logo_geo
ირმა ბუთხუზი: მიზეზი, რის გამოც ზაზა გათავისუფლდა, პატრიარქის და ჩვენი მთავრობის ჩართულობა იყო!
- +

5 აგვისტო. 2021. 03:01

 

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე შეიწყალა. 34 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 22 ივნისს გახელაძეების ოჯახს საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც აცნობეს, რომ კათოლიკოს პატრიარქმა ზაზას გასათავისუფლებლად რუსეთის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისთვის პატრიარქ კირილეს მიმართა.

 

14 ივლისს, ზაზა გახელაძემ ცხინვალის ციხე დატოვა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახელაძე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სოფელ ერგნეთში გადასცეს. ზაზა გახელაძეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია დახვდნენ. „ქართულ აზრთან“ ინტერვიუზე ზაზა გახელაძემ პირადი მიზეზების გამო უარი გვითხრა. როგორც მისმა მეუღლემ ირმა ბუთხუზმა განგვიცხადა, მას აღარ სურს მედიასთან კონტაქტი და შეძლებისდაგვარად თავად გაგვცემს იმ შეკითხვებზე პასუხს, რომელიც ზაზასთან გვქონდა.

 

- ირმა, როგორია ზაზას ცხოვრების რიტმი მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა, რატომ არ აღარ სურს მას მედიასთან კონტაქტი?

 

- აღარ უნდა ამ ყველაფრის გახსენება. იძახის, მე პოპულარობა არ მჭირდებაო. არ სურს, ხალხმა მასზე ილაპარაკოს. სოფლის საქმეებშია ჩაფლული, ქერი, ხორბალია ასაღები. ეს ყველაფერი დამთავრდა, გამოვიდა მშვიდობით. ამბობს, რომ ისევ იმ სოფლის ბიჭად დარჩება, როგორიც იყო იქამდე.

 

- თქვენ რას გიყვებათ, როგორი იყო ის პერიოდი, რაც მან ცხინვალის ციხეში გაატარა? იქ ყოფნის პერიოდში მას კონტაქტი, თუნდაც პატიმრებთან, ან ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია?

 

- ამ თემაზე ოჯახში არ საუბრობს. ამბობს, რომ ყველაფერი იყო ნორმალურად და ციხეში არავინ არავის არჩევდა. ის პერიოდი, რაც მან ციხეში გაატარა მარტო, იზოლირებულად იყო. იქაურ ე.წ. ხელისულების წარმომადგენლებთან ჰქონდა თუ არა კონტაქტი, არ ვიცი, არა მგონია.

 

- მასზე ეთნიკური ნიშნით ზეწოლა ან დევნა არ ყოფილა?

 

- პატიმრებთან ზაზას კონტაქტი არ ჰქონდა. როგორც თავად იძახის, ციხის კარები რომ მიიხურა, იქ დამთავრდა ყველაფერი. ვინ ხარ, რა ხარ, რა სჯულის და ეროვნების ხარ, მათ ეს არ აინტერესებდათ. იქ სხვანაირი კანონებიაო. იქ არ უყურებენ შენს წარმომავლობას. მასზე ეთნიკური ნიშნით ზეწოლა და დევნა არ ყოფილა.

 

- იქ ყოფნის პერიოდში გრძნობდა საპატრიარქოს და ხელისუფლების მხარდაჭერას?

 

- საპატრიარქოსგან და ხელისუფლებისგან მხარდაჭერას გრძნობდა. ზაზას გათავისუფლების იმედი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა ჩვენი პატრიარქი ჩაერთო. ამის შემდეგ სჯეროდა, რომ მალე გათავისუფლდებოდა, თუმცა, ასე მალე არ მოელოდა. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო გვერდში დგომისთვის.

 

- ის დღე გაიხსენეთ, როდესაც ზაზას გათავისუფლება მოხდა, როგორც ვიცი, ელაპარაკეთ მას, თუმცა გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდა...

 

- წითელმა ჯვარმა იმ დღეს „სკაიპით“ დაგვალაპარაკა. რომ ველაპარაკე, თავადაც არაფერი იცოდა გათავისუფლების შესახებ. მოგვიკითხა, გვითხრა, რომ ვენატრებოდით და ღმერთის იმედით, იქნებ მალე შევხვედროდით ერთმანეთს, ასე მალე არ ველოდით.... ეს პერიოდი ძალიან რთული იყო ჩვენთვის.

 

- პატრიარქის ჩართულობის შემდეგ, ზაზა მალევე გათავისუფლდა, მას შემდეგ თუ გქონდათ მცდელობა, პატრიარქს დაკავშირებოდით?

 

- მადლობა პატრიარქს, რომ ჩაერთო ამ საქმეში. ჯერჯერობით საპატრიარქოდან არავის დაურეკავს, მაგრამ ველოდებით. ჩვენ ვიყავით ჩასულები გორში, მეუფე ანდრიასთან და მადლობა გადავუხადეთ, რადგან ის იყო ჩვენთანაც ჩამოსული, პატრიარქის წერილი გაგვაცნო, რომელიც გაიგზავნა.

 

-ზაზას შეწყალების თაობაზე არ მიუმართავს ე.წ. ხელისუფლებისთვის?

 

- შეწყალების თაობაზე მას არ მიუმართავს, ესაა ჭორები. მთავარი მიზეზი, რის გამოც გათავისუფლება მოხდა, იყო პატრიარქის და ჩვენი მთავრობის ჩართულობა. ზაზას ელემენტარული გასაჩივრების წერილიც კი არ დაუწერია.

 

- როდესაც ზაზა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სოფელ ერგნეთში გადასცეს, მას პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დახვდნენ, რა საუბარი შედგა ზაზას და მათ შორის?

 

- როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა მოაცილეს, ზუსტად, დაწვრილებით, რა საუბარი ჰქონდათ, არ ვიცი. მაგრამ ერთადერთი, რასაც პრემიერი და ვახტანგ გომელაური ეკითხებოდნენ, იყო ის, რაიმე ინციდენტს ხომ არ ჰქონდა ადგილი. მათ აინტერესებდათ, როგორ პირობებში იმყოფებოდა ზაზა.

 

 

right_banner big_banner
არქივი