logo_geo
ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი საქართველოში ჩამოიტანეს
- +

6 ოქტომბერი. 2021. 15:34

 

 

საქართველოს ისტორიის ეროვნულ მუზეუმს ახალი ექსპონატი შეემატა _ ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა დავით ხიდაშელმა ბელგიაში, აუქციონზე შეიძინა და საქართველოს საჩუქრად გადმოსცა. ამ დღეებში დავით ხიდაშელი თბილისში იმყოფებოდა, მოვახერხეთ მასთან შეხვედრა ამ  თემაზე სასაუბროდ.

 

_ ბატონო დავით, დავითგარეჯის რუკების, ქეთევან წამებულის ნეშთის გადმოსვენების შემდეგ საქართველომ  ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი თქვენი წყალობით დაიბრუნა. როგორ აღმოაჩინეთ ეს ნივთი?

 

_ ეს ნივთი ჩემი სიძის, ქალიშვილის მეუღლის კრისის მეშვეობით აღმოვაჩინე. კრისს ძალიან უყვარს საქართველო. ერთ დღესაც  მითხრა, რომ ქართველი პრინცის გვარად ჭავჭავაძის ხმალი გამოჰქონდათ აუქციონზე, დავინტერესდი. დავადგინე, რომ ეს ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის  ვაჟს, დავითს ეკუთვნოდა და მის პირდაპირ შთამომავალს გამოჰქონდა აუქციონზე.  ალექსანდრე ჭავჭავაძეს ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდა.  დავით ჭავჭავაძე იყო რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. ის არმიაში მსახურობდა, იყო ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკში უნტეროფიცერი; ყირიმის ომის დროს  ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის თავდასხმებისაგან. 1854 წელს მან მიიღო მეფის ფლიგელ-ადიუტანტობა. 1856 წელს ის ტფილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს. მერე გენერალ-მაიორი გახდა და მეფის ამალაში ჩაირიცხა. იგი საქართველოში გარდაიცვალა და შუამთის დედათა მონასტერშია დაკრძალული.

 

 

_ ალბათ, ნივთი აღსადგენი იქნება

 

_ იარაღს ეტყობა ხმარების კვალი, მაგრამ უკვე  კონსერვაცია ჩაუტარდა, ჩემი დაკვეთით, ისტორიული იარაღების რესტავრატორმა გოჩა ლაღიძემ მთლიანად აღადგინა ეს ნივთი.

 

_ უკვე შესაძლებელია ამ ნივთის ნახვა?

 

_ ახლახან კულტურის სამინისტროში ქალბატონ თეა წულუკიანს გადავეცი ხმალი, რაც შესაბამისი აქტით გაფორმდა და მინისტრმა ბრიფინგზე თქვა, რომ ეს ხმალი  საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატი იქნება.

 

 

 

ნივთის აღწერილობა:

 

ხმალი ქარქაშით, ოდნავ მოხრილი ცალლესური პირით, ორი ფართო ღარით, ბოლოვდება ორლესური შაშარით, უცნობი დამღით. ტარი არის ხის, შავტყავგადაკრული, ვერცხლის სალტეებითა და ვერცხლისავე ორნამენტირებული გობაკებით. ტარი ბოლოვდება თითბრის ან დაბალსინჯიანი ოქროს ზარნიშიანი რკინის „ვაშლით“. ვადაჯვარი რკინის, ორივე მხრიდან წარწერით: „Prince Tchavtchavadze“.

 

ვერცხლის სალტეებზე მოცემულია ვერცხლის სინჯის დამღა _ „84“ და თარიღი 1852? (ბოლო ციფრი არ იკითხება). ქარქაში არის ხის, ტყავგადაკრული, რკინის ორი საკიდიანი სალტითა და რკინის ბუნიკით. ქარქაშის ბუნიკის მიხედვით ხმალი თარიღდება დაახლოებით მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით, ვინაიდან ასეთი ბუნიკები საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მზადდებოდა, ხოლო ხმლის პირი შესაძლოა უფრო ადრეული იყოს.

 

თეა წულუკიანი _ `საქმე გვაქვს უნიკალურ ექსპონატთან და ჩვენი მუზეუმებისთვის დიდ შენაძენთან, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშიც ინახება, ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს~.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი