logo_geo
დინა ქურდიანი: პაციენტს, რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს საწყის სტადიაზე აღმოუჩენენ, გამოჯანმრთელების 100-პროცენტიანი შანსი აქვს!
- +

17 თებერვალი. 2023. 12:04

 

 

როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო და როგორია პრევენციის მეთოდები? აღნიშნული საკითხის შესახებ ონკო-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ონკო-გინეკოლოგიაში დინა ქურდიანი გვესაუბრება.

 

— ქალბატონო დინა, როგორ ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო და როგორია მისი გამომწვევი ფაქტორები?

 

— საშვილოსნოს ყელის კიბოს და ყველა ავთვისებიან სიმსივნეს თავისი გამომწვევი ფაქტორები აქვს — დაწყებული ქიმიური ნივთიერებებით, დამთავრებული ვირუსებითა და რადიაციით. კვლევებით დადასტურებულია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 99,7%-ში ნანახი იქნა ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომლის ასზე მეტი ტიპი არსებობს. მათგან ზოგიერთს შეუძლია, გამოიწვიოს სასქესო მეჭეჭები, ზოგიც საშვილოსნოს ყელის უჯრედებს აზიანებს და კიბოს უჯრედებად გარდაქმნის. ადამიანს პაპილომა ვირუსი გადაეცემა უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია დაავადების თავიდან აცილება, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად, ხოლო შემთხვევათა 40%-ზე მეტი დაგვიანებულ, მე-3 ან მე-4 სტადიაზე ვლინდება.

 

— როგორია სიმპტომები პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში და რა შემთხვევაში ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო?

 

— პაპილომავირუსული ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გართულებების შემთხვევაში კი იწვევს წვეტიან კონდილომებს (მეჭეჭისმაგვარი წამონაქმნები) სასქესო ორგანოებზე. ანუსსა და საშვილოსნოს ყელზე ამგვარი წარმონაქმნები სიმსივნის წინარე სტადიას ნიშნავს. აღნიშნულ ვირუსს ასევე შეუძლია გამოიწვიოს: საშვილოსნოს ყელის, სასირცხო ბაგეების, საშოსა და პენისის კიბო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პენისის კიბო საშვილოსნოს ყელის კიბოსთან შედარებით ძალიან იშვიათად ვითარდება. სექსუალურად აქტიური ქალების თითქმის 70-80% 50 წლის ასაკამდე უკვე ინფიცირებულია. მათ უმეტესობას პირველი კონტაქტი ამ ვირუსთან 15-25 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა, რაიმე კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება და არც ინფიცირების შესახებ იცის. უმეტეს შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა წარმატებით ებრძვის ამ ვირუსს და ორგანიზმს მისგან ათავისუფლებს.

 

— შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხება ადრეულ ეტაპზე მისი გამოვლენით?

 

— რასაკვირველია! სკრინინგის შედეგად ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალების გამოვლენა, სანამ ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს. ისე კი, პაპილომა ვირუსის ამა თუ იმ ქვეტიპების არსებობა არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად საშვილოსნოს ყელის კიბო გაქვთ. იგი მხოლოდ ამ დაავადების განვითარების მაღალ რისკზე მიუთითებს და ექიმისაგან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. თუ HPV მაღალი რისკის ქვეტიპები უარყოფითია, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რადგან საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი თითქმის ნულის ტოლია.

 

— რამდენად ეფექტურია კიბოს პრევენცია სკრინინგის დახმარებით?

 

— საშვილოსნოს ყელის კიბოს საწყის სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტს გამოჯანმრთელების 100%-იანი შანსი აქვს! აღსანიშნავია, რომ სკრინინგის უფასო პროგრამა მოიცავს 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში გინეკოლოგის კონსულტაციას, PAP-ნაცხის აღებას და მასალის ციტოლოგიურ კვლევას (PAP-ტესტი). პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ასევე უფასოა აუცილებლად ჩასატარებელი კოლპოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში კი — ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია სამ წელიწადში ერთხელ.

 

— განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, მოქმედებს სკრინინგის პროგრამები. რამდენად შედეგიანია პრევენციის ეს ფორმა?

 

— ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ფინეთი შეიძლება ჩაითვალოს, სადაც სკრინინგი 1960-იან წლებში დამკვიდრდა და დროული კვლევის წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდა სიკვდილიანობა. აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ საშვილოსნოს კიბო სრულად პრევენცირებადი დაავადებაა: პირველადი პრევენცია გულისხმობს ვაქცინაციას, მეორადი კი სწორედ სკრინინგის პროგრამაში ჩართვას. ცნობისათვის — 2021 წლის მონაცემებით, დარეგისტრირდა საშვილოსნოს ყელის კიბოს 281 ახალი შემთხვევა და 151 ქალი გარდაიცვალა. 

 

საბედნიეროდ, საქართველოში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა 2008 წლიდან მუშაობს და მთელ ქვეყანას მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჩვევად გაუჩნდეთ ჯანმრთელობის კონტროლი და მით უფრო, თუ უფასო სკრინინგის ასაკობრივ ჯგუფში შედიან. ნუ დაიზარებთ დროული გამოკვლევების ჩატარებას, რადგან საწყის სტადიაზე გამოჯანმრთელების 100%-იანი შანსი არსებობს!

 

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 10-დან 18 წლამდე გოგონებისთვის უფასოა. ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში. აპვ ვაქცინაცია ტარდება 10-11-12 წლის გოგონებში, აცრების კურსი ორდოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. 13-26 წლის გოგონებს, რომელთაც ვერ შეძლეს, ჩაეტარებინათ ვაქცინაცია, დამატებითი ინტერვენციის სახით 2023 წელს  ეძლევათ შესაძლებლობა, აიცრან.  15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია სამჯერადია, სქემით: 0-2-6 თვე. 

 

კიდევ ერთხელ შევახსენებ თქვენს მკითხველს, რომ საქართველოში სკრინინგ-პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და უფასოა! სამწუხაროდ, მოსახლეობა ნაკლებად მიმართავს პრევენციული კვლევის ამ მეთოდს. არადა, საშვილოსნოს კიბოს არ სძინავს!

 

ესაუბრა მეგი საჯაია

„ასავალ-დასავალი“

 

big_banner
არქივი