logo_geo
კახა კახაბრიშვილის პროფესიული ცხოვრება გენიოსებთან ერთად და 12-წლიანი ოჯახური იდილია თამარ გვერდწითელთან…
- +

20 მაისი. 2021. 16:40

 

 

„…ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი გამარჯობას თუ მეტყოდნენ… აღმოჩნდა, რომ მე მათ გვერდით ზოგის მოწაფე ვიყავი, ზოგის ასისტენტი და შემდეგ კოლეგა. ბატონი ვასო მეკითხებოდა, გოძიაშვილი, ახალგაზრდა ბიჭს, დამწყებ რეჟისორს – ბატონო კახა, ასე შეიძლება გავაკეთოო? – როგორ არ შეიძლება, რაც ნიჭიერებასთან არის დაკავშირებული, ყველაფერი შეიძლება…“

 

ადამიანი, რომელსაც ცხოვრება გენიოსების გვერდით მოუწია გიორგი (კახა) კახაბრიშვილია, რომლის დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია ასე დაიწყო…

 

… –  ვოცნებობდი, რეჟისორი ვყოფილიყავი. კინოსარეჟისორო ფაკულტეტი საქართველოში მაშინ არ იყო, მარტო ერთადერთი მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი „ვგიკი“ არსებობდა. სამწუხაროდ, მშობლებს იმის საშუალება არ ჰქონდათ, რომ მე სხვა ქალაქში მესწავლა. სხვათა შორის, ახლანდელ დროში მე ისევ აბიტურიენტი რომ ვყოფილიყავი, ჩემები ვერც ახლა მოახერხებდნენ სწავლის საფასურის გადახდას. რასაც ჩვენ სწავლაში ვიხდით ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, მგონია, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის დამღუპველია და ბოროტებაც არის. სწავლა უფასო უნდა იყოს. ცხოვრება ხომ ისეთი გენიოსია, თვითონ ალაგებს ყველას თავ-თავის ადგილზე. სხვათა შორის, არც რამაზ ჩხიკვაძე იყო ფრიადოსანი თეატრალურ ინსტიტუტში და არც ეროსი მანჯგალაძე. სამაგიეროდ, ვიცი ფრიადოსნები, წითელი დიპლომები რომ ჰქონდათ, დღესაც სახლში სხედან და მათ შესახებ არავინ იცის.

 

თეატრალური

 

მამაჩემი სტალინგრადის ფრონტიდან კონტუზიით დაბრუნდა. ოცნებობდა, რომ ექიმი გავხდებოდი და მოვარჩენდი. წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილი იყო ჩემთვის, როცა მამის ნატვრას არ ვასრულებდი და სულ სხვა გზით გადავწყვიტე სიარული. როცა მე ვაბარებდი, იმ წელს თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე  მიღება არ ჰქონდათ, შემომთავაზეს, სამსახიობოზე დარჩიო. მკაცრად ვიუარე და უცებ ჩემს უკან ბატონმა აკაკი ხორავამ გადაიხარხარა: „რა დაგიშავეთ, შვილო, მსახიობებმაო“, არ ვიცოდი, თუ იქ იყო, გული კინაღამ გამისკდა… ასე აღმოვჩნდი თეატრალურში. სწორედ აქ ვითამაშე ჩემი ერთადერთი ეპიზოდური როლი „ფიგაროს ქორწინებაში“. მესამე კურსიდან  ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში გადავედი სარეჟისორო ფაკულტეტზე…

 

– …და ეს იყო პირველი ექსპერიმენტული ჯგუფი,  ვინ იყვნენ თქვენთან ერთად?

 

– ახლა უნდა ვიტრაბახო, ეს იყო პირველი ექსპერიმენტული ჯგუფი, სადაც მსახიობები და რეჟისორები ერთად ვიზრდებოდით. სარეჟისორო ჯგუფში ვიყავით: ქეთი დოლიძე, ვარლამ ნიკოლაძე, ევგენი ბასილაშვილი, რეზო ჩხაიძე, ნანა კვასხვაძე და მე. მსახიობები ნუგზარ ბაგრატიონი–გრუზინსკი, ნანი ჩიქვინიძე, დათო კვირცხალია, გიზო ღელეყვა, ჯემალ ბერიძე, მარი ჯანაშია, მანანა გამცემლიძე, ბესო ხიდაშელი, გივი ჩუგუაშვილი, ახალციხის თეატრში ლუდა მაზანაშვილი, ზაირა კალანდაძე, ციცო ჯანდიერი, მაგდა მებულიშვილი… ყველა, ვისაც ვასახელებ, მცირე, მაგრამ მაინც მოახერხეს გაეკეთებინათ ქართულ თეატრსა და კინოში. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მასწავლებლის, ბატონი მიხეილ თუმანიშვილის მადლია.

 

–  სწავლის პროცესიც განსაკუთრებული გქონდათ…

 

– ნამდვილად… ის, რასაც ჰქვია ოსტატის გვერდით ყოფნა. მაგალითად, როცა ლადო გუდიაშვილი ქაშვეთის ეკლესიის შესანიშნავ აბსიდს ხატავდა ენკაუსტიკის ტექნიკით, მისი შეგირდებიდან ზოგი საღებავებს აზავებდა, ზოგი სანთელს ადნობდა, ზოგი კი მიაწოდებდა და ეს დიდი მაესტრო ამ მონახაზს აკეთებდა. აი, ჩვენც ასე ვიზრდებოდით ჩვენი  მაესტროს მიხეილ თუმანიშვილის გვერდით. რა თქმა უნდა, გვქონდა დავალებები, სადაც ჩვენივე ჯგუფის მსახიობებს ვაკავებდით. ჩემს სადიპლომო დადგმაში – „მე შენ მიყვარხარ“  პირველი როლი ითამაშა მსახიობმა მარი ჯანაშიამ.

 

– გენიოსების გვერდით ყოფნა ყველასთვის არ არის განკუთვნილი…

 

– არ ვიცი, ეს, მართლაც, ღმერთის ნება იყო. მე ვერაფრით გავაკვირვებდი ვერავის, გარდა ჩემი მონდომებისა, სიყვარულისა და დამოკიდებულებისა. ერთხელ რუსთავის ტყეში „გვადი ბიგვას“ გადაღებები გვქონდა, რომ დავამთავრეთ გიორგი გეგეჭკორმა მითხრა: – იცი, რატომ მოვდივართ შენთან, იმიტომ რომ მსახიობი გიყვარსო.  ერთხელ ბატონმა მიშა თუმანიშვილმა მითხრა, ეროსის უთქვამს, შენსავით მუშაობსო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ სხვაგვარად მე ვერც ვიმუშავებდი, იმიტომ რომ მე, ბატონი მიშას მოსწავლე ვიყავი.

 

– რატომ გქონდათ ასეთი დიდი სიყვარული, სანამ ჩააბარებდით?

 

– ეს კითხვა მე თვითონაც მქონდა საკუთარი თავის მიმართ და ჩემს ახლობლებსაც გაუჩნდათ. მე დავიბადე ანჩისხატის ეკლესიის ეზოში. ჩემს ბავშვობაში, ამ ეკლესიაში ხალხური შემოქმედების მუზეუმი იყო, სადაც დედა დამლაგებლად მუშაობდა. ხშირად მივყავდი ხოლმე თან და რომ დავითვალოთ, რამდენიმე წელი მაქვს ანჩისხატის ეკლესიაში გატარებული. დედას ოცნება იყო, ქურქი ჰქონოდა, განვადებით შეიძინა და ორი თუ სამი წელი იხდიდა. ედო, არ ჩაუცვამს… ერთ დღეს გამოვაცხადე, რომ რეჟისორობა მინდოდა და კინოკამერა მჭირდებოდა, რომელიც მაშინ დიდი თანხა – 450 მანეთი ღირდა. არც დაფიქრებულა, ისე გაყიდა ქურქი და სახლში რომ მივედი, კინოკამერა დამახვედრა.

 

ტელევიზია

 

– ტელევიზიის პირველ არხზე 35 წელი გავატარე. ამ კედლებში დადიოდნენ: რეზო ჩხეიძე, მიხეილ თუმანიშვილი, შოთა ქარუხნიშვილი, ბიძინა კვერნაძე… ყველანი აქ მუშაობდნენ. მეგაპროექტებს ვაკეთებდით… თავიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი, შემდეგ გახდა კორპორაცია, რომელიც იტევდა პირველ და მეორე არხს, რადიოს ორ პროგრამას, რადიოს მაუწყებლობა უცხოეთის ქვეყნებზე ინგლისურად და გერმანულად. ასევე  გვქონდა მსოფლიოში ცნობილი ტელეფილმების სტუდია და სატელევიზიო  თეატრი, საესტრადო სიმფონიური და ხალხურ საკრავთა ორკესტრები. ასევე გვქონდა სატელევიზიო თეატრი. ფილარმონიაში, თვეში ერთხელ ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზიის საღამოები ტარდებოდა, ეს იყო დიდი დღესასწაული. ჯანსუღ კახიძე თავის ორკესტრთან ერთად ბავშვებს სიმფონიურ მუსიკას ასწავლიდა. დღეს სხვადასხვა ტელევიზიები ხშირად  იჩემებენ პირველობას. თუმცა, პირველი პირდაპირი ჩართვა, იცით, როდის იყო? 1971 წელს, იაპონელები სოხუმიდან იაპონიაში ჩაერთვნენ. დღეს  ტექნიკა  დაიხვეწა და უკეთესი გახდა. მაშინ რომ ახლანდელი საშუალებები  გვქონოდა, რა თქმა უნდა,  ჩვენც უკეთესი გამოგვივიდოდა.

 

ტელესპექტაკლები

 

1972–73 წელს მიხეილ თუმანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა. ტელევიზიის მაშინდელმა თავმჯდომარემ კარლო გარდაფხაძემ სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა, მაგრამ ბატონმა მიშამ უარი თქვა. მე ჩემს სტუდენტთან, კახა კახაბრიშვილთან ერთად, „ფერად გადაცემათა“ რედაქციაში ვიქნებიო… და დაიწყო სატელევიზიო სპექტაკლების ახალი ტალღა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტელედადგმა დაკარგულია, რადგან მაშინ ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კინოფირზე მხოლოდ ფრაგმენტებს იღებდნენ, რაც ისტორიას რჩებოდა. ერთხელ რეჟისორმა შოთა ქარუხნიშვილმა „კაკო ყაჩაღი“ დადგა. მაშინ ტელესტუდია ფუნიკულიორზე იყო, ის მომენტია „წამოხტა კაკო ლომივით ზეზე, თოფი მოზიდა და შეაყენა“ და ამ დროს „ტუ 104“-მა გადაიფრინა, მე–19 საუკუნეში. მოტორების გუგუნმა მიკროფონები ჩაახშო, გაჩერდნენ, რა უნდა ექნათ, გადაიფრინა და შემდეგ გააგრძელეს… მიხეილ თუმანიშვილის დადგმებში შეხვდებით ტიტრებს, სადაც წერია – დადგმა მიხეილ თუმანიშვილის, რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ დამდგმელი რეჟისორი ბატონი მიშაა და ჩემი გადაღებულია ტელევიზიაში. ასეთი ტანდემივით იყო და ძალიან პოპულარული…

 

– როგორ ფიქრობთ, დღეს რამდენად საჭიროა ტელესპექტაკლები?

 

– ერთხელ, ოტია იოსელიანმა, ჩემმა უფროსმა მეგობარმა, მითხრა, როდესაც კარგ ნაწარმოებს კითხულობ, შენ ამ დროს ურთიერთობა გენიოსთან გაქვსო. ასეა, როცა რეჟისორი ილია ჭავჭავაძეს, დავით კლდიაშვილს ან შექსპირს დგამს, მასაც გენიოსთან აქვს ურთიერთობა და მისი მეშვეობით მაყურებელს გენიოსის ნააზრევს და ნაფიქრალს აცნობს. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ტელესპექტაკლები აუცილებელია.

 

ოჯახი…

 

– მოხდა ისე, რომ მე და თამრიკო გვერდწითელს ერთმანეთი შეგვიყვარდა. მასზე 15 წლით უფროსი  ვიყავი. დიდი ხანი ვიცნობდი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მოგვევლინა 22 წლის ახალგაზრდა ასული. ყავაზე დავპატიჟე, წამოვიდა… და მერე ყავა ისეთი ტკბილი აღმოჩნდა, დავქორწინდით და ალექსანდრე გვეყოლა. სამწუხაროდ, ერთი შვილი გვყავს, საბედნიეროდ, კარგი შვილი გვყავს… სანდრო 29 წლის არის, სამხედრო პოლიგლოტია, მომავალი წლის დასაწყისში ლონდონში სადოქტორო დისერტაციას დაიცავს.

 

– რამდენი წელი იყავით ერთად და დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?

 

– 12 წელი ვიყავით ერთად, დღემდე ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. შვილი გვყავს საერთო. სანდროს გარდა, არც მას ჰყავს სხვა შვილი და არც მე…

 

– თამრიკოსთან დაშორების შემდეგ, ოჯახის შექმნაზე აღარ გიფიქრიათ?

 

– როცა ერთმანეთს დავშორდით, მე 50 წლის ვიყავი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შვილიშვილის ტოლი შვილი უნდა მყოლოდა… თან მე დავინახე, რომ ჩემს შვილს მაინცდამაინც არ გაუხარდებოდა, ჩვენს შორის ვინმე გაჩენილიყო, თუნდაც მეუღლის სახით. ამიტომ ჩემს პირად ცხოვრებაზე უარი ვთქვი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რამე დამაკლდა ამით. უარი ჩემი შვილის გამო ვთქვი.

 

– თქვენ და თამრიკოს მეორე შვილზე არ გიფიქრიათ?

 

– არ ეცალა ჩემს ქალბატონს ამისთვის… არის მომენტი, როცა რაღაც გზა იხსნება და მიდიხარ. მარტო თამრიკოს არ დაემართა ასე, ბევრს მოსვლია… როცა ჩვენ შევუღლდით, ასეთი პირობა გვქონდა – მინიმუმ ორი შვილი გვეყოლებოდა. თვითონაც ასე ფიქრობდა მაშინ, მაგრამ სცენის პროჟექტორებმა დაბრმავება იცის, ძალიან ბრჭყვიალაა, როცა ანათებს. ეს არავითარი ირონია არ არის, ჩემი გულის ტკენაა. მე მინდოდა, უფრო მეტი შვილი მყოლოდა და, ვფიქრობ, ისიც ასე ფიქრობდა…

 

ნინო ჯაჯანიძე

 

 

 

 

 

12348577_1176612832367323_1069847474_n

 

 

12346915_1176612192367387_2138392138_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი