logo_geo
ენგურჰესის ახალი სიცოცხლე!
- +

16 სექტემბერი. 2021. 18:52

 

 

ენგურჰესის ახალი სიცოცხლე!

 

 

2021 წელს ენგურჰესი ახალ სიცოცხლეს იწყებს _ აქ უნიკალური ტურისტული ზონა კეთდება.

 

სამოცდაათიან წლებში,  როცა   სასკოლო ექსკურსიებზე ენგურჰესის სანახავად დაგვატარებდნენ, საუკუნის მშენებლობის  `თანამოზიარეებს~ გვხდიდნენ, თორემ მაშინ იქ საექსკურსიო და სანახავი აბა, რა იყო _ ცემენტის და სამშენებლო მასალების ბუღი, უზარმაზარი სატვირთოების გუგუნი, ჰოდა, 45 წლის მერე, აქ მართლაც, უნიკალური სანახაობა იგეგმება:

 

ენგურჰესის კაშხალის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე  და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას. განვითარების კონცეფციის თანახმად, კაშხლის გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებისთვის.

 

“შპს ენგურჰესის” ტურისტულ ცენტრს ახალი დირექტორი _  ნიკოლოზ ანთიძე ჰყავს,  ჩვენი საუბარიც ქართულ სინამდვილეში ამ,  სრულიად ახალი ტიპის ტურისტული ობიექტის განვითარების  პერსპექტივებს ეხება.

 

 

 

_ ბატონო ნიკა, როგორ გაჩნდა ეს იდეა, რომ ასეთი ინდუსტრიული ობიექტის ფუნქციები  ტურიზმის მიმართულებით გაზრდილიყო?

 

_ დავიწყოთ იქიდან, რომ მსგავსი პროექტი კარგა ხანია განხორციელდა სხვადასხვა ქვეყანაში და ახლა ბევრი მუშაობს ამ მიმართულებით. მთელ მსოფლიოში დაწყებულია ინდუსტრიული ობიექტების ფუნქციის გაზრდა და მათი ტურისტულ ობიექტებად გადაქცევა, ასეთი კი ძალიან ბევრია. რამდენიმე წლის წინ, როცა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ვხელმძღვანელობდი, სვანეთიდან უცხოელი სტუმრები ენგურჰესზე გამოვატარე.  გრანდიოზულობითა და შესაძლებლობებით ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. პირველად  მაშინ გაჩნდა იდეა ენგურჰესის ახალი სიცოცხლის დასაწყებად და ამისი მაგალითი უკვე არსებობდა _ ჰუვერის კაშხალი ამერიკაში, ლას-ვეგასთან, მდინარე კოლორადოზე. რომელსაც უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს და ყოველწლიურად რვა მილიონი ვიზიტორი ჰყავს.

 

_ ამ მიმართულებით  ენგურჰესის შესაძლებლობებიც უკვე განსაზღვრულია?

 

_ ენგურჰესი ამიერკავკასიაში ყველაზე დიდია თავისი მასშტაბით, მსოფლიოში კი, ძირითადი პარამეტრებით  ეს თაღოვანი კაშხალი _ უპრეცედენტოა. 2010წლამდე იგი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალი იყო მსოფლიოში _ 271,5 მეტრი და სიგანეში _ 726 მეტრი, თუმცა დღეისათვის მეექვსე ადგილზეა თურქეთში და ჩინეთში აგებული კაშხალების შემდეგ, მაგრამ ეს სულაც არ  კარგავს ამ ობიექტის გრანდიოზულობას. ენგურჰესის კაშხალი ჰიდროტექნიკური ნაგებობაა, რკინა-ბეტონის თაღითა და განუმეორებელი თხემით, ჰესის ბურჯები თითქოს ცას მხრებით იჭერენ, კაშხალს ცის თაღის ფორმა აქვს, მიწისქვეშა ნაგებობების გრანდიოზულობა კი  წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. ესაა უნიკალური საინჟინრო ნაგებობა, რომელიც 25 წელი შენდებოდა და როცა გაიხსნა, ამერიკელმა და ევროპელმა ჰიდროინჟინრებმა შედევრად  აღიარეს. ახლა  კი მილიონობით ადამიანს შეეძლება დაადასტუროს ეს უნიკალურობა.

 

_ როგორც ჩანს, მსოფლიო დონის ატრაქციისთვის ვემზადებით.

 

_კიი, ნამდვილად ასეა. ენგურჰესის ტურისტული ცენტრის პროექტის კონცეფციის თანახმად, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, ზიპლაინი, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი - 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე _ კომპონენტები ექსტრემის მოყვარულებისთვის.

 

ამ ეტაპზე უკვე მზადაა საერთაშორისო კომპანია `ჩოლლიერს~-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შესახებ წინასწარ მონაცემებს აძლევს. კვლევა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დაკვეთით მომზადდა. აღმასრულებელი ხელისუფლების მსჯელობის შემდეგ გაირკვა რეგიონული მნიშვნელობის ტურისტული ზონის განვითარების მოდელი, რომელიც მასში კერძო საინვესტიციო ჯგუფების ჩართვის შესაძლელობას განსაზღვრავს. ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტირების სამუშაოები ესტონურმა დიზაინ-არქიტექტურულმა კომპანია „კოკო არქიტექს“-მა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ ინიციატივით მოამზადა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ადმინისტრაციის მიერ ერთობლივად დაფუძნებული საწარმოა. პროექტის მიხედვით, მსოფლიო დონის ატრაქციის _ ენგურჰესის  პროექტირების ეტაპზე, საპროექტო ჯგუფსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კონსულტაციებით, დეტალურად განისაზღვრა ტურისტული მარშრუტების საბოლოო მოდელებიც. წინასწარი მონაცემებით, ზონის მოწყობის პროცესში რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება ჩართული. პარალელური სერვისების კუთხით კი ტურისტულ სივრცეში მუდმივად დასაქმდება 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები. არსებული გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში, სავარაუდოდ, 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ დოლარადაა განსაზღვრული.

 

 

 

_ ენგურჰესის, როგორც საინჟინრო ნაგებობის უნიკალურობაზე  ცნობილია, მაგრამ ტურისტული მიმართულებით ხომ არ იგეგმება ისეთი რამ, რასაც ვიზიტორი მხოლოდ აქ ნახავს?

 

 _ დღეს, როდესაც ტურიზმის სფეროსადმი დაინტერესება სულ უფრო მზარდია, ენგურჰესის მნიშვნელობა ამ მიმართულებითაც განსაკუთრებულია.

 

ინდუსტრიული მემკვიდრეობის მონუმენტურ ძეგლებზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის პრაქტიკა  მთელ მსოფლიოში  მხოლოდ რამდენიმე მსგავს პროექტს იცნობს. აქედან ერთ-ერთი ჰუვერის დამბის სახელითაა ცნობილი, თუმცა, ენგურჰესის ტურისტულ ზონას მულტიდისციპლინური ატრაქციებისა და სამეცნიერო-აღმოჩენათა ცენტრის გათვალისწინებით,  საშუალოვადიან პერსპექტივაში მსოფლიო ანალოგი არ აქვს.

 

დღევანდელი მსოფლიო უდიდეს ყურადღებას უთმობს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და გადარჩენას. სწორედ ამ პროექტის ხორცშესხმით გვეძლევა დღეს საშუალება, ჩვენც მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ინდუსტრიული მემკვიდრეობა და მეტიც, ღირსშესანიშნაობად ვაქციოთ იგი. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს, ყველა თვალსაზრისით, სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური ენგურჰესი,  რომლის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში და შესაბამისად, ნამდვილად იმსახურებს ინდუსტრიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს _ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარდგინებით, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.

 

 

ბატონო ნიკა, რა ეტაპზეა  პროექტი და პირველ ვიზიტორებს როდის ელოდებით?

 

_ ამჯერად  მიმდინარეობს ტერიტორიის  საინფორმაციო მოწყობა, იდგმება ბანერები, დაფები, დაგეგმილია პარტნიორებთან   შეხვედრა  ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების გასაცნობად, 3 წელიწადში  ჩვენ გვექნება დასრულებული უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი ნიმუში იქნება. ის, რომ ენგურჰესი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის _ ზემო სვანეთის უმნიშვნელოვანეს საგზაო არტერიაზე მდებარეობს, გვაძლევს საფუძველს, განვაცხადოთ, რომ ახალი ტურისტული ზონა რეგიონული მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად იქცევა და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი პირველ ვიზიტორებს შეეძლებათ ნავებით გაისეირნონ  წყალსაცავზე და ნახონ, რა მასშტაბური პროექტი  მზადდება სანახაობებისა და ექსტრემის მოყვარულთათვის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი