logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ეს არის ჩემი ერთადერთი სიმართლე!
- +

22 ოქტომბერი. 2021. 19:04

 

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი, გაზეთ „ქართულ აზრს“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და მისი დაპატიმრების შესახებ ესაუბრა:

 

- სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მწვანილის ტრაილერით. აქედან იმ მანქანამ წაიღო ოხრახუში და იქიდან ჩამოიტანა ქინძი. სააკაშვილის ჩამოსვლა ემსახურება საქართველოში დესტაბილიზაციის ახალი კერების გაჩენას, უკვე რამდენიმე წელი „ნაციონალური მოძრაობის“ სექტის მიერ აგორებული დესტაბილიზაციის კიდევ უფრო მეტად გამწვავებას. სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტები და ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეგრძნება არ აქვთ, ზუსტად ამგვარად მოქმედებენ. სააკაშვილი მსოფლიო ისტორიაში ჩაეწერება, როგორც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფო მეთაური, რომელმაც უარი თქვა იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო და გახდა საკუთარი ნებით სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტს დაენიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე. სააკაშვილი არჩეული გუბერნატორიც არ ყოფილა, იყო უკრაინის პრეზიდენტის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი, საოლქო ადმინისტრაციის უფროსი. სააკაშვილი საქა-რთველოს ისტორიაში შევა, როგორც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ეროვნულმა სასამართლომ მიუსაჯა კონკრეტული ვადით თავისუფლების აღკვეთა და იხდის საპატიმრო სასჯელს. აქამდე ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა. ესაა პირველი შემთხევა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი სასჯელს იხ-დის კონკრეტული დანაშაულისთვის. ამიტომ ის არის პირველი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ასეთი სასტიკი დანაშაულები აქვს ჩადენილი, უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული. ესაა სააკაშვილი, რომლის წარმოჩენასაც განსაკუთრებულ ფიგურად ცდილობენ მისი მომხრეები. რაც შეეხება იმას, რომ მას კონკრეტულად პიჯაკების საქმეზე ასამართლებენ, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არაა 6 პიჯაკის და 1 ქიშმირის პალტოს საქმე. სინამდვილეში ესაა სახელმწიფოს და სპეციალური სამსახურის გავლით, 9 მილიონი ლარის განკარგვა სხვადასხვა ადამიანებისთვის ძვირფასი საჩუქრების ყიდვაზე. სხვათაშორის, როდესაც ამ საჩუქრებზე ლაპარაკობენ, ისიც ნუ დაავიწყდებათ, რომ იუშჩენკოს აბანოში წაყვანის გარდა, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო გვირგვინის შეკვეთის გარდა, არის კიდევ დღევანდელი წივილ-კივილა ნაცი დეპუტატებისთვის ოქროს სამკაულების ჩამონათვალი. ეს საერთოდ არ შედის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობაში. სახელმწიფო ბიუჯეტი არ უნდა იხარჯებოდეს სააკაშვილის ქალების ძვირფას სამკაულებში.

 

- პოლიტპატიმრად მიიჩნევს თავს...

 

 -სააკაშვილი პოლიტპატიმარი არაა! სააკაშვილი გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებისთვის, კონკრეტული დანაშაულებრივი ბრძანებების გაცემისთვის. ეს ეხება კონკრეტულად ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს და ეს ეხება გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას. სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, აბსოლუტური უფლება ჰქონდა, ვინც უნდოდა, ის შეეწყალებინა, მან 35 ათასზე მეტი ადამიანი შეიწყალა მისი პრეზიდენტობის დროს, არცერთზე არ ედავება სასამართლო. სააკაშვილს ედავებიან თანამზრახველობაში, რომელიც გამოიხატება პრეზიდენტის მონაწილეობაში და შეწყალების აქტის გამოცემაში. ერთ კონკრეტულ საქმეზე - რამდენიმე ადამიანისთვის - გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას.

 

- არის საუბრები, რომ ის ვადაზე ადრე დატოვებს საპატიმროს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მისი გათავისუფლების სურათი?

 

- მე მქონდა ეს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო ის, რომ მან სააკაშვილის დაპატიმრებისთანავე, მეორე თუ მესამე დღეს, გააკეთა ეს განცხადება. იმიტომ, რომ დაიწყო სპეკულაციები. როგორც ჩანს, გარკვეულ ადამიანებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ჰქონდათ მცდელობა, რომ პრეზიდენტზე ზემოქმედება მოეხდინათ და გაეთავისუფლებინათ სააკაშვილი სასჯელისგან. მისჯილი სასჯელების განულება სურდათ პრეზიდენტის საშუალებით. სალომე ზურაბიშვილმა ყველას გასაგებად აუხსნა, რომ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს! 2024 წლის ნოემბრამდე სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, შესაბამისად, 2024 წლამდე სააკაშვილს შეწყალება არ შეეხება! ასევე საინტერესო იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, აბსოლუტურად კატეგორიული და ჩემთვის მისაღები, პრეზიდენტის განცხადების მსგავსად, რომ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს პლანეტის ნებისმიერი ქვეყნიდან. როდესაც ვხედავთ, რომ პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ასეთ განცხადებას აკეთებს, მე დამშვიდებული ვარ ამ თვალსაზრისით.

 

სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა. მან და მისმა მანიაკალურმა რეჟიმმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასწინათ მკითხეს, სააკაშვილის დაპატიმრება თუ შეუმსუბუქებს მდგომარეობას იმ ადამიანებს, ვისი ოჯახის წევრებიც შეეწირნენ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსო. მე ვუპასუხე, რომ ვერ შეუმსუბუქებს! იმიტომ, რომ სააკაშვილის დაპატიმრება ამ ადამიანებს ბედნიერს ვერ გახდის! თამაზ მოლაშვილი ბედნიერი ვერ იქნება! თამაზ მოლაშვილი მისი შვილიშვილების ბედნიერებით უნდა ხარობდეს და არა მისი შვილის მკვლელის დაპატიმრებით! თათია მოლაშვილი, სულხანის მეუღლე, ბედნიერი ვერასოდეს იქნება! იმიტომ, რომ მას მეუღლე უწამეს! სააკაშვილის დაპატიმრება ვერ შეუმსუბუქებს ტკივილის ვაზაგაშვილების ოჯახს! ჯამბულ და გულიკო გამცემლიძეებს ვერ შეუმსუბუქებს! ია მეტრეველს და სოსო რობაქიძეს ვერ შეუმსუბუქებს! ციცინო შავაძეს რა უნდა შეუმსუბუქოს, ქმარი, როინ შავაძე წამებით მოუკლეს! სერგო თეთრაძის ოჯახს რა უნდა შეუმსუბუქოს სააკაშვილმა?! სააკაშვილმა ცოცხლად რომ დაიწვას თავი, ეს ადამიანები ბედნიერები ვეღარ იქნებიან იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ბედნიერება წაართვა სააკაშვილმა! ბედნიერება წაართვა რუსუდან შარაძეს! გურამ შარაძე მოკლეს და მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე საათით დემონსტრაციულად დატოვეს და გამვლელ-გამომვლელს აყურებინეს. როგორ შეიძლება, სააკაშვილის დაპატიმრებით იყვნენ ეს ოჯახები ბედნიერნი?! სააკაშვილი უბედურების მომტანი იყო ამ ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი ამ უბედურებაში დატოვა და უბედურად აქცია! ლია კრიალაშვილი როგორ შეიძლება ბედნიერი იყოს, როდესაც ძმა მოუკლეს ასე უმოწყალოდ?! ართმელაძე, გორგაძე და სურმანიძე _ აჭარელი ბიჭები, სრულიად უდანაშაულო 20-21 წლის ბიჭები ნავთლუღში ჩაცხრილეს. ბოდიშს ვიხდი მკითხველთან, ძაღლებივით ჩახოცეს! როგორ შეიძლება, მათი მშობლები ბედნიერნი იყვნენ იმის გამო, რომ სააკაშვილი, ეს გარეწარი ციხეში ზის?! ესაა მისი დანაშაულები და რამდენი ასეთი კიდე. რამდენ ადამიანს გამოატარა ციხის ჯოჯოხეთი, თვითონ რომ მეორე ლეიბს ითხოვს და ტელევიზორს. თითქოს ახლა ვინმე შეუტანდა. ეს ყველაფერი თვითონ უნდა ეყიდა, ძალიან კარგად იციან ადვოკატებმა ციხის წესები! ბრეივიკი, ჩვეულებრივი სადისტი გვყავს ახლა ციხეში! იმდენი ხანი ეშიმშილა, სანამ შიმშილისგან სული არ გასძვრებოდა! ძალიან ბევრი ადამიანი მისი მმართველობის დროსაც შიმშილობდა, შემდეგ სადისტურ რეჟიმს მოშიმშილე, დასუსტებული, დაოსებული ადამიანები აბანოში მიჰყავდათ და ცემაში სულს ხდიდნენ! მერე კი მორგში გვამებზე აბამდნენ! ეს იმ რეჟიმის წარმომადგენელი და ხელმძღვანელია, რომელმაც რომან შამათავას მეშვეობით გაიყვანეს ადამიანები და დახვრიტეს, ფეხზე გამოაბეს ლოდი და გადააგდეს ზღვაში. ოჯახებს მიცვალებულიც არ ჰყავთ. ესენი როგორ ბედავენ საერთოდ რამეზე ლაპარაკს?! ახლა ცდილობენ, გმირად გამოიყვანონ!

 

- არის უკრაინის ფაქტორიც, შესაძლებელია, როგორც უკრაინის მოქალაქე, ექსტრადირდეს...

 

- სრულიად ბუნებრივია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მის მოქალაქეზე და მითუმეტეს რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეზე ასე ილაპარაკა. ის ვერ იტყოდა, რომ „ფეხებზე ჰკიდია“, რა მოუვა სააკაშვილს. ამ ადამიანს აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი საქართველოში, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო სასჯელის თავიდან ასაცილებლად, დანაშაულს რომ გაქცეოდა, იმიტომ. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქედ არ დაბადებულა. სააკაშვილი არის საქართველოს მოქალაქე, ყოფილი, მაგრამ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი. ესაა ფორმალობა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა. როგორ მოვიქცეთ ახლა, უკრაინის მოქალაქე რომ არის, რამდენიც დამნაშავე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს და შემდეგ აქ ჩამოვა, ჩვენ ხელი არ ვახლოთ? მეგის ქარდავას უკრაინის მოქალაქეობა რომ მიეღო, რომ ჩამოსულიყო საქართველოში, ხელისუფლებას არ უნდა დაეპატიმრებინა? სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მოქალაქეობის დროს ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები. ახლა, ჩვენ უნდა გადავცეთ უკრაინას მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკრაინის მოქალაქეა? სააკაშვილი მწვანილის მანქანით ჩამოვიდა საქართველოში. თვითონ ჩამოვიდა დესტაბილიზაციის მოსაწყობად. მოიწყოს ახლა უგულავას დიეტა, თუ ძალიან ბევრს იაქტიურებს უგულავა, უკვე გვერდით მიუჯდება და ისე ასწავლის, როგორ დაიცვას დიეტა. ყველა უნდა ხვდებოდეს, ვინ არის სააკაშვილი და რამხელა საფრთხის შემცველია მისი გარეთ ყოფნა. სააკაშვილს აპატიონ იმ ადამიანების ოჯახის წევრებმა, რომელებიც შეეწირნენ სააკაშვილის პათოლოგიურ რეჟიმს და მერე მეც ვიტყვი, რომ აღარ მაქვს პრეტენზია. ათასობით ადამიანი ფსიქიკურად დააავადა და დაახეიბრა. როგორ შეიძლება მაგ ადამიანის დანდობა?! სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო. კი ბატონო, გამოვიდეს და გაიმართლოს თავი.

 

- ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აანონსებს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით...

 

- ვერანაირ მასშტაბურ აქციას ვერ მოაწყობენ! მათ მასშტაბურ აქციას იმდენი ხალხი დაუპირისპირდება, რომ მერე დაინახავენ საკუთარი ცოდვის მასშტაბს. ეს არაადამიანურობაა, რასაც ვისმენთ ამ დღეების განმავლობაში. სააკაშვილი შიმშილობსო, არ შიმშილობდნენ ვეტერანები მემორიალთან? ცემა-ტყეპით რომ გაყარეს და რა დღეში ჩააგდეს! რა მოთხოვნები ჰქონდათ? ითხოვდნენ მათი სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას. 22 ლარს იღებდნენ ყოველთვიურად და სხვათაშორის დღესაც ასეა და ამ ხელისუფლების ტვირთიც არის ეს. შიმშილობდა თურმე სააკაშვილი, არა უშავს, ფორმაში ჩადგება. იქნებ კუჭმა მაინც მიახვედროს, რა ჩაიდინა მისმა ბოროტმა გონებამ.

 

- წლების შემდეგ, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი სად იქნება?

 

- წლების შედეგ სააკაშვილს ეცმება თეთრი ხალათი, ივლის პალატაში, ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში დიაგონალურად და დაიწყებს ძახილს: მე პრეზიდენტი ვიყავი! მე პრეზიდენტი ვიყავი! მე პრეზიდენტი ვიყავი!

 

ბოლოს მივა იმ სტადიამდე, რომ იტყვის: მე პრეზიდენტი ვარ! მე პრეზიდენტი ვარ! მე პრეზიდენტი ვარ! ვიღაცა მეორე პალატიდან გამოსძახებს, მეც ვიყავი! მეც ვიყავი! ვინ იქნება მეორე პალატაში, ამას მომავალში გავიგებთ. სააკაშვილს დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ სასჯელაღსრულების სისტემაში. მან საკუთარი თვალით უნდა დაინახოს, როგორ ვითარდება ქვეყანა დემოკრატიულად!

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი