logo_geo
შალვა რამიშვილი: თუ ჩამოვა, დაიჭერენ და მიაბრძანებე, სადაც საჭიროა!
- +

17 სექტემბერი. 2021. 01:22

 

 

ორიოდე დღის წინ, ტელეკომპანია „პოსტვ“-ს ეთერში უჩვეულო პერფორმანსი ვიხილეთ - არხის გენერალურმა პროდიუსერმა და „დიდი გადაცემის“ ავტორმა შალვა რამიშვილმა სტუმრად ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მიიწვია, თუმცა, გახარიას ნაცვლად, სტუმრის სკამიდან ჰაერში ბოლი ავარდა... რა თქმა უნდა, აღნიშნული პერფორმანსი ასოციაციური იყო და პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურებოდა, რა დროსაც კობახიძემ გახარიაზე თქვა - გუნდის შიგნით მას  „ბოლს“ ვეძახდითო...

 

თემაზე სასაუბროდ „ქართული აზრი“ შალვა რამიშვილს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუს აქვე გთავაზობთ.

 

- ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თქვენი ტელევიზია ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ეთერში იწვევდა, თუმცა, მისგან თანხმობა არ მოგსვლიათ. თქვენს შაბათის ეთერში ორიგინალური პერფორმანსი ვიხილეთ - გახარიას ნაცვლად, სტუმრის სკამზე ბოლი ავიდა... რატომ გადაწყვიტეთ გახარიაზე ასეთი სატირული გადაცემის გაკეთება?

 

- პირდაპირ შემიძლია, დავაფიქსირო და არც არის დასამალი ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება გიორგი გახარიასადმი. ვთვლი, რომ მან პირადად მე და ჩემს თანამებრძოლებს გვიღალატა, როდესაც სრულიად სამარცხვინოდ გაიქცა ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია იგეგმებოდა! აქედან გამომდინარე, მის მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება აბსოლუტურად ყველაფერში ჩანს, მათ შორის, ამ პოლიტიკური სატირის შემცველ პერფორმანსში, რაც მაყურებელმა ეთერში იხილა.

 

- ერთ-ერთ გადაცემაში გიორგი გახარიამ ინტერვიუს დროს წამყვანს იქით შეუტრიალა კითხვა - თქვენ მართლა გგონიათ, რომ მე ნიკა მელიას გამო გადავდექიო? თითქოს, ერთგვარად თავის მართლების რეჟიმშია - რეალურად, სხვა რამის გამო დავტოვე თანამდებობა და არა მელიას გამოო. თქვენ რას ფიქრობთ, რა მოხდა მაშინ, რატომ გადადგა პრემიერი?

 

- მე მაქვს გარკვეული ინფორმაციები და ბევრი ფიქრი არ მიწევს ამ საკითხზე, რადგან რაღაცეები ვიცი. ერთადერთი, რაც ღიად და საჯაროდ შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ საღი აზრის ფარგლებში აუხსნელია მისი ეს გადაწყვეტილება. ამას შეიძლება ჰქონდეს ახსნა, რომ გახარია მიხეილ სააკაშვილს შეეკრა; შეიძლება გადადგომა მის ლაჩრობას დავაბრალოთ და კიდევ ბევრ სხვა რამეს _ ეს გასარკვევია, მაგრამ მისი აღნიშნული საქციელი რომ თავისთავად, უპატიებელი იყო, ამაში ორი აზრი არ არის. აღნიშნული ნაბიჯის განსამარტად გახარიამ ძალიან ბევრი მიზეზი მოიყვანა, ამ მიზეზებში ირევა, იტყუება, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს... ზოგადად, როდესაც ადამიანი ასე იქცევა და ასე არეულად ხსნის თავის საქციელს, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეს მალავს. ყველაფერი ეს სახეზეა _ ხან მელიას გამო გადადგა, რადგან იქ საშიშროება იყო, სისხლი დაღვრილიყოო, თუმცაღა, მერე აღმოჩნდა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია იდეალური იყო. იმ რთულ პირობებში ადამიანის აყვანის ისეთი სპეცოპერაცია აქამდე, მგონი, არც ჩატარებულა; ხან იძახის, მელიას გამო არ გადავდექიო; ახლახან საერთოდ ასე თქვა _ იმ დროს ოფისში შესვლა საერთოდ არ შეიძლებოდაო, თუნდაც საქმე (მელიას დაკავების სპეცოპერაცია) კარგად დამთავრებულიყო, რადგან თვითონ ოფისში სამართალდამცავების შესვლა გამოიწვევდა უცხოელი  პარტნიორების უკმაყოფილებასო... და ვინ მიიყვანა ოფისამდე საქმე? ის იყო მაშინ პრემიერი, მანამდე დაეჭირა _ როგორც კი მელიამ სამაჯური ისროლა, იმ დღესვე აეყვანათ! მასზე არ იყო ეს პასუხისმგებლობები? აქედან გამომდინარე, უბრალოდ, არ იხსნება მისი საქციელი! ერთადერთი ახსნა არის მისი თანამშრომლობა სააკაშვილთან - რა თქმა უნდა, მეტი მტკიცებულებებია საამისოდ საჭირო, რომ ეს ყველამ დაიჯეროს, თუმცაღა, თავად მისი ახსნები, თავად მისი საქციელი ამ ვერსიას მხოლოდ ამყარებს!

 

- გახარიამ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა, რასაც მანამდე გამორიცხავდა და კახა კალაძეს თბილისის საუკეთესო მერს უწოდებდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა გახარიას ეს ნაბიჯი ნაცების წისქვილზე წყლის დასხმად შეაფასა...

 

- გახარიამ მელიას ხაზი, მისი სტილი გააგრძელა _ ნიკა მელია ხომ რასაც ამბობს, იმას არ აკეთებს. პირიქით, აკეთებს იმას, რასაც უარყოფს ხოლმე. სიტუაციური პარტნიორი ან ჯერ უბრალოდ პარტნიორი დავუძახოთ _ მან მელიას სტილი გადაიღო.

 

- რამდენად კარგად აისახება სამომავლოდ, თუნდაც მოახლოებულ არჩევნებში, გახარიას ეს ნაბიჯი მისივე რეიტინგზე?

 

- გახარიას რეიტინგი არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ რეიტინგი, თუმცა არა - მას დარჩა რაღაც სექტისმაგვარი მცირე ჯგუფი, რომელიც მასზე აფანატებს. ეს არის ძალიან მცირეხნიანი, მომცრო „აფეთქება“ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე და დაახლოებით, ერთ წელიწადში გუნდისგან არაფერი დარჩება.

 

- გახარიას პარტიის იდეოლოგია, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ერთგვარად, „რბილი ლიბერალიზმის“ ნიშნებს შეიცავს, თავად თქვენ როგორ შეაფასებდით მის პოლიტიკურ ხედვებს?

 

- სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ ვერ გავიგე, მისი პოზიცია რაში მდგომარეობს _ რას ლაპარაკობს, რა უნდა... არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ გიორგი გახარია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამო არის და ამ კაცის, როგორც პოლიტიკოსის შემქმნელი მასზე ამბობს, რომ ის მოღალატეა. აქ უნდა დამთავრდეს უკვე ეს თემა _ გახარიას თავისთავადი ღირებულება, რა თქმა უნდა, არ აქვს, მას არ შეუქმნია საკუთარი პოლიტიკური კარიერა, ის არასდროს იყო თვითმყოფადი პოლიტიკოსი. გახარია ამბობს - ჩვენ უნდა გავაკეთოთ უკეთესად ის, რასაც „ქართული ოცნება“ ჩემ დროს აკეთებდაო. როცა მე „ოცნების“ გუნდში ვიყავი, არაფერი ცუდი არ ხდებოდაო, ახლა კი „ოცნება“ ავტორიტარიზმისკენ და არაპროფესიონალიზმისკენ გადაიხარა და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღვკვეთოთო... ეს არის ზოგადი ფრაზები, ყოველგვარი იდეის გარეშე, ან კიდევ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ _ სხვას რას უნდა მოელოდე მისგან? გახარია არ იყო ის ადამიანი, რომელიც ჩემს და ბევრი ჩემნაირის გვერდით იდგა 2012 წელს, როდესაც ყველანი სიკვდილის შიშით ვაკეთებდით იმას, რასაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი ჰქვია! გახარია მერე მოვიდა, ჩაეწერა გუნდში, რამდენიმე წარმატება ჰქონდა, რამდენიმე შეცდომა და პირადად მე და ჩემი მეგობრები გვერდში ვედექით, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, თორემ გახარიას პიროვნულად კი არ ვედექით გვერდში, როცა მის დასაცავად ვიბრძოდით და ვამბობდით, რომ მაგალითად, მართალი იყო იმ ამბავში, როდესაც 20 ივნისს პარლამენტზე შტურმისას საპოლიციო ძალები გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ბაჩომაც, გურიმაც („პოსტვ“-ის წამყვანები _ ნ.ლ.), მეც ძალიან ბევრი ლანძღვა-გინება მივიღეთ, ჩვენ მაინც გავაკეთეთ ეს და ამას არავის ვამადლით, რადგან ეს არის ნიშანი ჩვენი ერთგულებისა იმ გუნდისადმი, რომელიც სააკაშვილს ებრძვის! სააკაშვილთან და რასაც ის განასახიერებს _ იმასთან ბრძოლა არის ჩემთვის მთავარი და როდესაც ადამიანი მისი მოკავშირე ხდება, ჩემთვისაც და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც ასეთი ადამიანი ღირებულებას კარგავს და აღარაფერს წარმოადგენს!

 

- ახლა ახსენეთ, გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცდომებიც ჰქონდაო... რა შეცდომები იყო ეს? 

 

- მაგალითად, ძალიან სამწუხარო იყო პანკისში იმ სპეცრაზმის ყურება, რომელსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ქვები დაუშინა და უკან დაახევინა. თუ სადმე სპეცრაზმი შეგყავს, ასე არ უნდა გამოიყვანო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა იყო. მერე მეორე _ გაურკვეველი მოძრაობები ღამის კლუბთან დაკავშირებით, სადაც ასევე სპეცრაზმი შეიყვანა _ ამის შემდეგ ადამიანი გამოდის „თეთრი ხმაურის“ აქციაზე და აქციის მონაწილეებს ბოდიშს უხდის... რაში უხდი ბოდიშს? თუ კანონიერია შენი ქმედებები, ბოდიშის მოხდა იქ არ იყო საჭირო. ხშირად ლიბერალობას თამაშობდა და მომენტებში _ ზედმეტადაც. არ იყო ეს ყველაფერი მაინცდამაინც სასიამოვნო, მაგრამ რადგან ის იყო „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი... მე პირადად ძალიან მინდა, ამ გუნდმა ისევ გაიმარჯვოს და ეს საფრთხე, რომელიც სააკაშვილის და კიდევ ბევრის სახით არსებობს, მოაშოროს ქვეყანას, ეს არის ჩემი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულებას გახარია უკვე ხელს უშლის. მართალია, ეს არ იქნება მისი მხრიდან აქტიური ხელშეშლა, რადგან მას ამის ძალა არ აქვს, მაგრამ ვალდებული ვარ, ეს ყველაფერი დავაფიქსირო და თუნდაც ჩემი გადაცემის იმგვარი პერფორმანსებით, რომელიც მაყურებელმა რამდენიმე დღის წინ იხილა. ამ ყველაფრით მინდა, ხელი შევუშალო იმას, რომ გახარიამ ხმები წაიღოს „ქართული ოცნებიდან“ არჩევნებზე.

 

- უკვე მერამდენედ დააანონსა მიშამ საქართველოში ჩამოსვლა, აღარც ვიცი... გჯერათ იმის, რომ ამჯერად მაინც შეასრულებს დაპირებას?

 

- არ მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს, მაგრამ თუ ჩამოვა, დაიჭერენ და მიაბრძანებენ, სადაც საჭიროა! იქ კი ერთ საათში გატყდება, რადგან ის შიშისგან არის შექმნილი, სიმხდალის განსახიერებაა და ნახავთ, როგორც იქნება.

 

- მოსახლეობაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს მანამდე, სანამ ის აქ ჩამოვა. შეწყალებით კი მას ყველა გზა ეხსნება, აქ ისე ჩამოვიდეს, რომ შსს ვერაფერს გახდეს.

 

- სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს!

 

- რატომ ხართ ასე დარწმუნებული? ჩვენ უკვე ვართ იმის მომსწრენი, როგორ შეიწყალა ზურაბიშვილმა გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა... რაღა სააკაშვილის შეწყალებაზე იტყვის უარს?

 

 

- მე პირადად დარწმუნებით გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა ის შეიწყალოს! მხოლოდ ამის თქმა შემიძლია!

 

 

 

big_banner
არქივი