logo_geo
გასრულდა ესე ამბავი...
- +

6 ოქტომბერი. 2021. 15:30

 

 

მსახიობმა ჯაბა კილაძემ 21 წლის განმავლობაში, დუბლიორის გარეშე ითამაშა გეგა კობახიძის როლი სპექტაკლში „ჯინსების თაობა“. 28 ოქტომბერს მან ბოლოჯერ ითამაშა და როლი უფრო ახალგაზრდა მსახიობს გადასცა. მსახიობმა ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ისაუბრა.

 

- თქვენი პირველი სპექტაკლი იყო „ჯინსების თაობა”, სადაც გეგა კობახიძე განასახიერეთ. მას შემდეგ 21 წელი გავიდა... როგორია ახლა ამ ყველაფრის დასრულება?

 

- როცა პირველად ვითამაშე, ვიყავი 19 წლის და ერთ-ერთი კოზირი ამ გმირის იყო ის, რომ პერსონაჟი ერთგვარად ბავშვიც უნდა ყოფილიყო, თან ბიჭიც. 21 წელი ვითამაშე. ამ სპექტაკლში...ახლა 40 წლის ვარ და ვფიქრობ, ჯობს, რომ როლი ახალგაზრდას დავუთმო...

 

 

- რთული არ იყო თქვენთვის, როგორც მეორეკურსელი სტუდენტისთვის, ამხელა პასუხისმგებლობის აღება?

 

 

- რთული პერიოდი იყო ჩემს ბავშვობაში  და თვითგადარჩენის  ინსტინქტი ძალიან გაღვივებული იყო, ამიტომ გარკვეული პასუხისმგებლობის გრძნობა ბავშვობიდანვე მკვეთრად  მქონდა გამომუშავებული. როდესაც რაღაც მიყვარდა, იმას ძალიან დიდი შემართებით ვაკეთებდი. თბილისში ამბები უცებ ვრცელდებოდა და გავარდა ხმა, რომ „ჯინსების თაობა“ უნდა დადგმულიყო მარჯანიშვილის თეატრში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს სპექტაკლი ვერ დაიდგა მარჯანიშვილში, სადაც მთავარი რეჟისორი იყო დათო დოიაშვილი. ეს სპექტაკლი მაინც დადგა. უცებ იწყება რეპეტიციები, მირეკავს დოი და შემომთავაზეს როლი, მოვხვდი პროფესიონალ მსახიობებთან, როცა მე, ასე ვთქვათ, ანბანს ვსწავლობდი ჯერ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად იქნება ჩემს ცხოვრებაში და მადლობელი ვარ, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა.

 

- როგორი იყო გეგა კობახიძის როლზე მუშაობის პროცესი, ვიდრე სცენაზე გეგას განასახიერებდი?

 

- ერთია, როცა თამაშობ გმირს რომელიმე კონკრეტული პიესიდან, ასე ვთქვათ, გამოგონილ პერსონაჟს, და მეორეა, როცა თამაშობ ადამიანს, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ დადიოდა ამ ქალაქში... კონკრეტულად გეგა კობახიძის პროტოტიპს არ ვაკეთებ, უბრალოდ ვცდილობდი სიტუაციის ჩვეულებრივად ჩვენებას.

 

 

- რას ფიქრობთ „თვითმფრინავის ბიჭებზე“, გმირები უფრო იყვნენ თუ ტერორისტები?

 

 

- აქ ორი დაპირისპირებაა, მორალური მიდგომის და კანონის, თუმცა, ერთი მხრივ, ფაქტია, რომ იმ დროს კანონმა გადააჭარბა... ვფიქრობ, რომ უმაღლესი სასჯელის ღირსებიც არ იყვნენ, თუმცა, მაშინდელი რეალობა აბსოლუტურად სხვა იყო. ჩემი აზრით, ეს ქმედება  საჩვენებლად გამოიყენა იმ პერიოდის მმართველობამ...

 

- აქვს თუ არა ქალბატონ ნათელას ეს სპექტაკლი ნანახი და იცით თუ არა მისი აზრი  თქვენს მიერ ნათამაშებ როლზე?

 

- საინტერესოა, რომ 21 წლის შემდეგაც ეს კითხვა აქტუალურია. ქალბატონი ნათელა არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი პიროვნება. სულ პირველად,  როცა დაიდგა ეს სპექტაკლი, მაშინ იყო მოსული და ჩემი შესრულებით ნანახიც აქვს. მისი აზრი ვიცი, თუმცა ვფიქრობ, თუ სათქმელია, მირჩევნია თავად ისაუბროს იმაზე, რასაც ფიქრობს...

 

- თქვენს წარმატებასა და განვითარებაში ვის მიუძღვის დიდი წვლილი?

 

- ყველას, დაწყებული ჩემი პედაგოგებიდან გაგრძელებული აქამდე შემხვედრი ადამიანებით, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში, რომელიც ახლაც გრძელდება და უწყვეტი პროცესია, მაგრამ დოიმ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც როლი შემომთავაზა და მენდო, როცა მე ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვიყავი, და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.

 

- ბევრ სპექტაკლში მიგიღიათ მონაწილეობა. რომელიმეს გამოარჩევდით?

 

- „ჯინსების თაობა“ არის ჩემთვის პირველი ნაბიჯი, და როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ რაიმე მნიშვნელოვანში, ძალიან მკვეთრად გამახსოვრდება. ყველაფერი ის, რაშიც შრომა გაქვს ჩადებული, მნიშვნელოვანია, მათი განსხვავება ვერ ხერხდება. ჩემთვის ყველა როლი გამორჩეულია იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო რეჟისორებთან ვმუშაობ.

 

- თეატრი თუ სერიალი?

 

- არ ვფიქრობ, რომ ეს ორი შეიძლება ერთმანეთს შეადარო, სხვადასხვა სპეციფიკაა, რომელშიც აბსოლუტურად განსხვავებულ სიამოვნებას იღებ.

 

- ახლანდელ თაობასა და თქვენს თაობას შორის, რომელმაც მძიმე 90-იანი წლები გამოიარა, რა განსხვავებას ხედავთ?

 

- პირველ რიგში ბედნიერებაა, რომ თქვენს თაობას 90-იანები არ გამოუვლია. თქვენ გაქვთ თავისუფლების დიდი სურვილი, გაქვთ პროტესტი და ძალიან სწრაფი განვითარების სურვილი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მაგარია. ვფიქრობ, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ცუდი რამ გამოვიარეთ, მაინც ასე თუ ისე,  აქამდე მოვედით და დღეს შეიძლება რაღაც მისწრაფებები გვქონდეს, ამაშიც გარკვეულწილად რაღაც დადებითი არის. მომავალი თაობა არის ის ენერგია, რომელიც უნდა გადაეცეს შემდეგ თაობას და ასე დაუსრულებლად, სხვანაირად არც შეიძლება. აუცილებელია, რომ  ჩვენი ქვეყნის სწორად აღქმა და მისდამი სიყვარული გვქონდეს გამჯდარი და ნებისმიერი ფორმით უნდა ვეცადოთ, რომ ეს ვისწავლოთ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი