logo_geo
მხატვარ ოთარ მეგრელიძის ორიგინალური და ეროვნული ხელწერა
- +

6 ივლისი. 2017. 00:59




 „თუ ფესვებს მოწყდები, მომავალი აღარ გექნება"


ქართველი მხატვარი და ილუსტრატორი, რომლის შემოქმედებაც ძირითადად ეროვნულ მოტივებზეა აგებული, ეროვნული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „ქართული სულის" ფესტივალის ფარგლებში, ოქროს მედლით დაჯილდოვდა. გთავაზობთ ინტერვიუს მხატვარ ოთარ მეგრელიძესთან, რომლის პერსონალური გამოფენაც რამდენიმე დღის წინ, 29 ივნისს დასრულდა.

 

- ქართული ეროვნული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფესტივალ „ქართული სულის" ფარგლებში ოქროს მედალი გადმოგეცათ. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვსაზღვროთ „ქართული სულის" მნიშვნელობა შემოქმედებაში და რამდენად იგრძნობა ის თქვენს ნამუშევრებში?


- ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ცნებას. ბუნებრივად გამოვიდა, რომ ჩემს ნამუშევრებში დიდი ადგილი უკავია ქართულ სულს, დამაინტერესა ქართულმა სამოსმა... მით უმეტეს, რომ დამთავრებული მაქვს აკადემია ქსოვილის დიზაინის განხრით, ამიტომ ზოგადად ქსოვილთან ძალიან ახლო დამოკიდებულება მაქვს. ერთხელაც მომივიდა იდეა, ჩოხის დახატვის მაგივრად, უშუალოდ ქსოვილი გამომეყენებინა, გამიტაცა ამ თემამ.


ჩემთვის ეს გამოხატვის საშუალებაა, აჩვენებს, როგორი დამოკიდებულება მაქვს ქართული ტრადიციების მიმართ. სუფრის თემებიც ანალოგიურია, ეს თემა ზოგს მოსწონს, ზოგს _ არა. ჩემს ნამუშევრებშიც ორი მხარე იკვეთება: სატირული, ღრეობაში გადაზრდილი ქართული სუფრა და მოკრძალებული, ტრადიციული სუფრა.


- დღეს უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად წუხან, რომ ახალი თაობა ქართული კულტურისა და ტრადიციების მიმართ სათანადო პატივისცემას არ იჩენს, ფეხს იკიდებს ახალი ფასეულობები და ძველი მივიწყებას ეძლევა. როგორ ფიქრობთ, ობიექტურია ეს დამოკიდებულება?

 

- ამ მხრივ გარკვეული საშიშროება ნამდვილად არსებობს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია დროებითია და მალე გადაივლის. ალბათ ყველა თაობაში იყო ამგვარი დაპირისპირება, მამებისა და შვილების ქიშპი. დღეს ის განსხვავებაა, რომ ამ ყველაფერზე გლობალიზაცია უზარმაზარ გავლენას ახდენს, მაგრამ ამ მოვლენას წინ ვერაფერს დაუყენებ, შეუქცევადი პროცესია, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. საბოლოოდ, მაქვს იმედი, რომ ჩვენი ფესვები გაიმარჯვებს.


თან ეს გლობალიზაცია პატარა ერებისთვის გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია, დიდები შედარებით ადვილად გადაიტანენ, ჩვენ კი უნდა ჩავეჭიდოთ ჩვენს კულტურასა და ფესვებს.

 

- როგორ ხედავთ თანამედროვე ქართველი ხელოვანების როლს ქართული კულტურის შენარჩუნება-განვითარებაში და რამდენად სრულდება ეს ფუნქცია ამჟამად?


- დღეს ხელოვნებაში ძალიან ბევრი მიმართულება არსებობს. მე ჩემი წარმოდგენები და დამოკიდებულება მაქვს თანამედროვე ხელოვნების მიმართ - ეროვნულს ვუჭერ მხარს. თუმცა, ჩემი აზრით, ხელოვნების ნებისმიერ ნაწარმს, რომელიც ქართველს ეკუთვნის, ეტყობა, რომ ქართველის გაკეთებულია. ეს ეროვნული შტრიხი არასოდეს იკარგება.


- რელიგიას წარსულში ხელოვნებაზე (თუნდაც კონკრეტულად მხატვრობაზე) უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ეს გავლენა დღეისთვის შესუსტებულია, თუმცა მაინც არსებობს. საქართველოს მაგალითზე რომ ვისაუბროთ, თქვენი აზრით, რამდენად უნდა ერეოდეს ეკლესია ხელოვანის გამოხატვის თავისუფლებაში?


- არის შემთხვევები, როცა ეკლესიამ აუცილებლად უნდა თქვას თავისი სათქმელი. ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც გონებადაბნელებული „ხელოვანი" შეურაცხყოფს რელიგიურ სიწმინდეებს. ჩემთვის მიუღებელია მკრეხელობის ფორმები შემოქმედებაში, ამიტომ ძნელია გამართლება მოვუძებნო იმ შემოქმედს, რომელიც ამ ფორმებს მიმართავს.


ზოგადად კი, მგონია, ეკლესია არც ერევა ხელოვნებაში, თუ ისეთი შემთხვევები არ დაფიქსირდა, როგორიც ვახსენე (ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია).


- როგორ გამოიყურება თქვენთვის დღევანდელი „ქართული პორტრეტი" ამ სიტყვების სატირული (ან თუნდაც არასატურული) გაგებით?


- საქმე ისაა, რომ, რადგან გამოხატვის საშუალებად ქსოვილს ვიყენებ, ჩოხა ამგვარი გამოხატვის იდეალური ფორმაა. მაგალითისთვის, პიჯაკით და შარვლით ამის გაკეთება არ გამომივიდა, მიცდია კიდეც რამდენჯერმე. პრინციპში, არ მგონია, ძველი და ახალი პორტრეტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს, ადამიანი არ იცვლება, როგორიც იყო ადრე, ისეთივეა ახლაც.

 

- როგორც ვიცი, არაერთი ლიტერატურული ნაწარმოები დაასურათეთ. რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი პროცესი თქვენთვის და არსებობს თუ არა ისეთი ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის ილუსტრირებაზეც არ გიმუშავიათ, მაგრამ სიამოვნებით იმუშავებდით?


- ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო „დედა ენაზე" მუშაობა. ამჟამად ჩემ მიერ ილუსტრირებული „დედა ენა" აღარ არის ხმარებაში, მაგრამ მახსოვს, რამხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მუშაობისას. კიდევ სხვა სასკოლო წიგნებსაც მივაკუთვნებდი ამ კატეგორიას (პირველიდან მეხუთე კლასამდე). თუმცა ადამიანი შედეგით არასოდეს ხარ კმაყოფილი, ყოველთვის უკეთესი გინდა.


რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, უამრავი ნაწარმოებია ისეთი, რომელზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი. ამჟამად სასულიერო ლიტერატურაზე ვარ გადართული, ფსალმუნებზე, ბიბლიაზე. ეს თემები უფრო მაინტერესებს.


- ვიცი, რომ მონაწილეობა მიიღეთ პროექტში „გადავწეროთ ვეფხისტყაოსანი", რომლის ფარგლებშიც მსურველს შეუძლია თითო სტროფის დაწერა. რა არის პროექტის იდეა და დაახლოებით რამდენმა ადამიანმა მიიღო უკვე მონაწილეობა?


- ეს პროექტი შემთხვევით აღმოვაჩინე, მგონი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა. სტროფის ქვემოთ იმ ადამიანის გვარი იწერება, რომელიც ნაწყვეტს ჩაწერს. მიზანი ალბათ „ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაციაა, რადგან დღეისთვის ამ ნაწარმოების მიმართ ყურადღება განელებულია.


ალბათ ესეც ნაწილობრივ გლობალიზაციის შედეგია, ყურადღება სხვა რაღაცებზეა კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, ამას თან ახლავს დადებითი მხარეებიც, მაგალითად ის, რომ დღეს გაცილებით ადვილია შენი ხმა, ხედვა, დამოკიდებულება მიაწოდო ხალხს, იპოვო საკუთარი აუდიტორია. ახლის შექმნაც დადებითი მხარეა, მაგრამ ძველი არ უნდა დაივიწყო. „წინაპარი" ძალიან საინტერესო სიტყვაა, წინა ფარს ნიშნავს, ანუ იმას, რაც გიცავს, შესაბამისად თუკი მოწყდები ფესვებს, მომავალი აღარ გექნება.


- თქვენი პერსონალური გამოფენა 29 ივნისს დასრულდა; კმაყოფილი ხართ შედეგით და როგორი იყო დამთვალიერებლების გამოხმაურება?

 

- კმაყოფილი ვარ, რადგან უამრავმა ადამიანმა ნახა ჩემი ნამუშევრები, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორს (გიორგი კალანდიას) და თბილისის მერიას, რომელმაც დააფინანსა ღონისძიება. აი, დაჯილდოებას კი, ნამდვილად არ ველოდი (იცინის).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბექა ბერულავა

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი