logo_geo
ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების ბოლო დეტალები - რა აჭიანურებს საქმის გახსნას?!
- +

30 ნოემბერი. 2016. 17:37



გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საქმეში უცხოელი ექსპერტებიც აქტიურად არიან ჩართულები. გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ჟვანია საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა, მის ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ამბობს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.


- მიჭირს ხოლმე ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, რადგან მნიშვნელოვანს ვერაფერს ვამბობ ჯერჯერობით... რეალურად, მიდის გამოძიების პროცესი და საკმაოდ ინტენსიურადაც. ეს არ არის თაროზე შემოდებული საქმე, ეს არ არის გაყინული პროცესი...


- რამდენად ხშირი კონტაქტი გაქვთ გამოძიებასთან?


- რეგულარული კონტაქტი მაქვს გამოძიებასთან, თვეში რამდენჯერმე მაქვს მათთან ურთიერთობა და ვიღებ ინფორმაციას, თუ რა პროცესები მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ვსაუბრობ იმაზე, რომ მიმდინარეობს ძიება, საკმაოდ შრომატევადი და მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს შედეგებამდე.


- რატომ ჭიანურდება საქმის გახსნა? რატომ გაიწელა დროში, მაშინ როცა მისი გახსნა ჯერ კიდევ კბილაშვილმა დააანონსა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს?


- სამწუხაროდ, ეს პროცესი აღმოჩნდა ბევრად უფრო ხანგრძლივი და რთული, ვიდრე წარმომედგინა. როდესაც გამოძიება განახლდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მნიშვნელოვანი ფაქტები და მტკიცებულებები ამოტივტივდა, რამაც შემიქმნა მოლოდინი, რომ ეს საქმე ძალიან სწრაფად გაიხსნებოდა. თუმცა წარმოიშვა გარკვეული სირთულეები მყარი მტკიცებულებების შეგროვების კუთხით. მიმდინარეობს პროცესი, ამ პროცესში სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობენ უცხოელი ექსპერტებიც, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს პროცესს, ვინაიდან ძალიან ბევრი დრო მიაქვს მოლაპარაკებებს. ყოფილა შემთხვევები, ხანგრძლივი მოლაპარაკებების ბოლოს უარი უთქვამთ და ყველაფერი თავიდან გამხდარა დასაწყები. ხანგრძლივს როცა ვამბობ, ეს არ არის კვირების ამბავი, ეს არის თვეების მანძილზე გაგრძელებული. წარმოიდგინეთ, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბოლოს უარს რომ გეტყვიან...


- რა მიზეზით ამბობენ უარს?


- ვინაიდან ეს საქმე არის მაღალი პოლიტიკური დატვირთვის მქონე, საექსპერტო ორგანიზაციებიც არიდებენ თავს აუტკივარი თავის ატკივებას და ურჩევნიათ დისტანცირებული იყვნენ. ჯერჯერობით ესაა სირთულეები, რომელზეც საუბარი შემიძლია.


- უშლის ვინმე ხელს გამოძიების პროცესს?


- ადამიანებ, რომლებსაც სერიოზული ბერკეტები ჰქონდათ, დაეფარათ ეს დანაშაული, დღესაც აქვთ ამის გარკვეული ბერკეტები. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ამ ბერკეტების გამოყენებას, რომ ეს საქმე არ იქნას გახსნილი, თუმცა ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება... ხშირი მოვლენაა, როდესაც საქმე გაქვს კრიმინალთან: იცი ფაქტი, მაგრამ გჭირდება მტკიცებულებების შეგროვება, რომელიც დამაჯერებელია, უტყუარია, რომელსაც სასამართლოში ვერ დაანგრევს მოწინააღმდეგე მხარე. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ სამართლებრივი შედეგი დადგეს. ამას სჭირდება ისეთი მტკიებულებების ერთობლიობა, რომელიც იქნება დამაჯერებელი. სწორედ ეს პროცესია რთული და დროში გაწელილი.


- თუ გამოკვეთა ძიებამ სავარაუდო ეჭვმიტანილები?


- ამის იქით ვერაფერს გეტყვით...


- არ გთხოვთ პიროვნებების დაკონკრეტებას...

 

- კიდევ ვიმეორებ, ეს არის მკვლელობა და მკვლელობას ჰყავს თავისი დამკვეთები და შემსრულებლები. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.



- როგორია თქვენი განწყობა?


- მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. კიდევ ვიმეორებ, ეს პროცესი აღმოჩნდა ბევრად ხანგრძლივი, ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ შედეგებამდე მივალთ.


- დღეის მდგომარეობით და თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, როდისთვის ვარაუდობთ საქმის გახსნას?


- ვადებზე ვეღარ ვსაუბრობ. მე რამდენჯერმე გავახმაურე ვადებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება. სამწუხაროდ, არ გამართლდა, ამჯერად კი თავს შევიკავებ.





 

big_banner
არქივი