logo_geo
გურამ შეროზია: ყველაფერი ამოტრიალდა, ნულიდან დავიწყე ცხოვრება
- +

17 მაისი. 2021. 17:49

 

 

ახლახან გურამ შეროზიამ და ბარბარა სამხარაძემ სიმღერა ჩაწერეს და კლიპიც გადაიღეს. გარდა იმისა, რომ საოცარი დუეტი გამოვიდა და უამრავი ნახვა და მოწონება დაიმსახურა, მისი ინტერნეტში გასვლის შემდეგ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც ამ კლიპში გამოჩნდა, საკუთარი შვილი იპოვა უცხოეთში.

 

გურამ შეროზია: როგორც იტყვიან, პირველი ამღერება ჭირს, თორემ მერე, ლიწინ-ლიწინით მიდის (იცინის). მალიბუსთან ერთად რომ ჩავწერე სიმღერა და კლიპი გადავიღეთ, არც კი მეგონა, ამხელა მოწონებას თუ დაიმსახურებდა. სამი მილიონი ნახვა აქვს და ეს კიდევ უფრო მეტი სტიმული გახდა, შთამენერგა მოტივაცია, სიმღერა დამეწერა კიდევ და გადამეღო კლიპი. მოკლედ, ჩემს თავს ვუთხარი: გურამ, არ გაჩერდე, კიდევ ჩაწერე! დავწერე სიმღერა და მივხვდი, მას ბარბარა სამხარაძის ხმა მოუხდებოდა. სიმღერა მონატრებაზეა და ასეც ჰქვია – „მომენატრები“. ბარბარა, რამდენადაც მხიარული და ოპტიმისტია, შინაგანად ძალიან ღრმა ადამიანია, რაღაც მომენტებში, მელანქოლიური და სევდიანი. მიუხედავად ასაკისა, ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს გამოვლილი, დაკარგა ადამიანები... მე ვიცოდი ბარბარას ეს მეორე მხარე და ისიც, რომ კლიპიც კარგი გამოვიდოდა. უცებ ჩავწერეთ, დავდეთ სოციალურ ქსელში და მასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ხუთ დღეში ასი ათასი ნახვა ცოტა არ არის. ნახევარ მილიონამდე რომ ავა, ვიტყვი, უკვე შემდგარი მომღერალი ვარ-მეთქი (იცინის).

 

– თუმცა, შენი ამღერება ბევრმა ნეგატიურად მიიღო და ამას კომენტარებშიც არ მალავდნენ.

 

– გეთანხმებით. მომღერლობაზე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, თუმცა ხალხის სტერეოტიპები კოშმარია. მაგალითად, წერდნენ: რა მომღერალი, შენ ხომ ლექტორი ხარ, მარკეტერი... ხალხს ვერ წარმოუდგენია, რომ რადიკალურად განსხვავებული პროფესიების პარალელურად, სიმღერაც შემიძლია და ლექტორმაც შეიძლება, დაწეროს სიმღერა, ან მარკეტინგის მენეჯერმა დაწეროს წიგნი, მხატვრული ლიტერატურა. ჩემს წიგნსაც იგივე რეაქციები მოჰყვა: ჯერ მაიამ დაწერა, ახლა გურამას წიგნიო.. რა შუაშია? მწერლობა პროფესია ხომ არ არის, რომ არ მქონდეს რაიმეს დაწერის უფლება? ვერ ვხვდები, რატომ არის ეს მიუღებელი? გაუნათლებელ ადამიანებს ისიც ჰგონიათ, რომ მომღერლობა პროფესიაა და თუ ბავშვობიდან არ დგახარ სცენაზე, მერე აღარ უნდა დადგე და ამღერდე.

 

– ანუ, უკვე მოასწრეს და ტალახი გესროლეს?

 

– კი, მოასწრეს. კომენტარების უმეტესობა დადებითია, თუმცა, მაინც გამოერია ისეთები, სადაც ნეგატივს აფრქვევენ. გამოვარდნენ და თქვეს: უი, გურამ, რად გინდა სიმღერა, შეეშვიო (იცინის). მე შეჩვეული ვარ ტალახის სროლას და არც ვირისგან წიხლი მიკვირს. რა უნდა უპასუხო ადამიანს, რომელიც ვერ ერკვევა და მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, მხოლოდ ნეგატივი აფრქვიოს. ასეთი ადამიანები, ვერ იქნებიან ჩემი წარმატების საზომები.

 

– გურამ, პირველ კლიპში, შენი ძალიან ახლო ადამიანები, ოჯახის წევრები ჩანან. მეორე კლიპში კი უცხო ადამიანებიც გამოჩნდნენ და ამას საკმაოდ საინტერესო ისტორიაც მოჰყვა. კერძოდ, ერთმა ქალბატონმა საკუთარი შვილი იპოვა. იქნებ, ამაზეც მომიყვე?

 

– დიახ, პირველ კლიპში ახლო და საყვარელი ადამიანები ჩანან, ამ კლიპში კი ერთ-ერთია მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ქალბატონი, სახელად ზეინაბი. რომ ვიცი, თავშესაფარში მცხოვრები ადამიანები ოჯახის წევრებისგან შორს არიან და თავისი სამყარო აქვთ, სულ მინდა, ჩავრთო მასობრივ ღონისძიებაში, რომ თავი მარტოსულად, გარიყულად არ იგრძნონ და გავაბედნიერო. ვიღაც რომ მეტყვის: გნახე, გიცანი და რა მაგარი ხარო, ეს მათთვის, ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს. მოკლედ, კლიპში ქალბატონი ზეინაბი გადავიღე და სოციალურ ქსელში რომ გამოჩნდა, მისი შვილი, შვილთაშვილი დამიკავშირდა. უცხოეთშია მისი შვილი – ვერ გეტყვით, რა მოხდა, როგორც ჩანს, მანძილის გამო გაწყდა მათ შორის კონტაქტი და ეს ქალბატონი თავშესაფარში აღმოჩნდა. სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინეს ჩემს კლიპში ქალბატონი ზეინაბი. მოკლედ, ჩემი კლიპის წყალობით, დედამ შვილი იპოვა და შვილმა – დედა. ვიდეო მანახვეს, სადაც აცრემლებული დედა შვილს ელაპარაკება და ეუბნება: მე იქამდე არ მოვკვდები, სანამ შენ არ ჩამოხვალ, დაგელოდები, ჩემო ლამაზო გოგოო. ეს სცენა, ნამდვილი დრამა იყო და ბარბარაც წერდა: სულ რომ ერთი ნახვაც აღარ მოემატოს ამ კლიპს, ეს კეთილი საქმე, ამად ღირდა, მიზანი მიღწეულიაო. ვერ წარმოიდგენთ, ეს ფაქტი, ადამიანურად, რამდენად ემოციური იყო ჩემთვის. წარმოიდგინეთ, ჩემმა კლიპმა, უახლოეს ადამიანებს, დედა-შვილს ერთმანეთი აპოვნინა. საბერძნეთიდან რომ მომწერა მისმა შვილმა და წავიკითხე, თვალებს არ ვუჯერებდი. ეგრევე ბარბარას დავუკოპირე და მივწერე: შენც იმავეს ხედავ და კითხულობ, რასაც მე-მეთქი? ცრემლი მოგვადგა, ყველაფერი გადაფარა – არც კლიპის კომენტარებს ვკითხულობდით და არც ნახვებს. იმ წუთას მთლიანად მოვწყდით ჩვენს მთავარ რელსებს და ამ ამბავზე გადავერთეთ.

 

– დამეთანხმე, რომ უბრალოდ არაფერი ხდება ამქვეყნად. როგორ იპოვე და შეარჩიე ეს ქალბატონი კლიპში გადასაღებად?

 

– თავშესაფრებში გავიკითხე, რომ კლიპში გადასაღებად ვეძებდი არტისტულ, ლამაზ, ასაკში შესულ ადამიანს. ქალბატონი ზეინაბი გლდანის მოხუცთა თავშესაფარში ვნახე. ის ფაქტი, რაც ამას მოჰყვა, შემთხვევითობა არაა, მგონია, ეს ბედნიერი დამთხვევაა. ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიური და ემოციურია და ბედნიერი ვარ და ამ შედეგის თანამონაწილე გავხდი. სასწაული იყო, შოკირებულები ვიყავით მეც და ბარბარაც. დამიჯერეთ, ცრემლი მომადგა, ვიტირე, როცა დედა-შვილის საუბრის ვიდეო ვნახე.

 

– თქვი, სენსიტიური და ემოციური ვარ ასეთი ფაქტების მიმართ, ცრემლი მომადგა, ვიტირეო. თუმცა, ბევრს ასეთი ვერ წარმოუდგენიხარ.

 

– გეთანხმებით. ხშირად უთქვამთ: ხან მხიარული ხარ, ხან დამრტყმელი ძალა, მებრძოლი, შეუპოვარი და შენი სიმღერები რატომ არის დრამა, ღრმა და სევდიანიო. პირველი სიმღერით ხალხს მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც დასრულდა, მაგრამ კვალი დატოვა, მეორე სიმღერაში კი მონატრებაზე ვმღერი და წასულ ადამიანებს ვიხსენებ. ასეთი ვარ შინაგანად და რასაც ყოველდღიურობაში ვერ გამოვხატავ, ჩემს შემოქმედებაში ვდებ – სიმღერაში, დაკვრაში, ლიტერატურაში.

 

– ანუ, ყოველდღიურ ცხოვრებაში თამაში გიწევს?

 

– თამაში არა, პირიქით, ისეთი ვარ, როგორ სიტუაციაშიც მიწევს ყოფნა ყოველდღიურობაში. თუ საჭიროა, ვიბრძოლო, მიწევს ბრძოლა და არც თუ ისე იშვიათად. თუ რამე სევდიანი ხდება, ეს ჩემში შიგნით „იკეტება“, არ მიყვარს ამის ემოციურად გამოხატვა და აფიშირება.

 

– როგორია შენი შინაგანი სამყარო? რა ფერია ის? როცა მარტო რჩები, რა ხდება შენში?

 

– ჩემი სამყარო ძალიან ფერადი და ოპტიმისტურია, თუმცა ემოციური ვარ და როცა მარტო ვრჩები, ხშირად ვფიქრობ წარსულზე, სევდიან ემოციურ მომენტებზე. გული მწყდება გარდასულ დღეებზე, რომელსაც ვერ დაიბრუნებ და გენატრება.

 

ყველაზე მეტად, რისი დაბრუნება გინდა?

 

– ბევრი ადამიანი მენატრება, ჩემი ყოფილებიც კი (იცინის). ასევე, მენატრება ქვეყნები, რომლებიც მოვიარე, საოცარი თავგადასავლები დამრჩა და მერე წიგნად გამოვეცი, იქ „გამოვკეტე“, რომ ჩემთან მოგონებად დარჩეს, სხვებსაც გავუზიარო და მერე, ეს ჩემი მოგონებები ხშირად წავიკითხო. რასაკვირველია, მენატრება გარდაცვლილი ახლობელი ადამიანები და მათ შორის, ჩემი მეგობარი, რომელიც 17 წლის ასაკში დავკარგე. მისი ამქვეყნიდან უეცარი წასვლა ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა იყო, ფაქტობრივად, მეც მოვკვდი და მეორედ დავიბადე. მან ჩემში უდიდესი კვალი დატოვა და ჩემს სიმღერაში ისიც იგულისხმება. მისი სიკვდილი ჩემს ცხოვრებაში პირველი „დარტყმა“ იყო, დიდი სტრესი მივიღე და გადავიტანე. მოულოდნელად გარდაიცვალა და ჩემთვის ყველაფერი ამოტრიალდა, ცხოვრება ნულიდან დავიწყე. სხვათა შორის, ამ ტრაგედიამ გამაძლიერა. როცა რამე ცუდი ხდება, ის მახსენდება და ვამბობ: იმაზე ცუდი ვერაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. ასე რომ, ყველაზე ძლიერ „დარტყმას“ უკვე გავუძელი, გადავლახე და ის განცდა 14 წლის მერეც მახსოვს, ჩემში „ჩამარხულ“ ემოციად ინახება. ტრაგედია არ მსუბუქდება, უბრალოდ, ვეჩვევით, ყრუ ტკივილად ვგრძნობთ და მთელი ცხოვრება გაგვყვება. დრო იარას აშუშებს, თუმცა ვერ კურნავს.

 

– შენს პირად ცხოვრებაშიც არის ასეთი იარები?

 

– რასაკვირველია. თუნდაც ჩემი ბოლო, აფრიკული სიყვარული. ძალიან მარტივად მიყვარდება და სრული ერთი კვირა კოკოს გვერდით უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. პანდემიის გამო ვერ შევძელით ერთმანეთთან ახლოს ყოფნა. ორი თვე ვეცადეთ, დისტანციურ სიყვარულობანას, თუმცა ერთმანეთს უფრო ვტანჯავდით, ვიდრე ვაბედნიერებდით და სამწუხაროდ, ჩემი შეყვარებული კოკოც მოგონებად დარჩა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი