logo_geo
ია მეტრეველი: ბოროტების სათავე იყო სააკაშვილი!
- +

10 ოქტომბერი. 2021. 00:09

 

„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა, გაზეთ „ქართულ აზრთან" ინტერვიუში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და მისი დაპატიმრების შესახებ პირველი ემოციები გაგვიზიარა:

_ ამ დღეს დიდი ხანი ველოდი. დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი დაპატიმრებული, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მათ შორის ჩემით დაიწყო, ჩემი ოჯახის გაუბედურებით. შემდეგ კი, ყველასთვის ცნობილია, რაც გააკეთა. მარტო 160 ბიჭი ქუჩაშია დახვრეტილი მისი ბრძანებით და მისი რეჟიმის მიერ. გუშინდელ დღე  მნიშვნელოვანია, რადგან ამ ბოროტების და ამ რეჟიმის თავი, სააკაშვილი ციხეშია. ყველა სცენარი თუ რამე ცუდი ხდებოდა ქვეყანაში, მომდინარეობდა მისგან. მან დღემდე არ დააცადა ამოსუნთქვა ქვეყანას. დავიღალეთ, შეუძლებელია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლება, მოდელირებული ტყუილების ატანა. ყველანაირ ხერხს მიმართავენ, ოღონდ ქვეყანა არიონ, ოღონდ ქვეყანა წინ არ წავიდეს. სააკაშვილის დაპატიმრებით და არჩევნებით წერტილი დაესმება მათ ბოროტებას და სისასტიკეს. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ასპარეზიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრება. ჩემთვის ემოციურია ეს ყველაფერი.

_ დღის განმავლობაში არავინ იცოდა, იყო თუ არა სააკაშვილი საქართველოში... საღამოს კი, მთავრობის მეთაურმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი დააკავეს...

_ მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოვან სტრუქტურებს, ჩვენს პრემიერს, მათ შესანიშნავად ჩაატარეს სააკაშვილის აყვანის ოპერაცია. ნამდვილად, სახელმწიფო დგას თავის ადგილას, რაც ძალიან გვიხარია და გვაძლიერებს თითოეულ მოქალაქეს. უმტკივნეულოდ, მაღალკვალიფიციურად შეასრულეს სააკაშვილის აყვანა, ყოველგვარი არეულობის გარეშე. მადლობა მათ ამისთვის! იმედს ვიტოვებ, რომ სამართლის აღდგენა დაიწყო და გაგრძელდება, _ სააკაშვილს მიჰყვებიან დანარჩენი დამნაშავეები, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყვნენ დაპატიმრებულნი! სამართალი ურმით მოდისო, მაგრამ მაინც მოვიდა და მაინც მოვა. რაც დათესეს, იმას მოიმკიან და პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულებზე. ეს ყველაფერი კი დაიწყო გუშინ, სააკაშვილის დაკავებით. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დამარცხდება. ეს არის სამართლიანობის აღდგენის, დიდი ზეიმის დასაწყისი, რაც შვებას მისცემს საქართველოს მცხოვრებლების უდიდეს ნაწილს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ მანიაკი სააკაშვილის ხელი და რეჟიმი.

_ მიუხედავად ბევრი ბრალდებისა, მას მხოლოდ რამდენიმე საქმეზე აქვს მისჯილი 6 წელი... ასევე, არ აღიარებს არცერთ ბრალდებას და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს...

_ დიახ, ეს ძალიან ცოტაა მისთვის. მაგრამ იმედი მაქვს, მიესჯება და კიდევ ბევრი დაემატება. თავისი ფეხით ჩამოვიდა საქართველოში, რაც ნამდვილად არ მეგონა იმიტომ, რომ ეგ არის კურდღელი და ძალიან მშიშარა ადამიანი. კარგად გვახსოვს, როგორ ხოხავდა და როგორ მიატოვა სტუმარი, როგორ გარბოდა, თვითმფრინავი რომ მოეჩვენა. ყველასთვის ცნობილია, რასაც წარმოადგენს სააკაშვილი. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული პროვოკაცია ჰქონდათ დაგეგმილი, თორემ ეგ აქ არ ჩამოვიდოდა. ის, რომ სააკაშვილი ფსიქიკურად ვერ არის, შეიძლება ვერ გაუძლოს ციხეს და მართლა საგიჟეთში აღმოჩნდეს, საღი აზრს მოკლებული არაა. ეგ ისეთი მშიშარა და არამდგრადი ფსიქიკის ადამიანია, რომ შეიძლება, ნამდვილად ვერ გაუძლოს ციხეს.

სახელმწიფომ იმუშავა მაღალ დონეზე და აღკვეთილ იქნა მათი ეს პროვოკაცია. მადლობა ხელისუფლებას და მადლობა უფალს, რომ აგვარიდა დაპირისპირება და ის ცუდი პროვოკაციები, რომელსაც ისინი გეგმავდნენ! მისი დაჭერით ყველაფერი დასრულდება, მთავარი სათავე ამ ბოროტების იყო სააკაშვილი!  მინდა, სააკაშვილის მიერ, ჩემსავით გაუბედურებულ ოჯახებს მივულოცო სააკაშვილის დაპატიმრება და სამართლის აღდგენა!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი