logo_geo
ლაშა გურგენიძე: მიმტანთან მივვარდი და ვუთხარი, სასწრაფოდ გაიხადე-მეთქი
- +

9 მაისი. 2021. 23:17

 

 

მსახიობ ლაშა გურგენიძეს ულამაზესი მეუღლე ჰყავს. თაკო მჭედლიშვილი მის ცხოვრებაში იმ დროს გამოჩნდა, როცა სერიოზულ ურთიერთობაზე სულაც არ ფიქრობდა, თუმცა ჯერ მისმა გარეგნობამ და შემდეგ შინაგანმა სამყარომ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ უკვე რამდენიმე წელია, წყვილი გახდნენ და თავს ბედნიერად გრძნობენ.

 

თაკო: ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით და მერე აღმოვაჩინეთ, რომ იქ წასვლა არცერთს არ გვინდოდა, ის კი არა, საერთოდ გარეთ გასვლა. ლაშა რომ შემოვიდა, არ მქონია შეგრძნება, რომ უცხო ადამიანს ვხედავდი. ერთმანეთი ძალიან ბუნებრივად მივიღეთ, არც გავპრანჭულვართ. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე, ყოველდღე ერთად ვართ, თუ ლაშას გასტროლებს არ ჩავთვლით. პირველივე წამებიდან მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე.

 

ლაშა: მე ის მომენტი მქონდა ცხოვრებაში, როცა ერთჯერადი ურთიერთობები გბეზრდება. სერიოზულის დაწყებაზეც არ ვფიქრობდი და ახალსაც ყველანაირად ვბლოკავდი. თაკო რომ დავინახე, თან ძალიან მომხიბლა, თან გონება მკარნახობდა, რომ სერიოზული ურთიერთობა არ მინდოდა. ცოლთან დაშორებიდან წელიწადი და რამდენიმე თვე იყო გასული და სიყვარულისთვის ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად. მაგრამ დილით რომ იღვიძებ და მაგრად გენატრება, სულ მასზე ფიქრობ და ბედნიერების ჰორმონები გამოგეყოფა, ხვდები, რომ მაგარ შარში ხარ (იცინის). რაც დრო გადის, უფრო მეტად მიყვარდება. პირველი შთაბეჭდილება გარეგნობამ მოახდინა, მაგრამ რომ დამელაპარაკა, მაშინვე შინაგან სამყაროზე გადავერთე. ხშირად მქონია შემთხვევა, გოგოს რომ შეხედავ „ვაუა“ და პირს რომ გააღებს, აღარ იცი, მისგან გასაქცევად რა მოიფიქრო. სრულყოფილი მარტო ღმერთია, მაგრამ ადამიანსაც თუ შეიძლება, ასე ვუწოდოთ, ჩემთვის თაკოა სრულყოფილებასთან ძალიან ახლოს – საოცარი ადამიანია. რამეზე რომ ვკამათობთ, მაშინაც ძალიან მიყვარს.

 

თაკო, ლაშა როგორია?

 

თაკო: მე ამ ადამიანით გაოგნებული ვარ. მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა, უზომოდ ენერგიულია და საოცრად ყურადღებიანი, მხოლოდ ჩემთან კი არა, ნებისმიერი, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანის მიმართაც. ვინმემ საკუთარი ტკივილი რომ გაუზიაროს, ბოლომდე იაზრებს მის ემოციებს და ყველაფერს აკეთებს მის დასახმარებლად. ძალიან მართალი და სუფთა ადამიანია, ამით ძალიან ვამაყობ.

 

– როცა გაიგე, რომ ოჯახი ახალი დანგრეული ჰქონდა, იყო ეს შენთვის დაბრკოლება?

 

– მე ეს ყველაფერი საერთოდ არ შემხებია, რისთვისაც ლაშას მადლობას ვუხდი. გაცნობისთანავე ვიცოდი, რომ ორი საოცარი შვილი ჰყავდა. ძალიან კარგი მამაა და შვილებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. პირველ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უცხო ვიყავი; მათ შესახებ მიყვებოდა, ვიდეოებს მაჩვენებდა. ლაშა რომ ასეთი არ ყოფილიყო, დღეს ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო და მამამ და შვილებმა ერთად მეტი დრო გაატარონ.

