logo_geo
თამთა კოსტავა: მე ამ სამყაროს გადარგული ხესავით ვიყავი მოშორებული...
- +

2 დეკემბერი. 2016. 14:45


 

 

ეს გახლავთ მხატვარი, რომელიც თავის ნახატებს არასდროს ასათაურებს და თითქმის ყველა  გაჩუქებული აქვს. თამთას ერთსა და იმავე ნახატს გამოფენაზე ორჯერ ვერასდროს იხილავთ.


მხატვარი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მერაბ კოსტავას შვილია. ბავშვობა მამის გარეშე გაატარა, თუმცა ამბობს, რომ მისგან სამშობლოსადმი უანგარო  სიყვარული დაჰყვა.  მიაჩნია, რომ პატრიოტიზმი არ ისწავლება და ის ადამიანში ან არის, ან არა.


თამთამ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი აშშ-ში გაატარა. ემიგრაციაში ყოფნისას თავს გადარგული ხესავით გრძნობდა,  თუმცა ფესვები მაინც  სამშობლოში დარჩა, ფესვები, რომლის გამოც ამერიკელი ვერ გახდა... 




თამთა კოსტავა: დედასთან და ბებიასთან ვიზრდებოდი. მამას მხოლოდ ორ წელიწადნახევარი ვიცნობდი. ციმბირის გადასახლებიდან 1988 წელს დაბრუნდა. თავისი უმცროსი შვილი მხოლოდ მაშინ გაიცნო.  მამა მოსიყვარულე, შემნდობი, ქრისტიანი ადამიანი იყო.  პრაქტიკოსი ქრისტიანი გახლდათ და  ურთიერთობაში ამას უცებ იგრძნობდით, ის ყველას პატივს სცემდა და უყვარდა. ჩემს თავში მუდამ შინაგანი ბრძოლაა იმის გამო, რომ მყავდა მამა, რომელიც ქრისტიანობის მაგალითი იყო.


ამერიკაში 1991 წლის ბოლოს, ზაფხულში წავედით,  14 წლის ვიყავი, 15-ის იქ გავხდი. შეუძლებელია, ამერიკაში მოხვდე და არ მოგეწონოს. რა აქვს არმოსაწონი? ამერიკელებისთვის ამერიკა იდეალური ქვეყანაა.  თუმცა, არასდროს დამვიწყებია, რომ ქართველი ვარ. მე არ ვყოფილვარ ამერიკის მოქალაქე, ჩვენ დევნილი ემიგრანტის სტატუსით ვცხოვრობდით,  იქედანაც იგივე  სტატუსით დავბრუნდი. ამერიკაში ცხოვრება ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ეს პერიოდი საქართველოსთვის ძალიან მძიმე გახლდათ, ჩვენ კი იქ გამგზავრებით აგვცდა. საქართველოში მაშინ გაღიმებულ სახეს ვერ დაინახავდით, ქვეყანას სამოქალაქო ომი ახალი გადატანილი ჰქონდა, სულ შეხლა-შემოხლაში იყვნენ. ამერიკაში ყველა გაღიმებული სახეებით დადიოდა. ამერიკელებზე ამბობენ, თეთრი კბილები აქვთ და სულ იღიმიანო.


- ნოსტალგია არ გქონდათ?


- არა. ნოსტალგია შეიძლება ზრდასრულ ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ბავშვობაში მე ამას ვერ ვგრძნობდი. როცა სამშობლოს შორდები და სხვაგან ხარ, აღქმას რაღაც ემართება... მე ამ სამყაროს გადარგული ხესავით ვიყავი მოშორებული, მაგრამ ამერიკელი ვერასდროს გავხდებოდი. იქ ჩასული პირველი თაობა ემიგრანტია, მეორე არც აქეთაა და არც იქეთ, მესამე თაობა კი ნამდვილად ამერიკელია.




- რას საქმიანობდით ამერიკაში ყოფნის პერიოდში?


- სკოლა ამერიკაში დავამთავრე. შემდეგ ორი წელი დევნილის სტატუსს ველოდებოდი. როცა ემიგრანტის სტატუსი მივიღე, უმაღლესში, პრატ ინსტიტუტში სამხატვროზე ჩავაბარე. ტურო კოლეჯში ფსიქოლოგიაც ვისწავლე, მინდოდა არტ-თერაპისტი გამოვსულიყავი. ასევე ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას მთარგმნელად. ქუინსის მხატვართა კავშირის წევრიც ვიყავი და ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. მოქმედი ხელოვანი ვიყავი. სკოლაშიც ბევრი გამოფენა მომიწყეს, ინგლისურ გაზეთებშიც წერდნენ ჩემზე.


- საქართველოში როდის ჩამოხვედით და რა სიტუაცია დაგხვდათ?


- 2010 წელს დავბრუნდი. რატომღაც, უარეს მდგომარეობას ველოდი. მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში უმძიმესი პირობები იყო: არც შუქი ჰქონდათ, არც წყალი. როცა ჩამოვედი, ამერიკული სტილის მაღაზიები და კაფეები დამხვდა. ამერიკელ მეგობრებთან კონტაქტი არ გამიწყვიტავს,  ინტერნეტით ვეხმიანებით ერთმანეთს.


- სად შეუძლია საზოგადოებას თქვენი ნამუშევრების ხილვა?


- თითქმის ყველა გაჩუქებული მაქვს. არასდროს ვაკეთებ ერთი და იგივე ნახატის გამოფენას. არც ნახატებს ვაგროვებ. საქართველოში 4 პერსონალური გამოფენა მქონდა. ასე თუ ისე საზოგადოებაც მიცნობს, თუმცა არ ვიცი, რას ფიქრობენ ჩემზე, როგორც მხატვარზე. დაინტერესებული ადამიანები ძირითადად  ინტერნეტით მიკავშირდებიან.



- თქვენს ნახატებში რელიგიური სიუჟეტები მრავლადაა, რა დატვირთვა აქვთ მათ?


- ქრისტიანულ მოტივებში ჯვარცმას მთავარი ადგილი უკავია. ქრისტეს მოსწავლე, პეტრეც ჯვარს აცვეს, ოღონდ ის თავდაყირა დაკიდეს. ეს ნახატი რელიგიური სიუჟეტის მატარებელი არაა, უბრალოდ წარმართული რიტუალი გამოვსახე, როდესაც დასჯის მეთოდად ჯვარცმას იყენებდნენ. ეს ტრადიცია ძველი რომიდან და ბაბილონიდან მოდის.


- გველი რისი სიმბოლოა?


- გველი ბრუნვის ციკლს აღნიშნავს. ძველ ებრაულ მითოლოგიაში გველი ჯვარზე იყო გაკრული. მას კაცობრიობის მასწავლებლად აღიქვამდნენ, რომელიც ჯვარზე გააკრეს.


 

ეს ავტოპორტრეტია. ავტოპორტრეტებს ხშირად რქიანს ვხატავ ხოლმე. სინამდვილეში ეს ნახევარმთვარეა, რომელიც რქებს ძალიან გავს. გერმანელი სამხედრო მებრძოლები, ტუტონები  რქიანები არიან. მიქელანჯელოს „მოსეცსაც" რქები აქვს, მთვარის სიმბოლო. ჩემს თავს მე ასე ვხედავ.


 

ეს ნახატი როცა დავხატე, შეყვარებული ვიყავი. ჩემი მასწავლებელი მიყვარდა.


მისი შექმნის დროს ჩემი შთაგონების წყარო - ებრაული რელიგიური წიგნები იყო, კონკრეტულად კი ლილიტისა და ადამის ისტორია. ამ სიუჟეტის მიხედვით, სანამ ღმერთი ადამს ევასთან შეაწყვილებდა, მას სხვა პარტნიორი ჰყავდა, რომელსაც ლილიტი ერქვა. როდესაც ღმერთმა ლილიტი ადამთან დასვა, ლილიტი ზემოდან მოექცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი გამოცდილი იყო. ადამმა ის გააგდო, ღმერთმა კი დასაჯა და შვილები დაუწყევლა. ეს ებრაულ რელიგიურ წიგნებში წერია.


- თქვენზე, როგორც შემოქმედზე, გავლენა რამ მოახდინა?


- მყავს საყვარელი მხატვრები, ვისი გავლენაც განვიცადე: მარკ შაგალი, პიკასო, ბრაკი, ფრიდა კალო, დიეგო რივერა, დიურერი. სიუჟეტებს ხშირად ქუჩიდან, სიზმრებიდან, მოყოლილი ამბებიდან ვიღებ და კომპოზიციას ვაწყობ, ხანდახან სხვადასხვა დროს დახატულ ნახატს ვაკოლაჟებ. დიდია ჩემზე ისტორიის, ლიტერატურის გავლენა. ამ ყველაფერს ჩემებურ ინტერპრეტაციას ვუკეთებ და შემდეგ ნახატში გადამაქვს.



- როგორც მხატვარს, თამთა გელოვანის სახელით გიცნობენ. რატომ არ იყენებთ თქვენსნამდვილ გვარს?


- გელოვანი ბებიის გვარია. მამა ციმბირში იყო გადასახლებული, დედა კი მუშაობდა, იმიტომ რომ ოჯახის შენახვა უწევდა, ამიტომ ბებია მზრდიდა. ის ყველას მოვალეობას ასრულებდა: დედის, მამის, ბებიისა და ბაბუის. ბებიამ ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.


- როგორ ცხოვრობს დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ქალიშვილი?


- მე და დედა ხოშტარიასა და ბარნოვის კუთხეში, ძველებურ ბინაში ვცხოვრობთ.  მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ და ძალიან მწირი შემოსავალი მაქვს, უკვე რამდენიმე წელია ივანიშვილი გვეხმარება. ასე რომ, ფინანსურად ცუდად არ ვართ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ცხოვრების მეგზურის არჩევა ძალიან სერიოზული საკითხია, ამიტომ ჯერ თვალიერების პროცესში ვარ.


 

 

 

 

 

 




 

big_banner
არქივი