logo_geo
თამთა ჭელიძე: თაყვანისმცემლები იყვნენ, მაგრამ კარგი ოხერი ვიყავი
- +

17 მაისი. 2021. 18:43

 

 

ძალიან აქტიური ბავშვობა და მსმენელის უდიდესი სიყვარული ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძველებურად აღარ ჩანს, ყველას ახსოვს და პერიოდულად, მაგრამ მაინც ცდილობს, რომ ახალი ნამუშევარი წარუდგინოს საზოგადოებას.

 

თამთა ჭელიძე: საქმიანი ცხოვრებით ვარ დაკავებული და პანდემიის პირობებშიც ვმუშაობ, მაგრამ შედარებით მსუბუქი გრაფიკით. შემოქმედებას რაც შეეხება, რუსა მორჩილაძის ძალიან კარგი სიმღერა მაქვს და როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, მაშინვე დავიწყებ მასზე მუშაობას.

 

როგორ დაიწყო ყველაფერი?

 

– ჩემი პირველი ნაბიჯები ძალიან ბევრ შრომას უკავშირდება. ექვსი წლიდან ვმღეროდი. 11 წლიდან დაიწყო კონკურსები. ერთადერთი სატელევიზიო კონკურსი იყო მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც გრან-პრი ავიღე. იქ გავიცანი კომპოზიტორები ნატო გელაშვილი და რუსა მორჩილაძე, რომლებმაც ჩემთვის არაჩვეულებრივი სიმღერები შექმნეს. შემდეგ მოსკოვში წავედი და ძალიან პოპულარული კონკურსის ლაურეატი გავხდი. მაშინ მივხვდი, რომ მინდოდა, ამ პროფესიისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი და მუხლჩაუხრელად დავიწყე შრომა. იოგებზე მქონდა პრობლემა და ხშირად მიწევდა ექიმებთან სიარული. ბევრს ვწვალობდი, მაგრამ ძალიან ვცდილობდი, მიზნისთვის მიმეღწია. საკუთარ თავთან ძალიან დიდი მოთხოვნები მქონდა. ფანატიკოსი ვიყავი, ჩემი საქმით შეპყრობილი. საკუთარი თავი არასდროს მომწონდა, ყოველთვის უფრო მეტი მინდოდა. სანამ ძალიან ბევრს ვშრომობდი, მანამდე კარგი შედეგიც მქონდა. თუ ძალიან ბევრს არ იშრომებ, ხალხს თავს ვერ შეაყვარებ. 16 წლის გოგოსთვის უდიდესი წარმატება იყო საზოგადოების დიდი სიყვარული. „უცნობი ქალი“ რომ დაიწერა, მაშინვე მივხვდი, რომ მას ყველა ძალიან შეიყვარებდა. პირველად შევასრულე თუ არა, საოცარი გამოხმაურება მოჰყვა.

 

– არ გიჭირდათ ემოციების გაკონტროლება, „თავში ავარდნის“ მომენტები არ ყოფილა?

 

– ძალიან მიხაროდა, ქუჩაში რომ ყველა მცნობდა და მეფერებოდა, ავტოგრაფებს მთხოვდნენ. კონცერტებზე უამრავი „ფანი“ გვხვდებოდა. უამრავი თაყვანისმცემელი გვყავდა. ძალიან ბევრი ბიჭი მეპრანჭებოდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან ბევრს ვუყვარდი. უამრავი კონცერტი ტარდებოდა, კლუბებში ვმუშაობდი, ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, მაგრამ თავში ნამდვილად არასდროს ამვარდნია.

 

– როგორი იყო თამთა თაყვანისმცემელ ბიჭებთან?

 

– იყო მოტაცების მცდელობა, რომელიც მე თვითონ მოვაგვარე ლაპარაკით. წამიყვანეს, მაგრამ ისე ველაპარაკე, რომ გზიდან მომაბრუნეს და სახლში მიმიყვანეს. იყო სიმღერები აივანთან, ყვავილები, მამაჩემის ჩხუბები (იცინის). ძალიან მრავალფეროვანი, სიყვარულით და ბედნიერებით სავსე წლები მქონდა.

 

– თამთას გულში რა ხდებოდა ამ დროს, როცა ამდენი ბიჭი ეპრანჭებოდა?

 

– არაფერი. თაყვანისმცემლები იყვნენ, მაგრამ კარგი ოხერი ვიყავი (იცინის). ბიჭებთან საკმაოდ ამბიციურად მეჭირა თავი, მათი წვალება მიყვარდა. ვაღიარებ, ძალიან ვამწარებდი თაყვანისმცემლებს (იცინის). იმის ამბიცია მქონდა, რომ ბიჭი გარეგნობითაც და შინაგანადაც კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მაშინ შეყვარებულებზე დიდად არც ვფიქრობდი.

 

– პირველი სიყვარული...

 

– ჩემი პირველი სიყვარული ჩემი ყოფილი მეუღლეა. ჩვენი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა. მანამდე მხოლოდ ბავშვური გატაცებები მქონდა. რთული იყო ოჯახის დანგრევა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ასე მოხდა. ოთხ წელიწადში დავიშალეთ, მაშინ ლიზა ორი თვის იყო. იმდენად განსხვავებული ადამიანები და იმდენად პატარები ვიყავით, რომ ვერ შევძელით არსებულ პრობლემებთან გამკლავება. იმ ასაკში ძალა არ გვეყო ამისთვის. ბავშვები კი არა, დიდები ვერ ახერხებენ ამ პრობლემების გადალახვას. ამიტომ, დღეს ვფიქრობ, რომ ოჯახი ზრდასრულ ასაკში უნდა შექმნა.

 

– ულამაზესი შვილი გყავთ, როგორია გარეგნობის მიღმა?

 

– უკვე 15 წლის არის და ძალიან ჭკვიანი გოგოა. „ლუქ მოდელსში“ დადის და მოდელობას აპირებს, თან იაპონურ ენას ითვისებს. სკოლაშიც კარგად სწავლობს. მისი ოცნებაა იაპონიაში წასვლა. პროფესიასთან დაკავშირებით ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა და ამაზე ცოტას ნერვიულობს. მე ვამშვიდებ, რომ ჯერ კიდევ აქვს დრო. უხარია, რომ მის მშობლებს იცნობენ და უყვართ, მაგრამ თვითონ არ აქვს მისწრაფება, რომ ცნობილი იყოს. ერთი პერიოდი სიმღერა მოინდომა, მაგრამ მალე თქვა, საკმარისად ნიჭიერი არ ვარო.

 

– როგორ მოხდა ისე, რომ თამთამ ოჯახი არ შექმნა? ამის სურვილი არ გქონიათ?

 

– ვერ გეტყვით. სურვილი რომ მქონოდა, ნამდვილად შევქმნიდი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, მომავალში შევქმნა. ჩემთვის მთავარი სიყვარული, ნდობა და მეგობრობაა. ასაკი რომ გემატება, უკეთ ხვდები რა გჭირდება და მერე უფრო ძნელდება ამ ნაბიჯის გადადგმა. უფრო რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, როგორიც გინდა, რომ მთელი ცხოვრება შენ გვერდით იყოს.

 

– პატარა თამთა ამწარებდა ბიჭებსო, დღეს როგორი ხართ თაყვანისმცემლებთან, ბავშვური თვისებები შემოგრჩათ?

 

– ცოტა კი (იცინის). მარტივი ხასიათი არ მაქვს. მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანს ძალიან უნდა ვუყვარდე და მეც ძალიან მიყვარდეს. მთავარი ეს გრძნობაა.

 

– შვილთან მკაცრი ხართ, მით უმეტეს, როცა საქმე თაყვანისმცემლებს ეხება?

 

– ლიზას ჰყავს შეყვარებული. მე ძალიან მარტივად ვუდგები ამ საკითხს. პატივს ვცემ ჩემი შვილის გადაწყვეტილებას და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. საკმაოდ მკაცრი ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა სიმკაცრე წავიდა. ხანდახან, წარსულს რომ ვიხსენებ, ვნერვიულობ ხოლმე. ლიზას ეცინება ამაზე. მან ზუსტად იცის როგორ უნდა იურთიერთოს ჩემთან. მგონი, ერთადერთი ადამიანია, რომელიც ზუსტად მიცნობს და ჩხუბს რომ დავუწყებ, უცებ ისეთ რამეს მეტყვის, ორ წამში გამაჩერებს. მართლა ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი განიარაღება შეუძლია. ბევრს ძალიან მკაცრი ვგონივარ, ამ დროს, თუ ჩემი „გასაღები“ იცი, ძალიან მარტივად შეიძლება ჩემი მართვა. ლიზაც გაიზარდა და მეც, შესაბამისად, შეხედულებები მეცვლება და ახლა ვთვლი, რომ ძალიან სიმკაცრე აღარაა საჭირო. უფრო ლოიალური და მიმტევებელი გავხდი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი