logo_geo
თათა ჯაში: კიდევ ბევრი რისკის გემოს გაგება მაქვს გეგმაში
- +

17 მაისი. 2021. 16:29

 

 

წამყვანი ბალერინა თათა ჯაში კულინარიულ კონკურსში იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი ნაადრევად დატოვა, ფარ-ხმალს არ ყრის და კიდევ ბევრი გეგმა აქვს მომავალში.

 

თათა ჯაში: საკმაოდ რისკიანი ადამიანი ვარ. მიყვარს სიახლეები, ადრენალინი, ახალი გამოცდილებები. ჩემთვის, რეალურად, ცხოვრებაში ის არის საინტერესო, რომ ბევრი რამ გამოვცადო და დავტესტო, რისკს გავუგო გემო.

 

– რისკის გემო, ხშირად გიგემია?

 

– დიახ, ძალიან ხშირად მიგემია, თუნდაც, რისკი იყო ის, რომ პარაპლანით ვიფრინე. დიდი ხანია, ბაიკზე დაჯდომა მინდოდა და ეს ოცნებაც ავიხდინე. სულ ერთი წელია, ბაიკს ვმართავ. სხვათა შორის, გაოცებას იწვევს, როცა ბაიკზე ქალს ხედავენ, ზუსტად ისე, როგორც კომუნისტების დროს მანქანის საჭესთან მჯდომ ქალზე ჰქონდათ რეაქცია. შუქნიშანზე გაჩერებულს, მანქანის მძღოლები ცდილობენ, გამომელაპარაკონ და ყურადღებას რომ არ ვაქცევ, მერე მანქანით მომყვებიან (იცინის). ასე რომ, ბაიკერობაც ერთგვარი რისკი იყო და იმავდროულად, შიშის გადალახვაც. კიდევ ბევრი რისკის გემოს „გაგება“ მაქვს გეგმაში (იცინის).

 

– თუმცა, რისკზე წასვლას ერთნაირი შანსები აქვს – როგორც მოგების, ისე წაგების...

 

– უფრო საქმიან გადაწყვეტილებებში წამიგია. ანუ, წავსულვარ რისკზე, არასწორი გადაწყვეტილება მიმიღია და წაგებული დავრჩენილვარ. მინანია კიდეც, თუმცა, საშიშროების წინაშე არ დავმდგარვარ.

 

– „სამზარეულოს ომებში“ მონაწილეობის მიღებაც ერთგვარი გამოწვევა იყო შენთვის თუ რისკზე წასვლა?

 

– რა თქმა უნდა, გამოწვევა იყო, თუმცა უფრო სახალისო და არა რისკი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. მათგან წამოვიდა დაინტერესება და ვთქვი: რატომაც არა? ვცდი ბედს!... ეს ერთგვარი გამოცდილება იყო ჩემთვის, მოგებაზე არ მიფიქრია.

 

– ვინც კონკურსში იღებს მონაწილეობას, ის მოგებაზეც ფიქრობს, ესე იგი, შენ გამონაკლისი გამოდიხარ. როგორი მზარეული და კულინარი ხარ?

 

– ნამდვილად არ მიფიქრია მოგებაზე, თუმცა კარგი მზარეული ვარ (იცინის). 15 წლიდან მარტო მომიწია ცხოვრება და შესაბამისად, საჭირო იყო სამზარეულოში ტრიალი და სწავლა. შემდეგ უფრო დავიხვეწე, ბავშვიც გავაჩინე, მიწევს კერძების კეთება და გამომდის კიდეც. უფრო ცხობაა ჩემი ძლიერი მხარე. ზოგადად, ცხობასთან შედარებით, კერძების კეთება უფრო ადვილია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. საკონდიტრო თემაში ვარ ძლიერი (იცინის). რაც შეეხება კონკურსს, საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა. სოციალურ ქსელში „გავშიფრე“ კონკურსანტები, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, ზოგი მზარეულია, ზოგი – შეფი და ამ შოუში მე მხოლოდ გართობით შემოვიფარგლებოდი. ამიტომ, რაც კარგად გამომდის, ის გავაკეთე და შოუში ვიცეკვე (იცინის). რაც შეეხება ჟიურის, საკმაოდ კარგები არიან, თუმცა მკაცრები – ყველას მიმართ, ჩემი ცეკვით მათ ვერ მოვხიბლავ, ვერც მათ გულს მოვიგებ და ვერც პლუსებს ჩავიწერ (იცინის). ისინი ჩემს ხელს აკვირდებოდნენ და არა გარეგნობასა და ცეკვას.

 

– სხვა დროს თუ გამოსულხარ კონკურსებზე და რამდენად გწყალობს იღბალი?

 

– ამ სახის კონკურსი პირველია, თუმცა პროფესიონალურ საბალეტო ცეკვის კონკურსებზე არაერთი გრანპრი და პრიზი მაქვს მიღებული. ასე რომ, იღბალზე მეტად შრომისუნარიანობა მწყალობს. სხვათა შორის, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა რომ გაიგეს, კულინარიულ კონკურსში ვაპირებდი მონაწილეობას, პირდაპირ და მოურიდებლად, დამცინეს (იცინის). მითხრეს: მანდ რა დაგრჩენია, რა გინდაო... რატომაც არა? ადამიანმა ყველაფერი უნდა სცადო და გაერთო. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემთვის ერთგვარი გამოცდილება იქნება.

 

– ვისგან დაგყვა კულინარიული ნიჭი და სამზარეულოში ექსპერიმენტები თუ გიმართლებს?

 

– ჩემს ოჯახის წევრებს კარგი და გემრიელი ხელი აქვთ, თუმცა, ვერ ვიტყვი, ამ მხრივ, განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებული-მეთქი. რაც შეეხება სამზარეულოში ექსპერიმენტებს, ძალიან მიყვარს და არაერთხელ გამიკეთებია. ყველა ცდა ყოველთვის წარმატებით არ დასრულდა, მაგრამ... (იცინის). არ დამავიწყდება, ვცადე ტორტის გამოცხობა. ბევრი რეცეპტი გადავიკითხე. გადავწყვიტე, ბისკვიტის ამოყვანა ჩემებურად მეცადა და სრული სიბრტყე გამომივიდა (იცინის). თუმცა, არ დავნებდი და მერე, გამოვიდა. ჩემთვის ცხობა ჰობია. მართალია, აქტიური მცხობელი არ ვარ, მაგრამ თუ თავისუფალი დრო მაქვს, თავს ვირთობ.

 

– ბალერინა ხარ და ალბათ, გიწევს გარკვეულად რაციონის შეზღუდვა. თუმცა, მზარეულები ამბობენ, როცა რაიმეს ვამზადებთ, ვსინჯავთ და ის გვასუქებს, თორემ ბევრს არ ვჭამთო. შენს წონაზე ეს ჰობი არ აისახება?

 

– როგორ არა. კარანტინში, როცა სამზარეულოში აქტიურად ვტრიალებდი, ეს ჩემს წონაზეც აქტიურად აისახა (იცინის). ვხუმრობდი: დროა, გარეთ გავიდე, თორემ დავიღუპე-მეთქი. თუ ჩემი მომზადებული მე არ გავსინჯე, ისე ვერ ვხვდები, რამდენად კარგი გამომივიდა. ასე რომ, მიწევს.

 

– მეუღლეს გაშორდი და შვილს ზრდი. როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან და რა ხდება ახლა შენს პირად ცხოვრებაში?

 

– ერთი წელია, რაც მეუღლეს დავშორდი. ამის ბევრი მიზეზი იყო და ამაზე საჯაროდ საუბარი არ მინდა. თუმცა, კარგი, კომუნიკაბელური და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ცუდი პერიოდი გამოვიარე, პანდემიაც დამემთხვა, მაგრამ გადავლახე და მშვიდად განვაგრძე ცხოვრება. ახლა შვილზე ვარ გადართული და ვცდილობ, ისე გავზარდო, რომ ღირსეული მამაკაცი დადგეს. ამ ეტაპზე, კარგად ვგრძნობ თავს და რა იქნება ჩემს პირად ცხოვრებაში, არ ვიცი. ზოგადად, ჩემთვის არ არის აუცილებელი, დაოჯახებული მერქვას და გვერდით მამაკაცი მყავდეს, რომ წარმატებას მივაღწიო. თუმცა, ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და მომავალში არაფერს გამოვრიცხავ. ასე რომ, პირად ცხოვრებაში ტაიმაუტი ავიღე და ვისვენებ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი