logo_geo
ხათუნა ხოფერია: ხალხი არ შეეგუება სააკაშვილებისგან, ბოკერიებისგან, ხოშტარიებისგან და ბარამიძეებისგან თავსმოხვეულ უმსგავსობას!
- +

3 სექტემბერი. 2021. 00:17

 

 

საქართველოს პარლამენტის IV-V მოწვევის დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.

 

- დღეს, ტელეეკრანებიდან ჟურნალისტებმა ქუჩაში გადაინაცვლეს... ფიქრობთ, რომ ჟურნალისტიკა გასცდა მის პროფესიულ ჩარჩოებს?

 

- ჟურნალისტიკის სფეროს, ხელისუფლების მეთხე შტოს ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი, ადამიანები სცემდნენ პატივს, როგორც პრესის თანამშრომლებს, ასევე ტელევიზიის. სცემდნენ პატივს იმიტომ, რომ  ჟურნალისტებთან ერთად ჩვენმა ქვეყანამ გაიარა 9 აპრილი, როდესაც სიმართლე პირველ რიგში ჟურნალისტებისგან მოდიოდა, აფხაზეთის ომი, სადაც ჟურნალისტები წინა ხაზზე იღუპებოდნენ, ანუ სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოს გულისთვის. ქართველი ჟურნალისტები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქართველ ხალხს ეამაყებოდა, ეიმედებოდა და იზრდებოდა ქართულ დამოუკიდებლობასთან ერთად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ადვილად ნგრევადია. როგორც კი წინა პლანზე წამოვიდნენ კერძო ტელევიზიები, როდესაც „რუსთავი 2“-მა 2003 წლის რევოლუციაში ითამაშა გადამწყვეტი როლი, ვფიქრობ რომ ამ ადამიანების ფსიქიკაში მოხდა რაღაც გარკვეული ცვლილება და არასწორი შეფასება მისცეს საკუთარ ადგილს სამოქალაქო საზოგადოებაში, ზოგადად სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

 

ამას თან ახლდა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში პოლიტიკური ჟურნალისტური ელიტის შექმნა. ანუ მეფის კართან დაახლოებული ჟურნალისტების შექმნა, რომელთა ძალაუფლება განუზომელი იყო. ამას თან ახლდა პრესამსახურების სრული არაადეკვატურობა. მოგეხსენებათ გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს, პრესამსახურების საქმიანობა, როდესაც პრესამსახურის უფროსების მხრიდან ხდებოდა იარაღის ჩადება, სპეც კადრების გადაღება. ასევე, ზუგდიდში, ახლა უკვე „მთავარი არხის“ ჟურნალისტი რომ არის ემა გოგოხია, სააკაშვილის პერიოდში მონაწილეობდა ე.წ აფხაზეთის საზღვარზე ავტობუსის აფეთქების თემაში. ვითომ ხალხი დაიღუპა და ამ დროს პარალელურად არსებობდა კადრები, რომ ავტობუსი იყო ცარიელი და ეს იყო მოდელირებული ადამიანების დაშინებისთვის, ქართული საზოგადოების დაბულინგებისთვის. გმირი ქართველი ჟურნალისტებიდან საბოლოო ჯამში იქცნენ გოგოხიებად!

 

- დღეს ბევრი საუბრობს, რომ აუცილებელია საქართველოში კანონი იქნეს მიღებული ცილისწამების შესახებ?

 

- ამაზე ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი, არამარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, რადგან ცილისწამება გახდა ყოფითი. ადამიანებს უჭირთ თავის დაცვა. შესაბამისად სასამართლოსაც არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ცილისწამებისგან დაიცვას ადამიანი და თუნდაც სამაგალითოდ მოხდეს მისი დასჯა. მიშას დროს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ძალიან ბევრი ცვლილება, რომელიც თავისუფლებას აძლევდა ადამიანებს ბრალი დაედოთ სხვებისთვის და თუ ეს იქნებოდა დაუდასტურებელი, არ დასჯილიყვნენ. იქნებ პარლამენტმა ამ კანონპროეტზე იმუშაოს, რომ შეძლონ ადამიანები დაგვიცვან. სრულიად აღვირახსნილი რამ ხდება. ის, რაც ხდება პატრიარქის გარშემო, როგორ შეიძლება ეს დარჩეს ყურადღების მიღმა. თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ და მართლმადიდებელი ერი ვართ, თუ პატრიარქს ვცემთ პატივს, როგორ შეიძლება ქვეყანაში არ შევქმნათ იმის საფუძველი, რომ თუნდაც პატრიარქისნაირი ადამიანები იყვნენ დაცულები.

 

- სამწუხაროდ დღესაც არაერთი გამოუძიებელი საქმეა თაროზე შემოდებული - მათ შორის ზურაბ ჟვანიას, სულხან მოლაშვილის....

 

-  ზურას მეგობრების გარკვეული ნაწილი, რომლებმაც გადავწყვიტეთ რომ მეგობრობა მხოლოდ ცოცხალ ადამიანს კი არა, მიცვალებულსაც, სჭირდება ძალიან დიდხანს ვიბრძოდით. პროკურატურას ვაწვდიდით ინფორმაციას, პირადად მე არაერთხელ მაქვს ჩვენება მიცემული, სახელი და გვარები მაქვს დასახელებული. იმედიანად ვიყავი გამსჭვალული. ისე მოხდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც კოჰაბიტირდა და რომელმაც დაიკავა ოპოზიციური ნიშანი, ზურას თემა აქცია მარგინალურად. საზოგადოების მხრიდან იყო ძალიან დიდი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენის. ამ სამართლიანობის აღდგენაში შედიოდა გირგვლიანის, რობაქიძის, პრემიერ-მინისტრის მკვლელობის, სულხან მოლაშვილის თემა. ადამიანს ჩვენება აქვს მიცემული გარდაცვალებამდე. გიგა ბოკერიას პირდაპირ დაადო ხელი და ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. ერთი ნაბიჯი არ გადაიდგა საიმისოდ, რომ სულხანის საქმე ღირსეულად დამთავრებულიყო. სულხან მოლაშვილს ყველაფერი რომ წაართვან, ღირსებას ვერავინ წაართმევს! სულხანი იყო თავისი ღირსების პატიმარი. ღირსეული, შეუდრეკელი რომ იყო, უკან რომ არ დაიხია, იმიტომ იყო პატიმარი. ანალოგიურია ზურაბ ჟვანიას თემაც. ზურას თემა სანამ არ გაიხსნება და არ დამთავრდება, სააკაშვილი მუდმივად იქნება დაკიდებული საქართველოს თავზე, როგორც დიდი უბედურება!

 

მთელი მასალები ზურას საქმის იქნა წაღებული ამერიკაში და ეს მასალები ახლაც იქაა... გარკვეული გარიგებების შედეგად ზურას თემამ გადაიწია მეორე პლანზე. მე კი ვიცი, რაც მოხდა, მაგრამ არსებობს პოლიტიკაში ისეთი თემები, რომლებზეც ხმამაღლა არ ვლაპარაკობ და არ ვთვლი ახლა საჭიროდ ვისაუბრო..

 

გამოძიებას დავუსახელე ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც მუშაობდა უშიშროების საბჭოში, რომელმაც დატოვა საქართველო და წავიდა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად თავისი ოჯახით. ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და რეჟისორი იმ ყველაფრისა, რაც ზურას გარშემო მოხდა! მაშინ ჩემი თანდასწრებით გაარკვიეს ეს საკითხი და მითხრეს, რომ ზურა არის მოკლული 2 თებერვალს და 30 იანვარს დატოვა ამ ადამიანმა საქართველო, ამიტომ ვერ იქნებოდა ზურას მკვლელობის დროსო.

 

- ვინ არის ეს პიროვნება?

- იცის პროკურატურამ სახელი და გვარი. ზურას სიკვდილის შემდეგ 15-16 წელია გასული და ეს ადამიანი მას შემდეგ საქართველოში არ შემოსულა და არც მისი ოჯახი ჩამოსულა.

 

ქართველია, მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ბიჭი იყო. დათა ახალაიას გარემოცვიდან იყო!

- ამ გახმაურებულ საქმეებში მონაწილე პოლიტიკოსები, დღეს ოპოზიციაში არიან და ისევ ხელისუფლებაში ცდილობენ დაბრუნებას...

 

- ეს თავგასულობა, უთავმოყვარეობა, ღირსება აყრილი პიროვნებების შტურმი საზოგადოებაზე, გონებაზე, ადამიანების ოჯახებზე, მრწამსზე, რწმენაზე _ ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო ზომები. პირველივე დღიდან ვაპროტესტებდი კოჰაბიტაციას. ქართველი ხალხი არ შეეგუება უცხოეთიდან დაფინანსებული სააკაშვილებისგან, ბოკერიებისგან, ხოშტარიებისგან და ბარამიძეებისგან თავსმოხვეულ უმსგავსობას! ქართველი ხალხი არ შეეგუება კოალიციურ მთავრობას. ხალხის, ქვეყნის, ერის და ბერის წინაშე  დამნაშავეებთან კვალიციური მთავრობის შექმნას ქართველი ხალხი არ შეეგუება! „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება!

 

- მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ ისევ აანონსებს ჩამოსვლას...

 

_ ჟვანიას თემას დავუბრუნდები ისევ. სანამ ჟვანიას საქმე იქნება ჰაერში გამოკიდებული, მიშა საქართველოში არ ჩამოვა! სერიოზული ბრალდებები და სერიოზული სამართალი უნდა აღდგეს სააკაშვილის მიმართ. ყველა ფაქტი უნდა იყოს სააშკარაოზე გამოტანილი. სააკაშვილი საქართველოში ვერ და არ ჩამოვა! როგორ გგონიათ, სისხლის სამართლის საქმეა კაცზე აღძრული და ის რომ საზღვარს გადმოლახავს, ვინ გააჩერებს მიშას?

 

right_banner big_banner
არქივი