 

ლაშა: ამ მხრივ, ძალიან ფრთხილად ვიყავი, არ მინდოდა, ბავშვებს ტრავმა მიეღოთ, მაგრამ თაკოს თვისებებიდან და სიკეთიდან გამომდინარე, დავმშვიდდი. ბავშვებს ძალიან უყვართ თაკო. რომ ხედავენ, მორბიან და ეხუტებიან. იგრძნობა, რომ არ თამაშობენ. ანოს ხატვა უყვარს და ის და თაკო ერთად ხატავენ ხოლმე, საყვარელი საერთო თემაც აქვთ – მაკიაჟის სახით. ილია უფრო ჩემთან თამაშობს, საერთო, ბიჭური ინტერესებიდან გამომდინარე (იცინის).

 

– თაკო, რას საქმიანობ?

 

თაკო: პროფესიით გრაფიკული და ვებ დიზაინერი ვარ და მეოთხე წელია, ამ მიმართულებით ვმუშაობ. როცა მოვიცლი, ვხატავ კიდეც (იცინის).

 

ლაშა: ძალიან ნიჭიერი მხატვარია, იმიტომ არა, რომ ჩემი მეუღლეა, სხვების აზრიც იდენტურია.

 

დაქორწინება მალე გადაწყვიტეთ?

 

თაკო: სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. რომ მივხვდით, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გვინდოდა გადასვლა, ბინის ძებნა დავიწყეთ და ერთად გადავედით საცხოვრებლად. ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ხელის თხოვნა ოფიციალურად არ ყოფილა და სიმართლე გითხრათ, ლაშას რამე გრანდიოზულები რომ ჩაედინა, გამიხარდებოდა, მაგრამ გამეცინებოდა. იმდენად ახლო ურთიერთიერთობა გვქონდა და ისე ბუნებრივად მივედით აქამდე, რომ ეს ცოტა ხელოვნური გამოვიდოდა.

 

ლაშა: ჯვრისწერა და ქორწილი დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ ორი დღით ადრე გაგვიუქმდა. ძალიან ორიგინალურად ვაკეთებდით, ასეთი ქორწილი ჯერ არ ყოფილა, მხოლოდ საქართველოში კი არა, არსად. გრანდიულზულობას არ ვგულისხმობ, არც მდიდრული გვინდოდა, ძალიან უბრალო, მაგრამ ორიგინალურად აღნიშვნას ვაპირებდით. მაგრამ შეზღუდვები ამოქმედდა და ორი დღით ადრე გვითხრეს, რომ ამის გაკეთებას ვეღარ შევძლებდით. ორივესთვის ძალიან რთული იყო ამის გააზრება, რადგან რამდენიმე თვე ვემზადებოდით. ყველაფერი მზად გვქონდა და ახლა შეზღუდვების მოხსნას ველოდებით.

 

თაკო: ძალიან ბევრი შრომა ჩავდეთ და შოკში ჩავვარდით, რომ ჩაგვეშალა, მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობდა, რადგან მერე გავაცნობიერე, რა პანიკა მჭირს სამზადისის პროცესში. თუმცა, პირველად რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ ქორწილი ჩაგვეშალა, ცრემლები წამომივიდა, მაგრამ მერე ლაშამ სხვა რაღაცებზე გადამატანინა ყურადღება და გადავაგორეთ ეს ამბავი.

 

– თაკო, ლაშა რომანტიკულია?

 

– სასწაული ბიჭია, ყოველთვის მანებივრებს პატარა სიგიჟეებით და ბევრი ემოციით.

 

ლაშა: რაც უნდა მოვყვეთ, მკითხველისთვის ეს არ იქნება გრანდიოზული ამბავი, მაგრამ იმ მომენტში დიდი ემოციებით არის ხოლმე სავსე.

 

თაკო: ჩვენი შეყვარებულობიდან ასი დღე რომ გავიდა, ლაშამ სადარბაზოში დამიხატა მზე და დააწერა „ასი დღეა სულს მინათებ“. მთელი კორპუსი გაგიჟებული იყო, მეორე დღეს ყველა მოდიოდა და მეუბნებოდა, ვაიმე, რა მაგარიაო (იცინის). მერე მთელი სადარბაზო მომიხატა ფერადად და სასწაული სიტყვები დამიწერა. ახალი დაწყებული გვქონდა ურთიერთობა და გადაღებისთვის რამდენიმე დღით ბათუმში წავიდა. დილით ფოტო გამომიგზავნა, ზღვაზე ირუჯებოდა. იმავე საღამოს მეგობარმა ძალით წამიყვანა პიცის საჭმელად. მოდის მიმტანი ლანგრით, რომელზეც ქვის გული დევს. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და რომ ავხედე ამ მიმტანს, ვხედავ ლაშას მიმტანის ფორმაში (იცინის). სრული შოკი იყო, თან მიხაროდა, თან ვერ ვხვდებოდი, იქ როგორ აღმოჩნდა. პიცერიაშიც რომ მივდიოდი, მაშინაც ისე მწერდა, თითქოს ბათუმში იყო.

 

ლაშა: უზომოდ მომენატრა და გადამღებ გჯუფს ვთხოვე, როგორმე დღეს უნდა გამიშვათ თბილისში და ხვალ დილით ძალიან ადრე ჩამოვალ-მეთქი. მარტივად ვყვები, მაგრამ ძალიან ბევრი „ჩალიჩი“ დამჭირდა, რომ გამოვეშვი, რადგან ყველა წუთი გაწერილი გვქონდა. ბოლოს თანხმობა მივიღე, დავჯექი სამარშრუტო ტაქსიში და წამოვედი. წყალიც ვერ გადავივლე, ოკრიბიდან პირდაპირ ბახტრიონზე, პიცერიაში მივვარდი. მანამდე თაკოს მეგობარს ვთხოვე მისი პიცერიაში წაყვანა და ისიც რომ მეორე სართულზე დამსხდარიყვნენ. იქ რომ მივედი, მიმტანთან მივვარდი და ვეუბნები, სასწრაფოდ გაიხადე-მეთქი. ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, ეგონა ვაყაჩაღებდი (იცინის). მერე ვუთხარი, გეხვეწები ფორმა მათხოვე ორი წამით, ძალიან მჭირდება, დაგიბრუნებ და მერე ყველაფერს აგიხსნი-მეთქი. ჩავიცვი, ავიღე ლანგარი და ზედ ქვის გული დავდე, რომელიც სანაპიროზე ვიპოვე. ისეთი ლამაზი გულის ფორმა ჰქონდა, გეგონებოდა, სპეციალურად დაამუშავესო. თაკომ რომ დამინახა, ისეთი რეაქცია ჰქონდა, სკამიდან კი არ ადგა, როგორც იჯდა, იმავე მდგომარეობაში ახტა, ჰაერში დავიჭირე და ჩავიხუტე.

 

ჩვენს ამგვარ ისტორიებს, ფილმებში ნანახსა და წიგნებში წაკითხულს რომ ვადარებ, ჩვენი ასეთი მომენტები ძალიან ბანალურად მეჩვენება. მაგრამ ჩემი აზრით, მთავარია, იმ მომენტში საყვარელ ადამიანს დიდი ემოცია აჩუქო. ერთადერთი, რაც ოდნავ ორიგინალური მგონია, ისაა, რომ ზამთარში იასამანი ვაჩუქე. სპეცშეკვეთით გამოვიწერე ერთი დიდი ტოტი და მივართვი. გარეთ რომ თოვს და შენ იასამანს აჩუქებ, ეს მართლა გამორჩეული სიურპრიზი მგონია. თან მასთან რომ მივდიოდი, რაღაც რითმებიც დაიბადა და ესეც მივუძღვენი.

 

– თაკო, შენც გამოირჩევი რომანტიკულობით?

 

ლაშა: კი, ძალიან რომანტიკულია, მით უმეტეს, რომ ხელოვანია. რაღაც პერიოდით გასტროლზე რომ მივდივარ ხოლმე, დაბრუნებულს, განშორებით გამოწვეული ემოციებით შექმნილ ნახატს მახვედრებს. ეს განშორებები კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს სიგიჟეებს და ადრენალინს გვმატებს. თითქოს თავიდან იწყება ჩვენი სიყვარული. ჩემთვის ყველაზე რომანტიკული იყო მისი საჩუქარი – საკმაოდ დიდი ზომის ტილო, რომელიც თაკომ შექმნა. ძალიან არასასიამოვნო კამათი გვქონდა და გაბრაზებულები დავიშალეთ. ღამის ოთხი საათი იყო, თაკო ადგა, აივანე გაიტანა ტილო და საღებავები და ერთ ღამეში ულამაზესი ნამუშევარი შექმნა. ჩემი თვალი დახატა და ძალიან მიყვარს მისი ეს ნამუშევარი. ეს ჩემთვის სრული შოკი იყო, რომ ვნახე, მაშინვე შევრიგდით. რა თქმა უნდა, ისედაც ვაპირებდი შერიგებას, მაგრამ ეს იყო ერთადერთი ჩხუბი, რომელიც ჩახუტებით არ დამთავრდა. ჩვენი ყველა კამათი ასე მთავრდება. როცა ძალიან შევყვებით ხოლმე კამათს და ვხვდებით, რომ პიკს ვუახლოვდებით, ან მე ვეხუტები ან თაკო, რომ აღარ გავაგრძელოთ – ეს ყველაზე მეტად მიყვარს ჩვენს ურთიერთობაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი