logo_geo
სააკაშვილის რეჟიმის კუდ-ის მაღალჩინოსნი:ვიდრე ცოცხალი ვარ, გევედრებით, დამკითხეთ!
- +

2 დეკემბერი. 2016. 14:41



სააკაშვილის რეჟიმი და მისი ნამსხვრევები დღემდე უტიფრად გაიძახიან, რომ 2006 წლის შემოდგომაზე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს და ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების 12 მონაწილე - კოალიცია „ანტისოროსის" შემადგენელი 4 პოლიტიკური პარტიის სხვადასხვა ლიდერები, რომელთა შორის ამ სტრიქონების ავტორიც გახლდით, ციხეში გამოკეტეს. ჩემთვის უსამართლოდ მოსჯილი 4,5 წელი ბოლომდე, რომ იტყვიან, ზარიდან ზარამდე მოვიხადე და დღემდე სამართლიანობის აღსადგენად ვიღწვი...


როგორც უკვე ვწერდი, გასული წლის ზაფხულში სრულიად მოულოდნელად დამიკავშირდა სააკაშვილის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზაურ ახალაია, რომელმაც იცოდა 12 უდანაშაულო ადამიანის რეპრესიის წვრილმანი დეტალები, ვინაიდან თვითონ მონაწილეობდა თათბირებში, რომლებზეც აღნიშნული რეპრესია დაიგეგმა. როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით კიდეც. ჩვენი საუბარი მიმდინარე წლის 19 იანვარს, ნათლისღება დღეს, ქუთაისის ერთ-ერთ ჩაიხანაში, მისი ადვოკატის არჩილ ნიჟარაძის თანდასწრებით გაიმართა, თუმცა, ჯენტლმენური შეთანხმების ფარგლებში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის აქამდე არაფერი მითქვამს. დავჯერდი მხოლოდ იმას, რომ საუბრის ვიდეო და აუდიოჩანაწერები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადავეცი, ძიებაც დაუყოვნებლივ დაიწყო და, იმედია, რეჟიმის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვან დანაშაულს, რომელშიც ვანო მერაბიშვილი და კუდ-ის მაღალი რანგის ჩინოვნიკები იმხილებიან, ფარდა აეხადა!


ჩემი არაჩვეულებრივი რესპონდენტი, მაიორი ზაურ ახალაია აცხადებს, რომ აქ მონათხრობის გარდა, რეჟიმის უშიშროების ჩინოვნიკთა ჩადენილ სხვა  მძიმე დანაშაულების შესახებაც ფლობს ინფორმაციას, რის გამოც მისი სიცოცხლე დღეს აშკარა საფრთხეშია:


- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რასაც ახლა გიამბობთ, არის სრული სიმართლე და თუ ოდესმე ამ მონათხრობს გადავთქვამ, შანტაჟის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ჩათვალეთ! თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ  2006 წლის სექტემბერში მაშინდელი ხელისუფლების მიერ ზარ-ზეიმით დაპატიმრებული „შეთქმულების" 12 მონაწილე სინამდვილეში აბსოლუტურად უდანაშაულოები იყვნენ, ხოლო მათ მიმართ „მტკიცებულებები" შეითითხნა!

 

- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?


- 2005-2006 წლებში შსს კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი.  აღნიშნულ სამმართველოს სხვაგვარად „პოლიტიკურ" სამმართველოსაც უწოდებდნენ, რადგან მის ფუნქციებში შედიოდა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წინააღმდეგ ოპერატიული მუშაობა, კერძოდ, აქტივისტების დისკრედიტაცია, შანტაჟი, პარტიების სტრუქტურებში აგენტურის ჩანერგვა, უკანონო მოსმენები და ტექნიკური ღონისძიებების გატარება.


2006 წელს მე უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას კოალიცია „ანტისოროსის" ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რის შედეგადაც დაკავებულ იქნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები: მაია ნიკოლეიშვილი, მაია თოფურია, რამაზ სამნიძე, თემურ ჟორჟოლიანი, ზაზა დავითაია და სხვები.


- მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ. კონკრეტულად რა ღონისძიებები ტარდებოდა ანტისოროსელების წინააღმდეგ?


- აჭარისა და იმერეთის კუდ-ის თანამშრომლებმა დაგეგმეს და განახორციელეს თბილისში მიტინგზე მიმავალი აჭარის „ანტისოროსის" ლიდერებისა და მათი მომხრეების ძარცვის ინსცენირება! ასე, მაგალითად, კუდ-ის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე არჩაიამ მიმავლინა აჭარის კუდ-ის უფროსთან თეიმურაზ პატარიძესთან, რომელმაც უშუალოდ განმიცხადა, რომ საჭირო იყო დედაქალაქში მიტინგზე მიმავალი „ანტისოროსის" ლიდერების ნებისმიერი საშუალებით შეჩერება! როგორც მან მითხრა, განკარგულება მოდიოდა ვაჟა ლელუაშვილისგან, ხოლო დათა ახალაია, რომელიც გირგვლიანის სიკვდილით გამოწვეული სკანდალის გამო კუდ-ში ოფიციალურად აღარ მუშაობდა, არაოფიციალურად მაინც აკონტროლებდა ხელმძღვანელობის საქმიანობას და პატარიძესთან ჩემი საუბრის დროს მას ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა...


- როგორ შეაჩერეს ანტისოროსელების დედაქალაქისკენ მსვლელობა?


- კუდ-მა მაშინ დაგეგმა სპეცოპერაცია, რომელიც ძარცვის ინსცენირებას წარმოადგენდა! ჩემთვის ცნობილმა კუდ-ის თანამშრომლებმა აჭარა-გურიის საზღვარზე მდებარე ატრაქციონ „ციცინათელასთან" ჩავლისას თეთრი ფერის ავტობუსში მსხდომი ოპოზიციონერი აქტივისტები დააყაჩაღეს! თეიმურაზ პატარიძემ კუდ-ის თანამშრომლებისთვის პირადად ჰქონდა მიცემული ბრძანება, რომ ავტობუსი ქვების სროლის შეეჩერებინათ, რაც მათ პირნათლად შეასრულეს, შემდეგ, ავტობუსში ნიღაბაფარებულები შეცვივდნენ და ხალხი გაძარცვეს. ეს საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული!


ასევე დღემდე გაუხსნელია კუდ-ის თანამშრომლების მხრიდან ოპოზიციონერი აქტივისტების ძარცვის სხვა შემთხვევები: კოპიტნარის ხიდთან მდებარე თოფიჩის ბენზინგასამართ სადგურთან; სოფელ ფარცხანაყანებში - წითელი „იკარუსის" მგზავრების ძარცვა, სადაც PჩM სისტემის პისტოლეტები გამოიყენეს; თერჯოლის რაიონში მიკროავტობუსის და ავტობუსის ძარცვა... გამოძიებას დეტალურად შემიძლია, მივაწოდო ინფორმაცია, თუ რომელი თანამდებობის პირები და ოპერატიული თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას აღნიშნულ ოპერაციებში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ კოტე არჩაია და თეიმურაზ პატარიძე!

 

- ბატონო ზაურ, თქვენ თვალწინ მომხდარ ამ უკანონობებზე პროტესტის გრძნობა არ გაგჩენიათ?


- პროტესტის გრძნობა ყოველთვის მქონდა, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ გამაჩნდა ამ უკანონობების შესაჩერებლად, ვინაიდან კუდ-ის თანამშრომელი იმ პერიოდში არ გახლდათ, მოგვიანებით დავინიშნე აჭარის კუდ-ის პირველ სამმართველოს უფროსის მოადგილედ. თქვენ წარმოიდგინეთ, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა - შევძელი, ქუთაისში დარჩენის მიზეზი მეპოვა და ეს სამარცხვინო საქციელი ამერიდებინა! მაშინ კუდ-ის თანამშრომლები შავ ფორმაში გამოწყობილი გამოიყვანეს, რათა ერთმანეთის ცნობა შეძლებოდათ. უკიდურეს შემთხვევაში, იარაღის გამოყენების ნებაც კი ეძლეოდათ...


აპრობირებული მეთოდი, როცა ოპოზიციონერების მანქანებს გზებზე საბურავები ლურსმნების „ზღარბებზე" უსკდებოდათ, სწორედ კუდ-ში იყო შემუშავებული! როცა კუდ-ი თავის თანამშრომლებს ოპოზიციონერი აქტივისტების გასაძარცვად უშვებდა, არარეგისტრირებულ იარაღსაც ატანდა. მათ უფლება ეძლეოდათ, უკიდურეს შემთხვევაში ცეცხლი პოლიციელებისთვისაც კი გაეხსნათ, რათა ყაჩაღობის ნამდვილობაში ეჭვი ვერავის შეეტანა!


- მოდით, ანტისოროსელების თემას დავუბრუნდეთ.


- იმ პერიოდისთვის „ანტისოროსი" ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა, რომელიც მრავალათასიანი მიტინგების გამართვას ახერხებდა. ამიტომ ხელისუფლებაში პოლიტიკური არენიდან ამ ძალის ჩამოცილება გადაწყდა. მათ დაჭერამდე მოხდა კოდორის ინციდენტი, როცა ემზარ კვიციანმა და მისმა რაზმმა ხელისუფლების დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. ხეობაში პოლიცია შევიდა და მოსახლეობისგან იარაღის ამოღება დაიწყო. მეც მათ რიგებში ვიყავი. ეს იყო, ფაქტობრივად, შინაგანი ჯარების იარაღი, ვინაიდან ბატალიონი „მონადირე" შინაგანი ჯარების შენაერთად ითვლებოდა, თუმცა, მათ ჰქონდათ აფხაზეთის ომიდან ნაალაფარი იარაღიც. ამოღებული იარაღი დავახარისხეთ - კარგი ცალკე გადავდეთ, შედარებით წუნიანები კი მოაგროვეს და თბილისის, სამეგრელოს, აჭარისა და იმერეთის კუდ-ის განყოფილებებში გადაგზავნეს. როგორც შემდგომში აღმოჩნდა - ამ იარაღს გარკვეული დანიშნულება ჰქონდა! დარწმუნებული ვარ, ის იარაღი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ სამეგრელოში კასრებში აღმოაჩინა, კოდორის ხეობიდან იყო წამოღებული! როდესაც „ანტისოროსის" აქტივისტები დაგაპატიმრეს, შეთითხნილი საქმის გამყარების მიზნით სწორედ კოდორის ხეობიდან წამოღებული იარაღის ნაწილი ჩაგიდეს! ამოვიცანი!


- ასე ადვილად ამოიცანით?

 

- აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი კუდ-მა არამხოლოდ ანტისოროსელებისთვის ბრალის გასამყარებლად გამოიყენა. მათ იყენებდნენ სხვადასხვა უკანონო ოპერაციაში, ხშირად სხვა ბრალდებებსაც „უდებდნენ" და თუ მსჯავრდებულებისგან ამოღებული იარაღების იდენტიფიკაცია მოხდება, რიგ შემთხვევაში, კოდორიდან წამოღებულს დაემთხვევა! სამეგრელოს გარდა, კოდორიდან წამოღებული იარაღი საქართველოს სხვა კუთხეებში, ნაცების მიერ განთავსებულ სამალავებშიც უნდა იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ნაცი ზონდერები დღემდე ელოდებიან ლიდერების ბრძანებას, რათა აღნიშნული იარაღი ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობის მიზნით გამოიყენონ!


- სხვა სამალავების შესახებაც გაქვთ ინფორმაცია?


- დიახ, მაქვს! იარაღის ერთი ნაწილის გადამალვაში გარკვეულ პირებთან ერთად მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული! ერთ-ერთი სამალავის მდებარეობას ამჯერად ექსკლუზიურად გაგიმხელთ კიდეც: ვანის რაიონი, სოფელი სალომინაო! მზად ვარ, ვითანამშრომლო პროკურატურასთან და ჩემთვის ცნობილი ინფორმაცია უკლებლივ შევატყობინო! ისიც კარგად მესმის, რომ ვიდრე ეს ყველაფერი ხმამაღლა არ მითქვამს - ჩემს სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება!


- კეთილი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მთავარ თემას ისევ ავცდით. როგორ და ვის მიერ დაიგეგმა „ანტისოროსის" ლიდერთა დაპატიმრება?


- 2006 წლის გაზაფხულის მიწურულს ბათუმში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია ჩამოვიდნენ. გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის უშიშროების შენობაში, სადაც კუდ-ი და კონტრდაზვერვა იყო განთავსებული, თათბირი ჩატარდა, რომელსაც სტუმრების გარდა, ესწრებოდნენ აჭარის კუდ-ის უფროსი თეიმურაზ პატარიძე, მისი მოადგილე ალეკო ბალაძე, პირველი სამმართველოს უფროსი გიორგი იშხნელიძე, მეორე სამმართველოს უფროსი ვაჟა დიასამიძე, და მე, ზაურ ახალაია, რომელიც იმჟამად უკვე გიორგი იშხნელიძის მოადგილე გახლდით.


ივანე მერაბიშვილისა და დათა ახალაიასგან მივიღეთ „ანტისოროსის" ლიდერთა დაკავებისა და აქტივისტების პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილების დავალება. თათბირზე დაგვავალეს, „ანტისოროსის" შემადგენელ პარტიებში ჩაგვენერგა ჩვენი აგენტები, რომლებიც შემდგომში ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებებს მოგვცემდნენ, თითქოს ისინი კონსტიტუციური წყობის შეიარაღებული გზით დამხობას აპირებდნენ!


- აგენტებთან უშუალოდ თქვენ თუ გქონდათ შეხება?


- დიახ, თეიმურაზ პატარიძის მითითებით, რამდენიმე აგენტი 2006 წლის აგვისტოში ჩემი შავი „ვოლვოთი" ჩავიყვანე თბილისში, რათა ყალბი ჩვენებები მიეცათ. მახსოვს, კვირა დღე იყო, საგამოძიებო მოქმედებას ხელმძღვანელობდა დავით ჩხატარაშვილი, მან ვიღაც გამომძიებელს დაუძახა, ვისთანაც ჩემი ჩაყვანილი აგენტები სათითაოდ შეიყვანეს. მათ ბოლომდე არც კი იცოდნენ, რაში იღებდნენ მონაწილეობას... ოთხი აგენტიდან ორმა ყალბი ჩვენება მისცა, დანარჩენი ორიდან ერთს, პროფესიით პედაგოგს, ჩია კაცს - გული ცუდად გაუხდა, როცა მიხვდა, მისგან რას მოითხოვდნენ. მე არ მაქვს აგენტების გვარების დასახელების უფლება, თუმცა, მათ შესახებ საბუთები დღემდე უნდა იყოს შემონახული. მეოთხე აგენტმა ყალბი ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. იმ ორს კი, ვინც ჩვენება მისცა - მას შემდეგ, რაც „ანტისოროსის" ლიდერები დააპატიმრეს, 3 ათასი ლარის ოდენობით პრემია გამოუწერეს და ამის შესახებაც უნდა არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტაცია! შეთითხნილი ბრალდების თანახმად, რასაც ცრუმოწმეები ამყარებდნენ, „ანტისოროსის" ლიდერებმა 2006 წლის მაისში დაგეგმეს ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა. ვინც გულდასმით ჩაიხედავს ამ საქმეში, უმალ მიხვდება, რომ თეთრი ძაფით არის ნაკერი.


- რატომ გგონიათ, რომ ჩვენს საქმეში ყალბ მტკიცებულებად ჩადებული იარაღი მაინცდამაინც კოდორის ხეობიდან იყო წამოღებული?


- კოდორიდან ჩამოტანილი იარაღის ნაწილი აჭარის კუდ-ის უფროსის თეიმურაზ პატარიძის კაბინეტის უკან, მოსასვენებელ ოთახში ინახებოდა. პატარიძის ბრძანებით, ეს იარაღი საკუთარი ხელით ჩავალაგე ორ X5 მარკის ავტომობილში, რომელთაგან ერთ-ერთს დათა ახალაიას პირადი მძღოლი მართავდა. მოგვიანებით, პრივატულ საუბარში, თემურ პატარიძემ დამიდასტურა, რომ ძალოვნებმა სწორედ ეს იარაღი „ამოიღეს" ანტისოროსული ლიდერების დაპატიმრებისას, რაც მე ტელევიზიით ვნახე.

 

- ბატონო ზაურ, რასაც მიყვებით, ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ძალოვნებს რად არ უამბეთ?


- ამ საქმესთან დაკავშირებით ზედაპირულად უკვე მივეცი ჩვენება გამომძიებელს, თუმცა, მსურს, უფრო დეტალურად და თანმიმდევრულად გავანდო ჩემთვის ცნობილი ინფორმაციები, მაგრამ კონკრეტული თანამდებობის პირებისგან ჩემი მისამართით დიდი აგრესია მოდის! დაუფარავად მაფრთხილებენ, ამ თემაზე ხმა აღარ ამოვიღო. სწორედ ამიტომ მგონია, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება ბოლომდე არ მივა - უამრავი ჩინოვნიკია დაინტერესებული ამით!


გარდა ანტისოროსელთა მიმართ შეთითხნილი ბრალდებისა, მე ვფლობ ინფორმაციებს სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებითაც - თუ როგორ დაიტაცეს ქონება პირებმა, რომელთა ნაწილი დღემდე რჩება სახელმწიფო სამსახურში, მაღალ თანამდებობებზე და ისინი სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ ჩემს დადუმებას! ასე, მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინათ ნარკოტიკები ჩამიდეს და დამაკავეს. საფრთხე ემუქრება ჩემს ოჯახსაც, თუმცა, ამის მიუხედავად, არ ვაპირებ, ვუღალატო მოქალაქეობრივ ვალდებულებებს და მაღალჩინოსანთა მძიმე დანაშაულებებში მონაწილეობის ამსახველი მასალები დავმალო.


ვაცხადებ საჯაროდ, რომ დღევანდელ სუს-შიც მუშაობს ის ხალხი, ვინც მოტივირებული და დაინტერესებულია, რომ ჩემთვის ცნობილი ინფორმაცია მართლმსაჯულებისთვის საიდუმლოდ დარჩეს!


პირადი მტრები არ მყავს. არც თვითმკვლელობას ვაპირებ. თუ ხელისუფლება სიცოცხლის გარანტიას მომცემს, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გახმაურებულ, თუმცა, დღემდე თაროზე შემოდებულ რამდენიმე საქმეს გავახსნევინებ!


ვიდრე ცოცხალი ვარ, გევედრებით დამკითხეთ!


P.S. მკითხველს, ალბათ, გაუჩნდება შეკითხვა, ამ საუბრიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ რა მიზეზმა განაპირობა ზაურ ახალაისათან საუბრის გასაჯაროება? პირდაპირ გეტყვით: ზაურ ახალაიას სიცოცხლე დღეს, როგორც არასდროს - საფრთხეშია, რადგან ანტისოროსელთა წინააღმდეგ ცილისმწამებლურად შეთითხნილ ბრალდებას პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი იძიებს და იმის მიუხედავად, რომ ვაჟა ლელუაშვილი, რომელმაც ამ საქმის გაყალბებაში პირადად მიიღო მონაწილეობა, დაპატიმრებულია (თუმცა, სულ სხვა მიზეზით), სხვა გამყალბებლები თანამდებობებზე რჩებიან და კოჰაბიტაციის საფარქვეშ თავს არამხოლოდ დაუსჯელად გრძნობენ, ახალ-ახალ დანაშაულებსაც სჩადიან! ხელისუფლებავ! პროკურატურავ! ნუ დაუშვებთ სიმართლის მცოდნე ადამიანის წინააღმდეგ კოჰაბიტანტთა შურისძიებას!


ესაუბრა ზაზა დავითაია 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი