logo_geo
სულხან მოლაშვილის სკანდალური ინტერვიუ
- +

10 სექტემბერი. 2021. 16:49

 

 

 

2004 წლის აპრილში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების, უფრო სწორად კი, რეჟიმის დროს, იმდროინდელი სასამართლოს მიერ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვისა და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით, კონტროლის პალატის მაშინდელ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სააკაშვილის დანაშაულებრივი დაჯგუფება მოლაშვილს ციხეში სასტიკად აწამებდა, რისი ამსახველი ფოტოებიც საზოგადოებამ შემდგომში იხილა. ის აცხადებდა, რომ მის წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი, თუმცა, არც მაშინდელ და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია, შესაბამისად, წამებაში მონაწილე პირები ამ დრომდე არ დასჯილან... მოლაშვილს დაკავებიდან თვეების განმავლობაში არ ეწეოდა ციხეში სათანადო მკურნალობა, რის გამოც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა... საერთო ჯამში, სულხან მოლაშვილმა ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა, ბოლოს კი ის პატრიარქის თხოვნით შეიწყალეს...

 

მოლაშვილმა 2004 წელს მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა საქმის ხელახალი გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა.

 

სულხან მოლაშვილი, უკიდურესად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგად, 2016 წელს გარდაიცვალა...

 

რა ხდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს? ასრულებს თუ არა სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებას საქართველოს  ხელისუფლება და დაიწყო თუ არა ხელახალი გამოძიება? თემაზე სასაუბროდ „ქართული აზრი“ სულხან მოლაშვილის მამას, თამაზ  მოლაშვილს დაუკავშირდა:

 

- არ ვიცი, ვის ეკუთვნის ეგ ამბავი - პროკურატურას, სასამართლოს, მთავრობას... „ბრმავ, რას ჩივიხარო და ორივე თვალსაო“, ნათქვამია  მაგას ვჩივი მთელი ჩემი ცხოვრება და ყოველთვის ვიძახდი, სამართალმა პური უნდა ჭამოს, რომ ამქვეყნიდან როცა წავალ, სულხანის მივუტანო ამბავი, რომ საქართველოში სამართალმა იზეიმა... როდესაც სულხანი სტრასბურგის სასამართლომ ოთხ პუნქტში გაამართლა, მიაწერა ახლიდან გამოიძიეთ ეგ საქმეო. იმ დროს სულხანი საფრანგეთში მკურნალობდა, ცოტა ხნით აქ იყო ჩამოსული და ვუთხარი - შვილო, როდის გამოიძიებენ-მეთქი? ასე მითხრეს, განცხადება დაწერეო, თხოვნაო, რომ ახლიდან გამოიძიონო, ასე მიპასუხა... წარმოგიდგენიათ?! კარგი, დაწერე-მეთქი, შვილო, და ვის დავუწერო, მამა, კუბლაშვილს, მეიშვილს თუ ვისო? ვინც ასეთ დღეში ჩამაგდო, იმათ დავუწეროო? სტრასბურგმა მაგათ დაავალა ხელახალი გამოძიება და თუ ნამუსი აქვთ, კეთილი ინებონ და გამოიძიონო... მას შემდეგ, რაც სულხანი დამეღუპა, ვის აღარ მივმართე, „ობიექტივის“ ეთერშიც ვიყავი  ღმერთი არ გწამთ-მეთქი? როდესაც ქალბატონმა ირმა ინაშვილმა, როცა ის პარლამენტარი იყო და წინადადება შეიტანა - მოდით, სამართლიანობა აღვადგინოთო, 150 დეპუტატი რომ ზის იქ, უარი თქვეს და ჩააგდეს ეს წინადადება. ამის მერე გამწარებული ვიძახდი _ რაც მე და ჩემმა ოჯახმა გადავიტანეთ, კიდევ შეღავათს მივცემ, რადგან კაცის წყევლა ცუდია და იმის ნახევარი გამოაცდევინოს იმათ ოჯახებს, ვინც სამართლიანობის აღდგენაზე უარი თქვა-მეთქი! მარტო ჩემს შვილზე კი არ არის აქ საუბარი. თუ საქართველოში სამართლიანობა არ აღდგა, არც სულხან მოლაშვილის საქმეს გამოიძიებენ და რომელი ერთი გითხრათ კიდევ, შვილო?! გამწარებული კაცი ვარ, ღამე გამეღვიძება ხოლმე და ჩემთვის ვტირი, ეს რა ქვეყანაში გვიხდება ცხოვრება... მე მუსიკოსი ვარ, ხელოვნების მუშაკი ვარ და კონკრეტულად ვის ეკუთვნის სულხანის საქმის გამოძიება, არ მესმის მაგდენი... ერთ რამეს დააკვირდით, აბა _ სულხანი რომ იძახდა, გიგა ბოკერიამ მაწამაო, გაზეთშიც წერდა, ტელევიზიითაც ამბობდა _ თუ გაგიგიათ როდისმე, რომ ბოკერიას ეთქვა, ტყუილია ეგო? სულხანს რომ ვეკითხებოდი ამაზე, რატომ არ იღებს ბოკერია ხმას-თქო, მიპასუხა - იმიტომ არ იღებს, რომ მერე ისეთ დეტალებს ვეტყვი, ენას მუცელში ჩაიგდებსო.

 

როდესაც სულხანი კონტროლის პალატის თავმჯდომარედ დააყენეს, მასთან მუშაობდა ვინმე ბოკერია, ხნიერი კაცი და უთქვამს - მე წავალო და ჩემი შვილი, ლევან ბოკერია, მიიღეთ ჩემს მაგივრადო. როდესაც სულხანმა ის ყმაწვილი გაიცნო, როგორც შვილს, ისე მოეფერა, ასწავლა საქმე... მამამისიც დატოვა სამსახურში და შვილიც მიიღო. როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, სულხანს ამბავი მოუტანეს, კარგი თვალით არ გუყურებენ ესენი შენო (მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას გულისხმობს - ნ.ლ.), ჩემმა შვილმა იმ ახალგაზრდა ბიჭს, ლევან ბოკერიას უთხრა - შენი მოგვარე თუ ნათესავი რომ არის, წადი ერთი და ჰკითხე, რას გვერჩის, რა უნდა ჩვენგანო. წავიდა ის ყმაწვილი და რომ მოვიდა, სულხანს ეუბნება - გიგა ბოკერიამ სია მაჩვენაო, აი, ესენი უნდა დავიჭიროთო და იმ სიაში თქვენც ხართო... ესე იგი, გიგა ბოკერიას თავიდანვე განზრახული ჰქონდა სულხანის დაჭერა და ამის მოწმეც არსებობს, ის ახალგაზრდა ბიჭი! დანაშაული არ ჰქონდათ ადამიანებისთვის დადგენილი და სიები ჰქონდათ უკვე, ვინ დაეჭირათ იმ შობელძაღლებს! ბოკერია დღეს ციხეში უნდა იჯდეს, გინდაც ფულის გაფლანგვაზე, გინდაც სისხლიმსმელობაზე. რაც თავის ცხოვრებაში მაგას ცუდი გაუკეთებია, პასუხი არ უნდა აგოს? მე იმას კი არ ვამბობ, ჩამოახრჩვეთ, დახვრიტეთ-თქო, კუთხეში მაინც დააყენეთ და ბოდიში მაინც ათქმევინეთ, კაცო! ჩემს შვილს არც ბოდიში უშველის აწი და არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად გულზე მივიდოდა, რომ კაცმა დანაშაული იგრძნო. პირიქით, აქეთ თავზე გვაჯდება დღეს და გვმოძღვრავს! რად უნდა საქართველოს ასეთი დემოკრატია, ერთი მითხარით?

 

- ნამდვილად, თუ დამნაშავეები არ ისჯებიან, ეს როგორი დემოკრატიაა, მე არ ვიცი...

 

- რა თქმა უნდა! დამნაშავეს პასუხი რაღაცნაირად მაინც ხომ უნდა აგებინო? მაგრამ არა, ხელს არ ატოკებენ! ეს ყველაფერი კი მიშა სააკაშვილიდან მოდის. არ ვაქებ, მაგრამ ჩემი შვილი ვაჟკაცური სულის პატრონი იყო, სააკაშვილი კი არაკაცი, ფეხებზემკიდია, უპრინციპო ადამიანი იყო, ამიტომ სულხანი ცოტა კახურად ეპყრობოდა ხოლმე, მკაცრად. ერთხელ მეც კი ვაგინე მაგას, არ დამავიწყდება...

 

- როდის? რა მოხდა?

 

- სულხანის დაბადების დღე იყო, ამას გიყვებით ჯერ კიდევ იმ დროზე, სანამ „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა. 11 საათი იყო უკვე, სტუმრები მოსულები, სულხანი ჯერ არ ჩანდა. ცხონებულმა მისმა სიდედრმა მითხრა - ბატონო თამაზ, ხალხი მშიერია, დავსხდეთ მაგიდასთან, სულხანი როდის მოვა, ხომ არ ვიცითო... დავსხედით და სულხანი 12-ს რომ გადაცდა, მერე მოვიდა. სტუმრად სანდრა რულოვსი და მაცაცო გვყავდა კიდევ, ორივე მღეროდა, სულხანის ცოლისდა, ცხონებული, როიალზე უკრავდა და მოკლედ, მხიარულება იყო. გავიდა ცოტა ხანი და მობრძანდა სააკაშვილი, მე თამადა ვიყავი და დავინახე, რომ სამი-ოთხი პატარა ჭიქა ღვინო დალია, ჭამა, ჭამა, ჭამა და მერე ადგა, გვერდით გავიდა. მე შემოსწრებულის სადღეგრძელოს დალევას ვაპირებდი უკვე და სულხანს ვკითხე - რა იქნა მიშა-მეთქი? ვიფიქრე, ალბათ, ტუალეტში გავიდა-მეთქი... წავიდაო, სულხანმა მიპასუხა. აღარ მივაქციე ყურადღება ამ ამბავს და რადგან თამადა ვიყავი, სანამ ბოლო სტუმარი არ გავიდოდა სახლიდან, მანამდე სუფრას ვხელმძღვანელობდი. მოგვიანებით სულხანი მოვიდა და მეუბნება - მამა, მიდი, სანდრა ჩასვი მანქანაში და სახლში გააცილეო... მაპატიე, შვილო, ახლა რასაც ვიტყვი და  ერთი მაგის პატრონის დედაც-მეთქი, ვუპასუხე სულხანს. ქმარი აქ არ ჰყავდა? ვერ წაათრია-მეთქი? კი, საზოგადოებაში მიღებულია, რომ ცოლი სადღაც მუშაობს, ქმარიც სადღაც მუშაობს, მერე სადმე დაგპატიჟებენ და მიხვალთ, მაგრამ შუაღამისას ნასვამ ხალხში ცოლს ვის უტოვებ, მე მაგის დედა ვატირე? ეგ კაცობაა? ჩაისვი ცოლი მანქანაში, მიიყვანე სახლში, დატოვე და მერე თავში ქვა გიხლია, სადაც გინდა, წადი! და ასეთი რამდენი ერთი გითხრათ კიდევ... ასეთი რაღაცეების გამო ლანძღავდა ხოლმე მერე სულხანი მიშას, ამიტომ როგორც ჩანს, პირადი ანგარიშებიც ჰქონდა მიშას ჩემს შვილთან, რომ სხვებივით არ წაუწვა მაგას სულხანი, გვერდში არ დაუდგა მის გოთვერნულ-მაიმუნურ საქმიანობაში! და დამიღუპეს შვილი...

 

- დღესაც ხომ არიან სისტემაში ჩატოვებულები ის ნაცები, რომლებიც კარგი საქმეებით და ადამიანობით ისევე ვერ დაიკვეხნიან, როგორც სააკაშვილი და მისი ბანდა...

 

- დიახ... თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავიღოთ  ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, იმათ აწინაურებენ! შე დალოცვილო, ისეთი ახალგზრდობა მოდის, ბრწყინვალე იურისტები, ეკონომისტები, ნიჭით გატენილი თაობაა  ესენი დანიშნე და ამუშავე! ძალიან გულგატეხილი ვარ, შვილო... ორი პარასკევი მაქვს დარჩენილი, 82 წლის ვხდები მალე და ჩემს შვილთან როცა წავალ, მინდა, ამბავი მივუტანო, რომ სამართალმა იზეიმა... ყურს არ იბერტყავენ! რა უნდოდა ბოკერიას პარლამენტში? ან თუნდაც ახლა კიდევ დააპიროს, რა უნდა მაგას იქ?

 

კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით: ქუჩაში როცა მივდივარ, სულ უცხო ადამიანი მტაცებს ხოლმე ხელს და მეუბნება - თქვენ სულხანის მამა არ ხართ? მომისამძიმრებს ხოლმე, მეფერებიან...

 

ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები.

 

ერთხელაც ავდექი და გიგა ბოკერიას დედას, ნანა ალექსანდრიას მივწერე _ ქალბატონო ნანა, საქართველოს დედოფალი იყავით ჭადრაკში, ყველას უყვარდით და მეც პატივს გცემთ, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან: როდისმე თუ გაუჩერებიხართ ქუჩაში ვინმეს და უთქვამს თქვენთვის, ეს რა კარგი შვილი გაგიზრდიათო? არ გეტყოდნენ მაგას და იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენს შვილს სულ დედას აგინებენ-მეთქი. გიგას მეზობელი ხომ არ ხარ? დედა ხარ და რას აგინებინებ ხალხს, დაელაპარაკე შენს შვილს-თქო...

 

რა, ტყუილი მივწერე რამე? კაციშვილს არ გაუცია პასუხი.

 

ასე ვიოხებ ხოლმე გულს, რომ იტყვიან... მეკითხებიან ხოლმე  არჩევნები მოდის და ვის დაუჭერ მხარსო? ვის და ვინც ხალხზე იფიქრებს, ვინც სამართალზე იფიქრებს, აი, იმას დავუჭერ მე მხარს!

 

- ბატონო თამაზ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ იძიებენ თქვენი შვილის საქმეს, რატომ არავინ კიდებს ბოკერიას ხელს, რომ როგორც მინიმუმ, გამოძიება დაიწყოს სულხანის წამების საქმეში მის ბრალეულობასთან დაკავშირებით?

 

- მარტო გიგა ბოკერიას, შვილო? რაც მაგას და სხვებს დანაშაული აქვთ ჩადენილი...

 

გინდაც გიგი უგულავა ავიღოთ, 48 მილიონი შეჭამა და ციხეში სულ რამდენიმე თვე ჩასვეს. აბა, მე და თქვენ წავიდეთ და ვინმეს 100 ლარი მოვპაროთ, წლებს მოგვისჯიან! იძახიან, რომ ვითომ ამერიკა ეუბნება ამათ ასე, რომ ბოკერიას ხელი არ ახლონ, ან გინდაც სააკაშვილს რომ არ იჭერენ... სანამ ისეთი მთავრობა არ მოვა, რომელიც, კახურად ვიტყვი - ფეხებზე დაიკიდებს ამერიკის მითითებებსაც, იმათაც და ამათაც, მანამდე საქართველოში არც სულხან მოლაშვილის საქმეს გამოიძიებენ და არც მაგალითად ზურაბ ჟვანიას საქმეს. ამაზე მეტი ფაქტი რა გინდათ? კაცი გაზით გაიგუდაო, გვეუბნებოდნენ და გაზი სულ არ ყოფილა იმ ღამეს და რამ გაგუდა?! ესენი კი გაჩუმებულები არიან, ვითომც არაფერი...

 

ხანდახან რომ ყველა სფეროს გადახედო ადამიანმა, გაგიჟდები... კი, ბატონო, შეიძლება რაღაცაში ეჭვი შეგეპაროს, ნამდვილად არის თუ არა ესა და ეს პირი დამნაშავე, მაგრამ დანაშაულის ჩადენის 100%-იანი ფაქტები რომ გაქვს ცხვირწინ, ამასაც რომ არ იძიებ და დამნაშავეს არ სჯი, რაღაზე უნდა ისაუბრო საერთოდ? გული მაქვს გაგლეჯაზე, რომ იტყვიან... ჩემი საწოლის პირდაპირ სულხანის ბავშვობის სურათები მაქვს გაკრული და ღამე რომ მეღვიძება, ვუყურებ და ვტირი...

 

ჩემი შვილი, იცით, რამ დაღუპა? ჯიშიანი ქართველი ვარო, სულ ამას იძახდა. სხვათა შორის, გიგლა ბარამიძე მაგის მეგობარი იყო, ძალიან კარგი ბიჭია, ვენაცვალე მაგას და იცით, რამდენჯერ უთხრა? წამო, სულხან, წავიდეთ, ესენი ჩვენ ხეირს არ დაგვაყრიანო... გიგლა ადგა, წავიდა და ცხრა წელი ემიგრაციაში იყო, აქ მის ოჯახში რომ მიდიოდნენ ნაცები, აწიოკებდნენ ყველას... გიგლა ახლა ცოცხალია, ჩემი შვილი კი, თავისი ჯიუტობით, აღარ მყავს...

 

რა ვქნა, ამაყი იყო, არ წავიდა, აქ დარჩა, წასულიყო ისიც გიგლასთან ერთად და მერე ხომ ჩამოვიდოდა... როდესაც სულხანი დაიჭირეს, მანამდე ის მის უწმინდესობასთან, პატრიარქთან მივიდა, პატრიარქმა დალოცა და მერე თავისი ფეხით მივიდა იმათთან, არ მინდა მაგათი წიოკიო... მივიდა თუ არა, იმ საღამოსვე დააკავეს...

 

სულხან მოლაშვილის დაპატიმრებაზე ხელი ქალაქის პროკურორმა გრიგალაშვილმა კი არა, რესპუბლიკის პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა მოაწერა! მე ახლა მას მივმართავ: ბატონო ირაკლი, მანახეთ ის საბრალდებო დასკვნა, რის შედეგადაც თქვენ ხელი მოაწერეთ სულხანის დაპატიმრებას! იცით, რა ეწერა მასში? 37 ათასი ლარი დაურიგა თავის თანამშრომლებსო... მერე ის თანამშრომლები იძახდნენ, მოვიტანთ, კაცო, უკან, თუ მაგაზეა საუბარიო... მერე და მერე კი, იცოცხლე, ხან რა მოუგონეს სულხანს, ხან რა! ირაკლი ოქრუაშვილო, მე შენი ასე და ისე! კაცობა რა უყავი? მაგრამ რა გინდა, ყველას გმირობას ხომ ვერ მოსთხოვ ადამიანი - სააკაშვილმა უთხრა, სულხანი უნდა დავიჭიროთო და ამანაც მოაწერა ხელი! მაშინ რომ ოქრუაშვილს ხელი არ მოაწერა, მართალია, პროკურორობიდან

გაათავისუფლებდნენ, მაგრამ კაცის სახელი დარჩებოდა! ახლა სადმე რომ შემხვდეს, პირდაპირ ვეტყვი _ არაკაცი ხარ, შენი ასე და ასე-მეთქი!

 

- ცნობილი ამბავია, რომ სულხანს ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ საპატიმროში გაუუარესდა და წამების კვალიც ეტყობოდა, ამის ამსახველი ფოტოებიც იხილა საზოგადოებამ... როგორც ჩანს, თავიდანვე განწირული იყო ნაცრეჟიმის მხრიდან, რომ მისთვის ყურადღება არ მიექციათ ციხეში...

 

- სულხანს ღვიძლის დაავადება რომ აღმოაჩნდა, ექიმს უთხრეს - ეგ არ თქვაო, „ზემოთ“ ეწყინებათო... 11 თვე გავიდა ისე, რომ სულხანი დაავადებული იყო ღვიძლზე და არ პატრონობდნენ! წამებას რაც შეეხება  ნანა კაკაბაძემ ატეხა ერთი ამბავი, თორემ ჩვენ ვინ გვეტყოდა მაგას? ხმაურის ატეხვის მერე გაირკვა ყველაფერი, სურათიც რომ გადაუღეს, რას დაამსგავსეს ციხეში სულხანი...

 

- თქვენი შვილი ყოველთვის ხაზგასმით და ხმამაღლა აცხადებდა, რომ ციხეში მის წამებაში მონაწილეობას გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი იღებდნენ. ხომ არ უთქვამს მას თქვენთვის, მის წამებას სხვა თვითმხილველები თუ ჰყავდა? ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათი დაკითხვაც იქნებ მოხდეს როდისმე, რომ საქმის ხელახალი ძიება ბოლოს და ბოლოს დაიწყოს და ბოლომდე მივიდეს.

 

- თქვენ ვინც ჩამოთვალეთ, მაგ გვარებს ასახელებდა მხოლოდ, შვილო, ის აღარ ვიცი, წამების დროს ვინ სად იდგა, ვინ ჩამოაცვა თავზე ტომარა, ზურგზე რომელი აწვავდა სიგარეტს... პირველივე ღამეს სულხანი კრიმინალების საკანში „შეაგდეს“, მაგათ ეგონათ, რომ პატიმრები ჩემს შვილს დედას უტირებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა - ხელისგულზე დაისვეს... მერე ერთი ამბავი ავტეხეთ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ... ის 11 თვე რომ ემკურნალათ, იქნებ შვილი ცოცხალი მყოლოდა ახლა?! ისეთ მდგომარეობაში ჰყავდათ, ციხის მერე საფრანგეთში რომ წავიდა სამკურნალოდ, იქაც ვერ უშველეს ექიმებმა, რადგან კაცი გათავებული იყო უკვე...

 

- როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება ისევ უმოქმედოდ იქნება სულხანის საქმის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით? თუ გაქვთ მაინც იმედი, რომ ხელს გაანძრევენ?..

 

- არა, არა... ჟვანიას საქმეს იძიებენ, შვილო? აი, მოწმეებზე რომ მკითხეთ წეღან, მოწმეზე მეტი რაღა უნდათ, იმ ღამეს გაზი საერთოდ არ იყო, მაგრამ გამოვიდნენ მერაბიშვილი და ვიღაცეები და გინდა თუ არა, გაზმა გაგუდაო... ამიტომ ვიძახი _ ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება უნდა მოვიდეს, ვინც ნამდვილად ხალხზე და სამართალზე ფიქრობს! ჩვენ ამერიკისთვის კიკუს როლში ვართ, შვილო _ გააღე პირიო, კანფეტი უნდა გაჭამოო, გვეუბნებიან... გავაღებთ პირს, გვაჭმევენ კანფეტს... ახლა გაიხადეო, ახლა დაწექიო, ახლა წადიო, გვეუბნებიან... აი, ასეთ დღეში ვართ და რად მინდა მაგისთანა კანფეტი? ავდგები და ვიშიმშილებ, მაგის დედაც ვატირე, ოღონდაც ქალი ქალს ჰგავდეს, კაცი - კაცს და სამართალი იყოს ამ ქვეყნად! იმდენი საკითხია ქვეყანაში გადასაწყვეტი, რომელსაც მთავრობა არ წყვეტს! რა ვქნა, ასეთი ვარ, ტყუილად არ მიყვარს მოფერება, ყველას საკადრისს ვეუბნები ხოლმე, თუ ვინმესი რამე მომეწონა - იმასაც აუცილებლად ვამბობ. ჩემს გარდა რამდენი გაუბედურებულუი ადამიანია კიდევ ამ ქვეყანაზე? აგერ „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე რომ დახვრიტეს გია კრიალაშვილი, მისი და, ლია კრიალაშვილი წერდა გაზეთში _ ცოცხალი ადამიანი ადებს ხელს იმ პირს, ვინც გიას ესროლა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ აქვს არავის... ბევრი ადამიანია ასე, სამართლის მოლოდინში, მაგრამ არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას პატრონი...

 

- დიდი მადლობა საუბრისთვის, ბატონო თამაზ... მე თქვენთან პირველად ჩავწერე ახლა ინტერვიუ და მაქვს საშუალება, პირადად მოგისამძიმროთ და გითხრათ, რომ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, თქვენი შვილის გამო...

 

- თქვენ შემოგევლეთ (ტირის)... კაციშვილი არ მიდგას გვერდში, ათასში ერთხელ თუ ვინმე რამეს მკითხავს სულხანზე...

 

ახლა თქვენ მადლობას მე კი ნუ მეუბნებით, მე თქვენ უნდა გითხრათ მადლობა, რომ ჩემი შვილი გაიხსენეთ, შვილო...  ღმერთმა სიკეთით გატაროთ...

 

 

right_banner big_banner
არქივი