logo_geo
ირმა სოხაძე: მადლობა ყველა იმ ძალას, რომელმაც აქამდე მომიყვანა
- +

14 თებერვალი. 2022. 15:55

 

 

კორონავირუსი - თემა, რომელიც აქტუალობას დღესაც არ კარგავს. უკვე მერამდენე წელია მსოფლიო ამ პანდემიას ებრძვის და ჯერაც უცნობია, როდის დასრულდება ის. ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შედეგად ხელოვანებს კარიერული განვითარების თვალსაზრისით შესაძლებლობები შეეზღუდათ - მსახიობებს თეატრები დაუხურეს, მომღერლებს საკონცერტო დარბაზები. თუმცა მიუხედავად ამ წინაღობებისა ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს წამითაც არ შეუწყვეტია პროფესიული განვითარება. ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი ირმა სოხაძე ვერავინ და ვერაფერმა შეაჩერა. ის ახლაც აქტიურად მუშაობს და გვიპრდება, რომ რეგულაციების მოხსნის შემდეგ პატარ-პატარა და გრანდიოზული გეგმებით მსმენელის წინაშე წარდგება. ჩვენთან ინტერვიუში განვლილი ცხოვრებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი გაიხსენა და გაგვიზიარა  რა არის მომღერლისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. რა შეცვალა პანდემიამ ქალბატონ ირმას ცხოვრებაში და რას საქმიანობდა  პანდემიის დროს? ამ და სხვა კითხვებზე არტისტმა საინტერესოდ გვიპასუხა.

 

- ქალბატონო ირმა, თქვენს ცხოვრებაზე რა გავლენა იქონია კორონავირუსმა?

- პანდემიამ აბსოლუტურად შეცვალა ყველაფერი. თითოეულ ადამიანს ცხოვრების წესი შეუცვალა. პირადად მე, თავიდან მქონდა გაუცნობიერებელი შიში. ყოველ ღამე ვიძინებდი სრული განცდით, რომ საერთოდ თუ გამეღვიძება, გამეღვიძება ძალიან მძიმე ავადმყოფს და ვიყავი პანიკაში, რომ ღმერთო, მთავრდება! ბოლო დღეებია! ბოლო ჟამია! მაგრამ  მერე და მერე ტვინი ხომ ყველაფერს ეჩვევა? ტვინი ხომ უნივერსალური ორგანოა და მიეჩვია ამასაც. მგონია, რომ თავიდან რა გაუაზრებელი შიში და პროტესტიც გვქონდა, ეს მოგვშორდა. რაც შეეხება კარიერას, რა თქმა უნდა, კონცერტები შეიზღუდა, თუმცა, ახლა რომ არ მოგატყუოთ, არც წინა წლებში დუღდა და გადმოდუღდა.

 

- საქართველოში რამდენად არის დაფასებული მომღერლის შრომა?

- დღესდღეობით არავის სცალია ჩვენთვის. მე მივხვდი ერთ რამეს. სახლში ჯდომა და ლოდინი, თუ როდის მოგვართმევენ ლანგარზე საქმესაც და შემოქმედებით კმაყოფილებასაც, დღესდღეობით არის ცოტა სასაცილო. არავის ჩვენთვის არ სცალია. არავის! ასე თუ ისე ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ რაღაც, თუმცა, მე აქ არ შემიძლია არ გავიხსენო ახლო წარსულში კულტურის სამინისტროსა და თეა წულუკიანის მიერ ინიცირებული კონკურსი, სადაც მე და სხვა ხელოვანებმა შევიტანეთ განაცხადი და ამ განაცხადებიდან, ოდნავ მაინც რომელიც აკმაყოფილებდა პირობებს, ყველა დაგვაფინანსეს და მოგვცეს საშუალება, ჩაგვეტარებინა კონცერტები. ასეთი ყურადღება გამოიჩინა ჩვენმა კულტურის სამინისტრომ და ამის უგულებელყოფა და უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შეიძლება.

 

- სად და როდიდან იცავთ საავტორო უფლებებს?  

- ყოველთვის ვწერდი ლექსებს და მუსიკას და ამიტომ ბავშვობიდან ვარ გაწევრიანებული საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში, არასრულწლოვანი ვიყავი, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დროისთვის საკმაოდ ნორმალური ჰონორარიც მქონდა. მოგვიანებით კიდევ სხვა მსგავსი ასოციაცია შეიქმნა და მისი წევრიც ვიყავი. არ მინდა, ვინმე ვაწყენინო, მაგრამ როგორც თქვენ არ აგიღიათ მათგან ჰონორარი, ისე არ ამიღია მეც. შემდეგ იყო GCA, სადაც გახსნისთანავე მათი წევრი გავხდი. თუმცა, ახლა GERA-ს (საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია) წევრი ვარ. მივხვდი, რომ GERA-ში  სხვა პრინციპებით ითვლიან ჰონორარს და უფრო უკეთესი პირობებია აქ. იყო GCA-ში რაღაცები, რაც აღარ მომწონდა, ამიტომ გადმოვედი GERA-ში.

 

- რას ფიქრობთ ერთზე მეტი საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის არსებობაზე?

 

- ხომ არსებობს ქვეყნები, სადაც არის რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია? მე ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა უნდოდეს ვინმეს. ჩემთვის მთავარია, ჩემი უფლებები ნორმალურად იყოს დაცული და ვიყო კმაყოფილი. მე ვერ გავაკონტროლებ ორგანიზაციას. მე უნდა ვენდო და ვენდობოდე იმ ადამიანებს, ვისთანაც ვარ გაწევრიანებული და ჩემ წარმოსახვაში, ჩემი აღებული ჰონორარი უნდა შეესაბამებოდეს იმას, თუ რამდენჯერ სრულდება თუნდაც რესტორანში „გაიღიმე“ ან „დრო როგორ გავიდა“ და ა.შ. ის ჰიტები, რომელთა ტექსტი ან მუსიკა ჩემია და ან თანაავტორი ვარ, როგორც პირველი შემსრულებელი და ა.შ. რატომ უნდა მოხდეს ხელოვანებს შორის დაპირისპირება? არავითარ შემთხვევაში! დაპირისპირებას მე აქ ვერ ვხედავ. GERA როცა შეიქმნა, მალევე არ გადავსულვარ, მაგრამ მერე გადავწყვიტე, გადავსულიყავი მათთან. რა არის ამაში ცუდი? რა დავაშავე? რა შემეშალა? ხვალ რომ მესამე ასოციაცია შეიქმნას, შეიძლება იქ მომინდეს გადასვლა.

 

- გაიხსენეთ თქვენი ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი.

- ბევრი პერიოდი იყო ძალიან ლამაზი. ძალიან მადლიერი ვარ მე ამ პერიოდებისთვის. განგების, უფლის და საერთოდ სულ მადლიერი ვარ. ამ ბოლო დროს, რაც ასაკი მემატება, აი, ცრემლებამდე სულ მადლობას ვუხდი ყველა იმ ძალას, რომელმაც აქამდე მომიყვანა და კიდევ რაღაც შემოქმედებითი გეგმები მაქვს. ჯერ ვერ მაჩერებენ. ჩემი ოჯახის წევრები. სულ ამას ხუმრობენ.

