logo_geo
ლალი მოროშკინა: მივეჩვიეთ ამ ტრაგედიებზე აწყობილ პოლიტიკურ კვაზი ჭირისუფლობას...
- +

4 აგვისტო. 2021. 17:57

 

 

საქართველოში მიმდინარე პროცესები, რომელიც 5-6 ივლისს განვითარდა „ქართულ აზრთან“ პოლიტოლოგმა და პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ შეაფასა.

 

- 5-6 ივლისის მოვლენებს როგორ შეაფასებთ - ხელისუფლების წინააღდეგ დაგეგმილ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს ეს?

 

- წლებია, ჩვენ პროვოკაციულ რეჟიმში ვცხოვრობთ და ესაა ის სცენარი, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, მედიის ნაწილი. ის, რომ ეს სცენარია შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

 

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ  შეაფასა რისკები? ამის პროგნოზირება იყო შესაძლებელი, როცა აქციაზე „პრაიდის მონაწილეები“ არ ჩანდნენ და მხოლოდ კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ?

 

- მგონი, ხელისუფლებამ სწორად არ შეაფასა რისკები 5-6 ივლისის მოვლენების დროს. თუ იქნებოდა ძალიან ზომიერი და ფრთხილი მოქმედებები, ეს ყველაფერი დამთავრდებოდა 24 საათში. ფრთხილი და ზომიერი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, არ დარჩებოდა არცერთი შეკითხვა, იგივე ჩვენს გარდაცვლილ კოლეგასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ, თუნდაც, როდესაც  ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო და ა.შ.

 

როცა ვიცით,  რომ ჩვენ ვცხოვრობთ რეჟიმში, სადაც ხელისულების მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება როგორც ძალადობრივი აქტი, ამ დროს შეიძლება გაცილებით  გონივრული  ნაბიჯები გადაიდგას. სამთავრობო პიარი არის თავიდან ბოლომდე არასწორად აწყობილი.

 

სხვანაირად უნდა იმოქმედო ომის დროს. ჩვენ კი თავიდან ბოლომდე საომარ სიტუაციაში ვართ. ფრონტის ხაზზე ვართ, სადაც არ არსებობენ ის ადამინები, რომლებიც სწორად აწონ-დაწონიან რისკებს.  იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ კრიზის-მენეჯმენტი საერთოდ არ არსებობს.

 

ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უნდა  მოაბრუნონ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, ერთი ნაბიჯით უსწრებენ ამ სიტუაციას, იმიტომ, რომ დაგეგმილად მოქმედებენ, მათ  მინიმუმ ნახევარი წლით ადრე აქვთ ეს გეგმები.

 

- ოპოზიციური პარტიების წამომადგენლები და მათ შორის მედიამენეჯერები, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალეულობას ხედავენ...

 

- თუ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი ედება, რომ  ის ქრისტიანულ მორალს იცავს, მაშინ ეს საერთოდ ყველანაირ მორალს მოკლებული შეკითხვაა. ხაზს ვუსვამ, რომ სამთავრობო პიარი არ არსებობს, მენეჯმენტი ცუდად მუშაობს, კრიზის-მენეჯმენტი მკვდარია. მაგრამ ის, რომ პრემიერი ცდილობს, ქრისტიანული მორალი ურყევი იყოს ქვეყანაში, ეს პოზიტივია. ის  ცდილობს, უმრავლესობის ინტერესები დაიცვას.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მისი განცხადებებით შეეცადა, დაეცვა ყველა ფენა, მათ  შორის ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არიან განსხვავებული ორიენტაციის, მაგრამ ამაზე არ ყვირიან.

 

- თუ ვამბობთ, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, ვინ დგას ამის უკან, ვინ მართავს პროცესებს?

 

- ამის უკან დგას სააკაშვილი, სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და ძალიან მომზადებული კადრები. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. სააკაშვილს დღე და ღამე აქვს ოცნებად საქართველოში დაბრუნება, ჩამოსვლის შემდეგ საზღვრების ჩაკეტვა, ალბათ, დახვრეტის მუხლის გაცოცხლება და გაჟუჟვა ნახევარი მოსახლეობის, რომელიც მას ნერვებს უშლის ჩემი ჩათვლით. ჩვეულებრივი სცენარია, რომელსაც მიჰყვებიან.

 

ახლა ვფიქრობ, ნამდვილად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომ საერთოდ გავთავისუფლდეთ „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს იქნება მათი უკანასკნელი არჩევნები.

 

- რასაც ვხედავთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე, არის  თუ არა ტრაგედიით მანიპულირება პოლიტიკური ინტერესისთვის?

 

- ჩვენ მივეჩვიეთ ამ ტრაგედიებზე აწყობილ პოლიტიკურ კვაზი  ჭირისუფლობას და არახალია ეს. მეტიც, უკვე დაძველებულია. ოპონენტები იტყვიან, რომ მაშინ თქვენც ამბობდით ვაზაგაშვილზე, გირგვლიანზეო, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპონენტები ვერ ხვდებიან, რომ ის იყო სისტემური დანაშაული. ახალგაზრდა ჟურნალისტის სიკვდილი სამწუხაროა და პირველი ვარ, რომელმაც გამოვხატე სოლიდარობა გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის მიმართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლექსოს რომ წამოეხედა და ანახა, რა ხდება, ძალიან არ მოიწონებდა მისი კოლეგების საქციელს.

 

 

big_banner
არქივი