logo_geo
„სამარა" - სპექტაკლის პრემიერა „სივრცის თეატრში"
- +

1 ნოემბერი. 2021. 18:24

 

 

 „სივრცის თეატრი" - ასე ჰქვია თეატრს, რომელიც მაყურებელს ახალი სპექტაკლით - „სამარა" უბრუნდება. სპექტაკლი 6 ნოემებრს,  Silk Factory Studio-ში  გაიმართება.

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი ირაკლი ბარკალაია მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორს„ თეატრისა და სპექტაკლის შესახებ ესაუბრება:

 

- ეს თეატრი, სადაც თეატრალები თავს კარგად იგრძნობდნენ, როგორც სამოყვარულო დასი არსებობდა წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით, სტრუქტურით და ხელმძვანელობით. მე ბოლო 5 წელიწადია რაც ამ თატრის ხელმძღვანელი ვარ. ბოლო წლებში ჩამოვაყალიბეთ კერძო, დამოუკიდებელი თეატრი.

 

„სივრცის თეატრის" პათოსი, არის მცდელობა, რომ  ვეცადოთ არა სამყაროს, არამედ საკუთარი თავის ცვლილებას იმიტომ, რომ თუნდაც თეატრის ფილოსოფია გვაძლევს საშუალებას - აქ და ახლა შევქმნათ ჩვენი წარსულიც და მომავალიც.

 

- „სივრცის თეატრს" როგორც ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს სჭირდება ფინანსები. საკუთარი სახსრებით ხდება თეატრის შენახვა?

 

- სახელმწიფო ჯერჯერობით არ გვეხმარება, პროექტები არ შეგვიტანია, რადგან ახლა ვიწყებთ ამ სფეროში ლავირებას პროფესიულ დონეზე. ყველაფერი ხდებოდა ენთუზიაზმით და საკუთარი სახსრებით.

 

- ვინ არიან ამ თეატრის მსახიობები, თეატრალური უნივერსიტეტიდან ხდება მათი შერჩევა?

 

- თეატრალური უნივერსიტეტიდან ვისაც თანამშრომლობა სურს ისინი მოგვყავს. მიზანი არაა მხოლოდ ის, რომ მარტო თეატრალური უნივერსუტეტიდან მოვიდნენ იმიტომ, რომ იქ სხვა სკოლაა, შედარებით სხვა კრიტერიუმებით არჩევენ თუნდაც მსახიობებს. ჩვენი სკოლა და მეთოდიკა კი სრულიად სხვაა.

 

- რაში გამოიხატება თქვენი მეთოდიკა?

 

- მეთოდიკა გამოიხატება იმაში, რომ გარდა სტანისლავსკის სისტემისა, რაც არის ფუნდამენტალური პრინციპი თეატრში, ჩვენ ვსწავლობთ და ვიკვლევთ მაგალითად როტოვსკის თეატრ ლაბორატორიას, ბრეხტის გაუცხოების თეატრს და არა ეპიკურ თეატრს, ანტონენ არტოს თეატრს, აზრის განცდას, ბრუკის თეატრს, ჩეხოვის თეატრს. სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მეთოდებით ვდგავთ სპექტაკლს და ასევე შეგვიძლია გარკვეული კონტრასტი ან გრდაცია. მიზანი არის მულტიფუნქციური მსახიობის ჩამოყალიბება.

 

 

 

- რა შეგიძლიათ გვითხრათ სპექტაკლზე, რომლითაც გაიხსნება 6 ნოემბერს თეატრი?

 

- სპექტაკლი არის დამოუკიდებელი პიესა სახელწოდებით - „სამარა",  რომელიც ჩემი დაწერილია. ეს პიესა დავწერე მაშინ, როდესაც ვიყავი არასრულწლოვანი და დღესდღეობით რედაქტირებას გადის. ისტორია არის ადამიანურ შიშზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანის აკვიატებებმა გამოიწვიოს კატატროფა. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული - სიყვარული, დრო და სიკვდილი. ისტორია არის შიშზე. ამბავი ცოცხლადდამარხულ კაცზე და მის მიერ დასმულ, უპასუხო კითხვებზე ამ სამყაროში. მაგალითისთვის ერთ-ერთი ქარგა რაც არის, ახალგაზრდა წარმატებული კაცი, სახელად ჰოვარდ ვებერი, რომელსაც ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი - მეუღლე, შვილი, კარგავს თავის კავშირს ოჯახთან კარიერის და აკვიატებების გამო. მეუღლე სცილდება და მიდის, შვილი ვერ უძლებს, დაბადებიდან აქვს გულის მანკი და იღუპება. კაცი ვერ პატიობს თავს ამ შეცდომას და იწყებს სმას, ნარკოტიკების მიღებას და ა.შ. დადის სასამართლოს და პირადი გადაწყვეტილებით ლოთებისა და ნარკომანების ანონიმურ კლუბში, მაგრამ არაფერი შველის და გადადის შიზოფრენულ აგრესიასზე, რომელიც წერილებს სწერს სიყვარულს - სიკვდილს და დროს. ამ სპექტაკლში პრინციპი არის ის, რომ პროტაგონისტი არის საკუთარი თავის ანტაგონისტი. გარკვეულწილად არის მაგიური რეალიზმის ელემენტები, რა თქმა უნდა არის პოსტმოდერნული, თავისი ინტერტექსტუალური ანალიზებით. არის მოდერნიზმი კლასიკური ფორმით. სპექტაკლის რეჟისორი და ავტორი მთლიანად ვარ მე.

 

- ვინ არიან ის მსახიობები, რომლებსაც სპექტაკლზე ვიხილავთ?

 

- მსახიობები არიან ჩვენივე სტუდიიდან. შაბათს, საღამოს 7 საათზე, Silk Factory Studio-ში გაიმართება სპექტაკლი. ასევე 13 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე სოხუმის სახელმწიფო თეატრში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი