logo_geo
ნატო გელაშვილი: მინდა, იმ ადამიანებს დავეხმარო, ვისაც, ვიცი, ჩემი შურთ
- +

17 მაისი. 2021. 16:49

 

 

სახელი: ნატო.

 

გვარი: გელაშვილი.

 

პროფესია: კომპოზიტორი.

 

– მოგონება ბავშვობიდან...

 

– ჩემი დაუვიწყარი მოგონებაა, როცა ვიკაზმებოდი, ვიკეთებდი ბევრ სამაჯურს და გავდიოდი რაღაც ირეალურ სამყაროში: ვაწყობდი სცენას, ვყვებოდი ლექსებს... მართალია, მაშინ მაყურებელი არ მყავდა, მაგრამ ჩემს ლექსებს ხეებს ვუკითხავდი. ბორჯომში ისეთი საოცარი ბუნებაა, შეუძლებელია, ემოციურად არ აღიქვა და მერე არ გამოხატო, მეც ხეზე ავძვრებოდი, დავწერდი ლექსს და მერე მათ ვუყვებოდი. ეს არის ყველაზე ტკბილი მოგონება ჩემი ცხოვრებიდან და ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი წლები.

 

– მშობლების როლი...

 

– ოჯახიდან ვიცი, რა არის მეგობრობა და როგორ შეიძლება, თავგანწირვა მისთვის, ასევე ტრადიციები, სიკეთის კეთება და კიდევ, უამრავი კარგი რამ.

 

ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

 

– ექიმობისთვის მამზადებდნენ. მაშინ სამედიცინო ინსტიტუტი ძალიან პოპულარული იყო. აბიტურიენტობის დროს იმ საგნებში ვემზადებოდი, რომელიც საჭირო იყო სამედიცინო ფაკულტეტისთვის. მერე სპონტანურად შევცვალე გადაწყვეტილება, რატომღაც, მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემი არ იყო. დაახლოებით ორი თვით ადრე, სანამ გამოცდები დაიწყებოდა გადავწყვიტე, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ჩემი შინაგანი ხმა ყოველთვის მეძახდა ამ სფეროსკენ და მას უნდა წავყოლოდი. სწორედ, ამ ხმამ გადაძალა და დიდი როლი შეასრულა პროფესიის არჩევასა და ჩემს შემდგომ ცხოვრებაში – სწორ გზაზე დამაყენა.

 

– პირველი წარმატება...

 

– 7 წლის ვიყავი, როცა ჩემმა სიმღერამ გრანპრი მიიღო ბათუმში და ეს იყო დაუვიწყარი ემოცია და ტრამპლინი სამომავლო სვლისკენ. დღეს ჩემი წარმატება – ეს არის უამრავი ადამიანის სიყვარული, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობ. ჩემი ქვეყანა ერთი დიდი ოჯახია ჩემთვის. უფრო მეტიც, ჩემი ჭირისუფალი ჩემი ქვეყნის ხალხია, რადგან ჭირი და ლხინი მათთან ერთად გადავიტანე. როცა მტკიოდა, ისინი ისმენდნენ ამ ტკივილს... ზოგადად, ადამიანების სიყვარულია წარმატება.

 

– ვრისკავ...

 

– ხშირად არა, მაგრამ რისკიანი ვარ. როცა ვრისკავ, იმის რეზერვიც მაქვს, რომ ჩემს გარისკულს მოვერიო.

 

– ვერიდები...

 

– ძალიან არ მიყვარს და ვერიდები ისეთ გარემოს, რომელიც ყალბ და ზერელე ურთიერთობებზეა დამყარებული. ურთიერთობა ურთიერთობისთვის და დიალოგი დიალოგისთვის არ არის ჩემთვის სასურველი. ის, რაც არ მოიცავს სიღრმეს და შინაგან სამყაროს, ვერიდები, ასევე გარემოს, სადაც არ არის პოზიტივი.

 

– მაკვირვებს...

 

– ის, თუ როგორ აღარ შეგვიძლია, ადამიანებს გვიყვარდეს ერთმანეთი. 90-იან წლებში უამრავი გაჭირვების მიუხედავად, ადამიანები ერთმანეთის სიყვარულით ვიკვებებოდით. ამდენი უმადურობა და ნეგატივი მაკვირვებს ქართველი ხალხისგან, რადგან ჩვენ ვართ ერი, რომელიც ემოციებზეა დამოკიდებული. ჩვენი ხალხის უნიკალურობაა, რომ ემოციური ერი ვართ. შესაბამისად, მაკვირვებს, დღეს სად დავკარგეთ და სად წავიდა ეს ყველაფერი? ამ გარემოში კი გაკვირვებას იწვევს კარგი ადამიანები, უანგარო სიყვარული და ისინი, ვისაც სიკეთის კეთება შეუძლიათ, რადგან ეს უკვე ფუფუნებად იქცა ჩვენთვის, სამწუხაროდ...

 

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

 

– უფალი არის ყველგან, უფალი არის ჩემში და უფალი არის მამაზეციერი პატრონი ჩვენი სულის და ალბათ, ხორცის.

 

– ბედისწერა...

 

– ბედისწერაა ჩემი ნატო გელაშვილობა. ეს არის ჯვარი, რომელიც გოლგოთამდე უნდა მივიტანო და მივიტან ღირსეულად.

 

– სიყვარული...

 

– ჩემთვის მთელი სამყაროა, იმიტომ რომ ყველა და ყველაფერი მიყვარს. ჩემი სიყვარულისა და ჩემი ცხოვრების კრედო თავად სიყვარულია.

 

როცა პირველად შემიყვარდა...

 

– სკოლაში დავდიოდი და როცა სახლამდე მაცილებდა, ჩანთას მიტარებდა ხოლმე. ალბათ, ყველაზე ბედნიერი წუთები იყო.

 

დრო და სიყვარული...

 

– ნამდვილ სიყვარულს დრო ვერ ერევა, მთავარია, გიყვარდეს. სიყვარული სულ ფერადია.

 

– ის, რაც უპატიებელია...

 

– ღალატი, უმადურობა, უღირსი საქციელი, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობ, შინაგანად ყველას მივუტევო, რადგან უფლის შვილი ვარ. მე მწირი ვარ უფლისთვის, ამიტომ უფალმა მიუტევოს მათ და მე მოვითმენ ამ შემოტევებს.

 

– მეშინია...

 

– მწერების. ისე მაშინებენ ხოლმე, შეიძლება, გავგიჟდე. რაღაცა რომ ფრიალებს, უკვე მეშინია (იცინის).

 

– მაბრაზებს...

 

– როცა ჩემს სიმღერასა და შემოქმედებას არასწორად ეხებიან. ამ დროს ძალიან მკაცრი ვხდები და ვბრაზდები. ამაში ვგულისხმობ შემდეგს: როცა არ არის ის, რაც სინამდვილეში ჩემი ამოძახილია. ამ დროს ისეთი აღქმა მაქვს, მგონია, ჩემს სულიერ სამყაროში აფათურებენ ხელებს.

 

– მაბედნიერებს...

 

– ჩემი შვილების არსებობა. სიყვარული ფართო მცნებაა და ის არ შეიძლება, მხოლოდ ერთ ადამიანთან ასოცირდებოდეს, არ შეიძლება მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამაბედნიეროს, შესაბამისად, ჩემ ირგვლივ ყველა ადამიანი მაბედნიერებს.

 

– შემშურებია...

 

– არასოდეს, პირიქით, ყოველთვის მინდა, იმ ადამიანებს დავეხმარო, ვისაც, ვიცი, ჩემი შურთ. მინდა, იმდენი გავუკეთო, ეს გრძნობა დავაკარგვინო. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ჩემთვის.

 

– სამაგიეროს გადახდა...

 

– არ მიცდია, ვერ შევძლებ. სამაგიერო რომ გადაუხადო, ვფიქრობ, ძალიან მწირი უნდა გახდე. როცა ადამიანი რაღაცას გიშავებს, ეს არის გამიზნული ქმედება და ჩემი უკან დაბრუნებაც იგივე იქნება. ბოროტი ბოროტით კი როდის განკურნებულა. არ მინდა, გავბოროტდე და მინდა, ამ წუთისოფელს შევრჩე ისეთი, როგორიც ვარ.

 

– ბოდიშის მოხდა...

 

– არ მიჭირს. თუ დავაშავებ, ბოდიშსაც მოვიხდი. შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს ადამიანებს, ესეც თავისებური სიამაყეა. ჩემი სიამაყე ისაა, რომ მე შემიძლია, საკუთარი შეცდომის აღიარება, მაგრამ ვეცდები, ისე ვიცხოვრო, შეცდომა, არ დავუშვა.

 

– ვნანობ...

 

– ამ გადმოსახედიდან – არც არაფერს. ის უნდა გამეკეთებინა რაც გავაკეთე. რაც მომცა უფალმა: კარგი თუ ცუდი, განსაცდელი თუ მადლი, სიყვარული თუ სიძულვილი, ნეგატივი თუ პოზიტივი, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ მისი. დავესესხები სხვას: „ალბათ, იგივეს გავივლიდი, თუ გინდ, ცხოვრება დავიწყო თავიდან“... მიუხედავად იმისა, რომ ოღროჩოღრო ბილიკებით მატარა ამ ცხოვრებამ – დაცემაც იყო და აღმაფრენაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც. ყველაფერი ახლდა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ არაფერს შევცვლიდი.

 

– ვაგროვებ...

 

– შარფებს, კოლექცია მაქვს (იცინის). ძალიან მიყვარს შარფები.

 

– მაკომპლექსებს...

 

– ახლა კომპლექსს ეძახიან ტრადიციას და ტრადიციულ ქართულ ცხოვრებას, მაგრამ ჩემთვის პირიქითაა. ზღვარი თავისუფლებასა და ტრადიციას შორის არასოდეს უნდა გაქრეს. ზღვარგადასული არაფერი მიყვარს და თუ ამას კომპლექსს დავარქმევთ, კი, ბატონო. არ მინდა, აღარც ძველს ვგავდე და აღარც ახალს, ნამდვილად არ მინდა, შუალედი მერქვას.

 

– მარტოობის განცდა...

 

– ძალიან ხშირად მქონია. ეს მარტო ყოფნა რომ არ განმეცადა, ალბათ, ბევრ რამეს ვერ შევქმნიდი.

 

ვიტყუები, როცა...

 

– ვერ ვხვდები, ტყუილი რატომ უნდა ვთქვა, როცა შემიძლია, ჩვეულებრივად ვისაუბრო, მაგრამ მაქვს ერთი მომენტი, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, მაშინ ისე მოვიტყუები და დავუქარგავ ყველაფერს, რომ მას მივეხმარო. ის, ვინც განსაცდელშია, დამძიმება აღარ სჭირდება, ამიტომ მიწევს პატარ-პატარა დამაიმედებელი, დამამშვიდებელი რაღაცების თქმა.

 

– რთული პერიოდი...

 

– ჩემი ძმის გარდაცვალება, ჩემი ცხოვრების ტრაგედია ესაა. ჩემს ძმას მიჰყვა მშობლები და ოჯახის წევრები, მაშინ შემოქმედებითი პაუზაც მქონდა აღებული და პიროვნულადაც მთლიანად მოხდა ჩემი სულისა და ხორცის განადგურება.

 

– თავისუფლება არის...

 

– როცა როიალს ავხდი თავს, ავკრიფავ კლავიშებს და მუსიკის ჰანგს ავიყვან იქამდე, სადამდეც საჭიროა. თუ ჩემი კლავიში ცამდე აწვდილი მიდის, ეს არის ჩემი სულის თავისუფლება.

 

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

 

– ჩემი შვილების დაბადებამ. მაშინ ვნახე პიროვნული სრულყოფილება, როცა დედა გავხდი.

 

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

 

– არასოდეს დანებდე, ნატო, არასოდეს შეგეშინდეს ცხოვრების. იცოდე, ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება და უფალი შენთან არის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი