logo_geo
ნინო ჯღარკავა: თქვე უტიფრებო, ახლა ძალადობრივი ჯგუფები დაგდევდნენ და მაშინ პოლიცია ხვრეტდა ჟურნალისტებს!
- +

4 აგვისტო. 2021. 22:34

 

 

„ჟურნალისტები ვერ მოემსახურებით საზოგადოებრივ სიკეთეს სიმართლის გარეშე“ - კარლ ბერნშტაინი, ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი. ამ, ერთი შეხედვით, მარტივ ფრაზაში დევს სწორედ ნამდვილი ჟურნალისტიკის არსი... საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ცილისწამებას, სიძულვილის გავრცელებას, ხალხის ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს - ყველაფერია, გარდა ჟურნალისტიკისა! ყველა ქმედებას მოსდევს უკუქმედება და სწორედ ამიტომ ხდება ჩვენს ქვეყანაში ისეთი გაუმართლებელი ფაქტები, რასაც ჟურნალისტების ცემა და მათი დევნა ჰქვია... „ქართული აზრი“ თემაზე სასაუბროდ საინფორმაციო სააგენტო „X-NEWS”-ის რედაქტორს, ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას დაუკავშირდა:

 

- გასული კვირის ერთი ფაქტი იყო ყველაზე შემზარავი, როდესაც დედოფლისწყაროში, პრემიერის სახლთან ჩავიდნენ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები, რომლებიც რეალურად, პარტაქტივია და ვნახეთ, როგორ დასდევდნენ მიკროფონით პრემიერის არასრულწლოვან ბავშვებს! ეს იყო საშინელი სანახავი! მე 18 წლიდან ვარ ჟურნალისტიკაში, პირველ არხზეც ვმუშაობდი, გაზეთშიც, „ობიექტივშიც“ და ა.შ. _ გეფიცებით, იმ კადრების ნახვისას პირველად შემრცხვა, რომ ჟურნალისტი ვიყავი! მსგავსი ამაზრზენი მეთოდი არასდროს არავის არ გამოუყენებია მსოფლიო ჟურნალისტიკაში. ჟურნალისტები იქცნენ მიკროფონიან აქტივისტებად! რაღაც ახალი კასტა ჩამოყალიბდა. სააკაშვილის პერიოდში იყო ასეთი ჯგუფი „კმარა“, რომლის წევრებიც აქეთ-იქით დარბოდნენ, სამინისტროებს საღებავებს ასხამდნენ... 2003 წელს ასე მოვიდა ხელისუფლება- ში სააკაშვილის რეჟიმი. შემდეგ იყვნენ „ალისტრახოები“, 2012 წელს, სადაც წავიდოდით ჩვენ, ჟურნალისტები თუ აქტივისტები, თუ რამე აქცია იქნებოდა მათი მოვალეობა იყო, კამერით დამდგარიყვნენ ჩვენს უკან. ერთგვარი ადევნების მეთოდი ჰქონდათ. ახლა უკვე ახალი მეთოდი შეიმუშავეს, ე.წ. ჟურნალისტების ფორმაში დარბიან აქეთ-იქით. თუნდაც იგივე ის დიღმელაშვილი, ან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი... ამ აქტივისტებს დააკავებინეს ხელში მიკროფონები და დაარბენინებენ... ეს არ არის ჟურნალისტიკა!

 

- 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებთ? პრაიდის მიერ დაანონსებული ე.წ. „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეები, ფაქტობრივად, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს...

 

_ ჩემთვის მიუღებელია, როგორც იმ დღეს ადამიანები ჟურნალისტებს ეხებოდნენ, რადგან ვგმობ ძალადობას! საერთოდ, მე ვთვლი, რომ ეს იყო პრემიერის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია, რადგან პრაიდი ჩაიშალა და სახელმწიფოს ვერაფერში მოეხმარებოდა იმ წუთში ქუჩაში გამოსული ხალხი, შემდეგ ისინი იმ პროვოკატორ-აქტივისტ ჟურნალისტებს მიადგნენ. იმ ტელეკომპანიების სახეები, რომელსაც აქციაზე მყოფი ჟურნალისტები წარმოადგენდნენ - გვარამიები, გაბუნიები, კვესიტაძეები  არ დაზარალებულან, დაზარალდნენ 300-400 ლარზე მყოფი სტაჟიორი ბავშვები, რომლებიც აქციეს პარტაქტივად! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვგმობ ძალადობას და 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს, მაგრამ რაც შემდგომ ამას მოჰყვა, რა განცხადებებსაც ესენი აკეთებენ  ეს არ არის ჟურნალისტიკა! მე არ ვიცი, ამათ სად მიიღეს განათლება, სად ისწავლეს ჟურნალისტიკის საფუძვლები, რომელი წიგნებით იხელმძღვანელეს... ერთს ვიტყვი: არ ვიცი, რამდენად ამყვებიან ახლა ჩემი კოლეგები ნამდვილი ჟურნალისტები, ვისაც შუბლზე ძარღვი არ გვაქვს გაწყვეტილი, ვინც ვიცით, რომ ადამიანი შენი სიტყვით, სიუჟეტით, გადაცემით შეიძლება მოკლა კიდევაც და გააცოცხლო; მე იმ ჟურნალისტებს ვგულისხმობ, ვინც უფრთხილდებიან ადამიანებს, მათ ცილს არ სწამებენ და თავიანთი სიუჟეტებით არ კლავენ! მაქვს იდეა, რომ შევიკრიბოთ, ჩვენც ამოვიღოთ ხმა და ვთქვათ, რომ ვგმობთ ამ ყველაფერს და შეუწყდეთ მათ აკრედიტაცია, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება! თუ ჩვენ ევროპას, ამერიკას ვედრებით და გვინდა, რაღაცეები გადმოვიღოთ  მაშინ ისიც ვნახოთ, რომ იქ არ ხდება ასეთი რამ! კი, ჩხუბი სხვაგანაც გვინახავს, აქციებიც, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება, სხვაგან არ მგონია, ხდებოდეს _ ყოფილ პროკურორს, განათლების ყოფილ მინისტრს შეუძლია, დღეს იყოს ტელევიზიის დირექტორი და ტელეეკრანიდან გვაგინოს, იძახოს „თქვენს სისხლს დავლევ!“ „ყელს გამოგჭრით!“ „ფეხებს დაგიხვრიტავთ!“... ასეთი რამ მე არსად გამიგია! აი, ეს ადამიანი დღეს ჩვენს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელმაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი გამოართვა, უწუნებს კულტურას! არადა, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მაია ბითაძე ჟურნალისტებს ეუბნებოდა - ძალიან გთხოვთ, თავში ნუ მირტყამთ მიკროფონებსო! ამ ე.წ. ჟურნალისტებმა პროფესია წაგვართვეს და დაგვიკნინეს! ასე მარტივი არ არის, 20 წლის ბავშვს ხელში მიკროფონი დააჭერინო და უთხრა - წადი, რეპორტაჟი გააკეთეო... ელემენტარულად, ქვეყნის უახლესი ისტორია მაინც უნდა იცოდნენ, რომ რაღაც შეფასება, ანალიზი გააკეთონ. მე ყველაზე მეტად ვისზეც ვწუხვარ და მართლა გული მტკივა, არის ინგა გრიგოლია. ამ ადამიანთან მე ურთიერთობა მაკავშირებს, მიმაჩნია, რომ ის ჩემი კოლეგაა და ისიც ასე თვლის, მაგრამ „ტვ პირველი“ უკვე იქამდე მივიდა, რომ ყველა არსებული წითელი ხაზი გადაკვეთა და ჩემდა სამწუხაროდ, ინგა აღმოჩნდა იმ ფლანგზე, რომელსაც მე არასდროს შევუერთდები! შეცდომა ყველას დაგვიშვია, ბოდიშიც მოგვიხდია, მაგრამ პოლიტიკის გამო რომ ყველაფერს გადაუსვამ ხაზს და უკადრებელს იკადრებ... კი, ბატონო, აკრიტიკე პრემიერი, მინისტრი, პრეზიდენტი, მაგრამ იქაც კი არის რაღაც ზღვარი! ხალხში სიძულვილია დღეს ამ ტელეკომპანიების მიმართ, ეს ხომ აშკარაა უკვე!

 

-ფაქტია, რომ კონკრეტული ტელევიზიები ყოველდღიურად აღიზიანებენ ხალხს, ავრცელებენ დეზინფორმაციას, აკეთებენ არაეთიკურ გადაცემებს, ტელეეთერებიდან ავრცელებენ სიძულვილს, ლანძღავენ ადამიანებს, აბულინგებენ… ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ამ ყველაფერზე მათ პასუხი არასდროს მოეთხოვათ? გამოხატვის თავისუფლება რომ დღეს ასე მახინჯურად არის აღქმული, ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილის თავხედობას და მავნებლობას საზღვარი არ აქვს?

 

- აბსოლუტურად გეთანხმებით! თუ ვინმეა ბულინგის მსხვერპლი სოციალურ ქსელში _ ვარ მე! ამ ცხრა წლის განმავლობაში არაერთი განცხადება, საჩივარი შევიტანე პროკურატურაში, გამოძიებაში, სასამართლოში _ ჩემი, დაახლოებით, 16 განცხადება მაინც არის თაროზე შემოდებული! არც ერთს არ მოჰყვა რეაგირება, რადგან სისხლის სამართალში არ არსებობს კანონი ცილისწამების შესახებ! ადამიანს შეუძლია მხოლოდ სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს, რაც ნიშნავს იმას, რომ 3-4-5 წელი შეიძლება გავიდეს და საქმე არ განიხილონ. 5 წლის მერე კი რომ განიხილავენ, იმ დროისთვის შეიძლება არც ის კონკრეტული ჟურნალისტი აღარ მუშაობდეს, ვისაც უჩივი და არც მისი ბოდიში აღარ გჭირდებოდეს. აი, ეს არის ძალიან ცუდი! 2012 წლის მერე მე კამპანიაც დავიწყე - მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე-თქო, მივმართე დეპუტატებს, ეკა ბესელია იყო მაშინ და მასაც მივმართე... თითქოს, ყველა მეთანხმებოდა - კი, უნდა გაკეთდესო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, არ აკეთებდნენ. მერე იყო და, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებააო და არ შეიძლებაო, დემოკრატიააო და არ შეიძლებაო... ჩვენზე დემოკრატიული სახელმწიფოა, მე მგონი, საფრანგეთი, მაგრამ ესეთი კანონი ცილისწამებაზე მათ მიიღეს და დეზინფორმაციის გავრცელება 5-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება იქ! ვინ ბლოკავს ამ კანონის მიღებას საქართველოში, მე დღემდე ვერ გავიგე! მართალი ბრძანდებით _ ეკრანიდან წამოსული სიძულვილი, შეურაცხყოფა იქამდე მივიდა, რომ ხალხში აგრესია გაჩნდა მათ მიმართ და ზუსტად ამიტომ მოხდა 5 ივლისის ამბები! კი, ვგმობ ძალადობას, მაგრამ სწორედ ამ ყველაფერმა მიიყვანა ის ადამიანები აქამდე, რაც ვნახეთ! ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს, ყველას ვერ მოვთხოვთ, რომ პოლიციაში წადი და საჩივარი წერე... ჰოდა, გაბრაზდება მერე ვიღაც და სამწუხაროდ, გააკეთებს იმას, რაც 5 ივლისს გააკეთა! თუ ეს დაუსჯელობის სინდრომი კიდევ იარსებებს, ისევ გაგრძელდება აგრესიული გამოვლინებები ჟურნალისტების მიმართ და ეს არ გაჩერდება! სწორედ ამიტომაა საჭირო კანონი ცილისწამების შესახებ, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსოს და ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკას!

 

ასე თუ ისე, ყველა რაღაცას ვაშავებთ, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი დავაშავოთ, რასაც „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ აშავებენ!

 

- მითუმეტეს, აღმაშფოთებელია, როდესაც ზოგიერთი ტელევიზიის მესვეური მკვლელს და მოძალადეს სხვას ეძახის მაშინ, როდესაც თავად აქვს არაერთი და მათ შორის, მძიმე დანაშაული ჩადენილი...

 

_ დიახ! როგორ შეიძლება „ჭუტას“ შვილი ვატო წერეთელი, რომელიც „ტვ პირველის“ მფლობელია, მკვლელს ეძახდეს სხვას, რომელმაც 20 წლის წინ მანქანით 15 წლის ბავშვი მოკლა ავტობუსის გაჩერებაზე მთვრალმა ვატო წერეთელმა, დედასთან ერთად მდგომი სპორტსმენი ბავშვი ჰაერში აწია და დედას შვილის სიკვდილს აყურებინა! და ეს ადამიანი არ დაისაჯა, რადგან მამამისს ბევრი ფული ჰქონდა და საქმე ჩაიფარცხა! როგორ შეიძლება, ტელევიზიის დირექტორი გყავდეს ნამდვილი მკვლელი და ამ დროს შენ მიდიოდე პრემიერთან, წივილ-კივილით ეძახდე მას მკვლელს, რომელსაც არავინ მოუკლავს და მის ოჯახს უვარდებოდე?! მათ უხერხულობის გრძნობა არ გააჩნიათ _ ესენი არიან სინდისგარეცხილი აქტივისტები, რომლებსაც 300-400 ლარის გამო ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა! ჩემს კოლეგებს მივმართავ, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს და იმ იდეის განხორციელებაში ამყვებიან, რაც ზემოთ გავაჟღერე - აუცილებელია ჩვენი პროტესტის გამოხატვა!

 

_ დღეს რომ ერთი ამბავი აქვთ ატეხილი ნაცმედიებს, არიქა, ჟურნალისტებს გვცემენო, როგორ ფიქრობთ, მოკლე მახსოვრობა აქვთ და აღარ ახსოვთ, როგორც ექცეოდა ჟურნალისტებს სააკაშვილის ხელისუფლება? თუ დღეს აღარ აწყობთ, რომ ეს ახსოვდეთ?

 

- სამაგიეროდ, მე მახსოვს კარგად და სხვებსაც შევახსენებ! ნაცების მმართველობის დროს ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პოლიციის სამმართველოსთან სცემეს პოლიციელებმა, მერე საკუთარ სადარბაზოთან დახვდნენ სააკაშვილის კუნთმაგარი ბიჭები და ხელი მოსტეხეს, სცემეს. 2011 წლის 26 მაისს ნაცპოლიციელებმა, კოდუას ზონდერებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე რეზინის ტყვიებით დაცხრილეს და ესენი ამბობენ დღეს  ჟურნალისტებზე თავდასხმა არასდროს ყოფილაო? თქვე უტიფრებო, ახლა ძალადობრივი ჯგუფები დაგდევდნენ და არა პოლიცია და მაშინ პოლიცია ხვრეტდა ჟურნალისტებს! განსხვავებას ვერ ხედავთ? 2012 წელს კუდის მაღალჩინოსანმა, იმ დროს „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის ქმარმა, საკუთარ ეზოში კასტეტით დაჭრა „ობიექტივის“ ჟურნალიტი მამუკა გობეჩია. ეს ფაქტები არ გყოფნით, თქვე მხეცებო? იმ 500-ლარიან სტაჟიორ-მიკროფონიან პატარა მოძალადე ზონდერბავშვებს ისტორია ასწავლეთ, უახლესი ისტორია. სირცხვილია, რას დაემსგავეთ პარტიულ ტელევიზიებში! ან ის თავგასიებული აკაკი ბობოხიძე, ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს რომ სცემა პირდაპირ სტუდიაში, რის მერეც ჯანმრთელობა დაუზიანდა ირაკლის. იმანაც დაგმო ძალადობა? რაო, ჟუურნალისტებო, ბობოხიძეს „მკვლელოო“ არ ეძახით? თქვენი სამართლიანობა და ობიექტურობა ვატირე მე! სტაჟიორებო, 400 ლარად რომ დაგარბენინებენ მკვლელი ტელემეპატრონეები, რად გიღირთ ეგ? მიკროფონის პირში ჩაჩრა და თავში რახუნი ჟურნალისტიკარომ არაა, ეს ვინმეს უნდა ესწავლებინა, მაგრამ განათლება სად მიგიღიათ რო?!

 

 

big_banner
არქივი