კიდევ იყო - „პირველ არხზე“ ვაკეთებდით მუსიკალურ ოქტაგონს 2000-იანების დასაწყისში, სადაც რინგივით შეჯიბრი იყო ორი მომღერლის ან ორი ანსამბლის და იქ იყვნენ გია ჭანტურია და დათო გოგიჩაიშვილი. მე ვიყავი წამყვანი და ეს პერიოდი მახსენდება, იცით, როგორ? ის ერთი წელი, ორი სეზონი, ეს იყო რაღაც გენიალური ხანა. ბედნიერი ხანა იმდენი იყო. პირველად ჩემი მეუღლე რომ გავიცანი და შეყვარებულობის პერიოდი რომ გვქონდა, სანამ ცოლად გავყევი. ესეც ბედნიერი წლები იყო. შვილების შეძენაც ბედნიერი ხანა იყო, ჩემი ვარსკვლავის გახსნა და იმის მზადებაც, რომელი ერთი გავიხსენო?. ვეცდები, რომ კიდევ მქონდეს ასეთი ხანები და გავამართლო ის პერიოდები, რომელიც ნამდვილად ასე უხვად იყო ჩემს ცხოვრებაში.

 

- რა არის მომღერლისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება?

- ჩვენ დღეს ვართ უფრო დამოკიდებული ტელესივრცეზე, ტელეკონცერტებსა და ზოგადად სატელევიზიო გამოსვლებზე. მე ახლა ვმუშაობ და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მაქვს საქმე ყოველდღიური, სადაც სიმღერა შემიძლია, ყოველდღე ხომ არ ვიმღერებ და თავს ხომ არ მოვაბეზრებ არავის? მაგრამ როდესაც ამას მოითხოვს რაიმე თარიღი ან რაიმე მოვლენა, აუცილებლად ვმღერით. ცოცხალი სიმღერა პირდაპირ ეთერში ეს არის ჩემი სტიქია. ასე არ მიყვარს არაფერი. აი, ის განცდა, როდესაც  შენ ცოცხლად მღერი და ამ დროს შენ ეთერში ხარ. ეს შეუფასებელია. გადმოცემა მიჭირს, როგორი კარგი ემოციაა. მე სტუდიური მომღერალი არ ვარ. მე ვარ პირდაპირი ეთერის, დარბაზის, როცა ვიცი, რომ ამ წუთში, აქ და ახლა რასაც ვაკეთებ, ამას უსმენს მსმენელი და ამიტომ ეს ჩემთვის წარმოუდგენლად ფასეული განცდაა და ეს დღესდღეობით ასე თუ ისე გვაქვს მომღერლებს. ყოველ შემთხვევაში მე ნამდვლად მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. სიმღერაზე დიდი ბედნიერება მომღერლისთვის არ არსებობს. შეიძლება იყოს ერთი-ორი პირადი ოჯახური განცდა, თორემ დანარჩენი არაფერი არ შეედრება ამ კმაყოფილებას, რასაც განვიცდით მომღერლები კონცერტებიდან.

 

- სამომავლო გეგმები გაგვანდეთ.

- გეგმები მაქვს გრანდიოზული. დრო არ  მყოფნის არაფრისთვის, თორემ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ვაპირებ, დავწერო ქართულენოვანი მონოოპერა. კონცერტსაც გავაკეთებ, როგორც კი რეგულაციები მოიხსნება და დარბაზის სრულად შევსების საშუალება გვექნება, იმიტომ რომ ნახევარ დარბაზში და მესამედ დარბაზში კონცერტის ჩატარებას ჯობია მართლა ტელევიზიით იმღერო. დიდი ხანია ჯაზი არ მიმღერია და ძალიან მინდა, გაზაფხულზე პატარა დარბაზში ჯაზის საღამო მოვაწყო. მინდა, რომ კარგი პროგრამა შევკრა და ჩემ საყვარელ მაყურებელთან წარვდგე ამით. კიდევ პატარ-პატარა გეგმებიც მაქვს, რომელსაც თანდათან ვნახავ, რა გამოვა. რეგულაციები ნელ-ნელა იხსნება და თუ კარგად მოვიქცევით, ჭკვიანად ვიქნებით და მთელი მსოფლიო თუ დაამარცხებს კოვიდს და თუ შევძლებთ უერთიერთობას, რა თქმა უნდა, კონცერტებიც განახლდება და ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

big_banner
არქივი