logo_geo
გიორგი-გუგა ჩხიკვაძე: საქართველოში, როგორც ამერიკაში მსმენელი არაფერს გაპატიებს
- +

7 მაისი. 2021. 13:22

 

 

საქართველოდან უამრავი ადამიანია გადახვეწილი ემიგრაციაში, რომლებმაც საკუთარი თავი წარმოაჩინეს და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. მათ შორის არიან უამრავი ქართველი მუსიკოსი, მხატვარი, მსახიობი…

 

ხელოვნების თითქმის ყველა დარგი – ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა, კინო, თეატრი, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი და თვითმყოფადია, თავისას ამბობს საკუთარ ენაზე და სხვის საზღვრებში, არასდროს იჭრება.

 

რა არის მუსიკა? მუსიკა იდუმალებაა – ის მიუწვდომელია. მისით მხოლოდ უნდა დავტკბეთ, მაგრამ მას, ვინც მუსიკა თავის პროფესიად აქცია, ვალდებულია ამის მიზეზიც იცოდეს.

 

გაიცანით აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტი და მწერალი გიორგი-გუგა ჩხიკვაძე, რომელიც ფლორიდის შტატში პალმ-ბიჩის კოლეჯის პროფესორია და ამავე დროს, საფორტეპიანო განყოფილებაზე, უამრავ ნიჭიერ პიანისტს ზრდის.

 

„პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მუსიკოსი და მწერალი აღნიშნავს, რომ როცა უკრავს, ცდილობს, მსმენელი ასიამოვნოს, სხვა განზომილებაში გაუშვას, თავად კი დარჩეს სცენაზე და აკეთოს მისი საქმე:

 

- ვარ კონცერტ-პიანისტი, პედაგოგი და მწერალი, დავიბადე ქ. თბილისში. ადრინდელი ასაკიდან ვუკრავდი ფორტეპიანოზე ნიჭიერთა ათწლედში. ასევე ვთამაშობდი ფეხბურთს, დიდი ქართველი ფეხბურთელების – ვლადიმერ ელოშვილის და გია ჩარკვიანის ნორჩ ფეხბურთელთა სკოლაში.

 

დაახლოებით 13 წლის ასაკში, ორი განსხვავებული დარგიდან, არჩევანი მუსიკაზე გავაკეთე.

 

– ვის მიიჩნევთ ყველაზე ნიჭიერ მუსიკოსად, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში?

 

- რა თქმა უნდა, პიანისტი საშა კორსანტია, რომელიც საქართველოში უშუქობა-უწყლობის დროს ჩამოდიოდა 90-იან წლებში და უკრავდა კონცერტებს გაყინულ დარბაზებში, ამით ახალგაზრდა მუსიკოსებს დიდ სტიმულს გვაძლევდა.

 

უცხოელი მუსიკოსებიდან, გამოვარჩევდი გენიალურ ამერიკელ კომპოზიტორ, დირიჟორ და პიანისტ ლეონარდ ბერსტეინს.

 

– რა არის თქვენთვის მუსიკა…

 

- ამ კითხვაზე, დისერტაციის დაწერა შეიძლება… მუსიკა არის ინტერნაციონალური ენა, ყველა ერების წარმომადგენელს აერთიანებს.

 

დიდი პრივილეგიაა, გერქვას მუსიკოსი, რადგან ხელოვნების ეს დარგი, არარეალურ სამყაროსთან არის ჯაჭვით გადაბმული და მსმენელს, ასევე შემსრულებელს, ხშირად არაამქვეყნიურ სიამოვნებას ანიჭებს.

 

– მოგვიყევით თქვენი მუსიკალური წარმომავლობის შესახებ…

 

- როგორც აბსოლუტურად ყველა ქართველი, მეც მუსიკის მიმართ მქონდა მიდრეკილება და ჩემ შემთხვევაში, საშუალო ნიჭი. მშობლებს ადრეული ასაკიდან დავყავდი ოპერაში, კონცერტებზე, თეატრში…

 

დედაჩემი ძალიან ნიჭიერი მევიოლინეა და მის მოწაფეებთან მეცადინეობას, ბავშობიდან ვადევნებდი თვალყურს. ალბათ, გარემომ იმოქმედა ყველაზე მეტად, რომ მუსიკოსი გავხდი.

 

საქართველოში მეცხრე კლასამდე ვისწავლე ნიჭიერთა ათწლედში, პედაგოგ ლალი გურგენიძის და პიანისტ ანი ტაკიძის კლასში. შემდგომ, უკვე ამერიკაში გავაგრძელე სწავლა, ინტერლოჰენის ხელოვნების აკადემიაში.

 

ბაკალავრზე ჩავაბარე ინდიანას უნივერსიტეტში – პიანისტ ლექსო თორაძის კლასში, მაგისტრატურაზე – პიანისტ ეთერ ანჯაფარიძის კლასში. ამ ეტაპზე, თავად ვასწავლი პალმ-ბიჩის კოლეჯში (აშშ, ფლორიდა).

 

– სად უფრო რთულია დაკვრა, ქართულ თუ ამერიკულ სცენაზე?

 

- დაკვრა ყველგან რთულია, მაგრამ ალბათ, უფრო საქართველოში, რადგან ემიგრანტი მუსიკოსისგან უფრო მეტს ითხოვს მსმენელი.

 

საქართველოში, როგორც ამერიკაში, მსმენელს საკმაოდ გამოცდილი ყური აქვს და არაფერს გაპატიებს, მაგრამ ჩემ შემთხევაში, ამერიკელ პუბლიკას უფრო ახლოს ვიცნობ, ზუსტად ვიცი, როგორ ვასიამოვნო და რა რეპერტუარი შევთავაზო.

 

– ერთი „ამერიკული“ დღე…

 

- დილიდან მოწაფეები კოლეჯში, რეპეტიციები, მეცადინეობა, თითქმის ყოველ საღამოს, ფეხბურთის თამაში, რომელიმე მოყვარულთა ტურნირზე.

 

რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოდან…

 

- მენატრება ხალხი, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები… ძალიან გამიმართლა, მიუხედავათ იმისა, რომ მეცხრე კლასიდან წავედი ემიგრაციაში, მყავს უამრავი ბავშვობის მეგობარი საქართველოში, მათთან მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა.

 

მენატრება ვაკის პარკი, საყვარელი კაფე „აბაშიძის 80“.

 

– ქართველი კომპოზიტორები და ქართული მუსიკა…

 

- ძალიან მნიშვნელოვანია! მინდა გითხრათ, რომ ქართულ კლასიკურ მუსიკას, საკმაოდ დიდ პოპულარიზაციას ვუწევ.

 

ამერიკელი მსმენელს მოსწონს ქართული ორიგინალური ნაწარმოებები, ალექსი მაჭავარიანის „ხორუმზე” გიჟდებიან, ფესტივალებზე ხშირად მთხოვენ, რომ პროგრამაში ქართული ნაწარმოებებიც ჩავრთო.

 

– რამდენად მნიშვნელოვანია აუდიტორიისთვის ცოცხალი მუსიკა…

 

- ცოცხალ მუსიკას აქვს მაგიური, აუხსნელი ძალა მსმენელზე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ყველაფერი ინტერნეტით და ჩანაწერებით მოვისმინოთ, მაინც დადის ხალხი კონცერტებზე, რადგან ვერანაირი ჩანაწერი ვერ ჩაანაცვლებს იმ საოცარ ემოციურ მუხტს, რასაც ცოცხალი მუსიკა გადმოსცემს კონცერტის დროს.

 

– დიდი ხანია, რაც ამერიკაში მოღვაწეობთ?

 

- ამერიკაში 2001 წლიდან ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. უკვე სტუდენტობისას მივიღე მონაწილეობა ნიუპორტის, გილმორის და სხვა პრესტიჟულ ფესტივალებზე.

 

– რა შეცვალა ამერიკამ თქვენს შემოქმედებაში?

 

- პიროვნულად, ბევრად დამოუკიდებელი და თამამი გავხდი, ასევე, რაღაც კომპლექსებიც მომეხსნა. ჩემ შემოქმედებას, მეტი ემოციური თავისუფლება მიეცა, კონცერტების დროს, რისკზე წასვლის უნარი განმივითარდა.

 

– არა მარტო მუსიკოსი, მწერალიც ხართ – რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ლიტერატურისადმი?

 

- ლიტერატურა ძალიან მიყვარს, ბევრს ვკითხულობ სამ ენაზე და ადვილად ვწერ. კარგად თუ ცუდად, ეს უკვე მკითხველმა შეაფასოს. ალბათ მოთხოვნილებაა, ხშირად გაურკვეველი ძალა მაწერინებს და ვერ ვჩერდები ხოლმე.

 

– ყველაზე დიდი მუსიკალური წარმატება…

 

- თითოეული ჩემი კონცერტი, ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიამოვნებაა და პატივი, როდესაც გამოვდივარ სცენაზე და ხალხი ელოდება ჩემ დაკვრას. ამ მსმენელმა 40 წუთი იარა მანქანით, მიატოვა პირადი ცხოვრება, საქმეები, დაივიწყა ათასი პრობლემა, გადაიხადა ბილეთის საფასური, რომ ჩემი კონცერტი მოისმინონ. ეს დიდი პატივი და მიღწევაა.

 

– რამდენად ერწყმის თქვენი ხასიათი და ემოცია მუსიკას…

 

- ემოციური ვარ, მაგრამ ცეცხლოვან ქართული ტემპერამენტს, მხოლოდ მუსიკაში და წერაში ვიყენებ, იქ ვიხარჯები 100%-ით.

 

– როცა უკრავთ…

 

- როცა ვუკრავ ჩემი სიამოვნებისთვის, ხშირად ვტოვებ აქაურ სამყაროს და სადღაც შორს მივდივარ, მაგრამ სცენაზე თავს არ ვაძლევ ასეთი ნეტარების უფლებას. იქ ვცდილობ, მსმენელი ვასიამოვნო, გავუშვა სხვა განზომილებაში, მე კი დავრჩე სცენაზე და გავაკეთო ჩემი საქმე.

 

– მუსიკა, დროთა განმავლობაში შეიცვალა…

 

- კლასიკური მუსიკა უკვე ავანგარდულ სტადიაში გადავიდა და საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური გახდა, ცოტა რთულად მოსასმენიც.

 

ფაქტია, რომ დღემდე ძალიან ხშირად ვუკრავთ ბახის და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს, თანამედროვე მუსიკას - მაინც ნაკლებად. ზოგადად, მუსიკა, ბევრად პირადი და ინტიმური გახდა, ნაკლებად რელიგიურიც.

 

– რა იქნებოდა მუსიკა ლიტერატურის გარეშე, ან პირიქით…

 

- აბსოლუტურად ყველა ხელოვნების დარგი, უხილავი ძაფით არის გადაბმული და დიდ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. ბევრ გენიალურ კომპოზიტორს დაუწერია შედევრები, ლიტერატურის მიხედვით.

 

ასევე, ბევრი მწერლის მუზა, სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებები გამხარა. ყველაზე კარგი მაგალითი არის სიმღერა, სადაც აუცილებელია, კარგი ტექსტი. ერთმანეთის გარეშე, ეს ორი დარგი, ვერ იარსებებდა.

 

– მოგვიყევით თქვენ წიგნზე…

 

- ჩემი რომანი „წითელი კლავიშები“, შარშან დავწერე. გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა საქართველოში და მათი მადლობელი ვარ თანადგომისათვის. წიგნი 1937 წელს რეპრესირებულ ქართველ პიანისტზე, ბევრ რეალურ ამბებზეა დაფუძნებული.

 

აღწერილი მაქვს იმ დროინდელი თბილისი, საშინელი ცხოვრება, დასმენები, უაზრო დაჭერა-დახვრეტები და ზოგადად, ხელოვანი ადამიანის ფსიქიკა და ფიქრები სტალინის ეპოქაში.

 

საინტერესოა, მთავარი გმირის ურთიერთობა ევგენი მიქელაძესთან და სანდრო ახმეტელთან…

 

რომანი საკმაოდ პოპულარული გახდა, რაც სასიხარულოა. მხატვარ მარიამ სიხარულიძის დიზაინით გაკეთებული გარეკანი, ძალიან დამაინტრიგებელია და შეიძლება, ამანაც იმოქმედა წიგნის წარმატებაში.

 

წიგნის სახელწოდებას რამდენიმე ახსნა აქვს. უბრალოდ, არ მინდა გავცე დეტალები, რადგან რომანი სიურპრიზებით სავსეა.

 

– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

 

- სამომავლოდ, ბევრი გეგმები მაქვს, უახლესი იქნება დისკის ჩაწერა ალექსანდრე სკრიაბინის ნაწარმოებების. მაქვს სასწავლი ბახის კონცერტები, ვუკრავ ერთ ფესტივალზე და მსურს საქართველოშიც იმავე პროგრამით წარვდგე.

 

მაქვს დაწერილი მეორე რომანი და იმედია, ახლო მომავალში გამოვცემ. ასევე მსურს, არაჩვეულებრივ მწერალ შალვა სიხარულიძესთან ერთად, რომანის „წითელი კლავიშები“, ფილმის სცენარად გადაკეთება.

 

– ბოლოს როდის სტუმრობდით საქართველოს?

 

- საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ პანდემიის გამო, წელს ვერ მოხერხდა, ბოლოს, 2 წლის წინ ვიყავი. იმედია, მალე გამოსწორდება ვითარება მსოფლიოში და ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, მოინახულონ საყვარელი და მონატრებული ადამიანები.

 

– პანდემიის დადებითი და უარყოფითი მხარეები…

 

- პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მსოფლიო… მხოლოდ უარყოფითს ვხედავ – დაიღუპა მილიონობით ადამიანი, დაკარგა ხალხმა სამუშაოები, ბიზნესები, გაუბედურდა მოსახლეობა გლობალურად. იმედია ხალხი აიცრება დროულად და მორჩება ეს ჯოჯოხეთი.

 

– რას ეტყოდით დამწყებ მუსიკოსებს…

 

- ვეტყოდი, რომ ეს საკმაოდ რთული სფეროა, მოუწევთ ბევრი სიძნელის გადალახვა, თუ ფანატიკურად არ უყვართ თავისი საქმე და ყოველდღიური შრომა, სჯობს სხვა პროფესია აირჩიონ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი