logo_geo
თამუნა ლომსაძე: ფერწერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია
- +

25 ნოემბერი. 2021. 18:42

 

 

 

მხატვრობა ალბათ საუკეთესო საშუალებაა შენი იდეები განსხვავებული ფორმით გადმოსცე. თამუნა ლომსაძე თეატრის მხატვარია, რომელიც სხვადასხვა რეჟისორებთან თანამშრომლობს.

 

მის პროფესიაზე და სამომავლო გეგმებზე თამუნა ლომსაძე „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში  საუბრობს:

 

- მოგვიყევი შენზე, თეატრის მხატვარი ხარ, რატომ დაინტერესდი ამ საქმით?

 

-ხატვით და ზოგადად ხელოვნებით ღრმა ბავშვობიდან დავინტერესდი. 10 წლის ვიყავი, როდესაც მიმიყვანეს სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში. მას მერე ჩავაბარე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სცენოგრაფიის ფაკულტეტზე. სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო თეატრის მხატვარ ანა კალატოზიშვილთან დავიწყე, ასისტენტად მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში. ვფიქრობ, თეატრის სიყვარული მისვლის პირველივე დღიდანვე გამიმძაფრდა. როგორც თეატრში ამბობენ ხოლმე „სცენის მტვერი საოცრებებს ახდენს“, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, სცენაზე ფეხის დადგმის პირველივე მომენტიდან გავაცნობიერე, რომ ეს ზუსტად ის საქმე იყო რასაც მთელს ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი.

 

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, კვალიფიკაციის ასამაღლებლად პარიზში სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში „École National Supérieure des Beaux-Arts“-ში გავაგრძელე სწავლა. „დიდი სკოლის“ (Grande École) სახელით ცნობილი ეს ფრანგული სასწავლებელი, რომელიც საფრანგეთის ყველაზე კლასიკური და ისტორიული სკოლაა ხელოვნების მიმართულებით, არსებობის 350 წელს ითვლის. ამ სკოლაში სწავლობდა ყველასთვის ცნობილი დიდი მხატვრები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უმეტესი ნაწილი, მაგალითად ისეთები როგორებიც იყვნენ: დელაკრუა, როდენი თუ რენუარი.

 

უდიდესი გავლენა იქონია ჩემზე, როგორც ხელოვანზე პარიზში სახვითი ხელოვნების სასწავლებელში სწავლამ. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემიაში. სწორედ პარიზში სწავლის პერიოდში, დავესწარი კის ვან დონგენის გამოფენას, სადაც საოცარი ტილო ვიხილე, ის შემდგომში გახდა ჩემი სამაგისტრო ნამუშევრის ინსპირაცია, რომელმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა სამაგისტრო ხარისხის დაცვისას.

 

- რომელ თეატრებში, რეჟისორებთან გიმუშავია?

 

- უკვე რამდენიმე წელია მაქვს ბედნიერება, ვმუშაობდე ჩვენი ქვეყნის შესანიშნავ რეჟისორებთან, ისევე როგორც სხვადასხვა თეატრებთან. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ამ თეატრში გავიზარდე. ასევე სხვადასხვა სპექტაკლებზე მიმუშავია სამეფო უბნის თეატრში, ქალაქ ბათუმის „ახალ სცენაზე“, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული და გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში. პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლი გავაკეთე 2006 წელს ნინო ბასილიასთან რუსთაველის „სარდაფში“, ასევე რამდენიმე პროექტი მქონდა მაია გაბრიჩიძე, დათო ჩხარტიშვილი, ანა ხიდეშელი და ნინი ჩაკვეტაძესთან ერთად. 2011 წელს, ნიუ-იორკის ქართულ თეატრში, დრამატურგ ლიკა სირელსონი და რეჟისორ რამაზ ზურაბაშვილის სპექტაკლი „სარკე“ გავაფორმე. ამ სპექტაკლის გაფორმების შემდეგ წარმადგინეს, ნიუ-იორკის თეატრალური ფესტივალის ნომინაციაში „საუკეთესო სცენოგრაფი“.

 

- გარდა თეატრში მხატვრობისა, ხატვის სხვა მიმდინარეობებით ხომ არ ხარ დაკავებული?

 

- ფერწერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გარდა ხატვისა, ყოველთვის ვცდილობ მნიშვნელოვან გამოფენებზე დასწრებას, ისევე როგორც მუზეუმებში სამხატვრო ნამუშევრების დათვალიერებას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. სამწუხაროდ მიმდინარე პანდემიის პირობებში ყველას შეგვეზღუდა ხალხმრავალი ღონისძიებების თუ მოგზაურობის თავისუფლება. ლოქდაუნის პერიოდებში, ხელოვან ადამიანებს მოუხდათ დახურულ სივრცეებში ყოფნა. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ამ რთულმა პერიოდმა გარკვეულწილად დადებითადაც კი იმოქმედა. ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავში აღმოაჩინა ახალი ნიჭი ან განსხვავებული ინტერესი, თითქოს მეტი დრო გვქონდა ჩვენს თავთან მარტო დასარჩენად და საფიქრელად, რაც ბუნებრივია ხელოვნებაზეც აისახა.

 

ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, სურვილი გამიჩნდა, ზღაპრის ილუსტრაცია დამეხატა, რომელსაც ჩემს შვილს მივუძღვნიდი. მინდოდა, რომ მას ეს უბრალოდ სამახსოვროდ დარჩენოდა. თუმცა ჩემმა ნახატმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემს ახლობლებს თუ უცნობ ადამიანებს შორის, რამაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია შემმატა, რომ უფრო მეტი ნამუშევარი შემექმნა ილუსტრაციების მიმართულებით. ასეც მოხდა, ძალიან მახარებს, როცა მოსწონთ ჩემი ნამუშევრები და ვიგებ, რომ ადამიანებისთვის პოზიტივის მომტანია, ახლა უკვე ვმონაწილეობ კონკურსებში და ვიღებ კერძო შეკვეთებს.

 

-  როგორია იდეიდან პროცესამდე გზა, ვგულისხმობ სამუშაო პროცესს, როდესაც დეკორაციაზე ფიქრს და მუშობას იწყებ?

 

- მუშაობის პროცესის დაწყებისას მნიშვნელოვანია პიესა და კონკრეტული მოცემულობა. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ნაწილია, როდესაც იდეაზე მუშაობას და მის განვითარებას იწყებ. მუშაობისას თითქოს მივსულვარ გარკვეულ წერტილამდე, თუმცა სწორედ მაშინ როდესაც მგონია, რომ ამ იდეას განვახორციელებ, რეპეტიციის მსვლელობისას შემინიშნავს ისეთი დეტალი, რის შემდეგ მთლიანად თავიდან დამიწყია სხვა იდეაზე მუშაობა, რომელსაც საერთო არც კი ჰქონია პირველად ჩანახატებთან.

 

- რთული არაა შექმნილი ესკიზის სცენაზე გადატანა, ზუსტად ისე, როგორც შენ გქონდა წარმოდგენილი?

 

- თეატრი სინთეზური ხელოვნებაა. ერთ სპექტაკლზე მუშაობისას ერთიანდება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანები. რეჟისორი, მხატვარი და მსახიობების გარდა, როდესაც გარშემო გყავს პროფესიონალები ვფიქრობ, რომ რთული აღარაფერია, პირიქით ძალიან საინტერესო და დინამიური სამუშაო პროცესი იქმნება. შესაბამისად, ის შედეგი რაც  ჩაიფიქრე აუცილებლად განხორციელდება.

 

- შენი ფანტაზიის წყარო?

 

- ხელოვანი ადამიანებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო. როგორც ზემოთ ვახსენე, ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ დიდი ხელოვანების გამოფენების ნახვას მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში. გარდა სულიერი საზრდოსა, ეს კიდევ უფრო აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს. ასევე ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია განწყობა და ეფექტი. შესაძლოა წიგნი, სერიალი ან კონცერტი გახდეს ინსპირაციის წყარო, რომელიც მაწოდებს საინტერესო იდეას და შემდეგ ვიწყებ ამ იდეის განვითარებაზე მუშაობას. კარგად მახსოვს, რეჟისორ ლევან წულაძის მიერ დადგმული „ჰამლეტი“-ის ნახვამ რა საოცარი გავლენა მოახდინა ჩემზე. სპექტაკლის ნახვის შემდეგ ერთი სული მქონდა, რომ სახლში მალე დავბრუნებულიყავი, რათა მთელი ეს ემოცია ფურცლებზე გადამეტანა.  

 

- შენი სამომავლო გეგმები?

 

- ბევრი საინტერესო გეგმა და იდეა მაქვს განსახორციელებელი. ძალიან მინდა ისევ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, კვალიფიკაციის ამაღლება და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ხელოვნების სფეროში.

 

პირველ რიგში ვისურვებდი, რომ მალე დასრულდეს პანდემია და ადამიანებს დაუბრუნდეს თეატრებსა და გამოფენებზე სიარულის შესაძლებლობა. ყველა ელოდება იმ მომენტს, როდესაც თეატრი სათანადოდ დაუბრუნდება მაყურებელს და ისევ პრემიერა პრემიერაზე იქნება.

 

 

 

 

big_banner
არქივი