logo_geo
ნინა ლორთქიფანიძე: ყველა მეუბნება, რა მაგარი ხარ, ეს რომ გაბედეო
- +

17 მაისი. 2021. 18:43

 

 

მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ სანის შეყვარებულის როლს ასრულებს. პერსონაჟების სიყვარულმა მსახიობების რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა და გიორგი ტაბიძე და ნინა ეკრანს მიღმაც შეყვარებულები არიან.

 

ნინა ლორთქიფანიძე: საინტერესო ბავშვობა მქონდა. ჩემი ინტერესი თავიდანვე იყო გამოკვეთილი – არ ყოფილა ერთი კონკრეტული დღე, როცა მსახიობობა გადავწყვიტე, ყოველთვის ეს მინდოდა. მთელი ბავშვობა ხელოვნებისკენ ვიყავი მიდრეკილი. ვწერდი სცენარებს და წარმოდგენებს ვდგამდი მეზობლებისთვის, ვმსახიობობდი და ასე შემდეგ. ექვსი წლის ვიყავი, როცა ცეკვაზე შევედი და 17 წლამდე ინტენსიურად ვცეკვავდი ბალეტსა და თანამედროვე ცეკვებს. მერე თეატრალურში ჩავაბარე და ამის დრო აღარ მრჩებოდა. ცეკვაც ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ამ მხრივაც ფორმაში ვიყო, მსახიობობისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

– ბებო – თამარ სხირტლაძე არის ის ადამიანი, ვინც ძალიან უყვართ და აფასებენ. ერთ პროფესიას ემსახურებით, რას ამბობს თქვენზე?

 

– რამდენჯერაც ჩემს სპექტაკლზე იყო, შემაქო კიდეც, მაგრამ კრიტიკასაც არ იშურებს და მე ეს უფრო მაინტერესებს. შენიშვნებს და რჩევებს მაძლევს. იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ უნიჭო ვიყავი და არაფერი გამომდიოდა. თამარასთან რომ მივიდოდი, ისეთ რჩევებს მომცემდა, მისგან სულ სხვა ფიქრებით მოვდიოდი. ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო. ეს ყველა პროფესიაში მნიშვნელოვანია, მაგრამ თეატრს, რამდენადაც ჯადოსნური სამყაროა, იმდენად უსიამოვნო მომენტებიც ახლავს, რომელიც კულისებში ხდება და ფეხის წამოდებაში გამოიხატება. სულ მაფრთხილებს, რომ ეს ძალიან რთული გზაა და ახლა რომ ნერვები სისულელეებზე მეშლება ხოლმე, მეუბნება: წინ უარესები გელოდება და ძლიერი უნდა იყო, შენი პროფესია ძალიან უნდა გიყვარდესო.

 

– მისი სახელი და გვარი გეხმარება?

 

– პასუხისმგებლობის მხრივ – რთულია. მგონია, რომ ვალდებულება მაქვს, უმაღლეს დონეზე შევასრულო ჩემი საქმე. სიმართლე რომ ვთქვა, ბევრმა არც იცის, რომ თამარა ჩემი დიდი ბებიაა. უნივერსიტეტშიც რომ აღმოუჩენიათ პედაგოგებს ამის შესახებ, უთქვამთ: უი, რატომ არ ამბობო და რა უნდა ვთქვა – იცით, მე ამის შვილიშვილი ვარ?! არ მიყვარს ასეთი რამეები. თუმცა, სადაც იციან, იქ ძალიან ამაყი ვარ ამ ფაქტით და ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა თამარა კოლეგად მომიხსენიებს. მგონია, რომ ჩემი ოჯახი ძლიერი ქალბატონებისგან შედგება. დედა, ბებია, მეორე ბებია – ყველა ძალიან ძლიერები გამოვდექით.

 

– მეორე ბებო და ძმა საფრანგეთში ცხოვრობენ. შენ არ გქონდა იქ გადასვლის სურვილი?

 

– ბებია ბევრი წელია, იქ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ჩემი ძმა ბაღში პარიზში დადიოდა, სკოლაში აქ იარა და მერე ისევ საფრანგეთში გააგრძელა სწავლა. მე ცოტა სინანულის შეგრძნება მაქვს – ვფიქრობ ხოლმე, სკოლის დამთავრების შემდეგ რატომ არ წავედი-მეთქი. ზოგადად, არ მიყვარს, როცა რამეს ვნანობ, მაგრამ რაღაცები რაც ჩვენს პროფესიაში აქ ხდება, არ მომწონს. თუმცა რომ ვუფიქრდები, მაინც არ ვნანობ. აქაც დიდი გამოცდილება მივიღე, საუკეთესო პედაგოგი მყავს, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი.

 

– „ჩცდ“ არის შენი პირველი სერიოზული გამოცდილება ეკრანზე?

 

– მანამდე იყო პატარ-პატარა გამოცდილებები. შემდეგ ერთ ფილმში ვითამაშე, რომელიც ჯერ არ გამოსულა. ეკრანზე პირველი ძალიან დიდი ნაბიჯი „ჩემი ცოლის დაქალებია“. ქასთინგ-მენეჯერი – ეკა მჟავანაძე ძალიან ხშირად მირეკავდა სხვადასხვა როლზე და ბევრჯერ გამივლია ქასთინგი, მაგრამ სამწუხაროდ, კონკრეტულ როლებზე არ დავუმტკიცებივარ. ამ პერსონაჟზე რომ დამირეკა, უიმედოდ მოვედი, არც მიფიქრია, რომ როლზე დამამტკიცებდნენ. როცა მითხრა, დაგამტკიცესო, ვერ აღგიწერთ, რა გრძნობა დამეუფლა. ამ სერიალს ყველა უყურებს და თუ მანდ გამოჩნდი, მეორე დღეს ყველა შენზე ლაპარაკობს – ან „გადაგივლიან“ ან კარგად მიგიღებენ. სამწუხაროდ, მე თავიდან „გადამიარეს“, ზოგი პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიოდა, რაც არ მესმის. თავიდან მართლა ძალიან ვნერვიულობდი ამის გამო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ უნდა მიმექცია ყურადღება. მალე დამოკიდებულებაც შეიცვალა და ახლა ადამიანებისგან იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ ყველაფერი გადაფარა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რით დავიმსახურე-მეთქი.

 

– სერიალთან ერთად პირად ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყო. შენი პერსონაჟისა და სანის სიყვარული რეალურ გრძნობაში გადაიზარდა. ეს როგორ მოხდა?

 

– პროფესიის არ იყოს, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის გრძნობა ერთ დღეს გაჩნდა. მე და გიორგი მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, კურსელები ვართ. ახლოს არ ვიყავით, მაგრამ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა. მერე, როცა ამ როლზე დამამტკიცეს, პირველი პერიოდი მაინც, დილიდან-საღამომდე ერთად გვქონდა გადაღებები. ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ერთნაირები აღმოვჩნდით და ჩვენი ურთიერთობა თავისით აეწყო. დღეც არ ყოფილა, ერთმანეთისთვის გვეთქვა, მე შენ მიყვარხარ და მოდი, ერთად ვიყოთო.

 

– დაინიშნეთ?

 

– არა. უბრალოდ, ჩვენი სამომავლო გეგმა გაჟღერდა. მეორე დღეს არც ხელი მომიწერია, არც ბეჭედი გამიკეთებია, არც დავნიშნულვართ და არც ერთად ვცხოვრობთ. როგორც მანამდე, ურთიერთობას ვაგრძელებთ, როგორც შეყვარებულები. უცებ რომ გრძნობები და ემოციები შემოგიტევს, ეგეთი ჯადოსნური დღე გვქონდა, როცა ეს გაჟღერდა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ცოტა ადრე იყო ამ ყველაფერზე საუბარი. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში იქნება. რაც გაიგეს, რომ მე და გიორგი სინამდვილეში ერთად ვარ, მაგის მერე უფრო გაუჩნდათ განსაკუთრებული სიყვარული, ძალიან კარგად მიიღეს ჩვენი წყვილი.

 

– ცოტა ხნის წინ, შენს ხუჭუჭა თმას გამოეთხოვე. რატომ გადაწყვიტე თმის გადაპარსვა?

 

– არ მიყვარს ერთფეროვნება და მთელი ცხოვრება თმას ხან ვიჭრიდი, ხან ვიღებავდი – ერთი სტილი არასდროს მქონია. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ახლა გადავიპარსე, ის იყო, რომ ძალიან გამიფუჭდა, დამეწვა თმა. ბოლო ერთი თვე აქტიურად ვფიქრობდი გადაპარსვაზე, თმა არის თუ არ მომეწონებოდა რამეს მოვიფიქრებდი და ბოლოს და ბოლოს ამოვიდოდა. ძალიან მიხარია, რომ მომეწონა და სამომავლოდ როლისთვის რომ დამჭირდეს, ვიცი, რომ ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება. თავიდან, ხანდახან მავიწყდებოდა, რომ თმა გადაპარსული მქონდა და სახლიდან გასვლისას სარკეში რომ ვიხედებოდი, ვაიმე-მეთქი, უცებ გავიფიქრებდი (იცინის). ორ დღეში შევეგუე და ძალიან მომწონს, მაგრამ ისე მალე მეზრდება, რომ ჩემი ხუჭუჭები მალე დამიბრუნდება. ყველა მეუბნება, რა მაგარი ხარ, ეს რომ გაბედეო და ვერ ვხვდები, რა არის აქ გასაბედი. თუმცა, გამიხარდა, რომ ყველას ძალიან მოეწონა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი