logo_geo
თამთა ჭიღლაძე: ქუჩაში მიუსაფარი ძაღლები არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ...
- +

9 სექტემბერი. 2021. 20:59

 

 

გაზეთი „ქართული აზრი“ გაგაცნობთ 22 წლის სტუდენტ გოგონას, რომელსაც სამი სხვადასხვა ჯიშის ძაღლი ჰყავს და 100-ზე მეტ მიუსაფარ ძაღლს პატრონობს. თამთა ჭიღლაძე არის ადამიანი, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ნახატი „ბალუ“. ეს ნახატი ეძღვნება ძაღლს, რომელიც ადამიანების ბოროტების და დაუდევრობის გამო დაიღუპა.

 

თამთა ჭიღლაძემ მიუსაფარ ძაღლებს ახალი სიცოცხლე მისცა, „ქართული აზრის“ მკითხველი ფოტოებშივე ნახავს, როგორ გამოიყურებოდნენ ძაღლები მანამ,  სანამ თამთას ხელში აღმოჩნდებოდნენ.

 

- გაიხსენეთ თქვენი პირველი შინაური ცხოველი და პირველი ემოცია...

 

 - ჩემი პირველი ძაღლი იყო და არის „ბენი“, რომელიც დაახლოებით ხუთი წლის წინ მოვიყვანეთ სახლში, მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება ის განცდები, რაც მაშინ ვიგრძენი, ეს იყო სიყვარული და უდიდესი პასუხისმგებლობა

 

- რამდენი ძაღლი გყავთ ახლა?

 

- პირველ ძაღლს ძირითად შემთხვევაში ყველა ვიძენთ და მერე მოდის ყველა ძაღლის სიყვარული. „ბენის“ მოყვანის შემდეგ შევამჩნიე ქუჩაში ძაღლები, დავიწყე მათზე ზრუნვა და მივხვდი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჯიშს.

 

ამჟამად მყავს სამი ძაღლი, „ბენი“, „ცუგუ“ და „ლილუ“. „ცუგუ“ „ბენის“ მოყვანიდან რამდენიმე თვეში მივიკედლე ეზოში და მის მერე ჩვენთან არის. „ლილუს“ ჩემამდე ძალიან ცუდი ცხოვრება ჰქონდა - ქუჩა და ქუჩაში ძალადობა, შემდეგ თავშესაფარში მოხვდა და იქ დაძინების კანდიდატი იყო. ამის მერე კი წაიყვანა ადამიანმა, რომელიც სცემდა და აშიმშილებდა, საბოლოოდ უკვე მეორე წელია, რაც ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია.

 

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ?

 

- სამივე ძაღლს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, ზოგჯერ მგონია, რომ უერთმანეთოდ ვერ გაძლებენ, არის შემთხვევები, როცა მაინც გამოხატავენ ხოლმე ეჭვიანობას, თუმცა, რაღა თქმა უნდა, სამივე ერთნაირად მიყვარს.

 

- ძაღლის გარდა, სხვა ცხოველიც ხომ არ გყოლიათ?

 

- ძაღლების გარდა ეზოში გვყავს დაახლოებით 15 კატა, რომლებსაც რამდენიმე მეზობელი ვუვლით. სამწუხაროდ, ჩემი ძაღლები კატებს ვერ ეწყობიან, ამიტომ მხოლოდ ეზოსა და ქუჩაში მაქვს შესაძლებლობა, მათ მოვუარო.

 

 

- თქვენს პირად სამყაროში რა შემოიტანა ოთხფეხა მეგობარმა?

 

- ოთხფეხა მეგობრებმა მართლა სრულიად შეცვალეს ჩემი ცხოვრება. გავხდი უფრო მეტად ემოციური, ვიდრე ვიყავი, უფრო პასუხისმგებლიანი და მზრუნველი, უკვე მესამე წელია, ვარ ვეგეტარიანელი და რაღაცით ეს ყველაფერი ჩემმა ძაღლებმა განაპირობეს, ზუსტად ვიცი, მათ გარეშე ისეთი არ ვიქნებოდი, როგორიც დღეს ვარ, ცხოველი მართლა ცვლის ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ.

 

- საინტერესოა, როგორ ახერხებთ 100-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლის მოვლას? როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა?

 

- პირველი პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი დაიკეტა ქუჩაში და დიდ ობიექტებზე უამრავი მიუსაფარი ცხოველი უწყლოდ და უსაკვებოდ დარჩა, ცხოველთა მოყვარულები გადავნაწილდით ტერიტორიებზე და დავიწყეთ მათი გამოკვება. ყოველდღიურად მე და ჩემს ორ მეგობარს, ლიკას და მაიას, სიარული ელიავას ბაზრობაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოგვიწია, ელიავა, რამხელა ტერიტორიაა, იცით? უზარმაზარია მართლა. მაშინ 5 თვე, მარტიდან ივლისის ჩათვლით, ისე ვიარეთ, ერთი დღეც არ ჩაგვიგდია, ხან რიგრიგობით დავდიოთ, ხან ერთად, დაგვქონდა 15 კგ-მდე საკვები და დიდი ბოთლებით წყალი, უამრავი დაავადებული ცუგა მოვარჩინეთ, დავამუშავეთ ჭიებზე და რწყილებზე, ასევე, გავაჩუქეთ 57 ლეკვი. ზაფხულის შემდეგ მეორე ტალღის დაწყებამ ისევ განაპირობა ყველაფრის ჩაკეტვა და მის მერე დღემდე დავდივარ ელიავაზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი 40-მდე ლეკვი გავაჩუქე.

 

- ერთი მხრივ, ალბათ რთულია ის საქმე, რომელსაც აკეთებთ და მეორე მხრივ, ბედნიერების მომტანია. როგორია თქვენი დამოკიდებულება და ემოციები ამ საქმის მიმართ?

 

- მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს ამ ყველაფრის კეთება, არსებობს მეორე მხარე - ნერვიულობა და სტრესი, საჭმლის და წყლის ტარება, რაც ადვილი არ არის და ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამასთან ერთად, რამდენიც არ უნდა აჭამო და მათთან დრო ატარო, ბოლოს როცა სახლში ბრუნდები და უკან მოიხედავ, 100-მდე ძაღლი იმ იმედით გიყურებს, რომ სახლში წაიყვან. სულ ვადარებ - ჩემი ძაღლები, რომლებიც სახლში მელოდებიან, რომლებსაც არასდროს არაფერი აკლიათ და მიუსაფრები, რომლებსაც არც ოჯახი და არც სახლი აქვთ და მუდმივად, სიცივესა და სიცხეში ქუჩაში არიან.

 

- მომრავლებულია თუ არა ძაღლებზე ძალადობა?

 

- ძალადობა ხშირია როგორც მიუსაფარ ძაღლებზე, ასევე კატებზე. სამწუხაროდ, კანონის აღსრულების პრობლემებიდან და სამართალდამცავი სტრუქტურების ინდიფერენტულობიდან გამომდინარე, ეს საკითხი სერიოზულ პრობლემად რჩება

 

- თქვენი აზრით, უნდა გამკაცრდეს თუ არა კანონი ცხოველებზე ძალადობის შესახებ?

 

- ზოგადად საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ მწირია ამ მხრივ, გვაქვს მხოლოდ სისხლის სამართლის 259-ე მუხლი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ერთი მუხლი, ორივე მათგანის აღსრულება არ ხდება ანუ სამწუხაროდ, დანაშაული დასჯადია მხოლოდ ფურცელზე, პრაქტიკაში კი, ძირითადად, არავინ ისჯება. შესაბამისად, არსებული კანონი არა მხოლოდ უნდა გამკაცრდეს, არამედ გახდეს მეტად ქმედითი და ამასთანავე აღმოიფხვრას არსებული საკანონმდებლო ვაკუუმი.

 

- ადამიანების ცნობიერება რამდენად არის ამაღლებული ქუჩის ძაღლების მიმართ? საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხშირად ჩივის, რომ  ქუჩის ძაღლები ხშირად არიან აგრესიულები და გარკვეული დაავადებების მატარებლები. რა მეთოდები არსებობს ასეთი ძაღლების გასაკონტროლებლად და მათ სამართავად?

 

- ქუჩაში ძაღლის არსებობა არც ცხოველთა მოყვარულებს გვიხარია და მითუმეტეს, არც იმ ადამიანებს, ვისაც არ უყვართ ან ეშინიათ. მოყვარულებიც თუ არამოყვარულებიც ვთანხმდებით იმაზე, რომ ქუჩაში მიუსაფარი ცხოველები არ უნდა არსებობდნენ, მაგრამ გააჩნია, რის ხარჯზე. არ არსებობს ისეთი თავშესაფარი, რომელიც ამ რაოდენობის ცხოველებს დაიტევს და სიცოცხლის ბოლომდე სასათბურე პირობებში ამყოფებს. გამოსავალი ისევ და ისევ უკონტროლო მოშენების აკრძალვა და მასობრივი სტერილიზაცია და კასტრაციაა.

 

რაც შეეხება ქუჩის ბინადრებს, ძაღლის ყეფა ავტომატურად აგრესიულობას არ ნიშნავს, სამწუხაროდ, ჩვენთან საზოგადოების ცნობიერება ძალიან დაბალია. ხშირად გამიგია, ძაღლი მხოლოდ იმიტომ მიუჩნევიათ აგრესიულად, რომ ის ყეფს ან ავადმყოფად მხოლოდ იმიტომ, რომ განგური (სეზონური ბეწვის ცვენა) აქვს. აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მეტი ემპათია, მეტი სოციალური თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაითავისოს ყველამ, რომ მიუსაფარი ცხოველი არა ჩემი/შენი ან კონკრეტულად ვინმესია, არამედ ყველას საზრუნავია ეს პრობლემა. ისედაც მათი ცხოვრების ციკლი საკმაოდ ხანმოკლეა, რადგან მათი ყოველდღიური ცხოვრება ბრძოლაა არსებობისა და თავის გატანისთვის. გამოსავალი არაა მათი ევთანაზია, რადგან მათ ადგილს სხვა ცხოველი დაიკავებს. გამოსავალი მასობრივ სტერილიზაცია/კასტრაციაში, ვაქცინაციასა და უბნებში მათ მიკედლებაშია. საჭდიანი ანუ საყურიანი ძაღლები ყველა სტერილური და ვაქცინირებულია. სანამ ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა არსებობს, ჯობს ადგილზე ადაპტირებული ცხოველების მოვლა, მათი ცხოვრების ციკლის მანძილზე, ვიდრე მათ ადგილს ახალი და უცხო ცხოველები იკავებდნენ სისტემატურად.

 

- 2015 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში 43 ათასამდე ძაღლი ცხოვრობდა ქუჩაში. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

 

- 43 ათასი ნამდვილად არაა რეალური მაჩვენებელი. ზოგადად, ეს რიცხვი არ არის დაფუძნებული რეალურ მაჩვენებელზე, რადგან მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ზუსტი ოდენობა დათვლილი არაა. რაც შეეხება ჰიპერპოპულაციას, პრობლემა კომპლექსურია და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს. ა) მიუსაფარი ცხოველები ქუჩაში ჩვენი არასწორი დამოკიდებულებების გამო ჩნდებიან. ძირითადი განმაპირობებელი უკონტროლო გამრავლებაა. ცხოველის მოშენება უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და მხოლოდ ლიცენზირებულ კლუბებს შეეძლოთ ძაღლების მოშენება, ისიც მკაცრად განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შედეგად. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი არაკეთილსინდისიერი მომშენებელია, ეს საკითხი აბსოლუტურად არ კონტროლდება, ნებისმიერი რომელიმე კონკრეტული ჯიშის მეპატრონე თვითნებურად ახდენს ცხოველების დართვას, რაც წარმოუდგენელ ქაოტურ მდგომარეობას ქმნის. ქაოტური გამრავლების შედეგია ქუჩაში გაგდებული ცხოველები, რომლებიც ქუჩაში აგრძელებენ გამრავლებას. შესაბამისად, ამ საკითხის რეგულირების გარეშე, ქუჩის ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია პრობლემას ვერ აგვარებს, უფრო სწორად, ვერ ერევა. ამავდროულად ცალკე პრობლემაა მიუსაფარი კატები. სამწუხაროდ, ჩვენ რეალობაში სამსახური მათ ინტენსიურ დაჭერასა და სტერილიზაცია/კასტრაციას არ ახდენს, ასევე არ არსებობს უფასო პროგრამა, რაც ძალიან ამძიმებს ვითარებას.

 

 

- მინდა, გაიხსენოთ „ბალუ“. გვესაუბრეთ მასზე და იმაზე თუ  საიდან წამოვიდა იდეა მისი კედელზე დახატვის?

 

- „ბალუზე“ ლაპარაკი ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია ხოლმე, როცა ის ადამიანებს ახსოვთ.

 

„ბალუ“ ორი წლის წინ ქუჩაში „ცუგუსთან“ ერთად მივიკედლე,   ყურებ და კუდ მოჭრილი მოვიდა ჩემამდე, სავარაუდოდ, დაკარგული ან გამოგდებული, რადგან სუფთა სისხლის ნაგაზი არ იყო. მართლა არასდროს შევხვედრილვარ მსგავს უერთგულეს, მოსიყვარულე და კეთილ არსებას. ყველგან მაცილებდა, სადაც კი მივდიოდი, დაბრუნების დროს კი ისე მხვდებოდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ვყავდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გამვლელები ხშირად ჩაგრავდნენ, მეზობელი ქალი ფანჯრიდან წყალს ასხამდა ხოლმე, რომ „ბალუ“ ქუჩას მოშორებოდა, არადა, ყველაზე უწყინარი და მორიდებული ძაღლი იყო, რაღაცნაირი უკეთილშობილესი, დიდი ბავშვივით. აგრესია ერთხელაც არ გამოუხატავს არავის მიმართ, ნოემბერში სამსახურიდან ვბრუნდებოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ „ბალუს“ მანქანა დაეჯახა. ადგილზე როგორ მივედი, არ მახსოვს, სისხლში იყო და ვერ დგებოდა, საშინელი სანახავი იყო. შემდეგ კამერების ჩანაწერები ამოვიღეთ და ვნახეთ, როგორ გადაუარა მძინარე „ბალუს“ მანქანამ და რამდენიმე მეტრი ბორბლების ქვეშ მოქცეული ათრია, ბოლოს კი უკანა ბორბლებით საბოლოოდ გადაუარა და უბრალოდ გზა გააგრძელა.

 

„ბალუს“ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, ხერხემალში იყო გადატეხილი, სისხლჩაქცევები, ტვინის შერყევა და ორგანოები დაზიანებული ჰქონდა, დიდი ხანი ასე ვერ გაძლებდა და 3 რთული ღამის შემდეგ მივიღე ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილება - ევთანაზია, ვერანაირი გამაყუჩებელი ტკივილს ვერ უყუჩებდა, ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ვერ წარმომედგინა, რომ „ბალუ“ აღარ მეყოლებოდა, ვეღარ ირბენდა ისე, როგორც უყვარდა და უბრალოდ ვეღარ იცოცხლებდა, ბოლო ამოსუნთქვამდე და ბოლო წუთამდე მასთან ვიყავი.

 

ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, ვუჩივლე იმ ადამიანს, რომელმაც ასეთ დღეში ჩააგდო, გამოძიების დაწყება არ უნდოდათ პოლიციაში და ავიყვანე ადვოკატი, დავაორგანიზე აქცია და ტელევიზიების საშუალებით გავაშუქეთ ყველაფერი. მხოლოდ ამის მერე დააჯარიმეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამარცხვინო 250 ლარით.

 

მინდოდა, „ბალუ“ ბოლო ყოფილიყო მსგავსი შემთხვევის, თუმცა, ადამიანები მაინც აგრძელებენ მიუსაფრების ჩაგვრას, ძალადობას და მანქანით ჟლეტვას, შემდეგ კი მათ სასიკვდილოდ გზაზე დატოვებას.

 

კომპანია „Gulf Georgia“-ს მივმართე თხოვნით, რომ მოეცათ უფლება, „ბალუ“ დაგვეხატა მათ კედელზე. მოგეხსენებათ „გალფი“ ცხოველების მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენს, იკედლებს, კვებავს  და სახლებს უდგამს ძაღლებს. რაღა თქმა უნდა, უარი არც მე მითხრეს და არაჩვეულებრივმა ხელოვანმა გაგოშამ „ბალუ“ „გალფის“ კედელზე დახატა სიკეთეზე, ერთგულებასა და სიყვარულზე ყოველთვის „ბალუ“ გამახსენდება, ზედმეტად კარგი იყო ამ ბოროტი სამყაროსთვის. „ბალუზე“ ალბათ უფრო მეტი შემიძლია ვილაპარაკო, ვიდრე ვწერო.

 

- რას ეტყოდით საზოგადოებას ცხოველებზე?

 

- საზოგადოებას მინდა, მოვუწოდო, იყვნენ მეტად ემპათიურები; ცხოველების პატრონებმა იზრუნონ მათი ბინადრების სტერილიზაცია/კასტრაციაზე, ამით მათი ცხოვრების ჯანსაღ კონდიციასაც უზრუნველყოფენ და მათ შთამომავლობასაც დაიცავენ ქუჩაში მიუსაფრობისგან.

 

საჭდიანი ძაღლები არიან უსაფრთხო, სტერილური და ვაქცინირებულნი. თუ არ დააპურებენ, ნუ დაუშავებენ, ნუ მოექცევიან აგრესიით ან ძალმომრეობით, მათი ცხოვრება ისედაც გადარჩენისთვის ბრძოლაა და საკმაოდ ხანმოკლეა.

 

მშობლებს მინდა მოვუწოდო, შვილებს ნუ ჩაუნერგავენ ცხოველების შიშსა თუ მათდამი აგრესიას, დამერწმუნეთ, ბავშვებს მეტად აკეთილშობილებს და  პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს ცხოველებზე ზრუნვა.

 

 

 

big_banner
არქივი