logo_geo
რა პრობლემების მოგვარებას ისურვებდით ხელისუფლების მხრიდან?! – რჩევა ხელისუფლებას
- +

6 აგვისტო. 2021. 16:58

 

 

რა პრობლემების მოგვარებას ისურვებდით ხელისუფლების მხრიდან?!

 

საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების რჩევები, ხელისუფლებას. გაზეთ „ქართული აზრის“ გამოკითხვაში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს და თავიანთი აზრი დააფიქსირეს იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში დღის წესრიგშია დასაყენებელი.

 

იური მეჩითოვი, ფოტოხელოვანი: ვფიქრობ, სახელმწიფოს იქამდე არ ექნება პრობლემების მოგვარების საშუალება, სანამ ჩვენი, საზოგადოების ცნობიერება არ შეიცვლება. ზოგჯერ ვფიქრობ, მათ ადგილას რომ ვიყო, რას გავაკეთებდი. თანავუგრძნობ მათ ამ სიტუაციის გამო. „ოცნებამ“ რაც შეუძლია გააკეთოს, უნდა დაუმტკიცოს ყველას, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და გაგვაჩნია ჩვენი უფლებები და არ შეიძლება, ნებისმიერმა ჩამოსულმა ადამიანმა გვატაროს თავის ჭკუაზე, ჩვენ ხომ მარიონეტები არ ვართ?! ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ, წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომ „მოვიდა დრო თავის გაწირვის, ანუ ზოგჯერ შეიძლება თავის გაწირვა ნიშნავდეს გამარჯვებას, არგანწირვა კი _ მარცხს“.

 

ბესიკ ხარანაული, პოეტი: ჩემი რჩევა იქნება, საზოგადოების პრობლემებს ადევნოს თვალი და მათ მოგვარებას შეეცადოს. ავიღოთ, თუნდაც სოფელში არსებული მრავალი პრობლემა. ამ ყველაფერს დაკონკრეტება არ სჭირდება. საჭიროა ჩამოსვლა, კომუნიკაცია და ამის შემდეგ რიგი რეფორმების გატარება. სწორად მაშინ ივარგებს სახელმწიფო, როცა ამ ყოველივეს გააკეთებს.

 

მადონა კოიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე: ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა, პროფესიული თვალსაზრისითაც, არის ადამიანის უფლებების დაცვა. უნდა შემუშავდეს და მიღებულ იქნას კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, ასევე უნდა გამკაცრდეს სურსათის უვნებლობის კოდექსში საჯარიმო სანქციები, რაც მოგვცემს ბიზნეს სექტორების მხრიდან მეტ პასუხისმგებლობას.

 

ნოდარ სიმსივე, კომენტატორი და ტელეწამყვანი:  პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია, ეს არის განათლების სისტემა. ამ პრობლემას ვებრძვით უკვე წლებია. ამ პრობლემის მოგვარება კი მოგვცემს ბევრად უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს.

 

ნატო დუმბაძე, პროდიუსერი: ერთი პრობლემა არ არის, ბევრია მოსაგვარებელი, ძალიან ბევრი. ვურჩევდი, ხალხთან შეხვედრები დააწესონ, მოისმინონ, იყვნენ ხალხთან ახლოს... არა სატელევიზიოდ,  რა თქმა უნდა, და  ეტაპობრივად  ეს პრობლემები აღმოფხვრან!

 

გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი: კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი, ელენე ხოშტარიასთვისაც, რომელმაც ლამის თავზე დაიმხო დედაქალაქი და რიგითი მოქალაქისთვისაც, რომელიც ვერ/არ იმხობს თავზე არაფერს და თუ დაიმხობს, მკაცრად დაისჯება. ელენამ რაც არ უნდა ჩაიდინოს, არ ისჯება!  ეს, ჩემი აზრით, არის დიდი პრობლემა.

 

დათო ტურაშვილი, მწერალი: მინდა, რომ ხელისუფლებამ ყველა პრობლემა მოაგვაროს, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ.

 

გია აბაშიძე, ანალიტიკოსი: იმ ფონზე, როცა რადიკალური ოპოზიცია ცდილობს შექმნას დომინანტური, არააქტუალური პოლიტიკური დისკურსი, არ ჩანს საზოგადოების უმრავლესობისათვის მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობა. ხალხს განსაკუთრებით აწუხებს უმუშევრობა, სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვება. ეს განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის გამო. შესაბამისად, უაღრესად აუცილებელია ფართომასშტაბიანი დებატები და რეალური პროექტების დასახვა, თუ როგორ გამოსწორდეს არსებული ვითარება ამ მიმართულებით. ცხადია, ხელისუფლება ამ მხრივ საქმეს აკეთებს, თუმცა, ვისურვებდი უფრო მრავლისმომცველ სჯა-ბაასს ვითარების გაუმჯობესებისათვის. თითოეული თანამემამულის კეთილდღეობის გაუმჯობესება ჩვენი სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერების საწინდარია. ხელისუფლების რესურსები არცერთ ქვეყანაშია ულიმიტო, მაგრამ სიდუხჭირის გამოსასწორებლად არსებობს არაერთი ნოვატორული იდეა, პროექტი. ამისათვის საჭიროა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობა და ვითარების გამოსწორებაზე შინაარსიანი, შედეგებზე ორიენტირებული განხილვები და არა ის, მომიტევეთ და, უსაგნო ლაილაი, რითაც დღეს დატვირთულია დესტრუქციული ოპოზიციის ტელემედია. პრობლემებზე წუწუნი ერთია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია დამქირავებელთა (ამომრჩეველთა) და დაქირავებულთა (საჯარო მოხელეთა) დიალოგი პრობლემების მოსაგვარებლად რეალური, ოპტიმალური გეგმების დასახვა-განხორციელებაზე.

 

შალვა რამიშვილი, ტელეწამყვანი:  ჩვენს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ ნომერ პირველი პრობლემა რაც არის _ დასაქმება და უფულობაა. ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს რომ ჰქონდეთ სამუშაო და ფული, ეს იქნებოდა კარგი.

 

დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი: პირველ რიგში, უნდა შევრიგდეთ ქართველები. ეს არის ქვეყანა, რომელიც ზიზღმა დაღუპა. უნდა მოხდეს დიდი შერიგება, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, ეს ყველამ უნდა შევძლოთ. მტერი ჩასაფრებულია და გვიყურებს, როგორ ვხოცავთ ქართველები ერთმანეთს. მუდმივი არაფერია და სკამის გამო ერთმანეთთან დაპირისპირება არასწორია. შვილებს და შვილიშვილებს უნდა გავუფრთხილდეთ. მეცოდება ეს თაობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს წარსული, კი ვამბობთ, რომ წარსული არ უნდა გავიხსენოთ, მაგრამ თუ მას არ გავიხსენებთ, ისე ვერ დავასრულებთ. აუცილებლად უნდა მოხდეს დიდი შერიგება.

 

ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი: ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს, არის სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ ადამიანებს.

 

ბონდო მძინარაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი:  პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ კალაპოტში ჩაყენება. თუ არ იქნება კონსტრუქციულობა პოლიტიკაში, თუ არ შეთანხმდებიან პოლიტიკოსები თამაშის წესებზე, რომელიც იქნება უპირველესად ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლო და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისთვის, სხვა შემთხვევაში მუდმივად დესტრუქციულ რეჟიმში ვიქნებით. ხელისუფლებას შეუძლია, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციოს ეს ყველაფერი და ვინც არ დაემორჩილება ამ კანონებს, განიდევნოს პოლიტიკური სივრციდან. ეს საკითხი ასევე შეეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც, იმიტომ რომ მედიაც ბოროტად სარგებლობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით. ეს უფლებები ვალდებულებებსაც გულისხმობს და სამწუხაროდ, ბოლომდე არ აქვთ გააზრებული მედიის ცალკეულ წარმომადგენლებს, რომ მათი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის და საზოგადოების ობიექტურად და მიუკერძოებლად ინფორმირება. თუ ეს არ იქნება ბოლომდე გააზრებული, ჩვენ მუდმივად ვიქნებით უმძიმეს მდგომარეობაში, ამიტომ საჭიროა, ამ მიმართულებით სერიოზულად იმუშაოს ხელისუფლებამ და კონსტიტუციის ფარგლებში, და არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, მაგრამ გარკვეული რეგულაციებით როგორც პოლიტიკური პროცესი, ასევე მედიაში მიმდინარე პროცესები მოაქციოს კალაპოტში, რადგან, ამ ვითარებაში პოლიტიკოსებიც და ჟურნალისტებიც მასობრივად დისკრედიტირებულები ვრჩებით. ეს არ არის სწორი, ფაქტობრივად უნდობლობაა პოლიტიკური პროცესების მიმარ მოსახლეობის მხრიდან და

 

უნდობლობაა მედიის მიმართაც. ეს აზიანებს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

 

 

big_banner
არქივი