ხარ და ვინმე მოგეწონება, გგონია, ის ადამიანი იპოვე, მაგრამ ასაკთან ერთად სიბრძნეც გემატება და კარგად გრძნობ, რა არის უბრალოდ მოწონება და რა შეიძლება გადაიზარდოს ჭეშმარიტ სიყვარულში. კარგად ხვდები იმასაც, არის თუ არა ადამიანი შენი მეორე ნახევარი.

 

– იპოვეთ?

 

– არ მიძებნია. მე ჯერ არ გავხსნილვარ, არ მცალია ამისთვის, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, ზუსტად ისეთი ადამიანი იქნება ჩემ გვერდით, როგორიც უნდა იყოს ჩემი მეორე ნახევარი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი