logo_geo
რევაზ ჯორბენაძე: თამამად ვამბობთ, რომ ჩვენთან პაციენტი იღებს ყველაზე მაღალკვალიფიციურ დახმარებას აბსოლუტურად ყველა ასპექტში
- +

17 თებერვალი. 2023. 08:56

 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის და სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში ექნებათ.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მსოფლიოში საერთაშორისო აკრედიტაციის რამდენიმე სტანდარტი მოქმედებს. სამინისტრო კლინიკებს 2-3 სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალებას მისცემს, რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც 2025 წლიდან ექნებათ და მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ შეძლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, უკვე 2023 წლის ბოლოსთვის ყველა კლინიკას ევალება, რომელიმე საერთაშორისო კომპანიასთან ჰქონდეს ხელშეკრულება და დაიწყოს მზადება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად. სამინისტროს მიერ აღიარებული საერთაშორისო მასერტიფიცირებელი კომპანიების ჩამონათვალშია როგორც გერმანული „KTQ“, ასევე ამერიკული და კანადური მაკრედიტებელი კომპანიები.

 

ჩაფიძის გულის ცენტრი ჯერ კიდევ 2014 წელს ერთადერთი კლინიკა იყო ქართულ რეალობაში, რომელმაც საკუთარი ინიციატივით დაიწყო მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად.

 

რას გულისხმობს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სამედიცინო დაწესებულებები საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად? აღნიშნული საკითხების შესახებ ვესაუბრებით აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, მედიცინის დოქტორს რევაზ ჯორბენაძეს.

 

— ბატონო რევაზ, 2025 წლიდან საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისათვის სავალდებულო ხდება საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლინიკები საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან ჩაიხსნებიან. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და აღმოვაჩინეთ, რომ თქვენმა კლინიკამ ჯერ კიდევ 2016 წელს მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია. რამდენად რთული იყო საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესი და, ზოგადად, რატომ გადაწყვიტეთ, ამ რთულ გზას ნებაყოფლობით დადგომოდით?

 

— უპირველეს ყოვლისა, მივესალმები სამინისტროს ინიციატივას. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში ნიშნავს პაციენტებისათვის უფრო ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისის მიწოდებას, რომელიც ევროპულ სტანდარტს გაუტოლდება. მართალი ბრძანდებით, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი იყო პირველი კლინიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც 2016 წელს „KTQ“-ს სერტიფიცირება გაიარა. ჩვენი ცენტრი ჩამოყალიბდა 1994 წელს. აღჭურვა და ადამიანური რესურსების მომზადება  მოხდა საქართველოს მთავრობის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. მის ბაზაზე 1997 წელს საქართველოში პირველი გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორია გაიხსნა, სადაც ხორციელდება ინტერვენციული კარდიოლოგიური პროცედურები (კორონაროგრაფია, ანგიოპლასტიკა, სტენტირება), ხოლო 2001 წ. შეიქმნა ცენტრის კარდიოქირურგიული განყოფილება, სადაც ყველა სახის კარდიოქირურგიული ოპერაცია  ტარდება (კორონარული შუნტირება, ოპერაციები სარქველებზე, აორტაზე, ე.წ. „ოზაკის“ ოპერაცია, რომელსაც ევროპაშიც კი მხოლოდ რამდენიმე კარდიოლოგიური ცენტრი ატარებს).

 

2014 წელს გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად შეგვემოწმებინა საკუთარი თავი, რამდენად ვიმსახურებდით ლიდერის სტატუსს. ჩვენი პარტნიორი კლინიკა გერმანიაში არის ფრაიბურგის უნივერსიტეტის გულის ცენტრი, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია, როდესაც ვიწყებდით საქართველოში ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის განვითარებას. 2014 წელს სწორედ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ დახმარება. გვსურდა, მოგვეძიებინა ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანია ევროპაში, რომელიც შეამოწმებდა ჩვენს ცენტრში მიმდინარე პროცესებს, რათა კლინიკა შესაბამისობაში მოგვეყვანა ევროპულ (კერძოდ — გერმანულ) ხარისხთან, როგორც სამედიცინო მომსახურების, ასევე ტექნიკური საკითხებისა და სწორი მენეჯმენტის კუთხით. სწორედ ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა გვირჩიეს „KTQ“ - მაკრედიტებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მოთხოვნებს გერმანიაშიც კი ვერ აკმაყოფილებს ყველა კლინიკა და ვერ იმსახურებს მათ სერტიფიკატს.

 

2014 წელსვე დავუკავშირდით აღნიშნულ ორგანიზაციას ჩვენი პარტნიორების საშუალებით და „KTQ“ ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაფიძის გულის ცენტრში მოვიწვიეთ.

 

— შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები და დაახლოებით რა პერიოდი დაგჭირდათ, რომ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტები დაგენერგათ?

 

— მოწვეული ექსპერტები გაეცნენ კლინიკაში არსებულ სიტუაციას, მოგვცეს რეკომენდაციები, მიგვითითეს ნაკლოვანებებზე, გვირჩიეს გარკვეული სერვისების გაუმჯობესება, რათა მივახლოვებოდით გერმანულ სტანდარტს და მიგვეღო მათი სერტიფიცირება. ამ მეტად რთული და საპასუხისმგებლო ნაბიჯით მხოლოდ საკუთარ თავს და პაციენტებს დავუმტკიცეთ, რომ ვიმსახურებდით ქვეყნის წამყვანი კლინიკის სტატუსს. უკვე 2016 წლიდან თამამად ვამბობთ, რომ ჩვენთან პაციენტი იღებს ყველაზე მაღალკვალიფიციურ დახმარებას აბსოლუტურად ყველა ასპექტში.

 

ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებისა და ევროპული სტანდარტების სისტემის დანერგვისთვის დაახლოებით ორწლიანი შრომა დაგვჭირდა. უკვე 2016 წლის ნოემბერში აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში სამედიცინო მომსახურების გერმანულ სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიცირება, რომელსაც გერმანული აუდიტორული კომპანია „KTQ- International“-ის ექსპერტები ახორციელებდნენ, წარმატებით დასრულდა.

 

— როგორია მათი სტანდარტები და რამდენად განსხვავდება შეფასების კრიტერიუმები ქართულ რეალობაში არსებული კრიტერიუმებისგან?

 

— სერტიფიცირების მისაღებად საჭიროა, 100-ბალიანი შეფასების სისტემიდან მინიმუმ 60-65 ქულა მოაგროვო. ეს იყო არამარტო ტექნიკური, ეპიდემიოლოგიური, ინფექციის კონტროლის, ამავე დროს მენეჯმენტისა და პაციენტთა თუ თანამშრომელთა კმაყოფილების მიმართულებები. პაციენტის კლინიკაში შემოსვლიდან მის გაწერამდე მოწმდება რეგისტრატურის, დაცვის სამსახურის, ლაბორატორიის, დიაგნოსტიკის, თითოეული დეპარტამენტის და მათი თანამშრომლების (ექიმი, ექთანი‘ მუშაობა, პაციენტთა ნაკადების მოძრაობა, დროის მენეჯმენტი, მედიკამენტების რაციონალური ხარჯვა, ინფექციის კონტროლი, პაციენტთა და თანამშრომელთა კმაყოფილება. არის 15 თავი, რომელიც, თავის მხრივ, ქვეთავებად იშლება და ყველა პუნქტში მკაფიოდაა გაწერილი ის ნორმები და სტანდარტები, რომელთა ერთობლიობა მაქსიმალურად არის მორგებული მომსახურების ხარისხზე, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე.

 

ამ ორი წლის განმავლობაში იყო რამდენიმე ვიზიტი. პირველი გაცნობითი ხასიათის, შემდეგ უშუალოდ ექსპერტები გვეწვივნენ, ვინც მოგვცეს პირდაპირი რეკომენდაციები, როგორ უნდა მოვრგებოდით სტანდარტებს. 2016 წელს კი უკვე შემოწმების მიზნით ჩამოვიდნენ პრაქტიკული გამოცდილების, სხვადასხვა დიდ სამედიცინო ცენტრებში მომუშავე ექსპერტები.

 

— ფაქტია, რომ ეს რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო წარმატებით დასრულდა. სამედიცინო დაწესებულების რომელი რგოლის პასუხისმგებლობაა აღნიშნული მოცულობითი სამუშაოს შესრულება და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგება?

 

— ეს არის თითოეული ჩვენი თანამშრომლის დამსახურება და გუნდური მუშაობის შედეგი. აღნიშნული სერტიფიცირებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ისეთივე ხარისხის სამედიცინო დახმარება გავუწიოთ საქართველოს მოქალაქეებს, როგორსაც ისინი მიიღებდნენ ევროპის ნებისმიერ კლინიკაში. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ სერტიფიცირების პროცესის წარმატებულად დასასრულებლად საჭიროა ინტენსიური გუნდური მუშაობა მრავალი მიმართულებით — კარისკაციდან და დამლაგებლიდან დაწყებული, გენერალური დირექტორით და კლინიკის მთავარი სპეციალისტებით დამთავრებული. თუკი ერთი რგოლი მაინც ჩავარდნილია, სერტიფიცირების პროცესს ვერ გაივლი. „KTQ-International“-ის მიერ მინიჭებული  სერტიფიკატი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მომსახურების ხარისხი შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

 

— დაახლოებით რა პერიოდი სჭირდება უშუალოდ კლინიკის შემოწმების პროცესს, როგორია შემოწმების მეთოდები და მიუხედავად 2-წლიანი აქტიური მუშაობისა, შესაძლებელია თუ არა, რომ კლინიკამ აკრედიტაციის პროცესი მაინც ვერ გაიაროს და ვერ მიიღოს სერტიფიკატი?

 

— 2016 წელს ჩვენს შემთხვევაში დასჭირდათ ხუთი დღე. ყველა ექსპერტი ერთობლივად იწყებს მუშაობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. რესერტიფიცირების დროს უკვე სამი დღეა საკმარისი. რასაკვირველია, თუკი არ არის გათვალისწინებული მათი რეკომენდაციები, ვერ დააკმაყოფილებ კრიტერიუმებს და ვერ გადალახავ მინიმალურ ზღვარს, კლინიკა ვერ მიიღებს სერტიფიკატს. სერტიფიცირების შემდეგ ყველას დეტალურად აქვს გაწერილი ინსტრუქციები, რაც ძალიან აადვილებს და სასიამოვნოს ხდის მუშაობის პროცესს. ზოგ თანამშრომელს 2 პუნქტი აქვს, ზოგს — 20 და ა.შ. კლინიკის მაღალი სტანდარტებით მუშაობის პროცესი საათივით აწყობილი მექანიზმია. აქ არ არსებობს მნიშვნელოვანი ან ნაკლებად მნიშვნელოვანი რგოლი. საათის მექანიზმი გაჩერდება, ერთი ჭანჭიკიც რომ ამოვარდეს.

 

— ეს სერტიფიკატი არ არის მუდმივი და რესერტიფიცირებას საჭიროებს?

 

— სერტიფიკატი მუდმივი არ გახლავთ და სამ წელიწადში ერთხელ აუცილებელია რესერტიფიცირება. ჩვენმა კლინიკამ ეს პროცესი უკვე გაიარა 2019 წელს. ყოველი მომდევნო შემოწმება უფრო რთულია, ვინაიდან ქულების ის რაოდენობა, რომელიც პირველი შემოწმების დროს დააგროვა კლინიკამ, შემდეგი შემოწმების დროს გაუმჯობესებული უნდა იყოს. თუკი პირობითად პირველ ჯერზე 70 ქულა გაქვს მიღებული, რესერტიფიცირების დროს სავალდებულოა, რომ 70 ქულაზე მეტი მიიღოს.

 

ვაწარმოებთ მუდმივად ანგარიშებს და სიამაყით მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი სტატისტიკური მონაცემები დიდად არ განსხვავდება თუნდაც გერმანიის წამყვანი კლინიკების მონაცემებისგან. რაღაც ნაწილში წინ ვართ კიდეც. თუნდაც კოვიდპანდემიის პერიოდში ჩვენს მიერ გატარებული კოვიდპაციენტების სტატისტიკური მონაცემები გამოჯანმრთელების თვალსაზრისით გერმანელების მონაცემებზე უკეთესი იყო.

 

— ყველაზე მთავარი სტანდარტი კლინიკაში მაღალი დონის პროფესიონალიზმია. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა იყო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლება. როგორ ახერხებს თქვენი კლინიკა ამ სტანდარტის დაკმაყოფილებას მაშინ, როდესაც ქვეყანაში აღარ არსებობს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი?

 

— ჩვენი თანამშრომლები მუდმივად გადიან სტაჟირებას საზღვარგარეთის ისეთ ცნობილ დაწესებულებებში, როგორებიცაა: ფრაიბურგის ბად კროცინგენის გულის საუნივერსიტეტო კლინიკა, ბერლინისა და მიუნხენის გულის ცენტრები, ბელგიის ქალაქ ბრუგეს „AZ Sint jan brugge hospital“, თურქეთის, ავსტრიის წამყვანი კლინიკები და კვლევითი ცენტრები.

 

 იმდენად სწრაფად ვითარდება მედიცინა და იმდენი ახალი მკურნალობის მეთოდი ინერგება, რომ ჩამორჩენა დამღუპველია. ექიმი თავისი დროის მესამედს განათლებაზე უნდა ხარჯავდეს. გერმანიის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ექიმს, რომელიც წელიწადში მინიმუმ 2 სამეცნიერო ნაშრომს არ გამოაქვეყნებს და არ მიიღებს სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას, თავიდან უწევს გარკვეული გამოცდების ჩაბარება. ასევე ქირურგი-ოპერატორი 100 ოპერაციას თუ არ აკეთებს წელიწადში, დისკვალიფიკაციად ეთვლება და გამოცდების გადაბარება უწევს. ევროპაში სისტემა ისე არის აწყობილი, რომ ექიმს უნდა თუ არა, ვითარდება და მუდმივად იძენს განათლებას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ჩვენს თანამშრომლებს განვითარებაში. გარდა ამისა, ადრე არსებობდა უწყვეტი სამედიცინო განათლების კანონი, რომლის მიხედვითაც ექიმი ვალდებული იყო, კრედიტქულები დაეგროვებინა და რომელიც შემდეგ გააუქმეს. ახლა სამინისტრომ ისევ დააყენა ეს ვალდებულება. თუკი ექიმს ლიცენზია უნდა, წლის განმავლობაში სხვადასხვა დარგების მიხედვით განსხვავებული რაოდენობის კრედიტქულები უნდა დააგროვოს. არამარტო ექიმებისთვის, არამედ ექთნებისთვისაც არის ეს მოცემულობა განსაზღვრული. ჩვენი ექიმები მუდმივად ატარებენ ლექციებს თავისი კოლეგებისთვის, ერთმანეთისთვის, წერენ სამეცნიერო სტატიებს და ა.შ.

 

— რა განსხვავებული სერვისები და მიდგომები აქვს თქვენს კლინიკას, როგორც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე დაწესებულებას?

 

— „KTQ“-ს სერტიფიცირების დაწესებულებასთან დაკავშირებამ საშუალება მოგვცა, განსაკუთრებული აქცენტი გაგვეკეთებინა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და რისკის მენეჯმენტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დაწესებულების მართვა-ხელმძღვანელობა, სამედიცინო ხარისხის სამსახურის მართვა, რითიც შესაძლებელი გახდა განვითარების მუდმივი სისტემის ფუნქციონირება ჩვენს კლინიკაში. ამავდროულად, ჩაფიძის გულის ცენტრს 2012 წლიდან ჰყავს კლინიკაში ომბუდსმენი. პაციენტთა კმაყოფილება და მათი უფლებების ზედმიწევნით დაცვა ჩვენი კლინიკის პრიორიტეტია. მუდმივად ვატარებთ პაციენტთა და თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევებს. „KTQ-International“-ის მიერ მინიჭებული სერტიფიკატით აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ბაზარზე ჩაფიძის კარდიოლოგიის ცენტრი არის პირველი დაწესებულება, რომლის მკურნალობის ხარისხი, მეთოდოლოგია, სამედიცინო პერსონალი, ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა შესაბამისობაშია გერმანიის სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტების მოთხოვნებთან. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ რესერტიფიცირებას გაივლის, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის მიერ მიღწეული გერმანული ხარისხის შენარჩუნებას და მის მუდმივ განვითარებას საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტალური მკურნალობის სტანდარტების შესაბამისად!

 

— დაბოლოს, რას ურჩევთ კლინიკებს, რომელთაც ახლა მოუწევთ იმ რთული და საპასუხისმგებლო გზის გავლა, რომელიც ჩაფიძის კლინიკამ 10 წლის წინ გაიარა?

 

— ნუ შეშინდებიან! პირიქით, ძალიან მშვიდად და მოტივირებულად მიუდგნენ სერტიფიცირების საკმაოდ რთულ, მაგრამ ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროცესს. მთავარია ის, რომ ყველას ექნება აკრედიტაციის გავლის შემდგომ საოცარი სიმშვიდე. ჩვენ ვიცით, რომ ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჰქვია, ჩაფიძის კლინიკაში მაქსიმალურად არის დაცული და საერთაშორისო სტანდარტებით გამყარებული!

 

ბოლოთქმა

 

ძვირფასო მკითხველო, ბოლო პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხალხისათვის სასარგებლო არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. დღესავით ნათელია, რომ კლინიკებისათვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულებაც როგორც პაციენტთა, ასევე ექიმთა უფლებების დაცვასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. იქამდე კი, სანამ მთავრობის დადგენილების შესრულება სავალდებულო გახდება, 2 წელზე მეტია დარჩენილი. იმედია, აღნიშნული გონივრული ვადა კლინიკებისათვის საკმარისი აღმოჩნდება იმ მინიმალური საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რომელიც 2025 წლიდან საქართველოს მოსახლეობისათვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სიმშვიდის გარანტორი გახდება!

 

 

ესაუბრა მეგი საჯაია

„ასავალ-დასავალი“

 

 

big_banner
არქივი