logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: სააკაშვილის დროს მედია მოკვდა და მოკლეს!
- +

2 სექტემბერი. 2021. 16:53

 

 

 

ჟურნალისტი და კომპანია „ეს ჯგუფის“ დამფუძნებელი კოკა ყანდიაშვილი „ქართულ აზრს“ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრა.

 

- მოდით, დავიწყოთ ჟურნალისტების თემით. ბოლო დროს ვნახეთ ტელეეკრანებიდან ქუჩაში გამოსული ჟურნალისტები, რომლებიც მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას...  თქვენ, როგორც გამოცდილი ჟურნალისტი, როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს?

 

- მე არ მახსოვს, ჟურნალისტები ქუჩაში გამოსულიყვნენ მსოფლიოში და მოეთხოვათ ხელისუფლების გადადგომა. ისინი იბრალებენ ჟურნალისტობას და ითხოვენ მთავრობის გადადგომას, თორემ დღემდე, 51 წლის ვარ და ჯერ არ მინახავს, ჟურნალისტები გამოსულიყვნენ და მთავრობის დამთავრება დაეანონსებინოთ. ადამიანები, ვისზეც მელაპარაკებით და მოიხსენიებთ, როგორც ჟურნალისტებს, რეალურად ჟურნალისტები არ არიან. ისინი არიან პოლიტიკური პარტიების პროპაგანდა-აგიტაციის მუშაკები. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან მათივე ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებიც გამოვიდნენ, ერთმანეთი სცემეს და მერე თქვეს, რომ ხელისუფლება გადადგესო. სრული სიგიჟეა. არავითარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ამაში არ აქვს. თვითონ ოპოზიციაა ის ე.წ. ტელევიზიები. თქვენ რასაც უყურებთ, მაგალითად „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ _ ესენი არიან პოლიტიკური პარტიები! ოღონდ რა სახელიც არ უნდა დაირქვან ამ ე.წ ტელევიზიებმა, ისინი საერთო ჯამში არიან  სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნამსხვრევები. საბედნიეროდ ჟურნალისტებს ჩვენს ქვეყანაში არ სცემენ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლების შესაბამისად ექცევიან.

 

- მიგაჩნიათ, რომ აუცილებელია, კანონი იქნას მიღებული ცილისწამების შესახებ?

 

- თემა ისაა, რომ ქართველები თავმოყვარე ხალხი ვართ. ერთ-ერთი ყველაზე კულტურული ერი, ვისთვისაც ცილისწამება დანაშაული და სირცხვილი იყო! მთელი ქვეყანა თანხმდება, რომ ცილისწამება ცუდია, მიუღებელია, უმსგავსობაა. ჩვენ კი ეს სააკაშვილის რეჟიმმა დაგვიკანონა. ცილისწამებაზე არაა მარტო საუბარი, საუბარია სიძულვილის ენაზეც, ფეიკნიუსებზე, უზარმაზარ ჯარზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციურ პარტიებს ჰყავთ ტროლებისა და ბოტების სახით. სააკაშვილის დროს მედია მოკვდა და მოკლეს, მხოლოდ რამდენიმე კუნძული გადარჩა, რომელსაც აქვს თავი, რომ მეტნაკლებად სიმართლე გაიგოს და გამოაქვეყნოს. რელიგიური შუღლის გაღვივებას კადრულობენ. ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერად, კანონის ფარგლებში დასჯადი.

 

- შერჩევით სამართალზე რას მეტყვით, ხედავთ პოლიტიკაში ადამიანებს, რომლებიც დაუსჯელობის განცდას გიტოვებენ?

 

- დაუსჯელობა ჩვენი ეროვნული ტრადიციაა. ყველა ხელისუფლების დროს იყო შერჩევითი სამართალი და იყვნენ დაუსჯელი ადამიანები. მაგრამ ხაზგასასმელია ის, რომ ცალკე პრობლემაა შერჩევითი სამართალი და ცალკე - დაუსჯელობა. სამწუხაროდ, მე მაქვს განცდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი არ დასჯილა! არც არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი ჩვენს ერს არ უჭირავს, რომელიც იქნებოდა კანონიერი და იტყოდა, რა დააშავეს ან არ დააშავეს სააკაშვილის რეჟიმის დროს ამ ადამიანებმა. ეს რომ არაა, აქედან გამომდინარე იქმნება დაუსჯელობის განცდა და რა თქმა უნდა, ეს არის შერჩევითი სამართალი. ბევრი ადამიანი, რომელიც აწამებდა ხალხს, ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, დღეს ისევ სადღაც არიას შეტენილი ხელისუფლების რაღაც შტოში, ან აქვს ხალხისგან წართმეული ფულით შექმნილი ბიზნესი. 

 

- მიხეილ სააკაშვილი უკვე მერამდენედ აანონსებს საქართველოში ჩამოსვლას არჩევნების წინ, როგორ გგონიათ, ეს ისევ მისი მორიგი შეუსრულებელი დაპირებაა?

 

- როგორც მოგეხსენებათ, კარგად ვიცნობ სააკაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სანამ 1000%-იანი გარანტია არ ექნება, რომ ჩამოვა და ხელისუფლებაში დაბრუნდება ისე, რომ ციხეში ერთი ღამის გათენებაც არ მოუწევს, საქართველოში არ ჩამოვა! არ ჩამოვა, რამდენიც არ უნდა დააანონსოს... მაგის ანონსების აღარავის სჯერა, მგონი მის მომხრეებსაც კი. დასცინიან თავის ბელადს! სააკაშვილი არ და ვერ ჩამოვა! ასეთ გარანტიას მას ვერავინ ვერ მისცემს! მოქმედი ხელისუფლება მას ასეთ გარანტიას ვერ მისცემს, ამ ქვეყანას კი ხალხის არჩეული ხელისუფლება განაგებს!

 

- ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაქრა პოლიტიკური ველიდან, თქვენ რას მიაწერთ მის გაუჩინარებას?

 

- როდესაც ვანო დაიჭირეს, აეროპორტის გზაზე ფაშისტების ოფისი რომაა, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი პლაკატი გამოჭიმეს - „ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია“- ო. შემდეგ, სანამ ვანო მერაბიშვილი იყო ციხეში, ეს პირსისხლიანი ჯალათი, მთელი ეს წლები ამბობდნენ, რომ ვანო პოლიტპატიმარიაო. ვანო რომ გამოვიდა ციხიდან, ციხის კიბეებიდან თქვა - წლის ბოლომდე ამ ხელისუფლებას მე დავასრულებო... საქმე ისაა, რომ ერმა ვანო ნამდვილად ჯალათად აღიარა. რომ გამოვიდა... მან ვერ პოვა საყრდენი. იცით, რომ ფულიც ბევრი აქვს მოპარული, ბევრი გამწარებული ჰყავს. მის შვილთაშვილებს ეყოფათ ის ფული, რომელიც მერაბიშვილმა მოქალაქეებს წაართვა. ყველა ნორმალურ ადამიანს ვანო მერაბიშვილი სძულს! ამიტომ გაქრა მერაბიშვილი აქტიური ეკრანებიდან, მაგრამ არავის სჯერა ის, რომ მერაბიშვილი ზის და ლობიოს არჩევს. მერაბიშვილი დღესაც ცდილობს, დაარწმუნოს სააკაშვილი, რომ მისი ხერხემალია და კიდევ რამე შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ ასეთ დღეში არიან სააკაშვილიც და მერაბიშვილიც და უფრო გამიხარდება თუ ღრმა სიბერემდე იმ წვალებაში გაატარებენ, რა წვალებაშიც არიან ახლა - ლოთი სააკაშვილი გაქცეულია კიევში, რომელიც ყველას ფეხებზე ჰკიდია და მერაბიშვილი, რომელიც ამ ლოთის ცანცარაა!

 

- 2021 წლის არჩევნებზე რას გვეტყვით, როგორია თქვენი პროგნოზები?

 

- 2021 წლის და 2024 წლის არჩევნები იქნება სრულიად მშვიდი და დასრულდება მოქმედი ხელისუფლების გამარჯვებით. ოპოზიცია პრაქტიკულად ვერ შეიქმნა, რადგან ყველა ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც პოლიტიკური პერსპექტივა საქართველოში არ აქვს. ჰყავთ რაღაცა პროცენტი მხარდამჭერების, თუმცა მათზე მეტი არ ეყოლებათ და ყოველჯერზე უფრო დააკლდებათ. ვიდრე არ გამოჩნდება მესამე ძალა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყოველთვის!

big_banner
არქივი