logo_geo
ია მეტრეველის სიმართლე!
- +

30 ნოემბერი. 2021. 19:10

 

 

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი გვესაუბრება:

 

- მიხეილ სააკაშვილს აქვს სერიოზული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც მისჯილი აქვს. გარდა ამისა, კიდევ მიმდინარეობს სხვადასხვა საქმეებზე პროცესი, რომლებზეც პირდაპირ გეტყვით  სასჯელი უნდა დაემატოს. ყველა ნორმალური ადამიანი თვლის, რომ სააკაშვილისნაირი დამნაშავე და მტერი საქართველოს არ ჰყოლია! როგორც ქვეყნის, ისე ოჯახების წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. მიწების დაკარგვით დაწყებული, ახალგაზრდების ხოცვით, ციხეებში წამებით და ა.შ. სააკაშვილი არის სერიოზული დამნაშავე და ის არაფრით არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან. ერთი წუთითაც არ მინდა იმის გაფიქრება, რომ იგი შეიძლება გამოუშვან ციხიდან. მისი გათავისუფლება დაუშვებელია. დიახ, მან პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩაიდინა! საზოგადოება არ დაუშვებს მის გათავისუფლებას, თუმცა  „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ ღონეს ხმარობს ამისთვის და უკვე აუტანელია მათი ყურება მთელი დღე   სააკაშვილით იწყება და მთავრდება ყველაფერი ამ ქვეყანაში  და დავიღალეთ!

 

- სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ დააყენა საკითხი, რომ სასურველია დროებით გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან და მკურნალობა გააგრძელოს გარეთ...

 

- ეგ ექიმი ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, რომ უკვე არასერიოზული ხდება ყველაფერი. სეიშელის კუნძულებზე ხომ არ წაიყვანონ, გამოუცვალონ ჰაერი?.. სააკაშვილმა გაგვაუბედურა და გაგვანადგურა. დღემდე გაუხმაურებელი საქმეები ჩნდება, რას უკეთებდა ოჯახებს და ციხეებში როგორ აწამებდნენ. დღეს მან მადლობა უნდა თქვას, რომ მის მიერ შექმნილ ციხეში არ იმყოფება და ფაქტობრივად სანატორიუმში უწევს ყოფნა. ამდენი მნახველი რომ ჰყავს და თავის ნებაზე დადიან, შეიძლება? ეგ ვერ ამიტანია. შეიძლება, პატიმარს ამდენი მნახველი ჰყავდეს და დამნაშავე კიდევ აქეთ  ულტიმატუმებს გვიყენებდეს? სააკაშვილი არ შიმშილობდა. კარგად ვნახეთ ჩვენ, როგორ მიირთმევდა დელიკატესებს! მისი ორგანიზმი ყველაფერს იღებდა, რაც სჭირდებოდა. თუ ციხეში გადაყვანის შემდეგ ისევ დაიწყებს შიმშილობას  თავში ქვა უხლია! მთელი საქართველო ამოწყვიტა და ახლა მის ჯანმრთელობაზე აღარავინ მოვიკლავთ თავს! უნდა და იშიმშილოს! მაგას ელოლიაონ და რაც უნდა, ის უკეთონ, ეგრე როდემდე შეიძლება?

 

- თქვენ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილმოკლული დედა, როდესაც გიული ალასანიას განცხადებებს ისმენთ, რომ შვილს უკლავენ, იმ პალატაში მის ფანჯრებს გისოსები აქვს და ეს მის შვილს სტრესს აყენებს და .. რა შეგიძლიათ უთხრათ მას დღეს?

 

- ამაზრზენია! კარგად ეტყობა, როგორ დარდობს შვილზე. მინდა ვუთხრა ქალბატონ გიულის, რამის მაინც შეგრცხვეთ! შეგრცხვეთ, ქალბატონო გიული! ზუსტად ეგაა დამნაშავე, რომ მასეთი შვილი გაზარდა, თორემ ნორმალური დედა რომ ჰყოლოდა, ასეთი ბოროტი არ გაიზრდებოდა! შერცხვეთ შვილმოკლული დედების! ჩვენი შვილები სინათლესაც ვეღარ ხედავენ. ნეტავ ჩემი შვილი იყოს ახლა ციხეში, ოღონდ ცოცხალი! თუმცა, არ მინდა, რომ ისეთი იყოს, როგორიც მაგის შვილია! ოღონდ ვიცოდე, რომ ცოცხალია ჩემი შვილი და სადღაც სუნთქავს! გიულის ურჩევნია, გაჩერდეს და ცოტა მოერიდოს რაღაცას. მისი შვილს უამრავი დედა ჰყავს განადგურებული და გამწარებული. ზუსტად ეგაა იმ ნაძირალა შვილის გამზრდელი, რომელიც ჰყავს!

 

- თქვენ უშვებთ იმის ალბათობას, რომ შეიძლებანაციონალური მოძრაობადაბრუნდეს ხელისუფლებაში?

 

- არავითარ შემთხვევაში! ყოვლად დაუშვებელია! საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი,  ეს არჩევნებმაც აჩვენა,  მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“.  სულ რომ დამჭირდეს შეწირვა, არ დავუშვებ, არ შევეგუები მაგ ამბავს! ხელისუფლებაში ისინი ვერასდროს მოვლენ! ეგენი არიან კრიმინალები!

 

- ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სატელევიზო ეთერის დროს განაცხადა - ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ იყოს, დღეს ჩვენს გვერდით იდგებოდა და მიხეილ სააკაშვილს დაიცავდაო. თქვენ იცნობდით ირინა ენუქიძეს...

 

- ირინა ენუქიძე ცხოვრობდა ჩემს გვედით კორპუსში კეკელიძეზე. ბუტა და სანდრო ცხოვრობდნენ გვერდი-გვერდ კორპუსებში. ირინას კარგად ვიცნობდი. ირინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამ სიტყვებისთვის თვალებს დათხრიდა  ყველას! ირინა, რომლის ერთადერთი შვილიც თოვლში, ყინვაში ეგდო დანით დასერილი, წამებით მოკლული, სააკაშვილის გვერდით იდგებოდა? ამას ეუბნება? ირინა იმ დედის გვერდით დადგებოდა, რომლის შვილმაც ერთადერთი ვაჟი მოუკლა? ვინც ეს რეჟიმი შექმნა და ამოჟლიტა ახალგაზრდები, იმის გვერდით დადგებოდა? გასაგიჟებელი ამბავია. მადლობა თქვან, ირინა არაა ცოცხალი, თორემ მაგ სიტყვებისთვის სერიოზულ პასუხს მიიღებდა ყველა! ირინა ენუქიძე როგორ უნდა დამდგარიყო ნაწამები შვილის მკვლელთან?!

 

- ქალბატონო ია, უხერხულ კითხვას დაგისვამთ... რა შემთხვევაში შეიძლება შეუნდოთ მიხეილ სააკაშვილს?

 

- სააკაშვილს ერთი წამი არ ჰქონია სინანულის შეგრძნება და არც მის პარტიას! ეგენი არც მოინანიებენ, არც ბოდიშს მოიხდიან! მე მაგას ვერასდროს ვაპატიებ! 

 

ძალიან მიმტევებელი ვარ და კეთილშობილიც, მაგრამ ვიცი, ეგენი ვინც არიან! ამდენი წლის მანძილზე მათ მსგავსი სინანული არ ჰქონიათ. დღეს იმიტომ იბრძვიან, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რომ ბოლომდე გვიტირონ ყოფა და მერე ისევ იმ ძალის მეთოდებით შიში დანერგონ. ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, კიდევ ვერ მოვერეოდით მაგათ ჩვენ! მაგისი ბოდიშის მე არანაირად არ მჯერა და არც მაინტერესებს! თუ მართლა ნანობდა, ამდენი წლის განმავლობაში მოიხდიდა ბოდიშს და გულით მოინანიებდა...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი