logo_geo
რუსუდან შარაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! ეგენი არიან ლეშიჭამიები!
- +

4 აგვისტო. 2021. 23:13

 

 

სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახვრეტილი აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილმა, ფილოლოგმა რუსუდან შარაძემ „ქართულ აზრთან“ 5-6 ივლისის მოვლენები შეაფასა:

 

- 5 ივნისი იყო დიდი პროვოკაცია ქართველი ერის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ დღეს არავითარი კავშირი ვინმეს უფლებების დაცვასთან არ ჰქონია. მთავარი მიზანი იყო, ქართველი ერი გამოცხადებულიყო ბნელად და შავრაზმელად და მის სათავეშიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წარმოეჩინათ! მეტიც, ის ორგანიზაცია, რომელსაც სურდა რუსთაველის გამზირზე პრაიდის ჩატარება, უცხო ძალების მიერ არის დაფინანსებული. ამ მოძრაობას არაფერი საერთო ადამიანის უფლებებთან არ აქვს!

 

ქვეყნიერებას უმტკიცებენ, რომ ყველაზე დიდი ქრისტიანები თავად არიან, კეთილშობილებიც, რადგან გმობენ ცხვირ-პირის დანგრევას... რატომღაც, უცბად ყველას დაავიწყდა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, აღარ ახსოვთ, რომ ამოვიდა ყელში ლიბერალური დიქტატურა, რომელმაც ყველას მიუკაკუნა კარზე - ზოგს ტყვიით, ზოგს ციხით, ზოგს რით და ზოგს რით... და რომელმაც ჩვენი ცხოვრება წაიღო… ვიღას ახსოვს პატრიარქი და მის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი, ვიღას ახსოვს ამდენი უსამართლობა...

 

 

- პრემიერმა ცალსახად განაცხადა, რომ სახელმწიფოს წინააღდეგ მიმართული პროვოკაციის უკან დგას კიევში მყოფი სააკაშვილი და ის მართავს ამ პროცესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

- ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები არის ის, რისი გაგონებაც უნდა ქართველ ხალხს! ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან მე მაქვს ჩემი კითხვები, რომელიც მამაჩემის მკვლელობის საქმეს შეეხება, თუმცა, ვფიქრობ, დღეს ის მომენტია, როდესაც უნდა დავიცვა ჩემი  პრემიერი და არ უნდა გავჩუმდე!

 

ფანჩატურის ბანდამ ჯერ შვილმკვდარი მამები აიფარა წინ, მერე მხეცურად მოკლული ფეხბურთელი ბიჭი, შემდეგ ჯიჯგნეს ტრაგედიით გარდაცვლილი გოგონა და კიდევ რა ვიცი, რა არ ქნეს - არ გამოუვიდათ, ხალხი ვერ აიყოლიეს, რაც მთავარია, ახალგაზრდების ბირთვი ვერ მიიმხრეს. ჰოდა, ახლა მიადგნენ უმცირესობებს და თამაშობენ ადამიანების ბედ-იღბლით. პრაიდის ორგანიზატორებზე არ ვამბობ, მათ არავის აფარება არ სჭირდებათ და ისიც საკითხავია, ამ შემთხვევაში, ვინ ვინ აიფარა, რადგან ერთნი არიან და ერთი დამფინანსებელი ჰყავთ.

 

ამათ როგორ უყვართ ადამიანი და მისი უფლებები, უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, ახლა ამას ვინც ვერ ხვდება, რა ვიცი... ჩემს თაობას ვგულისხმობ და უფროსებსაც. მოზარდებს და ახალგაზრდებს არ ვეხები, გადარიეს და მესმის მათი. გავა დრო და ბევრი მიხვდება, რომ უბრალო იარაღი იყვნენ ამ ყველაფერზე წამსვლელი,  უბოროტესი ძალის ხელში, ისევე, როგორც ბევრი მიხვდა ჩემს თაობაში, რომ 90-იანი წლების კოშმარში, საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს და მერე უფსკრულში გადაყარეს.

 

არც იმათზე ვამბობ, ვისაც რცხვენოდა ფანჩატურის ბანდის ღია მხარდაჭერა და ახლა სიხარულით გაიქცნენ  `ჩაგრული“, „უსუსური“ ადამიანების „უფლებების“ დასაცავად.

 

-  5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ, ოპოზიციის და მედიის წამომადგენლების მხრიდან საპატრიარქოსი და პატრიარქის დადანაშაულება მიდის - რატომ არის ეკლესია ასეთი დარტყმის სამიზნე?

 

- არახალია, რომ ჩვენი ეკლესიის, საპატრიარქოს და ჩვენი პატრიარქის წინააღდეგ მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა. ამას მამაჩემი 25 წლის წინ ამბობდა. სააკაშვილის ბანდის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ იყო ფარული. შეუიარაღებელი თვალით ამის დანახვა შეუძლებელი იყო. როდესაც უკვე მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, უკვე გაუჩნდათ ბერკეტი, ღიად დაპირისპირებოდნენ ეკლესიას.

 

ეს ყველაფერი უკვე ძალიან თვალნათელია. ეს ბნელი ძალები, რომლებიც ებრძვიან ჩვენს ეკლესიას, გამოვიდნენ სააშკარაოზე. ჩვენი ეკლესია, ჩვენი პატრიარქი არავითარ  შემთხვევაში არაა რეგრესული. რაც არ უნდა აბრალონ პატრიარქს, რომ არის წარსულში ჩარჩენილი, არ გამოუვათ. ის ყოველთვის იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია!

 

-  5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტთა ნაწილი უკვე ღიად ჩაერთო პოლიტიკაში...

 

- ესენი არ არიან ჟურნალისტები, ესენი არიან მედიატერორისტები!

 

რამდენი წელი ელოდებოდა „ველური“ ქართველი ხალხი, რომ კანონი იკანონებდა, დამნაშავეები დაისჯებოდნენ, ცრუ, პროვოკატორი ფეიკ-ჟურნალისტები აილაგმებოდნენ, სადღაც ცხრა მთას იქიდან ცხვირში არ შეჩრიდნენ სრულიად მიუღებელ დირექტივებს და ა.შ... სახელმწიფომ კანონით ვერ უზრუნველყო ეს (კიდევ ბევრი რამ) და ბოდიში რა, თუ ვიღაც გაგიჟებული ზღვარს გადავიდა. თან ეგ კიდევ საკითხავია, ვინ იყვნენ ის „გაგიჟებულები“. პოზნერს რომ კვერცხები აჭამეს (პოლიციას რომ მიეშვა, თვითონ პოზნერსაც შეჭამდნენ), ის სამშობლოს დაცვა ყოფილა თურმე. მესმის, არცერთი არ უნდა მოგწონდეს, უბრალოდ, იმას ვერ ვხვდები, რაც არ უნდა მტყუანი იყოს ჩემიანი, რა იდეური თანხვედრა უნდა მქონდეს იმ საჭინკეთთან, რომელიც „სიტყვის“ და „გამოხატვის“ უფლებას იცავდა იმ საღამოს, რა წერტილში უნდა გადავიკვეთო უგულავასთან, ბოკერიასთან, მაქარაშვილთან და მთელ ამ ბანდასთან, მთელი არსებითაც რომ მძულდეს ცემა-ტყეპა და სიველურე.

 

„ჩემიანი“ ვთქვი და დიახ, ჩემიანი, რადგან ის „ბანჯგვლიანი“, „ოფლიანი“ და „სუნიანი“ ბიჭები უფრო ჩემიანები არიან, ვიდრე ეს მკვლელების ბანდა. ამიტომ, რაც არ უნდა ვემიჯნებოდე „სიბნელეს“, ჩემი ხალხის ლანძღვით იმათ არ გავაძლიერებ. თუ ვერ დავიცავ, სულ გავჩუმდები, მითუმეტეს, რომ არავინ ქვეყანაზე აზრს არ მეკითხება. ნუთუ ასე რთულია? ერთიც არის: ამ მედიატერორისტებიდან თუნდაც ერთს დახვრეტილი მამაჩემის ფოტო ერთხელ მაინც რომ აეფრიალებინა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ოდნავ მაინც ვირწმუნებდი მათ გულწრფელობას, მაგრამ…

 

 

big_banner
არქივი