logo_geo
ლალი მოროშკიუნა: ყველაზე მეტად ახლა ცოცხალი მეგის ქარდავა არ სჭირდება სააკაშვილს!
- +

10 ოქტომბერი. 2021. 00:18

 

უამრავი დაპირების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, თვითფრინავის ბილეთი აიღო და ცოტა უფრო რეალისტური გახადა მისი დაბრუნება საქართველოში. თარიღად 2 ოქტომბერი აირჩია, როცა არჩევნების ერთი ეტაპი დასრულებული იქნება და ხმის დათვლის მოლოდინში ვიქნებით.  არის თუ არა ეს სააკაშვილის მორიგი ცრუ დაპირება, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვა და რა პროცესები განვითარდება არჩევნების შემდეგ საქართველოში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგმა, კომფლიქტების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ლალი მოროშკინამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

_ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით უნდა დავიწყო, მან ბილეთიც გამოაქვეყნა, რამაც  საზოგადოებაში  ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ მიშა ახლა ნამდვილად აღარ ტყუის და ჩამოვაო, თქვენ როგორც პიარ-ტექნოლოგი და ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს სააკაშვილს, რას ფიქრობთ?

_ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის რამეს სპონტანურად აკეთებს ძალიან ცდება. ამ შემთხვევაშიც მიდის სწორი, პიარ-ტექნოლოგიურად გამართული, ცოცხალი ტესტირება. არანაირი სოციალური გამოკითხვა არ სჭირდება იმას, რომ მან უფრო კარგად დაინახოს, თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით რეალური სურათი რა არის. რეალურ სურათს მაშინ ხედავ, როდესაც რაღაც რეალურ ფაქტს დადებ. მან კარგად იცის ეს ტექნოლოგია. ის ერთგვარად ტესტავს საზოგადოებას.  იმ შემთხვევაში, თუ ის დაინახავს, რომ  ანგაჟირებული, ფსიქოლოგიურად მერყევი, ეგზალტირებული მასის გარდა ნამდვილად ჰყავს მხარდამჭერი, მაშინ რატომაც არა, იფიქრებს ჩამოსვლაზე. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე და ის რეალურად არ მოდის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის მცდელობა 2024 წლის არჩევნებისთვის მოუსინჯოს კბილი საზოგადოებას. ამ არჩევნებზე საუბარი საერთოდ არაა. ესაა გაცილებით დიდი გათვლა და გაცილებით უფრო სახიფათო, რადგან თუ ეს ექსპერიმენტი დასრულდა მისი საჭირო რეზულტატით, მაშინ ის აამოქმედებს ყველა ბერკეტს და მანქანას, რომ 2024-ში გადაიბაროს ხელისუფლება. ახლა ამის საშიშროება არამცთუ არაა, ის ადამიანებიც კი, რომლებიც დაქსაქსულები იყვნენ და  ნაწილი „ოცნების“ გახარიასთან გადავიდა, ამ საშიშროებით და რეალური საფრთხით გახარიამ ის ელექტორატი დაკარგა.

სააკაშვილის იმიჯი, რომ ვითომ სპონტანურია ნამდვილად არაა ასე, მას გათვლილი აქვს ყველა ნაბიჯი, ამიტომ ამ გათვლილი ნაბიჯებიდან გამომდინარე, როდესაც დაინახავს, რომ მხოლოდ ეგზალტირებული მასაა მისი ჩამოსვლის მომხრე, ის ბოლო მომენტში აუცილებლად იტყვის, რომ მას უნდოდა აეცილებინა სისხლის ღვრა, დაპირისპირება, რომ ის ისევ ის მიხეილია კავკასიური ცარცის წრიდან, რომლის გაგლეჯვაც სურთ და ისაა საქართველო და ხო არ გააგლეჯინებს. ის ეგზალტირებული მასაც იტყვის, რომ აი, მიშამ შესწირა თავისი ინტერესი ქვეყნის ინტერესს და ა.შ. თუ ჩამოვა, სრულდება სამართალი და  ის მიდის ციხეში, რაც მისთვის ყველაზე არაკომფორტულია და მისი ფსიქოლოგიის ტიპაჟისთვისაც წარმოუდგენელი.

_ განვიხილოთ მისი ჩამოსვლის ვარიანტი, თუ ჩამოვა და მას აიყვანენ საზღვარზე შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება, ბევრის მოსაზრებაა, რომ მას პრეზიდენტი შეიწყალებს...

_ ჩვენ ისიც არ გვეგონა, რომ რურუას შეიწყალებდა პრეზიდენტი. როდესაც არის დიდი ძალისხმევა არაა გამორიცხული. მაგრამ, აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე. მაშინ უკვე ქვეყანა ხდება სამოქალაქო დაპირისპირების ცენტრი და უკვე არც იმ პრეზიდენტს გააჩერებენ იმ სასახლეში. ქართველ ხალხს აქვს ორი კონდიცია, ან ისინი საერთოდ არაფერზე რეაგირებენ, ან მერე კეტებით ხელში ანგრევენ ყველაფერს. ეს იქნება ის ინდიკატორი, რომელიც რეალურად გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას და გადაგვაგდებს 20 წლით უკან.

ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, ის ძალიან ლამაზი ავტობანები, რომელიც შენდება მარტო ჩემთვის და თქვენთვის არ შენდება. ძალიან დიდი გათვლაა როგორც გამტარ ქვეყანაზე, არცერთი ზე სახელმწიფო რომელიც აფინანსებს ამ პროექტებს არ დაუშვებს აქ არეულობას, ტანკებს, ყუმბარებს და მოლოტოვის კოქტეილებს. ამიტომ სააკაშვილი დღეს აკეთებს მოსინჯვას, შეიძლება იმისთვის, რომ 2024 წლისთვის მისმა შვილმა იაქტიუროს. დარწმუნებული ვარ, რომ მას თავად არანაირი სურვილი აქვს ჩამოსვლის და რაღაცეების კეთების იმიტომ, რომ კარგად იცის მისი დრო წავიდა. ვფიქრობ, რომ ის უთავისუფლებს ადგილს მომავალ თაობას და მათ შორის მის შვილს, რომელსაც როგორც მე ვიცი ამბიციები აქვს.

_ რისი იმედი აქვს სააკაშვილს, ჩამოვა დაიჭერენ…

_ არ ჩამოვა, ისაა მოთამაშე და არ გარისკავს... როგორც უკრაინის მოქალაქე იქაც გაიფუჭებს საქმეს იმიტომ, რომ ზელენსკი ალაგებს საკმაოდ კარგად ურთიერთობას ღარიბაშვილთან და ნამდვილად არ უღირს სააკაშვილის გულისთვის შარში გახვევა.  ამიტომ, სააკაშვილი არ დააყენებს ეჭვ ქვეშ მის უკრაინულ კარიერას. მიუხედავად იმისა, რომ ია ვარდით არ აქვს იქ მოფენილი ეს კარიერა. სააკაშვილი ნამდვილად არაა სულელი კაცი, რომ ეჭვ ქვეშ დააყენოს ეს ყველაფერი, ჩამოვიდეს საქართველოში, ჩაჯდეს ციხეში და ა.შ.

_ რომელი პოლიტიკური პარტიისთვისაა სააკაშვილის ჩამოსვლა არახელსაყრელი და არასასურველი?

_ აბსოლიტურად ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისთვის. მე სააკაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, ესაა ადამიანი, რომელსაც სჩვევია ადამიანების ერთჯერადი გამოყენება და შემდეგ თქმა, რომ საერთოდ არ იცნობს. ოპოზიციურმა ლიდერებმა, ყველამ იცის მისი ხასიათის ეს თვისება. იციან, რომ კაბინეტშიც ვეღარ შევლენ მასთან და კომუნიკაციასაც დაკარგავენ. სააკაშვილს ყოველთვის ჰყავს 6-7 ადამიანი, რომელსაც ენდობა და ზუსტად ის ადამიანები იქნებიან მის გვერდში. ოპოზიცია დარჩება ოპოზიციად, ოღონდ კიდევ უფრო განულებული ვიდრე ახლაა. ამიტომ მისი ჩამოსვლა რეალურად არ აწყობს არავის, იმ ეგზალტირებული მასის გარდა. ეგზალტირებული მასა კი არაა  საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

_ მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე გკითხავ, ჩვენ მოვისმინეთ მისი ყოფილი კოლეგების უგულავას, ბოკერიას და მათ შორის სააკაშვილის განცხადება, რომ არ იცნობს ვინაა და არ იცის რა დამსახურება ჰქონდა მას... სააკაშვილის ეს განცხადება როგორ შეიძლება მივიღოთ, ეშინია მას ქარდავას აღიარებითი ჩვენების?

_ მას უნდა წაშლა ყველა იმ ადამიანის, რომელიც მის ბიოგრაფიას ჩრდილს აყენებს. ჩვენ, ის თაობა ჟურნალისტებიდან, რომლებიც მიშას არა ბატონი პრეზიდენტით, არამედ მიშათი ვიცნობდით, ყველა ჩამოგვიშორა. მას არ სჭირდებოდა ჟურნალისტი, რომელიც კი არ ემთხვეოდა, ან ხატებად კი არ წარმოაჩენდა, არამედ მისთვის იქნებოდა გუშინდელი მიშა, რომელიც იყო მეგობარი. მან დაივიწყა ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც იყო მიშა. მას ის ადამიანები სჭირდებოდა, რომლებიც არ იცნობდნენ ბავშობიდან, ახალგაზრდობიდან. იგივე პროცესი მიდის ახლა. არ სჭირდება ის ჩინოვნიკები, რომლებიც მის ბიოგრაფიაში არსებობდნენ. ახალაია, მერაბიშვილი, ქარდავა - სააკაშვილს სჭირდება ამ ადამიანების მოშორება, თუ საჭირო იქნება ფიზიკურადაც სიამოვნებით მოიშორებდა.  მეგის ქარდავა  ახლა  სამიზნეა „ნაციონალებისთვის“. მეგის ქარდავას ეშინია ახლა ციხეში ან არ მოწამლონ, ან  ვიღაც არ შეუგზავნოს სააკაშვილმა. ციხე შიდა სახელმწიფოა, არც მკვლელობაა გამორიცხული და არც მკვლელობა შენიღბული თვითმკვლელობით. მე ეს სისტემა კარგად ვიცი და ისეთი შეიძლება მოგიხლართონ, რომ საერთოდ გონზე ვერ მოხვიდე. ყველაზე მეტად ახლა ცოცხალი მეგის ქარდავა არ სჭირდება სააკაშვილს. ყველაზე მეტად ციხიდან გამოსული ახალაია არ სჭირდება სააკაშვილს. ყველაზე მეტად ვანო მერაბიშვილი არ სჭირდება, რომელსაც ბოლოს შეუთვალეს ჩუმად იყავიო და კი ხედავთ, რომ ჩუმადაა. ადეიშვილი შორსაა და ყველაზე ჭკვიანი გამოდგა და აორთქლა პირველივე წუთებში. სააკაშვილს არ სჭირდება ეს ხალხი. მიშა არის ვირტუოზი, გამოგიყენოს და გადაგაგდოს.

_ როგორი იქნება არჩევნების მეორე დღე, ფიქრობ რომ როგორც შარშან, ისევ დაიწყება მიტინგები და ა.შ.?

_ მიტინგებს, პროვოკაციებს არჩევნების მეორე დღიდან არა, პირველი ოქტომბრიდან უნდა ველოდოთ. ფიქრობ, ახლაა ყველაზე დიდი გამოცდა უსაფრთხოების სამსახურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათ შორის ყველა უწყებისთვის და თითოეული მოქალაქისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ხმები, უფლებები, ქვეყანა. მოვემზადოთ ბრძოლისთვის, მაგრამ გვქონდეს მშვიდობის იმედი. უნდა ავიცილოთ ყველანაირი პროვოკაცია თავიდან. მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის.

გამძლეობა მინდა ვუსურვო ძალოვან სტრუქტურებს და ქვეყნის პირველ პირს. მე ძალიან მჯერა და მეიმედება ირაკლი ღარიბაშვილი. ეს არის ჩემთვის გამორჩეული, ვაჟკაცი ადამიანი და მინდა ამ ბრძოლაში მხნეობა ვუსურვო.

 

 

 

big_banner
არქივი